ძვირმა საწვავმა როგორც იქნა პოლიტიკოსებიც ააღელვა, ოღონდ ჯერ მხოლოდ ოპოზიცია. დედაქალაქის საკრებულოში მსხვილფეხა ნავთობიმპორტიორები დაიბარეს, მაგრამ მათ ოპოზიციასთან საუბარი არ ინებეს. თუკი ფასების ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, საწვავის ფასებით მომავალში ხელისუფლებაც დაინტერესდება.
საკრებულოში საწვავის ფასების საკითხით მარტო ოპოზიცია დაინტერესდა. ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე კახა კუკავამ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა ერთმანეთს არცთუ სასიმოვნო ოპონირება გაუწიეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამ საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით მისი ორგანიზაციის მიერ მომზადებული პრეზენტაცია წარმოადგინა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით კი, ამა თუ იმ ქვეყანაში საწვავზე ფასი პირველ რიგში, დამოკიდებულია დაბეგვრის რეჟიმზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში სხვა დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს. ამასთან საქართველოში, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის 40-45 პროცენტი შემოდის მხოლოდ აზერბაიჯანიდან, დანარჩენი კი ევროპის ქვეყნებიდან. ევროპული საწვავის ხარისხი კი უფრო მაღალია და შესაბამისად ფასიც.
მთვრალაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან ერთი ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 30 პროცენტით გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის - 37 პროცენტით და ეს ზრდა გარდაუვალი იყო.
„2011 წლის დასაწყისიდან 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი - 30%-ით, ხოლო დიზელის 37%-ით გაიზარდა, ვინაიდან საქართველო 100%-ით საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული, ეს კი ნავთობიმპორტიორ კომპანიებს ფასების მატებას აიძულებს. 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავი 5-ჯერ 5 თეთრით, საბოლოო ჯამში კი 25 თეთრით გაძვირდა. ფასების დარეგულირების კუთხით პოზიტიური როლი ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გამყარებამ ითამაშა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ადეკვატური მატება ჩვენთან საცალო ქსელში მაინც არ მომხდარა.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, მისი ფასი თითქმის ბენზინის იდენტურია. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც - დიზელის საწვავის 1000 კილოგრამ მოცულობაში დაახლოებით 1200 ლიტრი დიზელია, ხოლო იმავე მოცულობის ბენზინის საწვავში - 1300 ლიტრი ბენზინი“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სული კვირის ბოლოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რაც ქართულ ბაზარზე მყისიერად აისახა. საერთოდ, ბოლო 3 თვეში ქვეყანაში საწვავის ფასი უკვე მეოთხედ გაიზარდა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს გარდა, თითქმის არცერთ ქვეყანაში დიზელი ბენზინზე ძვირი არ ღირს. აფბას მონაცემებით, აზერბაიჯანში დიზელი 0.74 ლარი ღირს, ბენზინის ფასი კი 0.98 ლარია. ბელორუსში დიზელი 1.48 ლარი ღირს, ბენზინი - 1.70 ლარი, ფინეთში დიზელის ფასი 2.85 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ბენზინის - 3.55 ლარით. საბერძნეთში ერთი ლიტრი დიზელის ფასი 3.12 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ბენზინის - 3.55 ლარით, იტალიაში დიზელი 3.26 ლარი ღირს, ბენზინი - 3.64 ლარი. ლიტვაში 1 ლიტრი დიზელის ფასი 2.76 ლარია, ბენზინის - 2.92 ლარი. მოლდოვაში დიზელი 1.70 ლარი ღირს, ბენზინი - 1.84 ლარი. პოლონეთში დიზელისა და ბენზინის ფასები, შესაბამისად, 2.85 და 3.02 ლარია. რუმინეთში დიზელის ფასი 2.52 ლარს შეადგენს, ბენზინისა კი - 2.80 ლარს. რაც შეეხება რუსეთს, დიზელის ფასი 1.24 ლარია, ხოლო ბენზინის - 1.41 ლარი. უკრაინაში დიზელი - 2.06 ლარი, ხოლო ბენზინი 2.35 ლარი ღირს.
საქართველოში ამ ფონზე დიზელის ფასი 2,20-დან 2,40 ლარამდე მერყეობს, მაშინ როცა ბენზინის მაქსიმალური ფასი 2,15-2,30 ლარია. აფბა-ში დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველი ნავთობიმპორტიორები ფასებს შეთანხმებულად, კარტელური გარიგების გზით ადგენენ.