საქართველოში საოჯახო სასტუმროებს არავინ ამოწმებს!
10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის გამო სამი ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც მცირეწლოვნები იყვნენ, სავარაუდოდ, კონდიციონერს ცეცხლი გაუჩნდა. "ვერსია" დაინტერესდა, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები საოჯახო ტიპის სასტუმროებში ("არმაზი" სწორედ ასეთი სასტუმრო იყო), განსაკუთრებით ტურისტული სეზონის წინ? კონკრეტულად, რა ტიპის ნებართვის მიღებაა საჭირო, რომ მოქალაქემ საოჯახო ტიპის სასტუმრო აამოქმედოს ან მისი რეკონსტრუქცია განახორციელოს? ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც შენობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს, კანონით იმის უფლებაც არ აქვს, საოჯახო სასტუმროები თუნდაც ტურისტული სეზონის წინ შეამოწმოს. ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ აშკარაა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა დღის წესრიგში უნდა დადგეს, რათა ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში თავი დაცულად იგრძნონ!
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება არეგულირებს. ესაა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა- ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების პროცესი. დადგენილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხდება შემდეგი პრინციპებით: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება; უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა- შენარჩუნება; საკუთრების უფლების დაცვა- რეალიზაცია; საჯაროობა; პასუხისმგებლობის პრინციპი... მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულებას სათანადო ოქმის შედგენა სჭირდება. დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სახეები, მათ შორის, მშენებლობის საავტორო ზედამხედველობა; მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა- ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების კონტროლს, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენასა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებას განსაზღვრავს. დადგენილების მიხედვით, განხორციელებული მშენებლობის ექსპლოატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. შენობა- ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები. შენობა- ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია: სანებართვო პირობების დარღვევა- შეუსრულებლობა; მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. აჭარის ტერიტორიაზე ამ სააგენტოს ფუნქციას შესაბამისი ადგილობრივი სამსახური ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სსიპ-ის ფუნქციები და უფლებები კანონით განსაზღვრულია და სამშენებლო ობიექტების სამშენებლო- ტექნიკური ზედამხედველობა ევალება, სააგენტოს უფლება არ აქვს, ესა თუ ის ობიექტი, სპეციალური განცხადების გარეშე შეამოწმოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შესამოწმებელია მაგალითად, საოჯახო ტიპის სასტუმრო, რაც მცირე და საშუალო ბიზნესად ითვლება. სააგენტო მხოლოდ მაშინ შეამოწმებს საოჯახო სასტუმროს, თუ შესაბამის უწყებაში ამა თუ იმ ობიექტთან დაკავშირებით განცხადება ან საჩივარი შევა.
"არმაზი" ექსპლოატაციაშიმიღებისგარეშემუშაობდა?!
ვინაიდან სასტუმრო "არმაზი" ქობულეთში მდებარეობს, ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალები სსიპ "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის" უცნობია. "ვერსია" ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ზურაბ ამაღლობელს დაუკავშირდა:
- ბატონო ზურაბ, კანონით გაქვთ საოჯახო ტიპის სასტუმროს შემოწმების უფლება?
- 2006 წელს, ამ სასტუმროს რეკონსტრუქციის ნებართვაზე განაცხადი შემოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ეს ნებართვა ხანდაზმულად ითვლება, რადგან 9 წელი გავიდა. დაახლოებით 4 თვეა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას ვასრულებ, სასტუმროსთან დაკავშირებული მასალები უკვე არქივში იყო გადაცემული. ტრაგედიის მერე, მასალები მოვიძიე და ვნახეთ, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ეს შენობა ექსპლოატაციაში აყვანილი არ ყოფილა. ზუსტად ვერ გეტყვით, ექსპლოატაციაში აყვანის გარეშე, ვინ ან როგორ დაარეგისტრირა ეს შენობა რეესტრში. ის, რაც რეკონსტრუქციის დროს პროექტით იყო გათვალისწინებული, სასტუმროს მფლობელს არ გაუკეთებია - სასტუმრო რკინა- ბეტონის კონსტრუქციით უნდა აშენებულიყო, მაგრამ რეალურად, ხისა და პლასტიკატის კონსტრუქციით აშენდა. ეს დარღვევაა. სამწუხაროდ, კანონით, ექსპლოატაციაში მიღებულ პროექტზე ზედამხედველობას ვერ ვახორციელებთ. შესაბამისი რეგულაციები არ არსებობს. მთავარი დარღვევაა, რომ სასტუმრო "არმაზი" ექსპლოატაციაში აყვანილი არ ყოფილა, რადგან პროექტს არ შეესაბამებოდა.
- პროექტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ან სანქციის დაწესების უფლება გაქვთ?
- ექსპლოატაციაში ობიექტის მიღებისას, შენობა- ნაგებობა უკვე უნდა შეესაბამებოდეს ნებართვას, რომელიც პროექტზე გაიცა. თუ ასე არაა, დარღვევას ანუ პროექტიდან გადახვევას ვაფიქსირებთ და შემოწმების აქტს ვადგენთ, რაც 500 ლარით ჯარიმდება. მშენებელმა ობიექტი პროექტის მიხედვით უნდა ააშენოს, თუ არადა, პროექტში ცვლილება უნდა შეიტანოს. ზოგადად, ჩვენი კომპეტენცია იწყება მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის კანცელარიაში ნებისმიერი ფიზიკური პირი საჩივარს ან განცხადებას შემოიტანს და საქმე აღიძვრება. სხვა შემთხვევაში, უფლება არ გვაქვს, კერძო პირი შევამოწმოთ.
- ფიქრობთ ეს სწორია? ტურისტული სეზონის დაწყებამდე საოჯახო სასტუმროებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების შემოწმების უფლება არ უნდა გქონდეთ?
- ამ ტიპის შემოწმება ჩვენი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. 2007 წელს, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც უსაფრთხოების წესების დაცვას ეხება და ეს სახანძრო სამსახურის ფუნქციაა. ოღონდ, სახანძრო სამსახურიც, საოჯახო კი არა, მხოლოდ ისეთ სასტუმროებს ამოწმებს, რომლებსაც 100 და მეტი სტუმრის მიღება შეუძლიათ. პროექტის ნებართვის გაცემისას კი, უშუალოდ, ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტექნიკური ნორმები დაიცვას. რადგან კანონში მარეგულირებელი ნორმები არ არსებობს, ნებართვის გამცემი ორგანოებიც ამას ყურადღებას არ აქცევენ. უფრო სამშენებლო პროექტზეა გადატანილი ყურადღება, ვიდრე უსაფრთხოების დაცვაზე. კარგი იქნება, თუ კანონში ცვლილებები შევა და ასეთი ნორმების შემოღების საკითხი დღის წესრიგში დადგება.
- როგორ ფიქრობთ, ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროებში დასვენება უსაფრთხოა?
- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული. საქართველოში ბევრი საკურორტო ქალაქია, ათეული წლებია ტურისტები ჩამოდიან, მაგრამ ასეთი შემზარავი ფაქტი აქამდე არ მომხდარა. უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია. დიდ სასტუმროებში, სადაც დიდი ინვესტიციაა ჩადებული, ამგვარი პრობლემა არ არსებობს, საოჯახო სასტუმროებში კი სხვა ვითარებაა - მფლობელს მწირი ბიუჯეტი აქვს, საოჯახო ტიპის სასტუმროს კრედიტებით აწყობს და უსაფრთხოების ნორმებზეც ნაკლებად ფიქრობს. ჩვენს სამსახურს უფლება უნდა ჰქონდეს, ეს საკითხი გააკონტროლოს.
აუცილებელია თუ არა საკანონმდებლო ცვლილება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "ვერსიასთან" აცხადებს, რომ კანონში არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურს, გნებავთ, სააგენტოს უფლება აქვს და ვალდებულიცაა, შეამოწმოს ობიექტი, მით უმეტეს, თუ რეკონსტრუქცია პროექტს არ შეესაბამება.
- ბატონო ზურაბ, ზედამხედველობის სამსახურს საოჯახო სასტუმროების შემოწმების უფლება არ აქვს. კანონში ცვლილება აუცილებელია?
- ბუნებრივია, როდესაც სასტუმრო აშენდა, რეკონსტრუქცია გაუკეთეს, მიაშენეს სართული თუ მოაშენეს, ყველაფერი უნდა გაკონტროლებულიყო. არ ვიცი, პროექტში დაუშვეს შეცდომა ან მშენებლობის დროს განხორციელდა თუ არა ზედამხედველობა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურს ობიექტების შემოწმების უფლება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონით, თუ სასტუმრო 100 ან მეტადგილიანია, მასზე ზედამხედველობის უფლება სახელმწიფო- სახანძრო ზედამხედველობის სამსახურს აქვს. თუ სასტუმროში 100 ადგილზე ნაკლებია, საოჯახო ტიპის სასტუმროდ ითვლება და მასზე ზედამხედველობას უშუალოდ მეპატრონე, მენეჯმენტი ახორციელებს. ამბობენ, სასტუმრო "არმაზი" სწრაფად აალებადი, ხისა და პლასტმასის მასალით იყო აშენებული. თუ პროექტის მიხედვით, მფლობელს ასეთი მასალით აშენების უფლება მისცეს, აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული, შენობა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით დაეფარათ. როგორც ჩანს, არც ამ მასალით მშენებლობა ყოფილა შეთანხმებული და ისიც აშკარაა, რომ სასტუმრო ხანძარსაწინააღმდეგო მასალითაც არ დაუფარავთ.
- თუ საოჯახო სასტუმროს რეკონსტრუქცია პროექტს არ შეესაბამება, ზედამხედველობის სამსახური როგორ უნდა მოიქცეს?
- ფაქტი თავიდანვე უნდა აღიკვეთოს. ზედამხედველობის სამსახურს უფლება აქვს, მშენებლობა ხარვეზების გამოსწორებამდე შეაჩეროს. მეტიც, იმის უფლებაც აქვს, მეწარმეს შენობა დაანგრევინოს!
- დეტალებს გამოძიება დაადგენს, მაგრამ აშკარაა, "არმაზის" რეკონსტრუქცია პროექტს არ შეესაბამებოდა.
- მერე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ახლა რომ მოიძია ეს მასალები, თავის დროზე აღეკვეთა ფაქტი.
- რეკონსტრუქციის ნებართვა 2006 წელს გაიცა. შესაძლოა, გასულ წლებში ბევრი ისეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც პროექტს არ შეესაბამება და ზედამხედველობის სამსახური დღეს როგორ მოიქცეს?
- ვალდებულია, ექსპლოატაცია შეაჩეროს, თუ იცის, რომ პროექტი დარღვეულია!
- თუ საჩივარი არ შევა მერიაში, სამსახურს შემოწმების უფლებაც არ აქვს და იქნებ, კანონში გარკვეული ცვლილებაა აუცილებელი?
- დავუშვათ, საკუთარ სახლში ფანჯრის უნებართვოდ გადიდება მინდა. თუ ვინმემ არ მიჩივლა, გგონიათ, ზედამხედველობის სამსახური არ მოვა და არ მეტყვის, ფანჯარას რომ ადიდებ, პროექტს არღვევო? თუ პროექტი დარღვეულია, ზედამხედველობის სამსახურს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, შესაბამისი ზომები მიიღოს! მას შეუძლია, ექსპლოატაციაც კი შეაჩეროს, ვიდრე ეს ხარვეზი გამოსწორდება. პირდაპირ ვთქვათ, "არმაზი" პლასტმასით იყო აშენებული. ეჭვი მეპარება, დარღვეული პროექტით ექსპლოატაციაში მიეღოთ...
- დიახ, "არმაზი" ექსპლოატაციაში არც მიუღიათ.
- იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო ექსპლოატაციაში მიღების გარეშე მუშაობს, ზედამხედველობის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, მისი მუშაობა ყოველგვარი შემოწმების გარეშე შეაჩეროს!
რას ფიქრობენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები? აუცილებელია თუ არა კანონში შესაბამისი ცვლილებები, რათა ზედამხედველობის სამსახურმა საოჯახო ტიპის სასტუმროები შეამოწმოს? საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე "ვერსიასთან აცხადებს, რომ ეს საკმაოდ საფრთხილო თემაა, რომელსაც დაფიქრება სჭირდება:"სასტუმრო "არმაზი" ანუ ჰასანას სასტუმრო, ერთ-ერთი, ყველაზე ძველი სასტუმროა, რომელიც მაშინ აშენდა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურს ყველანაირი კონტროლის უფლება ჰქონდა. არ მინდა სპეკულაცია თემაზე, დაირღვა თუ არა გარკვეული ნორმები, მაგრამ თუ ასე მოხდა, გიმეორებთ, ეს სასტუმრო მაშინ აშენდა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურს ბევრი უფლება ჰქონდა. უკრაინის მთავრობას ჩვენ სრულიად ახალი მიდგომა, თვითრეგულირებადი მექანიზმები შევთავაზეთ. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვა არა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა არქიტექტურის სამსახურმა, არამედ კერძო არქიტექტურის საბჭოებმა უნდა გასცენ. ასეთი რამდენიმე საბჭო უნდა შეიქმნას, რომ ბაზარზე კონკურენცია იყოს. მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს ვალდებულება - თუ მესამე, მეოთხე და მეხუთე კატეგორიის (მაღალსართულიანი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები) მშენებლობაა, აუცილებლად ჰყავდეს სამშენებლო ზედამხედველი, ოღონდ ესეც კერძო პირი იქნება. როდესაც ასეთი ფუნქცია სახელმწიფოს აქვს, ის ატროფირებას განიცდის და კორუფციის წყარო ხდება".