გიორგი ზერეკიძის საქმეს საზოგადოება 2006 წლიდან, ანუ იმ დროიდან იცნობს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და... 14 წლის მოზარდი, 10-წლიანი სასჯელით, ციხეში “განამწესეს”. რა დააშავა 14 წლის ზერეკიძემ, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არ აკმარეს პირველი დაპატიმრება და რაღატომ შეაბრუნეს ციხეში, რატომ ფიგურირებენ საქმის შეთითხვნაში ზურაბ ადეიშვილი და ხათუნა კალმახელიძე, რატომ დააკავეს გიორგი ზერეკიძის მამა და როგორ დაიღუპა ის ციხეში? - გიორგი ზერეკიძე ყველაფერ ამას ფარდას „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში ხდის:
- პირველად, 2006 წლის 6 იანვარს, სწორედ მაშინ დამაკავეს, როცა მიხეილ სააკაშვილმა წვრილმან დანაშაულზეც კი ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. ეს რეპრესიული მანქანა მეც ისევე შემეხო, როგორც - საქართველოს უამრავ მოქალაქეს. დაკავების მომენტში ფაქტი მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა იყო, რომელიც, რაღა თქმა უნდა, იმის საბაბს არ იძლეოდა, რომ 14 წლის ბავშვზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, მაგრამ გამოძიებამ ჩემი ასაკი არ გაითვალისწინა. მეტიც, გამოძიება მიკერძოებულად და ფაქტების გაყალბებით წარიმართა. პროცესის გაყალბებაში მონაწილეობას მაშინდელი პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირები - გიორგი ღვინიაშვილი და ზურაბ ადეიშვილი იღებდნენ. მათ გარდა, ჩემს დისკრიმინაციას ცალკეული პოლიტიკოსებიც ეწეოდნენ... საბოლოოდ, ყველაფერ ამის ფონზე, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ერთ-ერთი გამოსვლისას, პირდაპირ ეთერში კრიმინალად და „უბნების გამკონტროლებლად“ მომნათლა, ის თავისუფალი არ უნდა იყოს, რადგან საზოგადოებისთვის საშიშიაო.
- “ნაციონალებისთვის” “განსაკუთრებული” რითი იყავი?
- განსაკუთრებული არასოდეს არაფრით ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, რომელსაც, უბრალოდ, უსიამოვნო ამბავი შეემთხვა...
- სინამდვილეში რა მოხდა?
- წვრილმანი ხულიგნობა.
- კონკრეტულად?
- შელაპარაკება დისტრიბუტორის სხეულის მსუბუქი დაზიანებით დასრულდა... ამას უფრო კინკლაობას თუ დავარქმევთ, თორემ განზრახ არაფერი ჩამიდენია. ამ კინკლაობისთვის წამიყენეს უმძიმესი ბრალდებები - განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხულიგნობა და ყაჩაღობა წამიყენეს. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ამ ასაკში ასეთი შელაპარაკება ვის არ მოსვლია, მაგრამ ამისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოესაჯათ? კიდევ კარგი, მეყო ძალა, რომ ყველაფრისთვის გამეძლო და საზოგადოებას დავბრუნებოდი.
- გიორგი, დისტრიბუტორმა გიჩივლა?
- არა... ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახსოვთ,? სწორედ ხალვაშის კომპანია „არტ ჯგუფის“ დისტრიბუტორი იყო, ვისთანაც უთანხმოება მომივიდა.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის, რომ გამომძიებელს, დისტრიბუტორის მაგივრად, ჩვენებას ქიბარ ხალვაშის დაცვის უფროსი, ზაზა გოცირიძე აწერინებდა. დაზარალებულისთვის არავის არაფერი უკითხავს... შემდეგ, როცა დაზარალებულმა ჩვენება შეცვალა და ის თქვა, რაც სინამდვილეში მოხდა, დაიჭირეს, ჩვენება ისევ ჩემს წინააღმდეგ შეაცვლევინეს და გაათავისუფლეს. ყველაფერ ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ მხოლოდ ჩემს კი არა, არამედ, ყველა გახმაურებულ საქმეში, თუნდაც ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის ან სხვა დანარჩენში, უშუალოდ “ნაცმოძრაობის” თავკაცები ერეოდნენ და პროკურორსა თუ მოსამართლეს დირექტივებს პირდაპირ აძლევდნენ. ამიტომაც, საქმის სამართლიანად წარმართვის იმედი არც გვქონია.
- გიორგი, შენზე შური იქნებ, ოჯახის გამო იძიეს?
- ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი და მამაჩემი რამით გამორჩეულნი არ ყოფილან... მამას კერძო ბიზნესი ჰქონდა და პარტიულ საქმიანობას არ ეწეოდა. უბრალოდ, ამ შემთხვევის მერე, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლათ და ლოგიკურია, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ეს თავად “ნაცმოძრაობის” ბრალი იყო.
- შენი მშობლების ბრძოლამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა...
- დიახ - ზიანის მოყენება უფრო აქტიურად დაგვიწყეს!
- პირველად რომ დაგიჭირეს, რამდენი მოგისაჯეს?
- 10 წელი მომისაჯეს, მაგრამ სააპელაციომ სასჯელი შემიმსუბუქა და 5-ში გავთავისუფლდი... შემდეგ ისევ დამაკავეს...
- ვიდრე მეორე დაკავებაზე ვისაუბრებთ, მითხარი, ციხეში რა ხდებოდა? შენზე განსაკუთრებული ზეწოლა იყო?
- კი... გლდანის მერვე დაწესებულებაში სადღაც ჩავყავდი და მაყურებინებდნენ, თუ როგორ სცემდნენ ათობით ადამიანს. არავის ვუსურვებ ამის განცდას. ამ დროს გირჩევნია, რომ შენც გცემონ, ვიდრე სხვის წამებას გაყურებინონ... მეც გადავიტანე ეს ძალადობა, მაგრამ ვიცი ადამიანები, ვინც ციხიდან დაინვალიდებულნი გამოვიდნენ... ციხეში ერთადერთი კარგი ის იყო, რომ ეროვნულ გამოცდებზე გავედი და შავი ზღვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე... მაშინ შაშკინმა განაცხადა, ვინც ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს, გავათავისუფლებთო. სხვები გაათვისუფლეს, მე კი, ქსნის დაწესებულებაში გადამიყვანეს და მცემეს. 3 თვეში სასჯელი დამიმთავრდა და გამოვედი.
- მშობლებმა შენი საქმე ევროსასამართლოში გაასაჩივრეს...
- გასაჩივრების შემდეგ, ჩემს გამოშვებაზე შეთანხმება დაიწყო.
- მაინც, რა შეთანხმება?
- ჩემი საქმე ევროსასამართლოს მიერ პრიორიტეტად იყო აღიარებული და აქტიურად განიხილებოდა. ადვოკატიც გვყავდა... ისე მოხდა, რომ ჩემი ოჯახი სახელმწიფოსთან შეთანხმდა - საჩივრის გამოტანის საფუძველზე, გამათავისუფლებდნენ. საჩივრის უკან გამოტანას ხელი მოვაწერეთ.
- თუკი საქმე აქტიურად განიხილებოდა და ხელისუფლებაც, უხეშად რომ ვთქვათ, აწრიალდა, ევროსასამართლოდან სარჩელი რატომღა გამოიტანეთ?
- ვეღარ ვფიქრობდით. ჩემმა ოჯახმა იმდენი ტანჯვა და სტრესი გამოიარა, რომ გვინდოდა, როგორმე დამთავრებულიყო...
- საჩივრის გამოტანა, მგონი, სტრასბურგში ჩასვლის გარეშეც შეიძლებოდა, მაგრამ მშობლებს დაავალეს, რომ პირადად ჩამოეტანათ...
- ჩასვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ იყო... სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის პირველი მოადგილე, პაატა სულაბერიძე მამაჩემს იცნობდა და უთხრა, შენი ჩასვლა აუცილებელია, რადგან საქმეს ადგილზე გაეცნო და საჩივრის უკან გამოთხოვის პროცესი დააჩქაროო. მშობლებიც წავიდნენ და უკან დაბრუნებისას, თბილისის აეროპორტში სოდ-ის თანამშომლებმა დააკავეს - დედაჩემს ხელჩანთაში 230 აბი სუბოტექსი „უპოვეს“. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია!
- შენი მშობლები სტრასბურგში საჩივრის გამოტანის საბაბით იმიტომ გაუშვეს, რომ 230 სუბოტექსი „ჩაედოთ“?
- დიახ, ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც - მეორე. “ნაცმოძრაობის” წევრებმა ასე ბევრი გაამწარეს... მამაჩემს, რომელმაც ყველაფერი თავის თავზე აიღო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
- როცა პირველი პატიმრობიდან, ანუ ეროვნული გამოცდების ჩაბარებიდან 3 თვის შემდგომ, გაგათავისუფლეს, შენი დევნა გაგრძელდა?
- კი, ზეწოლა იყო: პოლიციელები სადარბაზოში მხვდებოდნენ, სურათებს მიღებდნენ, მაშანტაჟებდნენ და დაჭერით მემუქრებოდნენ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მათთვის სასურველი ადამიანი არ ვიყავი. რომ ვკითხულობდი, სურათებს რატომ მიღებთ-მეთქი, მეუბნებოდნენ, საჭიროა და ასე გვინდაო.
- ამ შანტაჟისა და მუქარისათვის საჩივარი არ შეიტანე თუ ჩათვალეთ, რომ აზრი არ ჰქონდა?
- რა აზრი ჰქონდა?! ყველას ასე ექცეოდნენ და ამ სიტუაციას მეც ბუნებრივად აღვიქვამდი. ან მაგათ მხარეს უნდა ყოფილიყავი, რაც მას მერე, რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. თუ მათთან არ დადგებოდი, მაშინ მაგათი მტერი იყავი. მტერს კი, ყველაზე საშინელი მეთოდებით ებრძოდნენ - „ჩადება“, ცემა, შანტაჟი, მუქარა...
- გიორგი, “აეროპორტის ინციდენტი” შენი პირველი პატიმრობიდან გათავისუფლებამდე მოხდა და მამაშენიც მაშინ დაიჭირეს... როგორ დაიღუპა? სინამდვილეში, ციხეში რა მოხდა?
- მამა რუსთავის საპატიმროში 2011 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, დენის დარტყმით გარდაიცვალა.
- ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმები?
- არა! ჩვენს ხელშია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ გარდაცვლილს დენის დარტყმის კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე ჯერ ისევ ძიებაშია.
- ოჯახს რა ვარაუდი გაქვთ?
- ძნელია, რამე ვივარაუდო, რადგან არ ვიცი, ვის კამერაში იყო, ვისთან ერთად იხდიდა სასჯელს, მაგრამ ცხადია: მაშინდელი ციხე სიკვდილის მანქანა იყო და ყოველ დღე ახალი მიცვალებული გამოჰყავდათ. „დენის დარტყმა“, რა თქმა უნდა, მიუღებელი და არარეალურია.
- მეორედ რატომ დაგიჭირეს?
- ტყუილუბრალოდ: ჩემი მეზობელი მამა-შვილი ეზოში ერთმანეთს ეჩხუბებოდა და იგინებოდა. ფანჯრიდან სიწყნარისკენ მოვუწოდე და ამ საქმეში მთელი ჩემი ჩართულობა ეს იყო. 20 დღის შემდეგ, გამოძიებამ საქმე ხულიგნობის ბრალდებით აღძრა, თითქოს ამ ოჯახის უმცროსი შვილი გავლახე და ისევ ციხეში შემაბრუნეს...
- მამა-შვილმა ჩვენება შენს წინააღმდეგ მისცა?
- კი, იმიტომ, რომ “ნაციონალების” „ჯიბის ბიზნესმენები“ იყვნენ - რაც უთხრეს, რა თქმა უნდა, ის დაწერეს... მათი ბიზნესის ხელშეუხებლობა “ნაციონალებზე” იყო დამოკიდებული.
- მეორე დაპატიმრება გაასაჩივრეთ?
- ავიყვანეთ ადეიშვილის კარზე დაახლოებული ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი, რომელიც გვპირდებოდა, რომ „გაგვიკეთებდა საქმეს“ და დააყენებდა შუამდგომლობას, მაგრამ არ გააკეთა. 8 წელი მომისაჯეს და სტრასბურგშიც ვერ გავასაჩივრეთ, რადგან ადვოკატს შუამდგომლობა არ ჰქონდა დაყენებული.
- იცოდით, რომ ყავლაშვილი ადეიშვილთან იყო დაახლოებული?
- ვიცოდით და ამიტომაც ავიყვანეთ, რომ საქმე „გაეკეთებინა“, მაგრამ ადეიშვილმა ჩემზე უთხრა, რომ “ჩამოწერილი” ვიყავი.
- მეორედ რამდენი მოგისაჯეს და რამდენ ხანში გამოხვედი?
- მეორედ 8 წელი მომისაჯეს და 2 წელი ვიჯექი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით, საბოლოოდ დაესვა წერტილი “ნაცმოძრაობას”. ახალმა პარლამენტმა 190 ადამიანი პოლიტპატიმრად სცნო, აქედან ერთ-ერთი მე ვიყავი. 2013 წლის 13 იანვარს ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დავტოვე.
- ესე იგი, საბოლოო ჯამში, 7 წელი მოიხადე. შურისძიებაზე არ გიფიქრია?
- ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ყველა დამნაშავესა და მოძალადეს კანონის ენით ველაპარაკო. მიუღებელია, რომ მათ დავემსგავსო და ისევე მოვექცე, როგორც მე მექცეოდნენ. მათ დონემდე არ დავეცემი!
- არასამთავრობო ორგანიზაცია ამიტომ დააფუძნე?
- ჩემმა მეგობარმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მითხრა, რომ არასამთავრობოს დაფუძნებას აპირებდა და შემომთავაზა, მონაწილეობა შენც მიიღეო. ვცდილობ, რომ სამოქალაქო აქტივობაში ჩემი წვლილი შევიტანო...
- არასამთავრობოს გარდა, კიდევ რას მოღვაწეობ?
- საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიაში ვმუშაობ, პარალელურად ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ. მყავს მეუღლე და შვილი. მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ და მაქვს გეგმა, რომელიც, მეგობრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.
- წარმატებას გისურვებ...