რა ინციდენტი მოხდა ბესო ხარძიანის მკვლელობის წინა დღეს სასამართლოში, ვინ ემუქრება ადვოკატსა და ექსპერტებს - ელზა ჯმუხაძის სკანდალური ინტერვიუ
საქართველოს უახლეს ისტორიაში იმდენი შემზარავი ,,საჯარო” მკვლელობა მოხდა, რომ ერთგვარი ,,იმუნიტეტიც” კი გამოგვიმუშავდა: შევყურებთ ტელევიზორებს და გვგონია, რომ უბედურება შეიძლება, მხოლოდ სადღაც სხვაგან, სხვის თავს მოხდეს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამგვარი ,,სულერთია” დამოკიდებულება ჯანსაღი ადამიანის ფსიქიკის თავდაცვის ძლიერი მექანიზმის შედეგია: რამდენად ხშირადაც ვხდებით ტრაგედიის მოწმენი, იმდენად ეფექტურად ახერხებს ჩვენი გონება, ავტომატურად აისხლიტოს ცუდი ინფორმაცია, რათა ჭკუიდან არ შევიშალოთ, მაგრამ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი, პარალელურად, იმასაც უნდა ამჩნევდეს, რომ აუცილებელია, დავფიქრდეთ, რა ბალღამი იხარშება იმ საზოგადოებაში, სადაც ვცხოვრობთ, რატომ შემოგვაჩვია თავი ყოველმხრივ უმძიმესმა რეალობამ და ყველაფერი ეს სადამდე მიგვიყვანს. “ქართული სიტყვა” აგრძელებს რუბრიკას - “ხალხი სამართალს ითხოვს!”, რომლის ტრადიციული სტუმარი ადვოკატი ელზა ჯმუხაძეა.
- ელზა, ვიდრე ადვოკატი გახდებოდით, ჟურნალისტი იყავით - პოლიტიკაზე წერდით და ჟურნალისტურ გამოძიებებსაც აწარმოებდით. მოდი, წარსულს ერთად გადავხედოთ და შევეცადოთ, გავარკვიოთ, ჩვენს თავს რა ხდება?
- ჩვენს თავს აბსოლუტურად ლოგიკური ამბები ხდება!
- ანუ, მაგალითად, ბესო ხარძიანის მკვლელობა ლოგიკურია?
- ისე ნურავინ გამიგებს, რომ ეს, ან სხვა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია. უბრალოდ, როცა დღისით, მზისით, ოჯახის წევრების თვალწინ კლავენ კაცს, რომელიც სამართლიანობის აღსადგენად იბრძოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალას არ უნდა, სამართლიანობა აღდგეს ისე, როგორც ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ცივილურ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, ამა თუ იმ დაპირისპირების მთავარი ფიგურის თავიდან ასე თავხედურად მოშორებით, მკვლელი თუ მკვლელობის დამკვეთი მსხვერპლის მთელი საახლობლოს, ასევე, სამართლიანობის აღსადგენად მებრძოლი სხვა პირების დაშინებასაც ცდილობს, თუ არ შეჩერდებით, თქვენც იგივე მოგელითო! აქ ყველაზე საშიში და სამწუხარო ისაა, რომ ის, ვინც ამას აკეთებს, დაუსჯელობის სინდრომითაა შეპყრობილი, რაც ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია. ნებისმიერ ვარიანტში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან სამართლიანობა სწორედ მისი აღსადგენია და მომავალში, კანონიერებაც მისი დასაცავია. როცა ხელისუფლებას არ უნდა, ან არ შეუძლია, ამ ამოცანას თავი გაართვას, ანგარიშსწორებას ხალხი იწყებს! თუ ეს არ გავაცნობიერეთ, ძალიან საშიშ პროცესებამდე მივალთ: გახშირდება შემთხვევები, როდესაც ვიღაცას მისი ამა თუ იმ სახის აქტივობის გამო გაუსწორდებიან, რასაც მოჰყვება სამაგიეროს გადახდის ,,წარმატებული” მცდელობა და... ქაოსი სხვა კი არაფერია?! დღეს ის ძალები, ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ და ხელეწიფებათ, გაშიფრულნი და გაუვნებელყოფილნი არ არიან. დღემდე მხოლოდ ვვარაუდობთ, ვინ შეიძლება იყოს უახლოეს წარსულში მომხდარი საზარელი მკვლელობების დამკვეთი, კონკრეტულ დამნაშავემდე მისვლა კი ჭირს.
ბესო ხარძიანის ინტერესების დამცველი ადვოკატი არ ვყოფილვარ, ამიტომ, საქმის დეტალებზე მსჯელობას ვერ შევძლებ, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით: ბიზნესმენის მკვლელობამ არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მოგვცა. ახლა, გარდა იმისა, რომ მკვლელი, ასევე, დანაშაულის დამკვეთი უნდა ვიპოვოთ და დავსაჯოთ, სწორედ ამ გზავნილების ავტორების და ადრესატების ვინაობა უნდა გავშიფროთ. უფრო მეტიც, იმედი მაქვს, ამ მინიშნებების სწორად ამოხსნამ გამოძიება შეიძლება, სწორ კვალზე დააყენოს. ეს არ ეხება მხოლოდ ხარძიანის საქმეს და ეს დედუქციური მეთოდი ყველა საქმის გამოძიებისას გამოდგება.
- ელზა, მართალია, როგორც ადვოკატი, ბესო ხარძიანის საქმეს არ იცნობთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მკვლელობის კვალი გია უდესიანამდე მართლა მივა?
- გია უდესიანის სახელი პირველად გუშინ და დღეს არ გაგვიგია - ყველამ მეტ-ნაკლებად ვიცით, ვინაა კაცი, რომელიც 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს, ანუ პრაქტიკულად, “ნაციონალების” ხელისუფლებიდან ოფიციალურად წასვლამდე ოჯახიანად გაიხიზნა. ისიც ცნობილია, რომ ციხეში გამოკეტილი, წამებული ბესო ხარძიანის ბიზნესი ხელში სწორედ გია უდესიანმა ჩაიგდო. გათავისუფლების შემდეგ კი, ბესო ხარძიანმა ბიზნესის დასაბრუნებლად წამოწყებული სასამართლო პროცესი მოიგო. მიუხედავად ამისა, ხელაღებით იმის მტკიცება, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა სწორედ გია უდესიანმა დაუკვეთა, მხოლოდ არასერიოზული კი არა, უკანონოცაა. გამორიცხული არ არის, ამ გახმაურებული დაპირისპირებით მას ესარგებლა, ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობითა და ხალხის დაშინებით უფრო დიდი, გნებავთ, პოლიტიკური სარგებლის მიღება უნდა.
- ხარძიანის მკვლელობაში უდესიანის მხილება უკანონობა რატომაა?
- იმიტომ, რომ კანონი უდანაშაულობის პრეზუმფციას ცნობს და ყველა თავმოყვარე ქვეყანაში ეს პრინციპი მკაცრადაა დაცული, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. უდანაშაულობის პრეზუმფცია ნიშნავს, რომ ვიდრე ბოლო ინსტანციის სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, არ შეიძლება, ვინმე დამნაშავედ გამოცხადდეს! მაგალითად, დანიაში ასეთი კანონი მოქმედებს: ნებისმიერი კრიმინალური ისტორიის მონაწილე დამნაშავე, ასევე, დაზარალებული პირების შესახებ დეტალების ფართო ტირაჟირება დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ამ საქმეზე კონკრეტული განაჩენის აღსრულებიდან, მინიმუმ, 20 წელია გასული. საქართველოში კი, თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ, რომ საჯაროდ ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ პირის ბრალეულობაზე დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენიდან რამდენიმე საათში კი არა, რამდენიმე წუთში! ასეთ დროს ადამიანი, პრაქტიკულად, ,,კედელთანაა მიყენებული” და არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს და ეს იმ დროს, როცა კანონით, ბრალდებული ვალდებული არაა, საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს - პირის ბრალეულობის მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება...
- დანიამდე ბევრი გვიკლია, თან საზოგადოებამ, სადაც ყველაფერი დასალაგებელია, უნდა იცოდეს, ვინ რისი მაქნისია, არ მეთანხმებით?
- დიახ, გეთანხმებით და სწორედ ამისთვის უნდა არსებობდეს ჯერ კვალიფიციური გამოძიება და ექსპერტიზა, შემდეგ კი, - მართლმსაჯულება, რომელიც სწრაფი, ეფექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი იქნება. პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ძალიან მაღალი სტანდარტით, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა ადასტურებდეს და არა - ვიღაცის აღიარებითი ჩვენება, რომელიც კაცმა არ იცის, რა პირობებშია მოპოვებული. თუ ეს ხარვეზები დროულად არ გამოსწორდა, სრულ განუკითხაობას მივიღებთ და საქართველოში სამართალწარმოება კვლავ ადამიანების მიმართ ანგარიშსწორების მძლავრი და ნებადართული იარაღი გახდება. ეს ,,კინო ნანახი” გვაქვს და ამ მიმართულებით შეცდომებიც აღარ გვეპატიება. ვირი რომ ვირია, თუ ცუდ გზაზე ერთხელ გაიარა, მეორედ, რომ მოკლა, ამ ცუდ გზაზე ფეხს ვეღარ გადაადგმევინებ. ჩვენ, ადამიანებს კი, შეცდომებიდან სათანადო დასკვნები, აშკარად, არ ან ვერ გამოგვაქვს!
- ელზა, წეღან ქაოსი ახსენეთ. რევოლუციას ელოდებით?
- ცნობილია, რომ რევოლუციას, ყველა დროსა და სივრცეში, ნაძირალები მოხერხებულად ეტმასნებიან. საქართველო გამონაკლისი არც ამ მხრივაა და საამისო მაგალითებიც ბლომადაა. ქაოსში ის ვიგულისხმე, რომ თუ ხელისუფლებამ ფხა არ გამოიჩინა, ტელებრალდებებით გაგიჟებული ადამიანები მალე ერთმანეთს დაერევიან და კოცონზე დაწვავენ. ნურავის ეგონება, რომ ეს დღეს შეუძლებელია: ამას წინათ, გია ჯაჯანიძის გადაცემაში, კასპელი ბეგლარ ბეგლარიშვილის ოჯახის წევრები ნამდვილ კოშმარს ჰყვებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ დაბრალდა ბეგლარ ბეგლარიშვილს გოგონას გაუპატიურება, როგორ “ადგა ფეხზე” სოფელი, რომელმაც ბეგლარიშვილების სახლიც გადაწვა, ბოლოს კი, ბრალდებული პოლიციის შენობიდან გაიტაცა და სოფლის ცენტრში კოცონზე დაწვა. გამოხდა ხანი და გოგონა, ვისი გაუპატიურების ბრალდებითაც ბეგლარიშვილების ოჯახი გაანადგურეს, ხელდაუკარებელი აღმოჩნდა... ამით იმის თქმა მინდა, რომ უსამართლობით შეწუხებული და გაბოროტებული ხალხის შეჩერება ძნელია და, ეს რომ არ მოხდეს, ხალხმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, რომ დამნაშავეებს კანონი იპოვის და დასჯის.
სხვათა შორის, სიკვდილით დასჯის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი, ჰუმანურობის გარდა, ის პრაქტიკაც იყო, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც ადამიანის სიკვდილით დასჯის კანონიერი განაჩენი აღსრულებულა, ან ცხელ გულზე დამნაშავედ გამოცხადებული პირი ,,ლინჩის წესით” გაუსამართლებიათ, წლების შემდეგ, აღმოჩენილა და დამტკიცებულა, რომ დასჯილს დანაშაული არ ჩაუდენია...
- ადამიანის სიკვდილით დასჯა და, მით უფრო, ,,ლინჩის წესით” გასამართლება ნამდვილი ბარბაროსობაა, მაგრამ მკაცრი სასჯელი და ხალხის მხრიდან ანგარიშსწორების შიშიც, რეალურად, დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა...
- გეთანხმებით: მკაცრი კანონიერი სასჯელი და ე.წ. სახალხო სამართალიც დიდწილად განაპირობებს მეტ სიფრთხილეს და წინდახედულებას. იმ დროს, როცა კანონი, ანუ სამართალი სახელმწიფოს სახელით არ არსებობდა, ან სუსტი იყო, ამ ურთიერთობას ხალხი აწესრიგებდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოევლინათ და დაესაჯათ ნამდვილი დამნაშავე, შეუბღალავი რეპუტაციის უხუცესები იღებდნენ, რომლებიც საკუთარ შვილებსა და საკუთარ თავს არათუ მძიმე დანაშაულს, შეცდომასაც კი არ პატიობდნენ. საამისო მაგალითად თუნდაც ,,ხევისბერი გოჩა” გამოდგება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოება, რომელიც დანაშაულს მხოლოდ მკაცრი სასჯელის შიშით არ ჩადის, პრაქტიკულად, ველური საზოგადოებაა, ჩვენ კი პრეტენზია გვაქვს, რომ აშშ-ის ასაკისა მხოლოდ კაკლის ხეები გვიდგას. კი ბატონო, საქართველო, როგორც ქვეყანა, გუშინდელი ნამდვილად არ არის, მაგრამ საზოგადოების დონე მხოლოდ ხეების ასაკით არ განისაზღვრება. ისე, ხეებზე ერთი ისტორია გამახსენდა: ერთხელ, ჩხუბს შევესწარი, ერთი მეორეს ეუბნებოდა, შე სოფლელო, რა უნდა მასწავლო, მეექვსე თაობის თბილისელი ვარ, რუსთაველზე გავიზარდეო. სოფლელმა მიუგო, რუსთაველზე ხეებიც იზრდებიან, მაგრამ კულტურა და ჭკუა არ მოეკითხებათო! მოკლედ, თუ პრეტენზია გვაქვს, რომ უძველესი ევროპული ქვეყანა ვართ, ჩვენი საზოგადოებაც მეტად ცივილიზებული უნდა იყოს და ,,ბებერ” ევროპას სწორედ ღირებულებათა სისტემის სიმაღლითა და დახვეწილობით უნდა უტოლდებოდეს.
- იტალიაც ევროპაა, მაგრამ მაფიის სამშობლოა. სისხლიანი ქრონიკების ნაკლებობას არც სხვა ევროპული სახელმწიფოები უჩივიან!
- გეთანხმებით, მაგრამ იტალია იმ რეალობაში არ ჩარჩა, სადაც მაფია მთელი სიმძლავრით და სისასტიკით ზეობდა. საამისოდ იტალიამ ძალიან ბევრი გააკეთა. ამ მიმართულებით ყველაზე თვალსაჩინო ერთი ფაქტორია: იტალიელები, მთელ მსოფლიოში, ყველაზე მკაცრად უდგებიან სამართალდამცავ სტრუქტურაში, განსაკუთრებით, მოსამართლედ პირის დანიშვნას და მხოლოდ თანამდებობაზე წარდგენის პროცედურა წლები გრძელდება, რათა კანდიდატის მაფიის წევრებთან სავარაუდო კავშირები სრულად იყოს გამორიცხული. ჩვენთან კი, სხვა უწყებებს თავი რომ დავანებოთ, პოლიციის და პროკურატურის თანამშრომელთა 90 პროცენტი, თუ მეტი არა, ზუსტად ისინი არიან, ვისი ხელითაც დანაშაულობებია ჩადენილი. ისინი ხელუხლებელნი ერთადერთი მიზეზით არიან: ვინმემ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში არ დაგვადანაშაულოს. შე კაი დედმამიშვილო, გამოძებნე ერთი-ორი ახალი და შეუბღალავი რეპუტაციის იურისტი, წესიერად გამოაძიებინე საქმე, სასამართლოში, იმ ჩვენი გულშემატკივარი დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის წინაშეც დანაშაულის მამტკიცებელი რეალური ფაქტები დაადებინე და მერე ნახავ, ხმას ვინ ამოიღებს! ეს შეუძლებელი არაა, მაგრამ ფაქტია: ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს, ან ეს ხელისუფლება ისევ კოჰაბიტირებულობის ნეტარებაში და ნამდვილ ოცნებაშია გადაჩეხილი! ამიტომ, თუ ვინმე თავს გადადებს და სამართლიანობის აღდგენას შეეცდება, ჯერ პროკურატურის ახლადშექმნილ დეპარტამენტში მოუწევს ათასი წინააღმდეგობის გადალახვა იმის სამტკიცებლად, რომ შავი ნამდვილად შავია, მერე კი, სასამართლოში ის მოსამართლე დახვდება, რომლის სახელგანთქმულ ჩაქუჩსაც დაკანონებული აქვს პოლიციისა და პროკურატურის ხელით ჩადენილი ყველა ის განუკითხაობა, რასაც სამართლიანობის აღდგენის მსურველი ასაჩივრებს!
- უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მოსამართლეთა კორპუსის გაჯანსაღებას შეძლებს?
- ვნახოთ... ისე, მოსამართლე სამი წლის გამოსაცდელი ვადით არ უნდა ინიშნებოდეს. მოსამართლე თავიდანვე ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს და ნამდვილად უნდა ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ თუ მისი გადაწყვეტილებები ვიღაც გავლენიანს არ მოეწონება, არ ,,მოიფრიალებენ”, მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს: მოსამართლეებად სულ ,,ფრთიანი ანგელოზებიც” რომ ჩამოვსხათ, რეალურად, ისინიც ადამიანები არიან და გამორიცხული არაა, ნებსით თუ უნებლიედ, შეცდომები დაუშვან, რაც პასუხგაუცემელი მხოლოდ იმიტომ არ უნდა დარჩეს, რომ მოსამართლე ხელშეუხებელია. თუ ამ გზით ვიარეთ, მოსამართლეებს კი არა, ნამდვილ მონსტრებს მივიღებთ და მერე ნახეთ ჩვენი ,,მხიარულება”!
- რა უნდა ვქნათ?
- საქართველოში კანონით, ანუ ქაღალდზე დიდი ხანია არსებობს და წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა ორგანო, რომელსაც ევალება, იმსჯელოს მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე და თითოეულ საჩივარზე ადექვატური რეაგირება მოახდინოს, მაგრამ ვინმეს გაგიგიათ, იუსტიციის საბჭოს რომელიმე მოსამართლის პასუხისგების საკითხი დაესვა?!
- მგონი, მოსამართლისთვის არავის უჩივლია...
- მე მიჩივლია და დამისაბუთებია, რომ აშკარად მიკერძოებული და უკანონო განაჩენი დაადგინა, როცა ერთ-ერთ ისეთ მსჯავრდებულს, რომელსაც კანონით, სასჯელთა შეკრება არ უნდა შეხებოდა, სასჯელები შეუკრიბა, მაგრამ ამ საჩივარზე არათუ რეაგირება, წერილობითი პასუხიც კი არავის გაუცია იმის დასტურად, რომ საჩივარი ჩაიბარა, იმსჯელა და თუნდაც უსაფუძვლოდ, მაგრამ დაასკვნა, რომ ვტყუოდი! არადა, ამ საქმეში სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება იმდენად უკანონო იყო, რომ განაჩენშიც არ მიუთითებიათ, სასჯელები ამა და ამ მუხლის ძალით შეიკრიბაო!
მოკლედ, აუცილებელია, რეალურად ამუშავდეს მკვდრადშობილი ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ვალდებულია, მოსამართლის მიერ ჩადენილ გადაცდომებს სათანადო ობიექტური შეფასება მისცეს. თუ ეს არ მოხდება, სამართლიანი სასამართლოს დაპირებაც ხალხის მორიგი დაცინვა იქნება და მეტი არაფერი!
- გამოდის, რომ საშველი არაა და თავდასაცავად კომბლებით უნდა შევიარაღდეთ?
- ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ბოლო ინსტანცია კომბალი და თოხის ტარი იმ დროს ხდება, როცა ხალხს მოთმინება გამოელევა, მაგრამ კომბლებით ნატო-სა და ევროპულ ოჯახში არავინ მიგვიღებს. რამდენჯერაც ამ გზით წავალთ, იმდენჯერ დავშორდებით ცივილიზებულ მსოფლიოს და ბოლოს, სამუდამოდ ,,ტყეში” დავრჩებით, რაც უბედურებაა! აბა, გავიხსენოთ, ნორმალურ, კულტურულ ოჯახს რა მოთხოვნები აქვს სასიძოსა და სარძლოს მიმართ: არავის უნდა, ოჯახსა და ნათესაობაში შემოუშვას ადამიანი, ვინც დანა-ჩანგლის ხმარება არ იცის და, როცა ოჯახის წევრები სერიოზულ თემებზე მსჯელობენ, მას მოწყენილობისგან ცხვირში თითი აქვს შეყოფილი! თუ საქმეს დროზე არ მივხედეთ და, პირველ რიგში, უმაღლეს მოთხოვნილებად კანონიერების განუხრელად დაცვა არ გავიხადეთ, საქართველო დარჩება არა ქვეყნად, არამედ - ეგზოტიკურ ადგილად, სადაც მხოლოდ ისინი ჩამოვლენ, ვისაც იაფად უნდა ექსტრემი, ზღვა, თოვლი და ხინკალი! ინვესტიციებს უცხოელი კი არა, ადგილობრივიც კი არ დააბანდებს იქ, სადაც პროგნოზირებადი ერთადერთი რამაა: როგორც კი სულს მოითქვამ და შენი ნაკეთები საქმე ვიღაცას მოეწონება, თავში ხელს წამოგკრავს და წილიდან გაგაძევებს, თუ სამართლიანობის აღდგენას მოინდომებ, ერთი მოტიციკლზე “ამხედრებული” მკვლელის იაფად შოვნაც პრობლემა არ იქნება! უფიქრია ვინმეს, საიდან მოაქვს “ნაცმოძრაობას” ფული საპროტესტო აქციების მოსაწყობად? ყველაფერს თავიც რომ დავანებოთ, ვიცით, რა ღირს, მინიმუმ, ერთი პლაკატის დამზადება...
- თქვენი ინფორმაციით, საიდან მოაქვს?
- ის ბიზნესები და უძრავი ქონება, რაც “ნაციონალებმა” ხალხს წაართვეს, მოქმედებს და შემოსავალს იძლევა. ეს დიდი ფულია. სამართლიანობის აღდგენა იმიტომ კი არ ჭირს, რომ ძნელია გამოძიება, ვინ, ვის, რა და როგორ წაართვა. არამედ, იმიტომ, რომ როცა საქმეში ვინმეს ბრალეული ქმედება იკვეთება, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მან ვიღაცას ზიანი მიაყენა. ეს ,,ვიღაცა” კი, წესით და კანონით, არა მხოლოდ დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი, მას ზიანიც უნდა აუნაზღაურდეს. რიგ საქმეებში ზიანის ანაზღაურება აუცილებლად ფულად კომპენსაციამდე მივა, თუ მითვისებულია მოძრავი ქონება, რომელიც განადგურდა, ან გაცვდა და დაკარგა თვითღირებულება. ასეთ შემთხვევებში ხელისუფლება დაზარალებულად ცნობილ პირებს, ალბათ, ზიანის ოდენობას დაუთვლის და ანაზღაურების ვალდებულებას აუცილებლად დროში გაწერს. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: იმ ოდენობის ზიანს, რაც მოსახლეობას “ნაციონალებმა” მიაყენეს, ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ხელის ერთი მოსმით ვერ აანაზღაურებს და ისიც ფაქტია, რომ ვერ შევძელით, ხალხისგან წართმეული პირადად მას მოვატანინოთ, ვინც წაიღო. მოკლედ, ამ ვალდებულებას იკისრებს სახელმწიფო, რეალურად კი, - ხალხი, რადგან ზიანის ანაზღაურება ბიუჯეტიდან მოხდება. აი, სწორედ ეს აშფოთებთ მათ, ვის ხელშიც დღეს ხალხისთვის წართმეული უძრავი ქონება და ბიზნეს-წილებია მოქცეული. საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაუნდობელი ქონებრივი ბრძოლა იქნება და ამიტომ მგონია, რომ ბესო ხარძიანის მკვლელებს სწორედ ამაზე მინიშნება უფრო უნდოდათ, ვიდრე - სასამართლოში წაგებულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის გახანგრძლივება ან, სულაც, შეჩერება. ბესო ხარძიანის მკვლელობით მისი მოგებული საქმის წარმოების გაგრძელებისა და გადაწყვეტილების აღსრულების პროცესების შეჩერება ვერ მოხდება, რადგან ამ ბრძოლის გაგრძელების კანონიერი უფლება მის მემკვიდრეებს აქვთ, რომლებიც ამ პროცესს გააგრძელებენ, თუ არ დაშინდნენ.
სამწუხაროდ, ამ სისხლიანი ,,მესიჯის” ადრესატები მხოლოდ ბესო ხარძიანის სამართალმემკვიდრეები არ არიან. ამ გზავნილის ადრესატი ყველა ის პირია, რომელიც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.
გინდათ, ერთი მაგარი ამბავი გითხრათ?
- რა ამბავი?
- “ქართული სიტყვის” წინა ნომერში გამოქვეყნდა მასალა, სადაც ვამბობდი, რომ ქალაქის პროკურორის მოადგილედ დანიშნულია და ე.წ. ექსპერტების საქმეს კურირებს დავით კუტალაძე - ეს სწორედ ის პირია, ვისაც თავის დროზე “ნაციონალების” დავალებით, ამ საქმეში უკანონობები აქვს ჩადენილი - ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ პროკურატურა, პრაქტიკულად, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის დაწყებულ საქმეს აგრძელებს. იცით, ამ მასალის გამოქვეყნებას რა მოჰყვა? - სასამართლო პროცესზე, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ხარძიანის მკვლელობის წინა დღეს გაიმართა, ერთ-ერთ უკანონოდ ბრალდებულთან (ექსპერტთან) ,,ნაცებთან” შმაშურში შემჩნეული კაცი მივიდა და ,,გულისტკივილით” უთხრა, აქამდე თქვენს მიმართ პროკურატურა ნორმალურად იყო განწყობილი, მაგრამ რადგან თქვენმა ადვოკატმა გაზეთში ის დაწერა, რაც დაწერა, ანუ ეს საქმე ,,პოლიტიკურში” გადაიყვანა, ,,იქ” გაბრაზებულები არიან და ღმერთმა უწყის, რას იზამენო. ზუსტად ვიცი, ის კაცი ,,გულშემატკივრის” პოზიციით რატომ მივიდა ბრალდებულთან და არა - პირდაპირ ჩემთან...
- რატომ?
- ეს უდანაშაულო ბრალდებულების გადაბირების, ირიბად, დაშინების გზით გადაბირების მცდელობა იყო: იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ პროკურატურასთან გარიგება და ამ გზით თავის ცოცხლად გადარჩენა ურჩევნიათ, მაშინ ჩემმა დასაცავმა პირებმა აცილება უნდა მომცენ, ან მინიმუმ, უნდა მითხრან, რომ მომავალში ისეთი არაფერი მოვიმოქმედო, რაც პროკურატურას გაანაწყენებს!
- ამ გაფრთხილებაზე ექსპერტებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- ექსპერტები კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, როდესაც უკანონობას არ ვურიგდებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ, ამ გზაზე დგომა გაცილებით სახიფათოა!
- ანუ, თქვენდამი მუქარასა და დაშინების მცდელობას ხარძიანის მკვლელობასთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს?
- ყველაფერს ხარძიანის მკვლელობასთან მხოლოდ ზემოხსენებული მიზეზ-შედეგობრივი და ლოგიკური კავშირი აქვს: მეც და ყველა ის პირიც, ვის ინტერესებსაც სამართლიანობის აღდგენის მიზნით ვიცავდი და დღესაც ვიცავ, პროკურატურიდან ირიბად შემონათვალ ამ სიტყვებს მუქარად აღვიქვამთ, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ: არ გაბედონ და აზრად ზედმეტი არაფერი მოუვიდეთ, თორემ უკვე მიღებული მაქვს ზომები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რომც მომკლან, დაუყოვნებლივ, მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდება ჩემს მიმართ ჩადენილი ნებისმიერი სახის დანაშაულის გასახსნელად საჭირო ყველა უტყუარი მტკიცებულება და მათი გვარ-სახელებიც, ვინც ამ და სხვა მსუბუქი თუ მძიმე მუქარის შემცველ შემონათვალებს გვიგზავნის. მიმაჩნია, რომ თუ დავშინდებით, ამით, სიცოცხლის გადარჩენის შანსს შევიმცირებთ, რადგან ცნობილია, რომ მონებს გაცილებით ადვილად, უპრობლემოდ და სამარცხვინოდ ხოცავენ!