ევროკავშირი ინფლაციას ებრძვის

ევროკავშირი ინფლაციას ებრძვის


ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა ის, რასაც კარგა ხანია ელოდნენ. კერძოდ, პირველად 2009 წლის მაისის შემდეგ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ამგვარად, ევროპის ცენტრალური ბანკი გახდა პირველი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბანკებს შორის, რომელიც ეკონომიკის მხარდაჭერიდან ინფლაციის მოთოკვაზე გადავიდა. თუმცა, ჯერ უცნობია, ეს ერთჯერადი მოვლენა იქნება თუ განაკვეთის ზრდა გაგრძელდება.

თუ ევროპის ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ბოლო ათწლეულის გრაფიკს გადავხედავთ, ზრდისა და კლების რამდენიმე სერიის გამოყოფა შეიძლება. განსაკუთრებით საინტერესო ბოლო წლების დინამიკაა: 2006 წელს, მას შემდეგ, რაც განაკვეთი ორ წელზე მეტ ხანს 2 პროცენტი იყო, ბანკმა მისი გაზრდა დაიწყო და 2008 წლისათვის ლოკალურ მაქსიმუმს - 4,25 პროცენტს მიაღწია. Lehman Brothers-ის გაბანკროტების შემდეგ, რომლითაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მწვავე ფაზა დაიწყო, ევროპის ცენტრალური ბანკი თითქმის ყველა სხდომაზე განაკვეთს ამცირებდა. 

ასე გაგრძელდა 2009 წლის გაზაფხულამდე, სანამ არ გადაწყვიტეს, რომ განაკვეთი ისედაც ძალიან იყო შემცირებული. მას შემდეგ ევროპის ეკონომიკის საბაზისო მაჩვენებელი გაიყინა – იაფი ფულის პრინციპი ევროზონაში აქამდე მოქმედებდა. როგორც ცნობილია, განაკვეთის შემცირების მეთოდი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად გამოიყენება: რაც უფრო იაფია კრედიტი, მეტს უჩნდება მისი აღების სურვილი, რაც ეკონომიკურ აქტიურობას ზრდის. განაკვეთის ზრდის მიზანი კი ეკონომიკიდან ზედმეტი ფულის მოშორება და ფასების ზრდის ტემპის შემცირებაა. 

ბევრი ეკონომისტი 2009 წლის ბოლოს აღნიშნავდა, რომ ძლიერ იაფი კრედიტები ინფლაციის საფრთხეს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ევროპის ცენტრობანკი განაკვეთის გაზრდას არ ჩქარობდა, რადგან ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა კვლავ მძიმე ვითარებაშია. მაგრამ, საბოლოოდ, ინფლაცია ისე გაიზარდა, რომ მისი იგნორირება შეუძლებელი იყო. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ევროზონაში ინფლაციამ წლიური ათვლით 2,6 პროცენტი შეადგინა. 

სწორედ ამ პერიოდში განაკვეთის შესაძლო გაზრდის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის თავკაცმა ჟან კლოდ ტრიშემ ერთობ მკაფიო მინიშნება გააკეთა, ასე რომ, ბაზრის მოთამაშეებს მოსამზადებლად ერთი თვე ჰქონდათ, სანამ განაკვეთი 1-დან 1,25 პროცენტამდე გაიზრდებოდა. ცხადია, ეს საკმაოდ მცირე ზრდაა. სავარაუდოდ, ევროპელი ბანკირები სხვა ქვეყნების მოქმედებას დააკვირდებიან და შემდგომი ზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ შემდეგ მიიღებენ. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებული ქვეყნების ძირითადი რეზერვები განთავსებულია დოლარში, ევროში, ფუნტ სტერლინგსა და იენაში, სწორედ ამერიკის, ევროპისა, ბრიტანეთისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები განსაზღვრავენ მსოფლიოს ფინანსურ პოლიტიკას. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ინფლაცია ევროპისაზე ორჯერ მაღალია, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი მაინც უცვლელად, 0,5 პროცენტის დონეზე დატოვა, რადგან მისი ეკონომიკა ძლიერ მძიმე სიტუაციაშია. ასევე მოიქცა იაპონიაც, სადაც განაკვეთი 0-01 პროცენტის ფარგლებშია. ამერიკის, სადაც განაკვეთი 0,25 პროცენტია, ფედერალური სარეზერვო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლომდე გაიზარდოს. 

დასასრულს უნდა ითქვას, რომ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის სტაგნაციის არ ეშინიათ და ინფლაციას განაკვეთის ზრდით თამამად უმკლავდებიან. მაგალითად, ჩინელებმა მიმდინარე წლის აპრილში 2010 წლის შემოდგომის შემდეგ განაკვეთი მეოთხედ, 4,9 პროცენტამდე გაზარდეს. 

ასეა თუ ისე, მსოფლიოს ამა თუ იმ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის გაზრდა მეტყველებს, რომ მსოფლიომ ეკონომიკური ციკლის ახალ ფაზაში შეაბიჯა. როგორ მოიქცევიან ბანკირები მომავალში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება გლობალურ ეკონომიკას ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზე.