კომპანია Adam Opel AG ამერიკული კონცერნის General Motors-ის უმსხვილესი უცხოური განყოფილებაა. მისი მოდელები მთელს პლანეტაზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და კომპანია მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს მყარად ინარჩუნებს.
ქუდიდან ავტომობილამდე
კომპანიის დამაარსებელი ადამ ოპელი დაიბადა 1837 წლის 9 მაისს გერმანიის სამხრეთში მდებარე პატარა დაბა ობელში ფერმერის ოჯახში. მამას არ სურდა, მისი შვილიც მთელი ცხოვრება მიწას ყოფილიყო შეჭიდებული და როცა დრო მოვიდა, ადამი საფრანგეთში სასწავლებლად გაგზავნა, სადაც იგი ტექნიკის უკანასკნელ საოცრებას - საკერავ მანქანას გაეცნო.
1862 წელს შინ დაბრუნებულმა ოპელმა თან საკერავი მანქანა ჩაიტანა და ქუდების მწარმოებელი კომპანია Opel დააარსა, რომელიც ამ სფეროში გერმანიის უმსხვილესი ფირმა გახდა. მოგვიანებით მან საკერავი მანქანების გამოშვებაც დაიწყო. 1884 წელს კი ადამის, რომელსაც უკვე მხარში ხუთი ვაჟი ედგა, კომპანია ველოსიპედების წარმოებას შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ Opel პირველი კომპანია იყო კონტინენტურ ევროპაში, რომელმაც თავისი ველოსიპედები განთქმული ინგლისური Dunlop-ის საბურავებით აღჭურვა. როცა 1895 წელს ადამ ოპელი გარდაიცვალა, მის კომპანია გერმანიაში ველოსიპედების უმსხვილესი მწარმოებელი იყო.
Opel-ის ველოსიპედებს დიდი პოპულარიზაცია გაუწიეს ადამის შვილებმა, რომლებიც ველორბოლაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას სათავეში ორი მათგანი, კარლი და ვილჰელმი ჩაუდგა, რომელთაც მიზნად ავტომობილების გამოშვება ჰქონდათ დასახული.
1898 წელს მათ ლუტცმანის ქარხანა შეიძინეს, სადაც ერთი წლის შემდეგ თავიანთი პირველი ავტომობილი დაამზადეს. ასე დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს Opel-ის საავტომობილო ეპოპეა.
ამერიკელთა ფილიალი
ლუტცმანის ლიცენზიით აწყობილი მოდელი არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ, 1900 წელს ძმებმა ოპელებმა კონტრაქტი გააფორმეს ფრანგულ საავტომობილო ქარხანა Darrak-თან. ასე გამოჩნდა გერმანულ საავტომობილო ბაზარზე Opel Darrak, რომელმაც კომპანიას დიდი მოგება მოუტანა. ფირმის პრესტიჟი ძალზე აამაღლა 1907 წელს კაიზერ ვილჰელმის თასზე გამართულ რბოლებში გამარჯვებამ.
პირველი მსოფლიო ომისას კომპანია გვარიანად დაზარალდა. კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ვილჰელმ ოპელი ამერიკაში გაემგზავრა, რომ ავტომობილების მასობრივი წარმოების ოკეანისგაღმური მეთოდები შეესწავლა. 1923-1924 წლებში
კომპანიაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. მათგან მთავარი გერმანიაში პირველი ამწყობი კონვეიერის შექმნა იყო. ამასთან, წარმოებიდან მოიხსნა ძველი მოდელები და დაინერგა ახლების წარმოება. მათ შორის გამორჩეული გახლდათ სპორტული Opel Rak 1, რომელიც რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი და იმ დროისათვის უპრეცედენტო სისწრაფეს - საათში 238 კმ-ს ანვითარებდა.
შედეგად, Opel გერმანული ავტოწარმოების ლიდერად იქცა. ამან ამერიკული კონცერნის General Motors-ის ყურადღება მიიქცია, რომელიც აგრესიული საექსპორტო და ექსპანსიური პოლიტიკის წყალობით ევროპულ ბაზარს იპყრობდა. საბოლოოდ, 1928 წელს გაფორმდა ხელშეკრულება და Opel ამერიკული გიგანტის ფილიალი გახდა.
ამერიკელებმა სერიოზული ცვლილებები განახორციელეს. ახალი მოდელები უფრო დიდი და ტევადი გახდა. 1935 წელს Opel პირველი გერმანული ავტომწარმოებელი გახდა, რომელიც წელიწადში 100 ათას ავტომობილს უშვებდა. 1936 წელს კონვეიერიდან ჩამოვიდა Opel Kadett, რომელიც ყველაზე გაყიდვად მოდელად იქცა. მას მოჰყვა 30-იანი წლების ბოლოს გამოშვებული Super, Kapitan და Admiral.
1939 წელს გერმანიის ნაცისტურმა მთავრობამ კომპანიის ნაციონალიზაცია განახორციელა და მისი ქარხნების არმიული საჭიროებისათვის გამოყენება დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას Opel-ის ქარხნების უმრავლესობა ნანგრევებად იყო ქცეული. ამასთან, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქარხნებიდან დანადგარები მთლიანად გატანილ იქნა.
მოკავშირეთა ტერიტორიებზე კი ამერიკელები, რომლებმაც კუთვნილი ფილიალი დაიბრუნეს, წარმოების აღდგენას შეუდგნენ, სადაც ძირითადად სატვირთო ავტომობილებს და ტრაქტორებს უშვებდნენ. თუმცა, 40-იანი წლების ბოლოს აღდგენილ იქნა რამდენიმე მოდელის წარმოება.
მსოფლიო ბრენდი
50-იან წლებში კომპანია თანდათანობით წელში გაიმართა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოდელ Olympia Rekord-ის შექმნა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და სხვადასხვა მოდიფიკაციით იქნა გამოშვებული. აღმასვლა შემდგომ ათწლეულშიც გაგრძელდა, რომლის დასაწყისში კომპანიამ თავისი პირველი კუპე გამოუშვა. იგი ამერიკული ძრავით იქნა აღჭურვილი.
70-იან წლებში კომპანიის პოლიტიკა ნათლად გამოიკვეთა. ძველი მოდელები კონვეიერზე 3-5 წელი რჩებოდა, რის შემდეგაც მათი განახლება, ან ახლით ჩანაცვლება ხდებოდა. ამასთან, სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა ამერიკული გავლენა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლდათ უზარმაზარი ლიმუზინი Opel Diplomat. ხოლო სპორტული Opel GT მოდის ფუძემდებლად იქცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოდელით დაიწყო ამერიკული ბაზრის დაპყრობა.
80-იანი წლების დასაწყისში Opel განთქმული იყო არა მარტო ევროპაში, არამედ ოკეანის გაღმაც. ამავე პერიოდში General Motors-მა მიიღო გადაწყვეტილება Opel-ის მოდელების ყველა თავის ფილიალში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობდა, გამოშვების შესახებ. ამგვარად, Opel საერთაშორისო ბრენდად იქცა. მის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ისეთი მოდელების გამოშვებამ, როგორებიცაა Ascona და Corsa.
1986 წელს კომპანიამ შექმნა ახალი მოდელი Opel Omega, ორი წლის შემდეგ კი Vectra. ისინი უმალ ძალზე პოპულარული და გაყიდვადი გახდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი კონვეიერიდან ჩამოვიდა Calibra, ერთი წლის შემდეგ კი ძალზე პოპულარული Astra. ამავე, 1991 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი პირველი ჯიპი Frontera, სამი წლის შემდეგ კი ძალზე პოპულარული Tigra.
სამოდელო რიგის ეგზომ მნიშვნელოვანმა განახლებამ კომპანიას უდიდესი წარმატება და შემოსავალი მოუტანა. 90-იან წლებში Opel-მა სამოდელო რიგი კვლავ განაახლა და 1996 წელს გამოუშვა მინივენი Sintra. გასული საუკუნის ბოლოს კომპანია გაყიდვების მოცულობით დასავლეთევროპელ ავტომშენებელთა შორის მეოთხე იყო. ახალ ათასწლეულში Opel-მა მიღწეული შეინარჩუნა, სამოდელო რიგი კვლავ განაახლა და მსოფლიო არაერთი ტექნიკური მიგნებით გააოგნა. სწორედ მის ხარჯზე ინარჩუნებს General Motors, რომელსაც გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის სტატუსს.