“ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა და როგორ მოხდა... ისინი მძევლები არიან!”

“ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა და როგორ მოხდა... ისინი მძევლები არიან!”

.. კაბელების საქმე ქართულ პოლიტიკაში დიდი დაპირისპირების საბაბად იქცა. ,,თავისუფალი დემოკრატებისერთ-ერთ ლიდერს, ზურა აბაშიძეს მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს უდანაშაულოდ დაკავებული თანამშრომლები ,,კაბელების საქმისმძევლები არიან.

 

- ბატონო ზურა, .. კაბელების საქმეზე რამე სიახლე არის?

- ჯერჯერობით, არა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დაყენებულია. დაკავებულებს თავდებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებიც ჩაუდგნენ. ამავდროულად,  ექსპერტის დასკვნებიც მზადაა... მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ასე თეთრი ძაფით ნაკერ საქმეს ისტორიაში ვერავინ იპოვის. არანაირი მოტივი - სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში სხედან, ისინი გარკვეული ძალებისა თუ პიროვნებების მძევლები არიან. ასეთი უსამართლობა არავის ეპატიება. ღმერთი უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამომწყვდევას არავის აპატიებს!

 - თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ჩინოვნიკებს თავდებში კონკრეტულად რომელი დეპუტატები ჩაუდგნენ?

- გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ისინი, ვინც შუამდგომლობას ხელი მოაწერეს, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატებისა” და ,,ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები არიან. ახალი მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, საქართველოში არ გახლდით, მინდოდა, პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვა დამესვა.

- რა უნდა გეკითხათ?

- ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის, თუ რა და როგორ მოხდა. ისიც მშვენივრად იცის, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს. ვიბრძვით, რომ დაკავებული თანამშრომლები თავდებით გარეთ გამოუშვან, ძიება გაგრძელდეს და სასამართლომ, დღეს თუ ხვალ, გაარკვიოს, დანაშაული ვინ ჩაიდინა.

- მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს და იმ შესყიდვებს, რასაც მათ ედავებიან, გრიფით ,,საიდუმლომოეხსნა, რამე შეიცვალა? - გამოძიების მიმდინარეობა გამარტივდა თუ, პირიქით, გაძნელდა?

- გრიფის ახსნის მერე, ყოფილმა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრებმა ყველაფერზე საჯაროდ ისაუბრეს. მთავარი იყო, იმ საიდუმლო ნაწილის გასაჯაროება, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი სისტემის გაძლიერების საკითხს ეხებოდა. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება ჩაიშალა, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ციხეში მძევლებად სხედან და მათ აიძულებენ, არჩადენილი დანაშაული აღიარონ. საბედნიეროდ, დაკავებულები ვაჟკაცები აღმოჩნდნენ და დანებებას არ აპირებენ.

 - ბატონო ზურა, მინდია ჯანელიძე სრულიად მოულოდნელად, დაუგეგმავად გადადგა. ეს შემთხვევით, “კაბელების საქმესხომ არ უკავშირდება?

- ასეთი შეკითხვა მეც დავსვი, თუმცა პასუხი არ მაქვს.

ვიდრე თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, პარლამენტში მობრძანდა, სადაც მასა და ,,თავისუფალ დემოკრატებს” შორის საკმაოდ ცხარე დებატები გაიმართა. ჩვენ  პოზიციები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დავაფიქსირეთ. უმრავლესობა მინდია ჯანელიძის გამოსვლას ისეთი აპლოდისმენტებით შეხვდა, თითქოს საქართველოს ასეთი მინისტრი ჯერ არ ყოლია. ყურადღება ჩვენთვის არასასიამოვნო პროცესებზე გავამახვილეთ, მინდა ჯანელიძეს თავის გამოსვლაში ის, რაც ირაკლი ალასანიამ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გააკეთა, ერთხელაც არ უხსენებია. მხოლოდ წინა ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული საქმეების ქსეროასლი გადაიღო და თავის თავზე მოირგო.

სამწუხაროა, რომ წინამორბედთა საქმეების შეფასების კულტურა ჯერ არ ჩამოგვიყალიბდა და ამაზე არც არავინ ზრუნავს. იმან, ვისაც ამ თემებზე მეტი უნდა ემუშავა და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისთვის ხელი შეეწყო, მმართველობა დატოვა, ფორმალურიდან არაფორმალურში გადავიდა და ეს პროცესი ქვეყანაში კრიზისებს კიდევ უფრო აღრმავებს.

- ბიძინა ივანიშვილისგან ზეწოლას გრძნობთ?

- უმრავლესობაში აღარ ვართ, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილისგან ვერაფერს ვგრძნობთ, თუმცა ნათელია, თუ როგორ ხდება მასთან მთავრობის მიერ გადასაწყვეტი საკითხების შეთანხმება.

- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, მთავრობამ საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის ხუთი მილიონი გამოყო, მაგრამ დეტალები შეთანხმებული არ ყოფილაო. ირაკლი ალასანია კი ამტკიცებდა, რომ ყველა თეთრი პრემიერთან იყო შეთანხმებული.

- ძნელად წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამაზე პასუხი არ აქვს. ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მის გარეშე არანაირი თანხა იქ არ მოხვდებოდა, სადაც მოხვდა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამაზე პასუხის დრო მოვა, რა თანამდებობის პირიც უნდა იყოს, უსამართლო გადაწყვეტილებაზე ყველას მოეთხოვება. თუ მათ გონიერება აქვთ, ეს საკითხი მალე სამართლიანად უნდა გადაწყვიტონ და თუკი გინდა, ადამიანი თავიდან მხოლოდ იმიტომ მოიშორო, რომ ვერ იმორჩილებ, სხვა მეთოდებს უნდა მიმართო.

- ბატონო ზურა, .. “კაბელების საქმისპერსონაჟები ,,თავისუფალი დემოკრატებისგარდა კიდევ ვინ არიან?

- დავამატოთ პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მთავარი მაინც ორი მხარეა: ,,თავისუფალი დემოკრატები” და ბიძინა ივანიშვილი. 

- ,,თავისუფალი დემოკრატებიდარწმუნებულნი არიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმის ყველა დეტალი იცის?

- რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვართ. გადაწყვეტილებაც მან მიიღო და არა - ირაკლი ღარიბაშვილმა. ერთსაც ვიტყვი: არაფორმალურ მმართველობას არც ერთ ქვეყანაში წარმატება არ ჰქონია.

- 15 მაისს სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. რას ელოდებით?

- ველოდები, რომ სამართლიანობა აღდგება, უდანაშაულო ადამიანები გათავისუფლდებიან და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

- ყველა საუკუნეს თავისი ბედისწერა აქვს: ისტორიას ახსოვს ,,ექიმების და მეგრელების საქმეები”, რომელთაც საბჭოური სისტემის დისკრედიტაციას ხელი შეუწყვეს. რა რეზონანსი ექნება ,,კაბელების საქმეს”?

- ,,კაბელების საქმეს” რეზონანსი უკვე ჰქონდა - კოალიცია ,,ქართული ოცნების” დაშლის პროცესი დაიწყო. ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამ ტაშის გრიალში ჩაიარა, მიმაჩნია, რომ ეს არაადექვატური საქციელია. ეს მთავრობა ხალხის მხარდაჭერას არ იმსახურებს და ამომრჩევლის წინაშე ყველა პოლიტიკური ძალა უხერხულობას უნდა გრძნობდეს. თუ გაივლით საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, ნახავთ, რომ მთავრობა დღეს ნდობას არ იმსახურებს... ხალხი დაიღალა!