უკვე სამი წელია, რაც ხელისუფლება ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაზე საუბრობს, მაგრამ ამ უწყების ამოქმედება რატომღაც ჭიანურდება. არადა, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა ევროკავშირის წინაშე აღებული ერთ-ერთ ვალდებულებაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშკრულების საწინდარი უნდა გახდეს.
ანტიმონოპოლიურ კანონპროეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ცნობილი იყო, რომ ამ უწყების აღდგენის შემთხვევაში, იგი ბაზრის ყველა სეგმენტს გააკონტროლებდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს პრეროგატივა იქნებოდა. კანონმდებლები გვპირდებოდნენ, რომ ანტიმონოპოლიური უწყება თავისი მოვალეობის შესრულებას 2011 წლის გაზაფხულზე შეუდგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სამსახურს აღდგენა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ უწერია და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფლამა ვაჭრობამაც ჩაილურის წყალი დალია.
ბაზრების მონოპოლიზაციას მთელ მსოფლიოში ებრძვიან. საყოველთაო აღიარებით, კონკურენცია ბაზრის სიმბოლოს წარმოადგენს. კონკურენციის თავისუფლების დასაცავად ხდება სპეციალური ნორმატიული აქტების შემუშავება. იმ ქვეყნებში კი, სადაც ჯერჯერობით ასეთი ნორმატიული აქტები არ არსებობს, კონკურენციის დაცვა კანონმდებლობის ტრადიციული ინსტიტუტებით ხორციელდება.
2004 წელს ჩვენმა სახელმწიფომ უარი თქვა ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე და 1995 წელს დაარსებული ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმა. მართალია, დიდი ძალაუფლება აღნიშნულ სამსახურს არც ჰქონია, მაგრამ მთლად უამისობასაც ჩვენთვის ხეირი ნამდვილად არ დაუყრია. ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებას რეფორმა დაარქვეს და საფუძველიც გამოუძებნეს _ რომ საქართველოს ეკონომიკა მცირე და ღიაა, კონკურენციაში არის უცხოეთის ბაზრებთან და აქედან გამომდინარე, არანაირი მონოპოლიები ქვეყანაში არ იარსებებდა. თუმცა ქართული ეკონომიკის მამებს `დაავიწყდათ~ ელემენტარული რამ: ნებისმიერ კონკურენციას გამარჯვება და დამარცხება ახლავს. კონკურენციაში გამარჯვებულები, როგორც წესი, მსხვილდებიან და დამარცხებულებს, თუკი ისინი საერთოდ გადარჩებიან, თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ და ეს მოვლენა სულაც არ არის დამოკიდებული ბაზრის სიმცირე-სიდიდეზე.
ჩვენში ამას კიდევ ემატება მთავრობის, მართალია გამოუცხადებელი, მაგრამ მაინც ნათლად შესამჩნევი მისწრაფება _ მონოპოლიზმის ხარისხის გაზრდას შეუწყოს ხელი, ძალიან კონკრეტული მერკანტილური მოსაზრებებით. შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკის მონოპოლიზაციის ხარისხი კვლავ საკმაოდ მაღალია.
ვინაიდან ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური ოფიციალურად არ არსებობს, შესაბამისად არავინ აწარმოებს ამ მიმართულებით ბაზრის კვლევას. იმედები გაგვიცრუეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც გარკვეულწილად ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციები უნდა შეესრულებინა და უარით გამოგვისტუმრეს: ბაზრის კვლევა ჩვენს მოვალეობებში არ შედისო (ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ახალი ანტიმონოპოლიური კანონდებლობა ამოქმედდება). შესაბამისად, ბაზარზე მოქემდი დომინანტი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება საკუთარი ძალებით მოგვიხდა.
ბოლო დროს საქართველოში ყველაზე ყბადაღებული თემა, მონოპოლიების არსებობის თვალსაზრისით, ფარმაცევტული სექტორია, სადაც ბაზრის დიდი წილი რამდენიმე კომპანიის ხელშია. ამ სექტორში ყველაზე მსხვილ მოთამაშედ კომპანია `ავერსი~ მიიჩნევა, რომელიც მთლიანი ბაზრის 35%-ს ფლობს. `ავერსს~ მცირედით ჩამორჩება ფარმაცევტული კომპანია `პე-ეს-პე~, რომელიც ბაზრის 30%-ზე ცოტა მეტს აკონტროლებს. ასეთივე პროფილის კომპანია `ჯი-პი-სის~ წილად ფარმაცევტული ბაზრის მხოლოდ 15% მოდის. დანარჩენი 20%-ს კი მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოვაჭრე მცირე სავაჭრო სუბიექტები ინაწილებენ.
აშკარაა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე საქმე გვაქვს არაჯანსაღ კონკურენციასთან, რაც მონოპოლიებს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქციაზე ფასები სურვილისამებრ დააწესონ. იმას, რაც დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ხდება, ეკონომისტების ენაზე ოლიგოპოლია ჰქვია. ანუ, საქმე გვაქვს ფარმაცევტული პროდუქციის რამდენიმე მიმწოდებელთან, რომლებსაც ბაზარი პრაქტიკულად გაყოფილი აქვთ, თანაც ურთიერთშეთანხმებით. ამას კი სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა კარტელური შეთანხმება. ასეთ ვითარებაში მოხმარებელს დიდი არჩევანი არ აქვს, ვრცელი სადისტიბუციო ქსელების არსებობიდან გამომდინარე, სამი კომპანიიდან რომელიმეს უნდა მიაკითხოს და ბუნებრივია, ისინი ფასწარმოქმნის მეტ-ნაკლებად ერთიან პოლიტიკას ატარებენ.
მსგავსი მდგომარეობაა ნავთბპროდუქტების ბაზარზეც, სადაც იმპორტსა და დისტრიბუციას ქვეყანაში შვიდი კომპანია ახორციელებს. აქედან ბაზრის დიდი წილი დომინანტ კომპანიებს: `სოკარს~, `ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა~ და `ლუკოილ ჯორჯიას~ აქვთ გადანაწილებული და შესაბამისად, საწვავზე ფასების საერთო დონეს ბაზარს ისინი კარნახობენ.
მკაცრი საბაჟო ადმინისტრირების პიროებებში (საქართველო კი ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამოირჩევა), ხშირია მონოპოლიების, დუოპოლიებისა და ოლიგოპოლიების არსებობა იმპორტიორებს შორის. დარწმუნებული ვარ, სრულყოფილი მოკვლევის ფარგლებში ბაზარზე არსებული კიდევ არაერთი მონოპოლიური სუბიექტი გამოვლინდება, მაგრამ მანამდე საჭიროა ანტიმონოპოლიური სამსახური და შესაბამისი კანონმდებლობა, რაც უფლებამოსილ უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ბაზრის ყველა დერეგულირებული სეგმენტი გააკონტროლოს.
ჩვენ დავინტერესდით რა ეტაპზეა ამჟამად ანტიმონპოლიურ კანონდებლობაზე მუშაობა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ვცადეთ ამ საკითხის გარკვევა. როგორც კომიტეტის თანამშრომლებმა პირად საუბრებში გვითხრეს, ანტიმონპოლიური სამსახურის აღდგენის თემა `გაყინულია~, შესაბამისად ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, ხოლო მონოპოლიების ბოგინი ადგილობრივ ბაზარზე კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავჯდომარე): "წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური ნება იმისა, რომ აღადგინონ ანტიმონოპოლიური სამსახური და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, ეს უწყება ქმედითუნარიანი იყოს. საქართველოში უკვე ტენდენციად იქცა, რომ სახელმწიფო ჩინოსნები ბიზნესის ძალიან ბევრ სექტორში ფლობენ წილს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი არ იქნებიან მომხრე იმისა, რომ შეიქმნას სახელმწიფო უწყება, რომელიც მათ მაღალი მოგების მიღებაში შეუშლის ხელს."