შსს- ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“- ს მოსწავლეები ეწვივნენ

შსს- ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“- ს მოსწავლეები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს პედაგოგები და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა უმასპინძლა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტში“ 12 ქვეყნის მოქალაქე და 19 ეროვნების მოსწავლე სწავლობს.

სტუმრები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2015 წლის სექტემბრიდან აკადემიაში საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან, თანამედროვე სწავლებას სთავაზობს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აცნობეს, რომ საბაკალვრო პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები წარუძღვებიან უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით და სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, რომლებიც საბაკალავრო პროგრამას და სხვა საკითხებს ეხებოდა, ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები.

მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.