„აიეტი" ერთ-ერთია იმ ხუთ კომპანიას შორის, რომლებსაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს. 18 თებერვალს ამ კომპანიებს გარკვეული სანქციები დაუწესდათ და ამ ეტაპზე წერილობითი გაფრთხილება მიიღეს.
"შპს "აიეტი" საკუთარი საკაბელო ქსელით შემდეგ სამაუწყებლო არხებს ავრცელებდა: RTVI, VH1, Eurosport, National Geographic, Discovery, Euros- port, Премьера, Кинохит, CNN, Cartoon Network, Travel TV5, Euronews, Euros- port2, History, BBC, Animal Planet, TV1000, Россия- Культура.კომპანიას კომისიაში არა აქვს წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები," - ნათქვამია მარეგულირებელი კომისიის საიტზე დადებულ განცხადებაში.
მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის თანახმად, "აიეტმა" აღნიშნული არხები ან უნდა გათიშოს, ან მათი ტრანსლაციის უფლება მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია 10-ათასლარიანი ჯარიმით იმუქრება.
გაფრთხილების მიუხედავად, „აიეტის" არხების ჩამონათვალში RTVI, Eu- ronews, CNN, BBC, Animal Planet, TV1000, National Geographic, TV5, Cartoon Net- work, History ისევ შედის. დანარჩენი არხები კი გათიშულია.
„ჩვენმა კომპანიამ მარეგულირებელს მიმართა ოფიციალური წერილით, სადაც ჩამოთვლილი იყო იმ სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება გვაქვს. ამავე წერილით ჩვენ, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი საავტორო უფლებების დაცვა მოვითხოვეთ", - ამბობს GMG-ის დამფუძნებელი და დირექტორი მამუკა გამყრელიძე.
GMG ანუ "გლობალ მედია გრუპი" ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტია. იგი პირველად 14 იანვარს გამოჩნდა. GMG მაყურებელს ევროპის ექვსი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციას სთავაზობს,მათ შორის - ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატებს.
GMG-ის დამფუძნებელი და დირექტორი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ კომპანიამ ყველა მატჩის ექსკლუზიური უფლება შესაბამისი საერთაშორისო კომპანიებისგან შეიძინა. გამყრელიძე არ აკონკრეტებს, რა ინვესტიცია ჩაიდო კომპანიის დაარსებასა და ექსკლუზივების მოპოვებაში: „ეს კომერციული საიდუმლოებაა", - ამბობს გამყრელიძე.
GMG-ის ლოგოზე ექვსგანყოფილებიანი ფერადი ქოლგაა გამოსახული, თითოეული ფერი ცალკე არხს შეესაბამება: მწვანე ფეხბურთის არხია, წითელი - სპორტული, ნარინჯისფერი - საბავშვო, ცისფერი - ტელესერიალების, იისფერი - კინოგურმანების, ოქროსფერი კი - ჰოლივუდური კინოპროდუქციის. GMG ქართულ ბაზარზე უკვე ოთხი არხით (ფეხბურთი, სპორტი, კინოგურმანი, ჰოლივუდი) შემოვიდა, თუმცა აპრილიდან დანარჩენი სეგმენტების ათვისებასაც გეგმავს.
მაუწყებლობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვება GMG ჯგუფმა უპრობლემოდ მოახერხა. GMG-მ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2010 წლის 3 დეკემბერს მიმართა თხოვნით შპს „მადის" კუთვნილი ლიცენზია შპს „გლობალ მედია ჯგუფისთვის" გადაეცათ, რაზეც კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
მარეგულირებელი კომისიისვე გადაწყვეტილებით, "მადის" კუთვნილი ლიცენზია - საკაბელო საერთო ტელე-რადიო მაუწყებლობიდან სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობად გადაკეთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას მხოლოდ გასართობ-შემეცნებითი მაუწყებლობის უფლება აქვს და, მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პროდუქციას ვერ გაავრცელებს.
GMG - "გლობალ მედია გრუპი" 2010 წლის ივლისში შეიქმნა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელია „რუსთავი 2-ის" გადაცემა „ვის უნდა ოცი ათასი?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე, რომელიც დაარსების მომენტში კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელი იყო.
იმავე წლის 18 აგვისტოდან, კომპანიის მფლობელები იცვლებიან. გამყრელიძე 85%-ის მფლობელია, 15%-ს კი შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი" განაგებს.
შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი" 2009 წლის ზაფხულშია შექმნილი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კოღუაშვილია, დირექტორი კი "საზოგადოებრვი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი. 2010 წლის მაისში ეს კომპანია 2008 წელს დაარსებულ შპს „ჯი ელ ტვ"-ის შეერწყა, რომლის მფლობელებიც გიორგი გეგეშიძე ("რუსთავი2"-ის ამჟამინდელი დირექტორი - 70%) და ზაზა შენგელია (საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი - 30%) იყვნენ.
GMG-ი თავისი ექსკლუზიური ლიცენზიით, ფაქტობრივად, შუალედური რგოლის ფუნქციას შეასრულებს უცხოურ ტელეკომპანიებსა და ქართულ საკაბელო არხებს შორის. ბევრი უცხოური არხის ტრანსლირებას საკაბელო არხები მხოლოდ GMG-ისთან მოლაპარაკებისა და მასთან კონტრაქტის გაფორმების შედეგად შეძლებენ. ეს კი, საკაბელო არხების ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
საქართველოში ყველაზე მსხვილმა საკაბელო კომპანია "აიეტმა", რომელსაც 1 თებერვლიდან სახელწოდება შეეცვალა და უკვე "სუპერ ტვ" ეწოდება, საერთო ენა უკვე გამონახა GMG -ისთან. 1 მარტიდან ამ საკაბელო არხის აბონენტებსაც 2 ლარით გაეზარდათ გადასახადი.
"აიეტი" თავისი სამაუწყებლო პაკეტიდან ზოგიერთი არხის გაქრობას "მცირე ცვლილებას" უწოდებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მაგალითად, არხი „ევროსპორტი", უბრალოდ, სხვა არხით - "GMG ფეხბურთით" შეიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკაბელო არხი მანამდეც ხშირად თვითნებურად თიშავდა და ანაცვლებდა არხებს, აბონენტებთან შეთანხმებისა და მათი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
1987 წელს დაარსებული პირველი ქართული საკაბელო ტელევიზიის „მეშვიდე არხის" დირექტორი დავით წერეთელი ამბობს, რომ GMG-ის გამოჩენამ, შესაძლოა, მისი აბონენტების რაოდენობა გაანახევროს.
„მეშვიდე არხი", რომელიც ვერას, ვაკეს და საბურთალოს მოიცავს, დაახლოებით შვიდი ათასამდე აბონენტს ემსახურება. პაკეტების მიხედვით, სააბონენტო გადასახადი თვეში 8-დან 20 ლარამდე მერყეობს და შესაბამისად 36 და 79 არხს სთავაზობს.
წერეთლის თქმით, მის ტელევიზიას GMG-ისთან მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა GMG-ის პირობები „მეშვიდე არხისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა და თანამშრომლობაც არ შედგა:
„GMG-მ წელიწადში 18 ათასიდან 30 ათასამდე ლარის გადახდა მოითხოვა ზრდის ტემპით. ჩვენ შევთავაზეთ პაკეტირება, ანუ მომხმარებელს თვითონ აერჩია, ჩართოს თუ არა GMG, რაზეც ისინი არ თანხმდებიან. თუ GMG-ის ჩავრთავ, გამოდის, სააბონენტო გადასახადი ორჯერ უნდა გავზარდო. ამჯერად გადასახადი თუ 8 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე ადის, ჩართვის შემთხვევაში მინიმალური პაკეტი იქნება არა 8, არამედ 15-16 ლარი", - ამბობს წერეთელი.
წერეთელი დასძენს, რომ GMG-ის მიერ მოთხოვნილი თანხა, დაახლოებით, ხუთჯერ აღემატება იმ ღირებულებას, რომელსაც მისი საკაბელო წლიურად „ევროსპორტს" უხდის.
კიდევ ერთი საკაბელო, რომელმაც მარეგულირებელი კომისიისგან გაფრთხილება მიიღო, შპს „ორბიტა 2005" -ია. ეს მცირე საკაბელო არხია, რომელიც აეროპორტის დასახლებაში ვრცელდება, სულ ორ ადამიანს - ინჟინერსა და ინკასატორს ქირაობს და მხოლოდ 300-მდე აბონენტი ჰყავს. "ორბიტა 2005" შვიდ ლარად მაყურებელს 30-მდე არხს სთავაზობს, თუმცა რესურსების სიმცირის გამო კომპანიას არც ერთ უცხოურ არხთან პირდაპირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. „ორბიტა 2005"-ის დირექტორმა, ნელი წიკლაურმა იცის, რომ შემოწმების შემთხვევაში მის კომპანიას შესაძლოა 10 000 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისროს.
„საკაბელოებს კანონით მოეთხოვებათ ყველა უცხოურ არხთან პირდაპირი ხელშეკრულების დადება, არადა უცხოური არხები პატარა საკაბელოებს, რომლებსაც ათას აბონენტზე ნაკლები ჰყავთ, არც ელაპარაკებიან. ასეთ პირობებს მხოლოდ დიდი საკაბელოები გაუძლებენ. პატარები თავიდანვე განწირულნი არიან", - ამბობს წიკლაური, რომლემაც მარეგულირებელ კომისიას თხოვნით მიმართა, პატარა საკაბელოების მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ და მცირე და დიდ ბიზნესისთვის განსხავებული მოთხოვნები დაეწესებინათ. "თავის დროზე ამ ბიზნესის დასაწყებად ბანკიდან 10-ათასდოლარიანი კრედიტი გამოვიტანე და სახლი ჩავდე. გაკოტრება მელის", - ამბობს წიკლაური. მის თხოვნაზე მარეგულირებელ კომისიას რეაგირება არ მოუხდენია.
წიკლაური იმ აკრძალვებსაც იხსენებს, რომლებმაც მისი ბიზნესი აზარალა: „2008 წლის ომის შემდეგ რუსული არხების აკრძალვით 400-მდე აბონენტი ორ თვეში დავკარგეთ", - იხსენებს წიკლაური.
რუსული არხების აკრძალვის შემდეგ, თბილისში სატელიტური თეფშები მომრავლდა. საკაბელოების არხების წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ეს მათი მომსახურების ერთადერთი ალტერნატივაა. სატელიტური თეფშის დამონტაჟება აბონენტს დაახლოებით 120 ლარი უჯდება, რაც ერთჯერადი ხარჯია, თუმცა ხშირ შემთხვევაში საკაბელოების ალტერნატივად 1 თეფში არ კმარა, ამიტომაც ხშირად ერთ აივანზე ორ ან სამ თეფშსაც ნახავთ.
მფლობელების შესახებ
GMG - "გლობალ მედია გრუპი" 2010 წლის ივლისში შეიქმნა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელი „რუსთავი 2-ის" გადაცემა „ვის უნდა 20 ათასის-ის" წამყვანი მამუკა გამყრელიძეა, რომელიც დაარსებისას ასპროცენტიანი წილის მფლობელი იყო.
იმავე წლის 18 აგვისტოდან კომპანიის მფლობელები იცვლებიან, გამყრელიძე 85%-ის მფლობელია, 15%-ს კი შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი" განაგებს.
შპს „მედია საკონსულტაციო ჯგუფი" 2009 წლის ზაფხულშია შექმნილი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კოღუაშვილია, დირექტორი კი "საზოგადოებრვი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი. 2010 წლის მაისში კომპანია 2008 წელს დაარსებულ შპს „ჯი ელ ტვ"-ის შეერწყა, რომლის მფლობელებიც გიორგი გეგეშიძე (70%) და ზაზა შენგელია (30%) იყვნენ.