ძველი თბილისის მოსახლეობის ნაწილი პროექტის - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი უფლებები დარღვეულია. ავარიული სახლების მობინადრეების თქმით, პროექტი მათ რეალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.
ძველი თბილისის მცხოვრებლები ქალაქის მერიისგან კომპენსაციის გადახდას ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დროულად დაკმაყოფილებას ითხოვენ და 200-ლარიანი ქირით ცხოვრებაზე (რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია) უარს აცხადებენ. მათ ისიც კი აეჭვებთ, რომ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მასში გაწევრიანებული არცერთი ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული და ვინც ახალაშენებულ კორპუსში შეასახლეს, უმრავლესობა ამ ტერიტორიიდან იყო გაყვანილი ან ფართი ადრე ჰქონდა ნაყიდი და ბინას ელოდა.
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი სინამდვილეში სამშენებლო ფირმებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. 2 დღის წინათ მერმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ეს ინექციაა ეკონომიკისთვის და სამშენებლო ბიზნესში არსებული კრიზისის გადასალახად. სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს მოსახლეობაზე. ფაქტობრივად, პროექტის მესამე ეტაპი იწყება და გამოდის, რომ რამდენიმე სამშენებლო კომანიისთვის ეს ისევ ერთჯერადი ინექცია იქნება - განსაზღვრული თანხა დაუმთავრებელი კორპუსების დასრულებას ან ყადაღის მოხსნას მოხმარდება.
პირველი ეტაპი რომ დაიწყო, ფიროსმანის N30-ის მაცხოვრებლები გაწევრიანდნენ კომპანია „არსში“. ქარვასლის უკან უნდა აეშენებინათ სახლი, სართულებიც გაანაწილეს, მაგრამ დღეს საძირკველიც კი არ არის ჩაყრილი. ხომ შეიძლება, მოსახლეობის მდგომარეობაც გაითვალისწინონ პროექტში. ეს ერთჯერადი ინექცია ჩვენთვისაც გაიმეტონ -კომპენსაცია მოგვცენ ან ფართით დაგვაკმაყოფილონ? ფიროსმანის N18-ის ნაცვლად მათ 1288 კვ/მ საერთო ფართი დარჩებათ“, -განმარტავს ფიროსმანის N18-ის ერთ-ერთი მცხოვრები დალი ჟველია.
შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის N18 არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, არც მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდიდან და არც სხვა მხრიდან მათთვის დახმარება არავის გაუწევია.
„ძველი თბილისის გამგეობაში მისულებს გვეუბნებიან, კედელი, რომელიც მეზობელ ეზოს უქმნის საფრთხეს, უნდა მოვანგრიოთო. ეს კი მთელ სახლს პრობლემა შეუქმნის. ფიროსმანის N18-დან 10 ოჯახი გავიდა 200-ლარიანი ქირით უპირობოდ და უვადოდ და მერიის „კეთილ ნებაზეა“ მინდობილი.
ჩვენ მხოლოდ პროექტში გაწევრიანებას ან ქირით გასვლას გვთავაზობენ. პროექტი საცხოვრებელი ფართით მაშინვე რომ გვაკმაყოფილებდეს, ქირით გასვლაც არ მოგვიწევდა. ამ თანხით ბინას რეალურად ვერ ვიქირავებთ, თანაც ბევრი მინახავს ასეთი პირობით გასული და დღეს ღია ცის ქვეშ არიან. ეს არ არის მოსახლეობსითვის მისაღები“, - აცხადებს დალი ჟველია.
ამ ორიოდე დღის წინ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მობინადრებმა ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე ბესო ჯიმშელაძისგან მიიღეს წერილი, რომ გამგეობა მზადაა მთელი ეზო უზრუნველყოს ბინის სანაცვლო დასაქირავებელი ფართით. ჯიმშელაძემ მობინადრეებს პროექტში გაწევრიანება და 200-ლარიანი ქირით გადასვლა შესთავაზა.
„არცერთი გვაძლევს ხელს და არც მეორე. ჩვენი თანხმობა ნიშნავს, რომ უპირობოდ და უვადოდ გაგვიშვან ქუჩაში, რაზეც კატეგორიულ უარს ვამბობთ“, - აცხადებენ პროექტით უკმაყოფილო ფიროსმანელები.
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი კახა კუკავა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებიოთ პროტესტის ორგანიზება აქვს გადაწყვეტილი. კუკავა მერიას ძველი თბილისის ავარიულ სახლებში მცხოვრებლების ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებს.
„უამრავი დარღვევაა, საკითხს ფრაქციის სხდომაზე წარსადგენად ვამზადებთ. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე პრიორიტეტი არ არის და ფასადების შეღებვით უფროა დაინტერესებული, ვიდრე ავარიული სახლების რეაბილიტაციით. მაქვს ეჭვი, რომ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გამოყოფილი 60 მილიონი მიზნობრივად არ იხარჯება და არ ხმარდება რეალურად არსებული პრობლემების მოგვარებას. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ყველგან კეთდება მხოლოდ ფასადი, სისტემური ცვლილებები არ ხორციელდება.
საკააშვილის და უგულავას სურვილის გათვალისწინებით, 60 მილიონი იხარჯება და რეალურად არსებული პრობლემების გადაწყვეტას არ ხმარდება. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა, რომ ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის ყურადღების მიქციათ“, - აცხადებს კუკავა და დასძენს, რომ ის თანხაც კი, რასაც მობინადრეებს ქირით გასვლისთვის სთავაზობენ, არასაკმარისია.
„გვინდა, სამშენებლო კომპანიებთან ვუშუამდგომლოთ ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებს და სხვებსაც, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ გადასცენ ფართი. 200 ლარი, რასაც მათ მერია სთავაზობს, სასაცილოა, წავიდნენ და ამ თანხით თვითონ იქირაონ ბინა. თუ ჩვენ შევძელით პროტესტის ორგანიზება „მარშრუტკების“ მძღოლებთან მიმართებაში, შედეგს აქაც ველოდებით. მით უმეტეს, ფიროსმანის ქუჩა მდებარეობს დედაქალაქის იმ უბანში, სადაც დიდია ინტერესი სამშენებლო კომპანიების მხრიდან“, - აცხადებს კუკავა.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ სამშენებლო სფეროს ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი საცხოვრებელი ფართი მხარეებისთვის ვაჭრობის საგანია და, ადრე თუ გვიან, შეთანხმება მიიღწევა.
„კანონით, საცხოვრებელი სახლი თუ ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, უნდა გავიდეს მოსახლეობა. ძალით ვერავის გამოასახლებენ თუ ეს უკიდურესმა აუცილებლობამ არ გამოიწვია. ყველაფერი საბოლოოდ მაინც მოლაპარაკების საგანია. აქ პრობლემაა ის, რომ ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ადამიანები ნამდვილად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან, შეთანხმება მიიღწევა. შეიძლება, ალტერნატიული ფართი იგივე მდებარეობა არ არის, მაგრამ გარემონტებული ბინაა და ყველა პირობით უზრუნველყოფილი. ნებისმიერი მობინადრის მიმართ ინდივიდუალი მიდგომაა საჭირო“, - აცხადებს გიორგი ბარვენაშვილი.