“თუ რამე ფულია, ძიძიგურისა და საგანელიძის ჯიბეში მიდის!”

“თუ რამე ფულია, ძიძიგურისა და საგანელიძის ჯიბეში მიდის!”

რამდენიმე წლის წინ, წალკაში მაღალმთინი აჭარიდან სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები ჩაასახლეს. მაშინ სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომელიც ჯერ კიდევ რევოლუციამდელ მთვრობას ავალდებულებდა, რომ ჩასახლებულთათვის საცხოვრებელი პირობები ექმნა. მას მერე მრავალი წელი გავიდა - ორი მთავრობა გამოიცვალა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მაინც, რა ხდება  და რატომ გარბიან წალკიდან აჭარელი ეკომიგრანტები? - ქართულ სიტყვას არასამთავრობო ორგანიზაციაჩვენი უფლებებისათვისთავჯდომარე ელგუჯა შავაძე ესაუბრა:

- თავის დროზე სახელმწიფომ აჭარლები წალკაში იმ პირობით ჩამოასახლა, რომ მთავრობა ყველანაირ დახმარებას გაუწევდა, მაგრამ ეკომიგრანტები დღემდე უსახლკაროდ, უმიწოდ და ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ.

- წალკაში სულ რამდენი ეკომიგრანტია?

- 3000-მდე, აქედან 500 ოჯახი სვანეთიდანაა.

- ბატონო ელგუჯა, აჭარლები წალკაში რევოლუციამდე ჩაასახლეს, არა?

- დიახ. მერე, სააკაშვილი, პრეზიდენტი რომ გახდა, ხულოში ჩავიდა და აჭარლებს წალკაში ჩასახლებისკენ მოუწოდა, კარგი პირობების შექმნასაც დაჰპირდა.

- აჭარლები ამ წინადადებაზე რატომ დასთანხმდნენ?

- მაღალმთიანი აჭარა მცირემიწიანია, თან მეწყერსაშიშია...

მოსახლეობა წალკაში ეტაპობრივად ჩაასახლეს. თავიდან უთხრეს, რომ ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში შესულიყვნენ და მერე, ამ სახლებს სახელმწიფო გამოისყიდიდა; მიწების გადაცემასაც დაჰპირდნენ, მაგრამ 2010 წლიდან, მოსახლეობას მიწები გაუყიდეს. ასეთი გაუსაძლისი პირობების გამო, ბევრმა წალკა დატოვა და თურქეთსა თუ ერაყში წავიდა. მხოლოდ ერაყში 10 000 ადამიანია გადასული, სადაც შავ სამუშაოზე - სანიტრებად, მომვლელებად, დამლაგებლებად მუშაობენ.

- წალკაში თავს მესაქონლეობით ირჩენდნენ?

- დიახ... სოფლის მეურნეობის სამუშაოებს აღარ ატარებდნენ, რადგან უმიწოდ დატოვეს. ამის გამო ბათუმსა და თბილისში აქციები გავმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია.

- ის სახლები, სადაც ადრე ბერძნები ცხოვრობდნენ, დღეს ვის საკუთრებაშია?

- სახლები და მიწა ისევ ბერძნების ხელშია. სახელმწიფომ თავის დროზე არ  გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ამ სახლების გამოსყიდვა მომხდარიყო. ზაფხულობით ბერძნები ჩამოდიან და თუ მოისურვებენ, აჭარლებს სახლებიდან ყრიან, ზოგს კი დამხმარედ იყენებენ... მიწა უცხოელებზე  - ინდოელებსა და ირანელებზე იყიდება. ისინი ქართველებს შავ მუშებად ამუშავებენ, რაც იმის წინაპირობაა, რომ უკუმიგრაცია მოხდეს. სხვათა შორის, წალკაში უმეტესად აზერბაიჯანელები, სომხები ცხოვრობენ და ქართველები უმცირესობაში არიან.

ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ მოსახლეობას სასაფლაოებიც გაუყიდეს. როცა ხალხმა ხმა ამოიღო, უთხრეს, თქვენი მიცვალებულები ამოიღეთ და სადაც გინდა, წაიღეთო. ამას ვანდალიზმი ჰქვია და მეტი არაფერი! არასამთავრობო ორგანიზაციები ვიბრძვით, რომ სასაფლაოები ძველ მფლობელებს დაუბრუნდეს. მოკლედ, 2012 წლის მერე, წალკაში ასეთი განუკითხაობაა.

- საფლავები ხალხს ვინ გაუყიდა?

- ერთ სოფელში, არენდატორ გულბანის ტერიტორიაზე, 15 სასაფლაო გაყიდეს. ერთ სოფელში კი, ექვსი მიცვალებულის სასაფლაო გაყიდეს.

წალკაში მაფიოზური კლანია, ეს დრო მედროვეებმა და ყვარყვარეებმა გამოიყენეს - ახალ ხელისუფლებას მხარში დაუდგნენ. „ქართულ ოცნებაში“ “ნაციონალების” პორტირება მოხდა და იმას აკეთებენ, რაც მოეპრიანებათ. წალკის მაჟორიტარი ლაშა შავლოხაშვილია, რომელთან ერთადაც კარგ ფულს აკეთებენ ზვიად ძიძიგური და დავით საგანელიძე!
წალკაში 78 000 ჰექტარი მიწაა და, სეზონური შემოსავლის სახით, მხოლოდ მეცხვარეებიდან 2 მლნ ლარი შესდით. იქვეა კარიერები, ტბა, რომელიც მთლიანად მაფიის ხელშია. წალკაში ყველაფერი კლანურად იმართება - ჩაწყობილი ტენდერები, გაჩანაგებული ინფრასტრუქტურა... მოსახლეობას წყალი არა აქვს. ამაზე ყურადღება რამდენჯერმე გავამახვილეთ, მაგრამ ისეთი მძლავრი მაფიაა, რომ ვერავინ ერევა.

- იმის თქმა გინდათ, რომ ამ მაფიას ზვიად ძიძიგური და დავით საგანელიძე მფარველობენ?

- რა თქმა უნდა, თუ წალკაში რამე ფულია, ძიძიგურისა და საგანელიძის ჯიბეში მიდის. ამ ორ მაფიოზს შავლოხაშვილი ეხმარება, რომელიც ჯერ “ნაციონალი” იყო, მერე, “ოცნებაში” გადაბარგდა. რაიონი მას და ყოფილ გამგებელ ცქიტიშვილს ჩააბარეს. ეს უკანასკნელი ვაიძულეთ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მის ადგილას მოვიდა ილია საბაძე, რომელიც “ნაციონალების” დროს უშიშროებაში მუშაობდა.

- ანუ, ყველა თანადებობის პირი ნაციონალია?

- “ქართულ ოცნებას” აწყობს, რომ თანამდებობებზე შავ საქმეებში გარეული ადამიანები დააბრუნოს - მათ ყველგან ფესვი აქვთ გადგმული და ახლაც დავალებებს უხმოდ ასრულებენ. ამ მაფიოზურ კლანს საძოვრებსა და თევზიდან ბევრი ფული შესდის, პლიუს, მიწებიც მის მფლობელობაშია. მართალია,  რაიონში გამგებელი შეიცვალა, მაგრამ საეჭვო რეპუტაციის კაცი მოვიდა.

- რას გულისხმობთ?

- წალკელები ილია საბაძეს ნავთლუღის გახმაურებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაში ამხელენ. ამიტომ უშიშროების სამსახური დროულად უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს, თუ ვისი ინტერესების გატარებას ცდილობს წალკის გამგებელი.

- წალკიდან გაქცევას სხვა ეკომიგრანტებიც აპირებენ?

- სავარაუდოდ, - კი. ყველაფერი წაართვეს, გასაქანს არ აძლევენ და აბა, რითი იარსებონ?

- საქმის კურში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ჩააყენეთ?

- ბათუმში 10-დღიანი აქცია გავმართეთ. მაშინ ბატონი ივანიშვილი ჩამოვიდა და დაგვპირდა, სამ კვირაში ყველაფერს მოვაგვარებო. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - წალკაში ხმების 31% აიღო, ხალხმა ნდობა გამოუცხადა, რადგან სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების იმედი ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები აღარ შეასრულა.

პრემიერ-მინისტრს პეტიციაც გავუგზავნეთ, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ერთი თვის წინ, წალკაში სოზარ სუბარი ჩამოვიდა, ეკომიგრანტებს შეხვდა და საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა, მაგრამ ამ გამგებლის ხელში უკეთესობის იმედი არა გვაქვს. კახეთში ერთი სოფელია, ბერთა ჰქვია, რომელსაც ადრე ულიანოვკას ეძახდნენ. იქ ბერებს, ეკლესიის მახლობლად, მიწის ნაკვეთები ჰქონდათ, მაგრამ არც ისინი დაინდეს და ნაკვეთები გაუყიდეს!

- წალკაში მიწის ნაკვეთების გაყიდვას უშუალოდ ვინ კურირებს?

- დეპუტატი შავლოხაშვილი, გამგებელი საბაძე, მათ კი, ზურგს ვიცესპიკერი და უმრავლესობის ლიდერი უმაგრებენ! მეტი რაღა გინდათ?! ამ ხალხის გარეშე წალკაში არაფერი კეთდება, მილიონობით თანხებია გამოყოფილი და სოფელს წყალი მაინც არ აქვს. ერთადერთი ის მოახერხეს, რომ როცა ფულის გათეთრება უნდოდათ, ასფალტი თავიანთი სახლების წინ დააგეს. გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა უმისამართოდ გაიფლანგა.

- პრემიერმა განაცხადა, რომ ყველა რაიონის გამგებლის მუშაობას უშუალოდ შეამოწმებ. იმედია, წალკასაც მოევლება..

- ეს ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი. წალკაში ძლიერი მაფიოზური კლანია გაბატონებული, რომელსაც ვერავინ ეხება. გასდით და იმას აკეთებენ, რაც უნდათ, ხალხის ბედი კი არავის ანაღვლებს. აჭარლების ინტერესებს პარლამენტში არავინ იცავს.

- აბა, მურმან დუმბაძე რას აკეთებს?

- დუმბაძეს ვინ რას ეკითხება? თან, გაუწონასწორებელი პიროვნებაა. ისინი, ვისაც ლაპარაკი შეეძლოთ, “ოცნებიდან” გაყარეს. სხვათა შორის, ხულოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე ჯერ “ნაციონალებში” იყო, მერე, თავისი ბიზნესის დასაცავად “ოცნებაში” გადმოვიდა. ხულოში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ბოლქვაძეს ეკუთვნის - სასტუმრო, კაფე-ბარი, მიწის ნაკვეთები. თავის დროზე ეს ობიექტები ბოლქვაძემ ძალიან იაფად შეისყიდა. მართალია, ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გვარი არ ფიგურირებს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქონებების პატრონი ანზორ ბოლქვაძეა.

სხვათა შორის, აღდგომის მერე, წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები თბილისში ჩამოსვლას და აქციის ჩატარებას გეგმავენ: მთავრობის კანცელარიასთან დადგებიან და მანამ არ წავლენ, ვიდრე ღარიბაშვილს ხმას არ მიაწვდენენ. ისე, მხოლოდ წალკაში არა, მთელ ქვემო ქართლში ხალხი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 160-მა ოჯახმა წალკა უკვე დატოვა, 100 ოჯახი კი, თავს გაფარჩაკებულ საავადმყოფოს შენობას აფარებს. თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ქვემო ქართლი ქართველების გარეშე დარჩება