[ეკა ბაქრაძე]
ჯერჯერობით, ერთიანად ვერა, მაგრამ უამინდობამ წლევანდელი მოსავალი ნაწილობრივ დააზიანა. მომეტებულ სიცივეებს ატმის ბაღებმა ვერ გაუძლო და კახეთში უკვე პირველ ზარალს ითვლიან. საფრთხეშია დასავლეთ საქართველოც. მართალია, იქ ყინვა არ ყოფილა, მაგრამ თითქმის გადაუღებლად წვიმს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ხილის მოსავალს, ასევე სიმინდის დროულად დათესვასაც.
ყინვამ კახეთის სოფლებში, ძირითადად, ალაზნისპირა ბაღებში კურკოვანი ჯიშის მცენარეები დააზიანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გურამ ჭანყოშვილმა განუცხადა, სოფელში 271 ჰექტარზე გაშენებული ატმის ბაღებიდან თითქმის 40% დაზიანებულია.
„სოფელში ატამი 271 ჰექტარზეა გაშენებული. თითქმის 40% დაზიანებულია. ატმის ყვავილი ძირითადად მდინარე ალაზნიდან 5 კილომეტრის რადიუსში გაშენებულ ბაღებში მოიშუშა“, - განაცხადა ჭანყოშვილმა.
სოფელ ძირკოკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზურაბ აშკარელიშვილის თქმით, ყინვამ ატმის ყვავილი მათ სოფელშიც დააზიანა, ზარალის ოდენობა კი ჯერ უცნობია.
„ატმის ბაღი ალაზნის პირზე მე თვითონ მაქვს. ატმის ხეებიდან დაცვენილი ყვავილი პარკში ჩავყარე და სოფელში წამოვიღე, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა. ალაზნის პირას გაშენებულ ბაღებში დაახლოებით 20-25 ჰექტარზე ატმის ყვავილის 40% მოყინულია“, - განაცხადა სოფელ ძირკოკის რწმუნებულმა.
როგორც ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, ყინვამ მათ რაიონებში მხოლოდ ალუჩა და ტყემალი დააზიანა. ატამი, ალუჩა, ტყემალი და ნუში დაზიანდა სიღნაღის რაიონის სოფლებშიც.
უამინდობა შარშან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც მწირი და უხარისხო მოსავალი მივიღეთ. სპეციალისტების ვარაუდით, თუ ახლაც იგივე განმეორდა, სოფლის მეურნეობა საბოლოოდ დაზარალდება.
ექსპერტი თამაზ კუნჭულია განმარტავს, რომ უამინდობა, გარდა იმისა, რომ ხელს შეუშლის საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, იმოქმედებს მოსავლის მარაგზეც. ყველაზე მეტ საფრთხეში კი სიმინდი აღმოჩნდება.
„მთელი აპრილია წვიმს დასავლეთ საქართველოში, რაც ცუდად იმოქმედებს გლეხის მოსავალზე. ხალხი ისედაც ცუდ დღეშია, პროდუქციას ვერ ყიდის, რადგან გადამამუშავებელი მრეწველობა არ მუშაობს. თავისთავად ცხადია, უამინდობა მრავალწლიანი ნარგავების მოსავალზე იმოქმედებს. ამინდი თუ არ გამოსწორდა, ჭირნახულის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება“, - აცხადებს კუნჭულია და დასძენს, რომ სიცივე და წვიმა განსაკუთრებით მევენახეობას, მეხილეობას, მებოსტნეობა-მებახჩეობას დააზარალებს.
„ამჟამად სერიოზული პრობლემებია კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში. წვიმებია დასავლეთშიც, რის გამოც ხვნა-თესვა ვერ მიმდინარეობს. იქ მაინც, ძირითადად, სიმინდი ითესება და ეს პროცესი აპრილის ბოლომდე მაინც უნდა მორჩეს.
საერთოდ, დასავლეთ საქართველოში ბოლო დროს გვიან ითესება სიმინდი და ამის გამო მოსავალი შემცირებულია. შარშან თესვის პერიოდი გადავიდა ივნისის პირველ დეკადაში. ზოგან ივნისის ბოლოს დათესეს და ამან მოსავლის რაოდენობა სერიოზულად შეამცირა. ჩემი ვარაუდით, შემცირდება თხილის მოსავალიც“, - აცხადებს თამაზ კუნჭულია.