ქართველ მეღვინეებს რუსეთსა და უკრაინაში წლის დასაწყისიდან გადაზიდვის პრობლემა შეექმნათ, ახლა კი გაირკვა, რომ რეალიზებული პროდუქციის თანხის მიღება უჭირთ. ხშირად საქმე სასამართლომდე მიდის. უკვე არაერთხელ გამოჩნდა, რომ ამ 2 ძირითადი ბაზრის შემყურე მეწარმეებისთვის ნათელი პერსპექტივა არ ჩანს.
კომპანიები აცხადებდნენ, რომ დისტრიბუტორი კომპანიების ნაწილი გაკოტრდა და თანხების ჩარიცხვას ვერ ახერხებდა. „თელავის ღვინის მარნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთში გადაზიდვის პრობლემა ისევ არსებობს, ნაწილი დისტრიბუტორებისა გადახდისუუნარო გახდა. ამის გამო, ქართული კომპანიების ნაწილმა ვერ მიიღო კუთვნილი თანხა, ზურაბ რამაზაშვილი ადასტურებს, რომ კომპანიების ნაწილი სასამართლოს, ნაწილი კი არბიტრაჟის მეშვეობით ცდილობს კუთვნილის მიღებას.
კრიზისმა ადგილობრივ ბიზნესს მეტი გამოცდილება შესძინა და ახლა კონტრაქტებს და მოთხოვნას გადახდასთან დაკავშირებით, გაამკაცრებენ. რამაზაშვილი ამბობს, რომ პირველი 4 თვის მონაცემებით მათ კომპანიაში ექსპორტის კლება, წინა წელთან შედარებით, 32%-ია, რაც რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, თუმცა ზრდა არის სხვა ბაზრებზე.
„ამ ეტაპზე გარკვეული გამოცოცხლება დაიწყო და მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა, ვგეგმავთ უფრო მეტად გააქტიურებას, რადგან ქართული ღვინისთვის რუსეთი და უკრაინა ტრადიციული ბაზრებია და მათზე ქართული ღვინის გაყიდვების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი“, - აღნიშნავს რამაზაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორიც ადასტურებს, რუს პარტნიორებს ფინანსური პრობლემები დღემდე აქვთ. ნუცა აბრამიშვილის თქმით, მათთან ინდივიდუალური მუშაობის საფუძველზე, გარკვეული შეღავათებისა და გრაფიკის შედგენის პირობებში, თანხის ამოღება ხორციელდება.
2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 58%-ით ნაკლებია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის შემცირების მიზეზია 2 უმსხვილეს სავაჭრო ქვეყანაში - რუსეთსა (-76%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის კლება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 978 749 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. (ღირებულება 23 411 218 აშშ დოლარი.)
სტატისტიკა აჩვენებს, რომ აპრილი ექსპორტის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო, ვიდრე იანვარი, თებერვალი და მარტი.
კლების მიუხედავად, ზოგიერთ ბაზარზე ექსპორტის ზრდაც შეიმჩნევა, ასეთებია: ჩინეთი +87%, ბელორუსი, +27%, დიდი ბრიტანეთი +79 და სხვა, თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.
ღვინის ეროვნული სააგენტო ცდილობს ახალი ბაზრების მოძიებას, მაგრამ ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული პრობლემებიც.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი გვაქვს, ძირითადად, აზიაში, ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამაზე უკვე ვმუშაობთ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, 2-3 წელიწადში არ გადაიჭრება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება გავაქტიურდეთ ამ ბაზრებზე. ასევე არის ტურიზმის ფაქტორიც. კარგი იქნება, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს აზიის ქვეყნებიდან, რათა გაეცნოს ჩვენ კულტურას. ამის გარდა, სხვა ცვლილებებიცაა საჭირო, მაგალითად, რუსეთში თითქმის ყველა სახის ღვინო იყიდება და ძალიან დიდი კონკურენციაა. ამ მხრივ, პირველ რიგში, უნდა დავხვეწოთ ხარისხი.
ამერიკის, აზიის და დასავლეთ ევროპის ბაზრებზე მთავარი ამოცანაა ცნობადობის გაზრდა, ტრადიციულ ბაზარზე კი - რაოდენობრივი კონკურენციის გაწევა. ასე რომ, ჩვენს სხვადასხვა ბაზრებზე, სხვადასხვა სახის ამოცანების წინაშე ვდგავართ და ეს ყველაფერი არის გრძელვადიანი სამუშაოა“, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია.