“ცეცხლოვანი მიწის” ევროპული საიდუმლო(ნაწილი მეორე)

“ცეცხლოვანი მიწის” ევროპული საიდუმლო(ნაწილი მეორე)

წელს, 10 მაისს, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და საზოგადო მოღვაწის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 92 წელი სრულდება... ყველა, ვინც საქართველოსა და აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაში ერკვევა, ერთხმად აღიარებს, რომ ჰეიდარ ალიევმა, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, საფუძველი მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს კი არა, მთელი ამიერკავკასიის თანამედროვეობას ჩაუყარა. ყოველ შემთხვევაში, ის ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენითაა ცნობილი, სწორედ ალიევ-შევარდნაძის დამსახურებაა. მაინც, ვინ იყო და როგორია ქართველების თვალით დანახული ჰეიდარ ალიევი? - “ქართული სიტყვაიწყებს საპილოტო პროექტს, რომელსაც პირობითადცეცხლოვანი რაშიდავარქვით (თუ რატომცეცხლოვანი რაში”, ამას წინამდებარე დოკუმენტური ნოველიდან შეიტყობთ)... მაშ ასე, დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ყველაზე მასშტაბურ ამბებს მოგიყვებით...

...ეს ამბავიც ჩრდილოეთს უკავშირდება, ოღონდ ძალიან ადრე მოხდა, წინა საუკუნეში, 1890-იანებში, შეიძლება, ცოტა უფრო ადრეც...

ქარების ქალაქს, თბილისისა არ იყოს, რუსული უღელი ადგას...

იმ დილას ატლანტიკის ოკეანიდან შავ ზღვამდე გადაჭიმული იმპერიის მმართველს ცუდ გუნებაზე გაეღვიძა... ის იყო, სამეფო ქვეშაგები ზლაზვნით დატოვა, ქვეშევრდომმა რომ მოახსენა, ბოიართა დელეგაცია გეახლათო.

- თვალით არ დამანახოთ! - ცხვირი აიბზუა იმპერატორმა.

- მნიშვნელოვანი საქმეა, - წაილუღლუღა ქვეშევრდომმა.

- ჯანდაბას, მივიღებ, - გაიფიქრა რომანოვმა...

დელეგაციიდან ერთი ხმელ-ხმელი კაცი აქტიურობს - ისე სწრაფად ლაპარაკობს, პირიდან სულ ქაფი გასდის და ყველაზე მკაფიოდ მხოლოდ ერთ სიტყვას წარმოსთქვამს:

- ნობელი...

- და რა მოუვიდა ნობელს, მოკვდა? - დაინტერესდა მისი უდიდებულესობა.

- არა, თქვენო ბრწყინვალებავ, - მოჩვენებითად გაიღიმა ხმელ-ხმელმა, - საქმე ისაა, რომ ძმებმა ნობელებმა სამხედრო ქარხნის გახსნა გადაწყვიტეს, სადაც მასრებს, ქვემეხის ლულებს, ლაფეტებსა და თოფებს დაამზადებენ.

- მშვენიერია, - ბავშვური ხმით შეჰყვირა იმპერატორმა. მერე, ცოტა ხანს იყუჩა და ბრძანა, - ლუდვიგი და რობერტი მომგვარეთ!

...შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველ ალფრედის ვაჟები მის უდიდებულესობას დიდხანს, ძალიან დიდხანს ესაუბრნენ...

- სამხედრო ქარხნისთვის ნედლეულის ევროპიდან შემოტანა ძალიან ძვირი დაგვიჯდება, - დაიჩივლა ერთ-ერთმა ძმამ.

- დავიჯერო, ამხელა იმპერიაში საჭირო ნედლეულს ვერ ნახავთ? - დაინტერესდა იმპერატორი.

- ყველაზე კარგი ნედლეული მერქანია.

- მერქანი? - იმპერატორი ჩაფიქრდა, - სადღაც, კავკასიაში, ერთი პროვინცია გვაქვს, იმ ადგილს, როგორც მახსოვს, ქარების ქალაქი ჰქვია, ჰოდა, იქ მუხის უკიდეგანო ტყე უნდა იყოს...

იმ დღეს ქარების ქალაქში ქარი არ ქროდა...

ძმები ნობელები ადგილობრივ მოსახლეობას გულისყურით უსმენდნენ.

ხალხი შფოთავდა:

- აი, აქვე, ქალაქიდან გავალთ თუ არა, მიწას ცეცხლი უკიდია...

- ცეცხლი? - ინტერესდებიან შვედები.

- ჰო, ცეცხლი... იქაურობა ცეცხლშია გახვეული...

- ცეცხლს ვინ ანთებს? - ძმები ერთმანეთს უყურებენ.

- არ ვიცით... რაც თავი გვახსოვს, მაგ მიწას სულ ცეცხლი უკიდია... ცეცხლოვანი მიწაა, ცეცხლოვანი!

“ცეცხლოვანი მიწისკენ” მიმავალ შვედ ძმებს ლამის მთელი ქარების ქალაქი ფეხდაფეხ აედევნა.

ლუდვიგი და რობერტი იქაურობას კარგა ხანს მდუმარედ ათვალიერებენ. მერე კი, ორივეს, ერთდროულად, სიცილი წასკდება.

ისედაც გაოცებული ხალხი კიდევ უფრო გაოცდება!

- ეს ნავთობია! - ყვირის რობერტი.

- ჰო, ეს ნავთობია! - ძმას კვერს ლუდვიგიც უკრავს.

აი, სწორედ ამ წამს მხოლოდ აზერბაიჯანის კი არა, საქართველოს ევროპული მომავალიც გადაწყდა!

ძმებ ნობელების გონებაში გრანდიოზული გეგმა იხარშება...

დიახ, დიახ, რა დროს სამხედრო ქარხანა, თოფი და ტყვია-წამალია.

უფლის წყალობაა, აბა, რა არის - “შავი ოქროს” საბადოს მიაგნეს. ჰოდა, ახლა ყველაფერი მათ მოხერხებულობასა და მარიფათზეა დამოკიდებული: თუკი იმარჯვებენ, ისეთ ამბებს დაატრიალებენ, რომ მთელი მსოფლიო, არა, მხოლოდ მსოფლიო კი არა, მთელი გალაქტიკა მათზე ილაპარაკებს!

- უფალს ვყვარებივართ, - ძმები ერთმანეთს მხარზე ხელს უტყაპუნებენ და უკვე ცხადად ხედავენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, დედამიწას დაიმონებენ!

- სამხედრო ქარხანას აღარ ავაშენებთ, - მიახალეს კავკასიიდან მეფის რუსეთის დედაქალაქში დაბრუნებულმა შვედებმა იმპერატორს.

- რატომ? - გველნაკბენივით წამოვარდა საიმპერატორო ტახტიდან მისი უდიდებულესობა.

- იმიტომ, რომ ბაქოში ნავთობია!

- ნავთობი? - უკვირს იმპერატორს, თუმცა ნავთობის სიდიადეს ვერ აცნობიერებს. ნავთობის საიდუმლოს მისი შთამომავლობა ამოხსნის და იმასაც მიხვდება, რომ ნავთობით მსოფლიოს თავის ჭკუაზე ათამაშებს, თუმცა ეს მერე მოხდება, ლამის ასი წლის შემდეგ. მანამდე კი, ჩრდილოეთური გენი მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ ბაქოში მოპოვებულ ნავთს ლამპაში ასხამს და უკუნს ინათებს...

ქარების ქალაქი ევროპული ბოჰემის ქარცეცხლში ეხვევა...

აზერბაიჯანი ქართველებისთვის უცხო არც აქამდე იყო - რაღა შორს წავიდეთ, აგერ, გრიგოლ ორბელიანი და სხვა ქართველი გენერლები აქ მოღვაწეობდნენ, უფრო ადრე კი, განჯაში ფეხი ტატომ მოიკიდა, ბარათაშვილმა, მაგრამ ახლა, როცა “შავი ოქროს” წყალობით, ქარების ქალაქი ლამის სამყაროს ჭიპად იქცა, ქართველები უფრო მომრავლდნენ: ჯერ კლინიკა გახსნეს, მერე, - აზერბაიჯანულ-რუსული სასწავლებელი, ვინმე წერეთელმა ლიცეუმი დააარსა... თეატრალური დასიც შექმნეს - წარმოდგენებს თამაშობენ...

მოიცა, როგორ ამბობდა რუსთაველი? - გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო?

ჰოდა, ტკბილად მოუბარი ენა ნავთობია.

არ გჯერათ?

კი ბატონო, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ, ფაქტებს?

ახლა, არ მითხრათ, სადაა ფაქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნავთობმა “გველი ხვრელიდან” ამოიყვანაო?

ახლავე მოგახსენებთ, ბატონებო!

15 წელია, საქართველო და აზერბაიჯანი იმპერატორს აჯას-აჯაზე უგზავნიან, ლამის მუხლებში უვარდებიან, რომ რკინიგზის გახსნის ნება დართოს, მაგრამ რად გინდათ? - მისი უდიდებულესობა მტკიცე და შეუვალია: ეგღა აკლია, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს თავიანთი გააყვანინოს.

იმპერატორმა ზუსტად იცის, რომ რკინიგზის გაყვანა ორივე პატარა გუბერნიას გააძლიერებს და თბილისსა და ბაქოში შესაძლოა, ანტიიმპერიულმა აჯანყებამაც იფეთქოს. ჰოდა, უნდა ზედმეტი თავის ტკივილი? - ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის!  

და აი, სწორედ ამ დროს, ძმები ნობელები იმპერატორს ეუბნებიან, რომ ნავთობის ბაქოდან ბათუმამდე რკინიგზით ტრანსპორტირება უბრალოდ იაფი კი არა, ძალიან იაფი დაჯდება.

- მართლა?! - ორაზროვნად ჩაილაპარაკებს იმპერატორი და მას შემდეგ, რაც ძმების დასაბუთებულ პასუხს მოისმენს, იხუმრებსავით, ამიერიდან სახედრები თვალით აღარ დამანახოთო და... ბაქოდან ბათუმამდე რკინიგზის გახსნის ბრძანებას საიმპერატორო ბეჭედს დაასვამს!

ამ დღიდან გავა ზუსტად 100 წელი და... ჰეიდარ ალიევს გონებაში ძმებ ნობელების საუკუნისწინანდელი ბიზნესინიციატივა ამოუტივტივდება.

- ეს ისაა, რაც ჩვენც გადაგვარჩენს და საქართველოსაც, - გაიფიქრებს ალიევი, რომლის კაბინეტის კარსაც რამდენიმე წუთში ახალგაზრდა მამაკაცი შეაღებს.

სტუმარი ქართველია. ბაქოში, მეგობართან ერთად, ამას წინათაც ჩამოსულა, ნატიკ ალიევს ილჰამისთვის გაუცვნია. მამას სწორედ ილჰამმა სთხოვა, შეხვდიო... თბილისელ ემისარს სიტყვა ალახვერდიევმაც შეაწია. ალახვერდიევი ჰეიდარ ალიევის თანაშემწეა, მერე, ბაქოს მერი გახდება...

ქართველი ნერვიულობს - ხუმრობა ხომ არაა, საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ამჟამად კი, ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელსა და, ამავდროულად, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ვიცესპიკერს უნდა შეხვდეს.

აზერბაიჯანის პარლამენტის შენობაში უკანა კარიდან შედის...

გულს ბაგა-ბუგი გააქვს...

მესამე სართულზე სიმშვიდეა...

- მიბრძანდით, - ეუბნება თანაშემწე და ღია კარისკენ უთითებს...

- გიორგი, დაჯექი, - ღიმილით ამბობს ჰეიდარ ალიევი.

ქართველი ემისარი ჯდება და... ანაზდეულად იქ ბრუნდება, შორეული 70-იანების მიწურულში, თბილისის საავიაციო ქარხანაში... აი, ჰეიდარ ალიევი საავიაციო ქარხნის სააქტო დარბაზის ტრიბუნასთან მიდის და ამიერკავკასიის რესპუბლიკების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

- ჩაის ხომ მიირთმევ? - გია ჭანტურიას რეალობაში მასპინძლის ხმა აბრუნებს.

- რა თქმა უნდა, - ცხელმა ჩაიმ გიას ენა დასწვა, მაგრამ არ შეიმჩნია, - ბატონმა ედუარდმა გამომაგზავნა... მოკითხვა გადმოგცათ...

- მადლობა... ედუარდი როგორაა?.. - ჰეიდარ ალიევი სტუმარს თვალს არ აცილებს, - ვიცი, საქართველოში რაც ხდება... რას ფიქრობთ, აფხაზეთში მდგომარეობა როგორ განვითარდება?.. კარგ დღეში არც ჩვენ ვართ, მაგრამ თქვენთან უფრო მძიმე სიტუაციაა...

ქართველი ემისარი ჰეიდარ ალიევის კაბინეტში 40 წუთი დარჩება...

ჰეიდარ ალიევი მომავალ თანამოაზრეს ლამის ყოველი მეორე სიტყვის მერე ეკითხება:

- ედუარდ შევარდნაძე რას ფიქრობს?

გია ჭანტურია ცდილობს, ოფიციალური თბილისის მესიჯებიდან ერთიც არ გამორჩეს...

- გიორგი, დიახ, კარგ დღეში არც ჩვენ ვართ, მაგრამ შეგიძლიათ, ედუარდ ამბროსის ძეს გადასცეთ, რომ რაც შეგვეძლება, ყველანაირად დაგეხმარებით!

გია ჭანტურია ხვდება, რომ ჰეიდარ ალიევი გულწრფელია - მას საქართველოს მიმართ განსაკუთრებული განცდა, ემოცია, დამოკიდებულება აქვს...

თბილისი ჰეიდარ ალიევის ძის სიყმაწვილის ქალაქია - ამ ქალაქში ტატოს, პასტერნაკსა და სხვა ჰუმანისტებს ეზიარა.

ახლა თბილისი და, სრულიად საქართველო, განსაცდელშია.

უნდა დაეხმაროს!

თბილისში აზერბაიჯანელი ემისარი რომ ჩამოსულიყო, ედუარდიც, რა თქმა უნდა, ანალოგიურად მოიქცეოდა და მეზობლის დასახმარებლად, რაც შეეძლებოდა, ყველაფერს გააკეთებდა.

აი, სწორედ ესაა კავკასიური ძმობა და მეგობრობა...

აი, სწორედ ესაა ის იდუმალი ძაფი, რომელიც ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან აკავშირებს...

მერე, წლები რომ გავა, გიორგი ჭანტურია ამ იდუმალი ძაფის ზეციურ ძალას არაერთხელ იგრძნობს.

1995 წლის 10 იანვარია...

თბილისიდან ცნობა მოვიდა:Lსტიქია მძვინვარებს!

ბაქოშიც ცუდი ამინდია - თოვლი და ერთი უბედურება...

გიას ღამეული ზარები არ უყვარს - იცის, ამ დროს კარგ საქმეზე არავინ დარეკავს...

ტელეფონის ხმა არც ახლა ესიამოვნა, თან რაღაცნაირად მიხვდა, რომ თბილისიდან უნდა რეკავდნენ...

- გია, მე ვარ, - ყურმილში ნაცნობი ხმა ისმის, ედუარდ შევარდნაძეა.

- დიახ, ბატონო ედუარდ, - აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ცუდი ამბის მოსასმენად მოემზადა.

- გია, არ გაგიკვირდეს, ამ დროს რომ გირეკავ, მაგრამ გაზსადენი აფეთქდა...

- გაზ-სა-დე-ნი, - რატომღაც დამარცვლით გაიმეორა ჭანტურიამ, რომელმაც გადასარევად უწყის, რომ ეს ერთადერთი გაზსადენია, რომლითაც საქართველო და სომხეთი რუსული გაზით მარაგდებიან.

და თუკი გაზსადენი აფეთქდა, მაშასადამე, საქართველოში არც გაზი იქნება და არც - ელექტროენერგია.

ესე იგი, ქვეყანა სიცივის და სიბნელის ზღვარზეა!

- თბილისში 10-12 გრადუსი ყინვაა, - აგრძელებს ედუარდ ამბროსის ძე, - ასეთი სიცივე რომ არ იყოს, დილამდე მოვიცდიდი და არ დაგირეკავდი, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, - გია ჭანტურიას ედუარდ შევარდნაძის ასეთი ხმა არც მანამდე მოუსმენია და არც - მას შემდეგ, - ჰეიდარ ალიევი, რაც შეიძლება, ადრე ნახე და სთხოვე, რომ საწვავით, ელექტროენერგიით, ყველაფრით, რითიც შეუძლია, დაგვეხმაროს...

- დიახ, ბატონო ედუარდ...

- სიცივისგან ათი ახალშობილი გარდაიცვალა, - ლამის დაიჩურჩულა საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა და ყურმილი დაკიდა...

გია ჭანტურიამ საათს დახედა...

6 ხდება.

განჯლიკის საპრეზიდენტო სასახლეში ჯერ ისევ სძინავთ...

- უხერხულია, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, - ჩაილაპარაკა ქართველმა დიპლომატმა და ნომერი აკრიფა...

ერთი... ორი... სამი და...

აი, სწორედ მაშინ, როცა ჩათვალა, რომ არ უპასუხებდა, ბაგიქ გუსეინოვი ჩვეული შემართებით მიესალმა. ბაგიქი ჰეიდარ ალიევის დაცვის უფროსია, არაჩვეულებრივი ადამიანი...

- ბაგიქ, ახლავე, ამ წამს, რეზიდენციაში უნდა მოვიდე...

- მოდი, - დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ისე დასთანხმდა, არც დაფიქრებულა...

განჯლიკის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ფეხი რომ შედგა, უკვე რვის ნახევარი იყო...

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი თანამოაზრე ქართველს საპრეზიდენტო კოტეჯის შესასვლელში დახვდა...

- ჰეიდარ ალის ძევ, მაპატიეთ, ასე ადრიან რომ შეგაწუხეთ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ დამირეკა, საქართველოში საშინელება ხდება - გაზსადენი აფეთქდა, არც გაზია, არც - დენი... სიცივისგან ათი ახალშობილი გაიყინა...

ჰეიდარ ალიევს ნირი წაუხდა...

აღელდა...

ემოციის შეკავება არ უცდია...

რამდენიმე წუთში განჯლიკის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მთავრობის წევრები შეიკრიბნენ.

“აზენრჯის” ხელმძღვანელიც აქაა - მუსლიმ იმანოვი...

ჰეიდარ ალიევი შეკრებილებს საქმის ვითარებას აცნობს და მუსლიმ იმანოვს მიმართავს:

- დღეიდან, ათი დღის განმავლობაში, ბაქოს გათიშავ და ელექტროენერგიას საქართველოს მიაწვდი!

ჰეიდარ ალიევი ვა-ბანკზე მიდის - აზერბაიჯანშიც მკაცრი ზამთარია, თან ბაქოელებმა არ იციან, უშუქობა რა არის, მაგრამ არა უშავს, აუხსნის და ხალხი გაიგებს - ხალხმა გადასარევად იცის, რომ საქართველო აზერბაიჯანის კეთილი მეზობელია...

გია ჭანტურიას ცრემლი აწვება...

აი, ესაა ნამდვილი მეგობრობა, კეთილგანწყობა, დახმარება...

- გიორგი, ყოველ დილით, 8 საათსა და 30 წუთზე დამირეკავ და დამიდასტურებ, რომ თბილისს ელექტროენერგია მიეწოდება.

- დიახ, ჰეიდარ ალის ძევ...

და ასე გრძელდება ათი დღე: ირიჟრაჟებს თუ არა, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურეკავს და ეუბნება:

- თბილისს ელექტროენერგია მიეწოდება!

ჰეიდარ ალიევმა სიყმაწვილის ქალაქი ყინვისგან იხსნა...

- საქართველო ამ ადამიანის ბედისწერაა, - აღარც კი ახსოვს, მერამდენედ იმეორებს გია ჭანტურია და სწამს, რაც უნდა მოხდეს, არსთაგამრიგემ რა განსაცდელიც უნდა მოუვლინოს, საქართველო ფეხზე მაინც წამოდგება, რადგან ისეთი მეგობარი, გულშემატკივარი, კეთილისმსურველი ჰყავს, როგორიც ჰეიდარ ალიევია!

...თითქმის ხუთი წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს.

ხუთი წელია, საქართველო, აზერბაიჯანი და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ჭაპანს დამოუკიდებლად ეწევიან...

კრემლი პატარა სახელმწიფოების დამოუკიდებლობას ვერ ეგუება, განსაკუთრებით, კავკასიელთა თავისუფლება აშფოთებს...

პროვოკაციას-პროვოკაციაზე აწყობს...

ყარაბაღსა და აფხაზეთში სისხლი იღვრება, მაგრამ ჩრდილოეთში ხვდებიან, რომ ამ ომებით ამაყი კავკასიელების ხელმეორედ დამონებას ვერ შეძლებენ.

რაღაც სხვა არის საჭირო, უფრო ეფექტური და შოკისმომგვრელი...

ტერაქტი?

ჰო, რატომაც არა?!

ერთი ბომბი და მორჩა - ყველაფერი თავის ადგილას დადგება, თან ორი პრობლემა მოგვარდება: გამოცდილ პოლიტიკოსებს თავიდან მოიშორებენ და ვეღარც ნობელების საუკუნისწინანდელი იდეა გაცოცხლდება.

აი, ასე...

ნავთობსადენი და ევროპა გინდათ, არა?!

კი ბატონო, რა პრობლემაა, მაგრამ გახსოვდეთ: ეს ნავთობსადენი ბევრ, ძალიან ბევრ სისხლსა და უბედურებას მოგიტანთ!

- ჩვენ აგვაფეთქებენ! - ეტყვის ერთხელ ჰეიდარ ალიევი ქართველ თანამოაზრეს.

გია ჭანტურია დუმს...

ჰეიდარის წინასწარმეტყველება ცხადდება:

ქარების ქალაქში, ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ბომბია.

მან, ვინც ბომბი დადო და მანაც, ვინც ბომბის დადება მოიფიქრა, პრეზიდენტის მარშრუტი ზედმიწევნით კარგად უწყის.

აგერ, პრეზიდენტის კორტეჟიც გამოჩნდა...

ცოტაც, სულ ცოტაც და... ნავთობსადენი აღარავის ემახსოვრება - მსოფლიო აზერბაიჯანში განხორციელებულ ტერაქტზე ილაპარაკებს!

ქარების ქალაქს აფეთქება აყრუებს...

- პრეზიდენტი ააფეთქეს! - ჩურჩულებს ხალხი...

უფალი რჩეულებს არ სწირავს - ჰეიდარ ალიევი საღსალამათია!

გავა რამდენიმე თვე და ბაქოს სცენარი თბილისში გათამაშდება - აფეთქების ალში ამჯერად რუსთაველის გამზირი გაეხვევა...

აკი, გითხარით, უფალი რჩეულებს არ სწირავს-მეთქი - მიზანმა საშუალება ვერც ამჯერად გაამართლა: ედუარდ შევარდნაძე კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

ელსმენი რეკავს...

სატელეფონო ხაზზე ბაქოა...

ილჰამ ალიევი ედუარდ შევარდნაძეს გადარჩენას ულოცავს და აიმედებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

მოკლედ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი პირები სახიფათო ზღვარზე არიან - მათი უსაფრთხოება სამშობლოში არაა დაცული და ქვეყნის საზღვრები რომ გადაკვეთონ, უფალმა უწყის, რა მოხდება.

გია ჭანტურია ყოყმანობს. ბოლოს, ხელს იქნევს, რაც არის, არისო და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეუბნება:

- ილჰამ ალის ძევ, მგონი, ურიგო არ იქნება, საქართველოს რომ ესტუმროთ!

ხუთი წელია, საქართველო და აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის ჭაპანს ეწევიან, მაგრამ არც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაური სტუმრებია თბილისს ვიზიტად და არც საქართველოს ხელმძღვანელი - ბაქოს.

- კარგი იდეაა, - ჰეიდარ ალიევი თანამოაზრეს უღიმის...

გია ჭანტურია საქართველოში ჰეიდარ ალიევის ვიზიტის მომზადებას იწყებს...

1996 წლის 8 მარტს თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ჩამოდის, თუმცა 1996 წლის გაზაფხულამდე დიდი დროა, თბილისსა და ბაქოში მოვლენები ჯერ დრამატულად უნდა განვითარდეს... სხვა თუ არაფერი, ქარების ქალაქს 15 რუსი გენერალი უნდა ეწვიოს და პრეზიდენტი საკუთარ კაბინეტში დაატყვევოს...

მაშ, ასე: იქ დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ - სასტუმრო “აზერბაიჯანის” მეცამეტე სართულზე ტელეფონის ზარი გაისმა.

ქართველ დიპლომატს გულმა რეჩხი უყო...

- 12 საათია, ჰეიდარ ალის ძე, 15 რუს გენერალთან ერთად, კაბინეტშია ჩაკეტილი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი დაატუსაღეს, - ლუღლუღებს ტარიელი...

გია ჭანტურია ფითრდება...

დაბნეულობა წამიერად გრძელდება.

მერე?

მერე, კომუტატორს თბილისთან დაკავშირებას სთხოვს...

გიას ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს გუმანი კარნახობს, რომ რაღაც მოხდა, თან ძალიან ცუდი...

ახალგაზრდა დიპლომატი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს:

- ჰეიდარ ალიევიჩი... 15 რუსი გენერალი... 12 საათი... კაბინეტი...

ედუარდ შევარდნაძე ყველაფერს უსწრაფესად აანალიზებს...

- გია, ახლავე თედო მოძებნე, ჯაფარიძე...

- დიახ, ბატონო ედუარდ...

თბილისთან კავშირი წყდება...

გია ჭანტურია თედო ჯაფარიძის მოძებნას იწყებს...

თედო ამერიკანისტია, თავისი საქმის კარგი სპეციალისტი... ახლა დიპლომატიურ მისიას ასრულებს - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩია...

მოვლენათა ეპიცენტრი ოკეანის გაღმა ინაცვლებს...

...ორი დღეა, აშშ-ის უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც საქართველოს დესკ-ოფიცერია, ნიუ იორკში გაემგზავრა - და გაუთხოვდა, საქორწინო წვეულებაა.

ესეც, ალბათ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ბედისწერაა!   

აი, სწორედ ახლა გამოჩნდება თედო ჯაფარიძის მთელი დიპლომატიური ნიჭი და უნარი - რადაც უნდა დაუჯდეს, დესკ-ოფიცერი უნდა მოძებნოს, თან სასწრაფოდ უნდა მოძებნოს, წამი რაა, წამის დაკარგვაც არ შეიძლება, თორემ ეშმაკმა უწყის, ქარების ქალაქში რა მოხდება...

მოკლედ, თედო ჯაფარიძე ქმედებაზე გადადის...

12 საათია, 15 რუს გენერალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი საკუთარ კაბინეტში ჰყავს ჩაკეტილი...

გია ჭანტურია ადგილს ვეღარ პოულობს...

ისევ ელსმენის ხმა ისმის, ოღონდ ამჯერად - ალიევის რეზიდენციაში...

- ახლავე, - სახე უნათდება თანაშემწე ტარიელს და ჰეიდარ ალიევს ახსენებს, - ბატონო პრეზიდენტო, სასწრაფოდ ყურმილი აიღეთ!

- ახლავე, - ალიევი რუს გენერლებს თვალს არ აცილებს...

- გამარჯობა, მისტერ ალიევ, მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ბილ კლინტონი!

რუს გენერლებს მკვდრისფერი ედებათ...