ინფლაცია იზრდება. ეროვნული ბანკი და მთავრობა ჯერ-ჯერობით მისი ზრდის შეჩერებასაც კი ვერ ახერხებენ, მოთოკვასა და შემცირებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. თუ გასულ წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,2% შეადგინა, 2011 წელს ყოველთვიურად იზრდებოდა და ამა წლის მარტში უკვე 13,9%-ს მიაღწია.
ასეა თუ ისე, ქვეყანაში ფასები ზრდას განაგრძობს, ხელისუფალნი კი კვლავ ძველ ჩვენებას "აწვებიან" და ჩვენს ქვეყანაში არსებულ ინფლაციას ეგზოგენურ ფაქტორებს აბრალებენ.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა მტკნარი სიცრუეა ინფლაციის საერთაშორისო მოვლენებზე გადაბრალება, რომ ინფლაციას ყველგან და ყოველთვის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკა იწვევს.
ფასების საერთო დონის ზრდა ქვეყნის შიდა პრობლემაა და მასზე საერთაშორისო ბაზარზე რომელიმე კონკრეტული პროდუქტის გაძვირებას არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. ამასთან, ყველა ნათლად ხედავს, რომ სებ-ის დღევანდელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. რადგან, თუ ერთი მიმართულებით ინფლაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებს ატარებს, მეორე მხრივ მის სტიმულირებას ეწევა.
სწორედ ამის გამოა, რომ უკვე 9 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, მაგრამ რატომღაც ამან ინფლაციის ზრდის შეჩერებაც კი ვერ გამოიწვია.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, ჟურნალ "ტაბულაში" გამოქვეყნებულ სტატიაში, საქართველოს ზიმბაბვეს მაგალითის გათვალისწინებას ურჩევს. მისი თქმით: "2008 წლის ივნისში ზიმბაბვეში ინფლაციის დონემ 2,5 მილიონ %-ს მიაღწია. ქვეყნის ეროვნული ვალუტა 99.9%-ით გაუფასურდა. 1997-2007 წლებში ჯამურმა ინფლაციამ 3,8 მილიარდი % შეადგინა, ხოლო ცხოვრების დონემ (გამოსახული მთლიან შიდა პროდუქტში) 38%-ით დაიკლო.
პირველ რიგში აუცილებელი იყო ე.წ. დოლარიზაცია - დისკრედიტებული ეროვნული ვალუტის აშშ დოლარით ჩანაცვლება.
და ბოლოს, ჰანკე ურჩევდა ზიმბაბვეს მთავრობას, დაეშვა ე.წ. თავისუფალი საბანკო საქმიანობა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის საკუთარი ფულის გამოშვების უფლების მიცემას გულისხმობს - მთავრობის მხრიდან ყოველგვარი რეგულირების გარეშე.
ჩვენ არ გვაქვს ჰიპერინფლაცია, როგორც ეს ზიმბაბვეში იყო, და არ გვიწევს 3 კილოგრამი ათასლარიანი კუპიურებით პურზე სიარული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და თითოეული ჩვენგანი არ ვზარალდებით. ნეგატიური გავლენა იგივეა, რაც ჰიპერინფლაციის შემთხვევაში, უბრალოდ მასშტაბია ნაკლები, რაც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - აღნიშნავს ჯაფარიძე.
რა ხალხი ვართ ეს ქართველები, ზიმბაბვეს ან სხვა ოხერს და ტიალს რომ არ მივბაძოთ, ჩვენ ისტორიას გადავხედოთ. რა, საქართველოში არ გვქონდა ჰიპერინფლაცია? 1994 წელს წლიური 8 500%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. მაშინ ინფლაცია ისე მოითოკა, რომ არც ეროვნული ბანკი გაუუქმებიათ (ცნობისათვის, სწორედ სებ-ის ძალისხმევით მოხერხდა ინფლაციის შემცირება), არც სავალუტო საბჭო შეუქმნიათ, არც დოლარიზაცია და არც ბანკებისთვის მიუციათ ფულის ბეჭდვის უფლება.
თუ მაშინდელმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ იმდენი მოახერხა, რომ 8 500%-იანი ინფლაცია შეემცირებინა, ახლა რატომ არ შეიძლება 14%-იანი ინფლაციის მოთოკვა, უბრალოდ გაუგებარია.
ცუდი მუშაობის გამო სებ-ი თუ უნდა გავაუქმოთ, აუცილებლად უნდა მივაყოლოთ მინიმუმ პარლამენტიც, რომელიც მართლაც უფუნქციოა. მიუხედავად მასში 5-6 კაცი ოპოზიციონერის არსებობისა, თუ შეიძლება ოპოზიციონერი დავარქვათ ზოგიერთ მათგანს.
უკვე 1 წელზე მეტია, რაც ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა და ერთხელაც კი არ დაუბარებიათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მდგომარეობის ასახსნელად. როდესაც აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს, 2 თვეში ერთხელ უწევს სენატში მისვლა. ჩვენთან კი ზოგიერთ ოპოზიციონერს (უმრავლესობაზე საუბარი ზედმეტია) ჯერ კიდევ სჯერა, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაციის გამომწვევი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და სწორედ იგია ინფლაციის შემცირებაზეც პასუხისმგებელი.