[ეკა ბაქრაძე]
ხელისუფლება „იაფი კრედიტის“ პროგრამაში პრობლემებს აღირიარებს, ადრინდელ პროექტში მონაწილე თაღლითებს აპატიმრებს და მაინც ახალი პროგრამის განხორციელებას ეშურება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ „იაფი კრედიტის“, შესაძლოა, ისევ გააცოცხლოს.
ამჯერად მთავრობა 2008-09 წლებში განხორციელებული „იაფი კრედიტის“ მონიტორინგს ახორციელებს და პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის უკან დაბრუნების სტატისტიკას სწავლობს. პროგრამის რევიზიის შემდეგ, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ ბენეფიციარები სესხებს გრაფიკის მიხედვით აბრუნებენ და გაცემული თანხები მიზნობრივად იქნა დახარჯული, მაშინ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიური პროგრამა მომავალშიც აამოქმედონ. იმავდროულად მთავრობაში ადასტურებენ, რომ ზოგიერთ მეწარმეს „იაფი კრედიტის“ დაბრუნებისას გარკვეული პრობლემები აქვს.
იაფი კრედიტის პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს თანხის დაბრუნება რომ უჭირთ ამას მთავრობის 2009 წლის 4 სექტემბრის N647 განკარგულებაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც იმ მეწარმეებმა, რომლებმაც 2008 წელს „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სესხი აიღეს და მისი დაფარვის პრობლემა შეექმნათ, საშეღავათო პერიოდი ერთი წლით, 2010 წლამდე გაუხარგრძლივდათ.
2008 წელს „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 117 პროექტი, საერთო ღირებულებით 62.4 მლნ ლარი, ხოლო 2009 წელს დაფინანსდა 17 პროექტი და გაცემული კრედიტის მოცულობამ 2.5 მლნ ლარი შეადგინა. კრედიტები გაიცა შემდეგ სფეროებში: ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება; ჩაის მიღება-გადამუშავება; ყურძნის ჩაბარება და სასმელების წარმოება; რძის და ხორცის ჩამბარებელი პუნქტები; თხილის და მარცვლეულის (ხორბლის, მზესუმზირის) გადამუშავება; ხე-ტყის გადამუშავება, ბრიკეტებისა და მერქანბურბუშელოვანი ფილების (დსპ-ს) წარმოება; მეფრინველეობის ფაბრიკები; ფეხსაცმელების და სპეცქსოვილების წარმოება; ტურიზმი; ხალხური რეწვა; სხვადასხვა პროექტები.
თუმცა კრედიტის დროულად დაუბრუნებლობა არ არის მთავარი პრობლემა, რაც ამ პროგრამის ფარგლებში წარმოიშვა. თანდათან „იაფი კრედიტის“ ფარგლებში თაღლითური სქემები აშკარავდება.რამდენიმე დღის წინათ დააპატიმრეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე „დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანის“ დირექტორი იამან ჩაღათაია.
მთავარი პროკურატორის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზაზა ქაჩიბიასა და ამავე დეპარტამენტის პროკურორის გიორგი კონდახაშვილის განაცხდებით, იამან ჩაღათაიმ ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იაფი კრედიტის ფარგლებში 1 მილიონ 955 ათასი ლარი მიიღო. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით ქარხანაში, ამ დროისთვის, თურქ ბიზნესმენს 300 ადამიანი უნდა დაესაქმებინა.
ნაცვლად ამისა, ჩაღათაიმ მიღებული თანხიდან ნახევარზე მეტი, დაახლოებით, 1 მილიონ 200 ათასი ლარი მიითვისა ისე, რომ არ შეუსრულებია არც ერთი სასესხო ვალდებულება, არც ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა ამუშავებულა და, შესაბამისად, არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა.
აქედან გამომდინარე, იამან ჩაღათაის ბრალი ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ასევე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასა და საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბებაში. აღნიშნული გათვალიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 208-ე მუხლების მეორე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თურქ ბიზნესმენს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოში, ძირითადად, ავანტიურისტი ბიზნესმენები ჩამოდიან. „დარწმუნებული ვარ, იაფი კრედიტის აღება ბევრ ქართველ ბიზნესმენს უნდოდა, ვინაიდან კრედიტების ხელმისაწვდომობა საქართველოში საკმაოდ მწირია. თუმცა, არჩევანი თურქ ბიზნესმენზე გაკეთდა, მან კრედიტი როგორც სურდა ისე გამოიყენა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ხელისუფლებამ ამის საშულებას მისცა.
2 წლის განმავლობაში რატომ არავინ არ მოიკითხა, როგორ იხარჯებოდა ბიუჯეტის თანხა. დაპატიმრებულ თურქს გვერდზე უნდა მიუსვან ის ადამიანიც, რომელმაც ეს თანხა გამოყო. მსგავსი თაღლითობები სისტემურ სახეს იღებს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.