წლების წინ თბილისში ხმა გავრცელდა, სამშენებლო მასალების უკონტროლობამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, ჩერნობილის რადიაციული არმატურის გაყიდვაც დაიწყესო. დღეს არავინ იცის, რამდენად უსაფრთხო სამშენებლო და სარემონტო მასალებს ვიყენებთ, რასაც რატომღაც ევრორემონტს ვეძახით. ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო ნორმები არ არსებობს.
For.ge-ს ესაუბრება კომპანია „ევრო ფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი.
- ჩვენთან ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, ხელი მოჰკიდოს სამშენებლო მასალას, პირდაპირ ქალაქის მშენებლობაზე მივიდეს და უთხრას, მე მაქვს თურქული, ირანული, ამერიკული მასალა და გამოიყენეთ მშენებლობაში. ათიდან რვა შემთხვევაში, მას არავინ მოსთხოვს სერთიფიკატს, რადგან თვითონ იმ მშენებელს არავინ არ სთხოვს, რა მასალით აშენებს ობიექტს?! ერთადერთი, ჩვენთან ბეტონის ხარისხის მარკიანობა მოწმდება. დანარჩენს, განსაკუთრებით, მოსაპირკეთებელ მასალებს არავინ კითხულობს, რამდენად გამძლეა ისინი.
თუკი ბეტონის მასალის მარკიანობის კონტროლს მიაღწიეს, მაშინ სხვა სამშებებლო მასალებს რატომ არავინ ამოწმებს, ვინმე ლობირებს ამ სფეროს?
- იმდენად ქაოსური და აბსურდული პროცესია, რომ ვინმეს ლობირების და წესრიგის არაფერი ეტყობა. კიდევ სჯობდა, ვინმეს ინტერესი ყოფილიყო, იქნებ, წესრიგში მაინც მოეყვანათ ეს სფერო. როგორ უნდა მოსთხოვო ხარისხის კონტროლი კერძო ადამიანს, რომელიც საკუთარ სახლში აკეთებს რემონტს, როცა სახელმწიფოს მიერ აშენებულ ობიექტებში ასეთივე ქაოსია. ფაქტობრივად, ტექზედამხედველობა ნულოვანია. ჩვენი ფირმა ევროპული მასალებით ფასადებისა და ინტერიერების მოპირკეთებას აწარმოებს, ფეისბუკის გვერდზე პირდაპირ ვწერდით, თუ რომელ პროექტში გამოიყენეს საშიში მასალა.
სახელმწიფო ტენდერებზე მინდა გკითხოთ, სახელმწიფო ცდილობს, ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე იმ სამშენებლო ფირმებს გაამარჯვებინოს, რომლებიც იაფფასიან მომსახურებას სთავაზობენ. შესაბამისად, საშენ მასალებში ადვილად აალებადი და ტოქსიკური ნივთიერების მქონე პროდუქცია სჭარბობს.
- უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს იაფი ხარისხი. საქართველოში იყიდება ისეთი მასალები, რომლებიც მსოფლიოში არსად გვხვდება - თურქული, ჩინური, ინდური. იმავე ჩინეთსა და თურქეთს კარგი მასალებიც აქვს, რასაც ევროკავშირისა და ამერიკისთვის აკეთებს, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ასეთ მასალებს აზერბაიჯანში ვერ გაყიდის. ჩვენ აზერბაიჯანშიც ვმუშაობთ და იცით, რამხელა სხვაობაა ქართულ და აზერბაიჯანულ მშენებლობის კულტურას შორის? არადა, ქართული ინჟინრული აზრი საუკეთესო იყო. აზერბაიჯანში მუშაობენ საუცხოო გერმანელი, შვედი, ინგლისელი არქიტექტორები. ძუნწი ორჯერ მეტს იხდის, ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ სამშენებლო მასალებში ეკონომიას აკეთებს, ორჯერ მეტს იხდის, რადგან უხარისხოს ექსპლუატაციის ვადა ორი-სამი წელია, აპარებს წყალს, სიცივეს. საქართველოში სამშენებლო ფირმა რომ ჩამოაყალიბოთ და დაიწყოთ კორპუსის მშენებლობა, არავინ მოგთხოვთ კომპეტენციას, მთავარია, მიწა იყიდოთ და ვიღაცას მოელაპარაკოთ. ჩვენთან კონტროლი ფორმალური იყო კომუნისტების დროსაც და შევარდნაძის პერიოდშიც. შრომის ინსპექცია და სანეპიდსადგური მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ 5-10 ლარი გამოერთმიათ ობიექტებზე.
შეგეკამათებით, საბჭოთა პერიოდში კონტროლი მაინც არსებობდა, ექსპლუატაციაში შესვლამდე ნაგებობა გადიოდა გარკვეულ ეტაპებს და სეისმომედეგობისა და სიმტკიცის გამოცდის გარეშე იქ მოსახლეობას არ შეუშვებდნენ.
- დღეს რა ხდება? არქიტექტორი აკეთებს პროექტს, პროექტში ჩადებულია მასალები და მათი სპეციფიკაცია. არცერთი არქიტექტორი წვად, ცუდ, უხარისხო და აალებად მასალებს პროექტში არ ჩადებს, მაგრამ რეალურად როგორ ორგანიზდება ეს პროცესი, არქიტექტორს ნაკლებად უთანხმებენ. მიშას დროს ბევრი შენობა გვაქვს გაკეთებული და მაშინ სახელმწიფო პროექტში ვერცერთი მშენებელი ვერ გაბედავდა, მოსაპირკეთებელი მასალები გაეყალბებინა. მაგალითად, პოპულარული მოსაპიკეთებელი მასალის - „ფუნდერმაქსის“ ნაცვლად სხვა რამ მოეტანა. მაშინ შიში იყო, სახელმწიფომ იცოდა, ვისგან შეიძლებოდა ხარისხიანი და არასახიფათო მასალების შეძენა.
მაგრამ თურქების მიერ აშენებულ თბილისის აეროპორტში მეორე დღესვე, ქარის დაბერვისთანავე აიხადა სახურავი; ძლიერმა ქარმა ლამის საუკუნის პროექტად აღიარებული იუსტიციის სახლის სახურავიც დააზიანა. არქიტექტორები ამბობენ, რომ ბოლო წლებში აშენებულ ობიექტებს ექსპლუატაციის ვადა 70 წელიც არ ექნებათ და ამას ისევ ძველად აშენებული შენობები სჯობს. ნაწილობრივ, ახლადაშენებული შენობების უხარისხობა იმითაც აიხსნება, რომ ისეთ რთულ, გადახლართულ კონსტრუქციებს იგონებენ არქიტექტორები, რომლებიც თვალისთვის მოსაწონია, მაგრამ ვერ უძლებს დატვირთვას.
- პირობითად, მიშას ჰქონდა ერთი პრობლემა - სიჩქარე და არაკომპენტენტური კონტროლი. დაგვიყენებდნენ, ვთქვათ, პროკურორს და ის გვაჩქარებდა. იმავე იუსტიციის სახლშიც პრობლემა იყო სიჩქარე. თბილისის პროკურატურის შენობას როცა ვაკეთებდით, იქაც გვაჩქარებდნენ. მასალები ძალიან კარგი იყო, თუმცა არსებობს ტექნოლოგიები, რასაც თავისი ვადა აქვს. ვთქვათ, არის წებო, რომელიც გარკვეულ ამინდში არ შეიძლება გამოიყენო. შენ რომ უხსნიდი, რომ წვიმს, თოვს და არ შეიძლება წებოს გამოყენება, პროკურორი ამას არად დაგიდევდა. თუმცა ასეთი შეკამათება ჩვენი მხრიდან ხშირად იყო. დღეს კი აბსოლუტური „ბარდაკია“. მაგალითად, ხუთი წლის წინ რუსთავში იუსტიციის სახლების გარემოპირკეთება ჩვენი გაკეთებულია, იგი იდეალურად დგას და არანაირი პრობლემა არ აქვს. ხოლო ერთი თვის წინ ზარ-ზეიმით გახსნილი ქვემო ქართლის რეგიონალური არქივი ჩვენს მიერ აშენებულს რომ შეადაროთ, ეგრევე მიხვდებით, რომელი უკეთესია. მართალია, იუსტიციის მინისტრი თავს იწონებს, მაგრამ ესაა არაპროფესიონალიზმი, იქიდან ცვივა მოსაპირკეთებელი მასალები. ყარაული მეუბნებოდა, პროჟექტორები დააყენეს, რომ ღამით შენობა ლამაზად გამოჩენილიყოო, მაგრამ იმდენად დეფორმირებული იყო, ეგრევე მოხსნეს პროჟექტორები. კაცს არ უკითხავს, რა მასალაა, სადაურია, რა სერთიფიკატი აქვს. პროექტში წერია ერთი, რეალურად გაკეთებულია სხვა რამ. ცხადია, ეს მასალები მოსახსნელია. მაგალითად, შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში მოხდა მასალების გაყალბება და მოვიდა მშენებელი, რომელმაც თქვა, ესეც ბრენდია, „ფუნდერმაქსიაო“ და მას რატომღაც დაუჯერეს. არადა, როგორ შეიძლებოდა ინტერიერში აბსოლუტურად წვადი მასალისგან კედლის გაკეთება, ეს ხომ განსაკუთრებით საშიშია, როცა ინტერიერში აკეთებ?! ღმერთმა ნუ ქნას, ის რომ დაიწვას, არათუ ვინმე დაიწვება, არამედ ვერც გაასწრებს იქიდან, რადგან იმას მომწამლავი გამონაბოლქვი აქვს. ადამიანი პირველსავე ჩასუნთქვისას გრძნობას კარგავს.
მე სახელმწიფო ბიუროკრატიაზე ვამახვილებ ყურადღებას. ზოგადად, „ფუნდერმაქსი“ გამძლეა, მაგრამ ხდება მისი გაყალბება, მოაქვთ თურქული მასალა, ჩვენთან სერთიფიცირება არ არსებობს და არავინ სინჯავს, რამდენად ცეცხლგამძლეა, ანუ ტყუვდება შემკვეთი. გაჩვენებთ კედლის მოსაპირკეთებელი მასალის სერთიფიკატს, რომელიც შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ინტერიერში გამოიყენეს. მისი მწარმოებელია თურქეთი. სერთიფიკატი გასცა რუსეთის ორგანომ, აქ წერია: წვადობის ჯგუფი -მაღალწვადი, აალების დონე- იოლად აალებადი, ბოლის წარმოქმნის ჯგუფი - მაღალი ბოლწარმოქმნა, ტოქსიკურობის დოზა - მაღალტოქსიკური. ხვდებით, რაზეა საუბარი? გახსოვთ, ალბათ, „ლიბერთი ბანკის“ შენობა ორი წლის წინ ჭავჭავაძეზე რომ დაიწვა, იქ იწვოდა საფასადო მასალა- „ალიკაბონდი“, სულ რაღაც ორ წუთში დაიწვა 18 სართული. სხვათა შორის, დაბლა ჩვენი მასალა - „ფუნდერმაქსი“ ხელუხლებელი იყო. ეს „ალიკაბონდი“ აკრძალულია ყაზახეთში, რუსეთის დიდ ნაწილში, სადაც, ასევე, მოხდა აალება.
ახლა რა მოხდა ქობულეთის სასტუმროში, რასაც ბავშვები შეეწირნენ, არ ვიცი, მე იქ არ მიმუშავია, მაგრამ ზოგადად, ეს მასალები იმაზე უნდა იყოს გათვლილი, რომ წინააღმდეგობა გასწიოს 15-20 წუთი მაინც, რომ ადამიანები გავიდნენ გარეთ, მაგრამ ეს მასალები არათუ წინააღმდეგობას არ გასწევს, თვითონაც აალებადია და კიდევ სხვა რამეს უკიდებს ცეცხლს. სხვათა შორის, ქობულეთშიც გაიხსნა კულტურის სახლი. ერთ-ერთ ჩინოვნიკს ვუთხარი, რომ იმ შენობის ფასადზე ის მოსაპირკეთებელი მასალა არ არის, რაც უნდა იყოს-თქო და მითხრა - „ტექნადზორს“, ალბათ, შეეშალაო. ცხადია, ან შეეშალა, ან ფული აიღო, მაგრამ აუცილებლად კაცი უნდა მოკვდეს?!
პრემიერს თუ მიაწვდინეთ ხმა?
- ფეისბუკზე, ღარიბაშვილის გვერდზე მივწერეთ, არ გააკეთოთ ეს, მაგრამ არანაირი რეაგირება. ვუთხარით, არახარისხიან მასალას იყენებთ-თქო, კონკრეტულად მაშინ ლაპარაკი იყო ქობულეთის კულტურის სახლზე. ჯერ ხმა მივაწვდინეთ აჭარის მთავრობის მეთაურს - ხაბაძეს, შემდეგ -წერილი მივწერეთ ქობულეთის გამგეობას, ვაცნობეთ, გატყუებენ და მასალა „ფუნდერმაქსი“ არ არის-თქო.
თურქებმა ასეთ ხერხსაც მიმართეს, რომ ვითომ გერმანიასთან ერთობლივ ნაწარმს სთავაზობენ კლიენტს. ესეც ფალსიფიცირებულია?
- ზოგადად, თურქულ მასალებთან დაკავშირებით რა ხდება, ვერ ვიტყვი, მხოლოდ ჩემს სფეროში რა ხდება, იმის ექსპერტი ვარ. ჩვენს სფეროში წვადობის, ცეცხლგამძლეობის თემა ერთ-ერთი პირველია. მაგალითად, ლიტვაში ერთ-ერთი თურქული მოსაპირკეთებელი მასალის სერთიფიცირება ხელახლა გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ მას გაყალბებული სერთიფიკატი ჰქონდა, ლიტვის ეკონომიკის სამინისტროს მასალების ხარისხის ინსპექციამ აკრძალა ამ მასალის შეტანა და უკვე გაკეთებულის ჩამოხსნა მოსთხოვა გამკეთებელს. ამას ვწერდით ფეისბუკზე. ამის მერე ამ მასალის მწარმოებელმა ოფიციალურად მოგვწერა, გიჩივლებთ საერთაშორისო სასამართლოშიო. ჩვენ ვუთხარით, აგერ, ლიტვის ხარისხის ორგანო, ჩვენ იქიდან ციტირება გავაკეთეთ და იმათ უჩივლეთ-თქო.
შეგიძლიათ, დაასახელოთ, განსაკუთრებით, რომელი ფირმები სცოდავენ ამ მხრივ?
- მაგალითად, ქობულეთის კულტურის სახლს აშენებდა სამშენებლო კომპანია- „ემ ტე ემ“-ი, შენობის ფასადი უნდა გაკეთებულიყო სულ სხვა მასალებით, თუმცა „ემ ტე ემ“-მა გააყალბა მასალები, დააწერა, იგივე მასალებიაო, ქობულეთის გამგეობამაც ან თავი მოიტყუა, ან დაინტერესებული იყო. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ფირმის დასახელებით შემოვიფარგლები. სახელმწიფომ თავის პროექტებს მაინც მიხედოს, სადაც ატყუებენ უპასუხისმგებლო მშენებლები. იცით, მთელი პრობლემა საიდან იწყება? ცხადდება ტენდერი, ტენდერში შედის უპასუხისმგებლო მშენებელი, ფასს აგდებს დაბლა, მერე, როცა ფაქტის წინაშე დგება, იაფფასიან პროდუქციას იძენს. არადა, საბაჟოზე რომ გადმოაქვთ, იქიდანვე კარგად ჩანს, საიდან მოდის ეს პროდუქცია. ამიტომ მომავალშიც ტრაგიკულ ფაქტებს არ გამოვრიცხავ. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს პასუხისმგებლობა და მინდა ვთქვა, რომ რაღაცაზე კონტროლია საჭირო. მაინცდამაინც საცოდავი ბავშვები უნდა შეეწირონ უხარისხო პროდუქციას? კარგია, რომ ამ ხელისუფლების დროს გაიზარდა კერძო შემკვეთთა რიცხვი, კერძო შემკვეთი არ ტყუვდება, ურჩევნია, 5%-ით მეტი გადაიხადოს და ხარისხიანი პროდუქცია გააკეთოს. სახელმწიფო თითქმის აღარ გვიკვეთავს, არადა, ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების გარდა, ჩვენ გავაკეთეთ „ვენდის“ ქსელის რესტორნების მოსაპირკეთებელი სამუშაოები, თელავის იუსტიციის სახლი, რომელიც კიდევ 100 წელი იდგება, ბათუმის „მაკდონალდსის“ ცნობილი პროექტი... ამის საპირისპიროდ, საინტერესოა, ხელი ვინ მოაწერა რუსთავის რეგიონალური არქივის მიღება-ჩაბარების აქტს? ქობულეთის კულტურის სახლის ჩაბარებას? ტენდერებს შესყიდვების სააგენტო აცხადებს და, ფაქტობრივად, შესყიდვების სააგენტო, რომელიც ყველაზე დაკვირვებული უნდა იყოს, ასეთ „შეცდომებს“ უშვებს, რომ საკუთარ ინტერიერს სახიფათო მასალით აკეთებს.