“მთელი ცხოვრება რუსულ სპეცსამსახურებს ვებრძვი. კონტრდაზვერვიდან სწორედ ამიტომ გამიშვეს - “ნაციონალები” რომ მოვიდნენ, ღიად ვთქვი, პრორუსები არიან-მეთქი. ვაღიარებ: ამის თქმა შეცდომა იყო”, - ასე დაიწყო უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკმა, უსაფრთხოების ექსპერტმა კონსტანტინე ფორჩხიძემ “ქართულ სიტყვასთან” 56-ე ინტერვიუ. მოგვიანებით, როცა სიტყვა შსს-დან ინფორმაციის გაჟონვაზე ჩამოვარდა, ქართველმა სპეცსამსახურელმა რიტორიკულად იკითხა: “ვინ მაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებებიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცნობები უცხოეთის სპეცსამსახურების ხელში არ ხვდება?” სხვათა შორის, ფორჩხიძე, რომელსაც უშიშროების ეროვნულ სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მიანიშნებს, რომ სოციოლოგიური კვლევა, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია პერიოდულად ატარებს, გარკვეულწილად, ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიაზე წარმოებული ლეგალური სადაზვერვო საქმიანობაა... მოკლედ, რას ემსახურება არჩევნებამდე ლამის ორი წლით ადრე “აი-რა-ი”-ს პოლიტიკური რეიტინგების გამოქვეყნება, რა გადაწყვეტილება მიიღო თეთრმა სახლმა ირაკლი ალასანიაზე და “ჩაუშვა” თუ არა გივი თარგამაძემ მიხეილ სააკაშვილი? - “ქართული სიტყვა” კონსტანტინე ფორჩხიძის მორიგ სკანდალურ პოლიტიკურ ანალიზს წარმოგიდგენთ.
- ბატონო კოტე, არჩევნებამდე ლამის ორი წლით ადრე რეიტინგების გამოქვეყნება უცნაურად არ გეჩვენებათ?
- კი, ცოტა უცნაურია, მაგრამ ამის ახსნა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით შეიძლება, ანუ რეიტინგების გამოქვეყნებამ პოლიტიკურ წრეებს უფრო მეტი საფუძველი მისცა, რომ აქცენტები პოლიტიკურ კი არა, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააკეთონ. მოკლედ, ამ კვლევით, ირიბად, იმის დემონსტრირება მოხდა, რომ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობა კლებულობს, რადგან ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა გამოწვევებს ვერ უმკლავდება.
- ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი პრობლემები, ხელისუფლების შეცვლის დროს, ყველა ქვეყანაში ჩნდება. შესაბამისად, “ოცნება” გარკვეულწილად მართალია, როცა თავს ობიექტური საშინაო თუ საგარეო ფაქტორებით იმართლებს, თუმცა საინტერესოა, უცხოური კომპანიები კვლევების ჩატარებით რას ხეირობენ?
- სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობა კვლევებს ეფუძნება.
- ესე იგი, საზოგადოებრივი აზრის კვლევა სადაზვერვო საქმიანობის ნაირსახეობაა?
- დიახ, ოღონდ ყველაფერ ამას ლეგალური სახე აქვს.
- კვლევებს ვინ აფინანსებს?
- მაგალითად, “აი-რა-ი”-ს ცენტრალური ოფისი ნაწილობრივ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნაწილობრივ კი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, შემოწირულობისა და დახმარების ხარჯზე არსებობს.
- “აი-რა-ი” კვლევებს აშშ-შიც ატარებს?
- რა თქმა უნდა.
საერთოდ, კვლევა მხოლოდ პოლიტიკური ასპექტებით არ შემოიფარგლება. ასეთი ორგანიზაციები კვლევებს ბიზნესსექტორისთვისაც ატარებენ და ფულს სწორედ ასე შოულობენ...
სხვათა შორის, “აი-რა-ი”-ს იმ კვლევას, რომელიც ახლახან გახდა ცნობილი, მხოლოდ საშინაო კი არა, საგარეო დანიშნულებაც აქვს.
- რას გულისხმობთ?
- ამ კვლევას ანგარიშს საქართველოს არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებიც უწევენ...
ვანო, კვლევის გამოქვეყნებამდე, თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში გითხარით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 40 პროცენტის ფარგლებში მერყეობს-მეთქი და ასეცაა - “აი-რა-ი”-ს მონაცემებით, “ოცნების” რეიტინგი 36%-ა.
- “ოცნების” მომხრეები ამ შედეგს გაყალბებულს უწოდებენ...
- ცდომილება, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ისე არაა, რომ “ოცნებას” 56 პროცენტი ჰქონდეს და “აი-რა-ი”-ს 36 დაეწერა - ამის შანსი არ არსებობს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ “ოცნების” რეიტინგი კლებულობს და თუ არაფერი შეიცვალა, ამ კლების შეჩერება შეუძლებელი გახდება. ამ კონტექსტში იგივე თემას ვუბრუნდები, რაზეც წინა ინტერვიუში ვისაუბრე.
- მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმებას გულისხმობთ?
- დიახ. საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, პარტოკრატიული მმართველობაა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კი, ამ პარტოკრატიას კიდევ უფრო გაამყარებს. სხვათა შორის, ქვეყანა სწორედ ამ პარტოკრატიულმა მმართველობამ დაღუპა და ამ სტაგნაციაშიც ამიტომ ვართ - ხელისუფლებაში ხალხის მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მოკლედ, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლებას მაჟორიტარული სეგმენტი გამოაკლდება, უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით...
“აი-რა-ი”-მ რესპონდენტებს ჰკითხა, დღეს რომ არჩევნები იყოს, ხმას რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდითო. შედეგები ასეთია: 36 პროცენტი ხმას “ქართულ ოცნებას” აძლევს, 5-5 პროცენტი - “პატრიოტთა ალიანსსა” და ბურჯანაძის პარტიას, 10 პროცენტი - “თავისუფალ დემოკრატებს”, 14 პროცენტი კი - “ნაცმოძრაობას”. ამ კონფიგურაციით, “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა აღარ აქვს. ამიტომ, ეს კვლევა ხელისუფლებისთვის საგანგაშო უნდა იყოს!
- ხელისუფლება კვლევებს არ ენდობა. ყოველ შემთხვევაში, პრემიერმა პირდაპირ თქვა, კვლევები უსაქმურების საქმეაო...
- ეს, მინიმუმ, არასწორი ნათქვამია, რადგან კვლევებს, მით უმეტეს, თუ მას გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტი ატარებს, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
- სხვათა შორის, “აი-რა-ი”-ს ზემოხსენებული კვლევით, გამოკითხულთა 79 პროცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა. ნიშანდობლივია, რომ პრემიერი გოგი თოფაძის ცნობილ ანტინატოურ განცხადებას მხოლოდ ამის შემდეგ გაემიჯნა. ეს მინიშნება ხომ არაა, რომ “ოცნებაში” გარკვეული გადათამაშება მოხდება?
- რა თქმა უნდა, მოხდება... “ოცნებაში” ის პროცესები დაიწყო, რომელზეც სამი-ოთხი თვის წინ ვლაპარაკობდი. სახეზეა ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება.
- ანუ, მესამე ძალის?
- არა. უბრალოდ, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ, მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები თანამშრომლობას დაიწყებენ. აქ ძირითადად პროდასავლურ ძალებზეა ლაპარაკი.
- ეს გასაგებია, მაგრამ თქვენი ინფორმაციით, “ოცნებაში” მიმდინარე კულუარული ომი კულმინაციას აღწევს?
- დიახ. სხვათა შორის, კულუარული ომი ამ რეიტინგებით უფრო გაღვივდება. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, “თავისუფალ დემოკრატებს” უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე “აი-რა-ი”-ს კვლევაშია დაფიქსირებული, მაგრამ ირაკლი ალასანიას გუნდს 2-3 პროცენტი კონიუნქტურის გამო დააკლეს.
- რომელ კონიუნქტურას გულისხმობთ?
- “ნაცმოძრაობას” იმ ორგანიზაციაზე, რომელიც “აი-რა-ი”-სთვის საქართველოში ე.წ. საველე სამუშაოებს ატარებს, გარკვეული გავლენა აქვს.
- აქცენტს გოჩა ცქიტიშვილზე აკეთებთ?
- დიახ - ამ თემაზე ადრე დეტალურად ვილაპარაკეთ.
- სხვათა შორის, ირმა ინაშვილი გოჩა ცქიტიშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს...
- მოკლედ, “აი-რა-ი”-ს კვლევა მოწმობს, რომ საქართველოში მდგომარეობა თავად აშშ-მაც გადააფასა. ეს მესიჯი “ნაციონალებისთვისაა”, ანუ ამერიკელები “ნაცმოძრაობას” იმ პოლიტიკურ ძალად აღარ თვლიან, რომელიც ხელისუფლებაში შეიძლება, დამოუკიდებლად მოვიდეს. ამასთან, “აი-რა-ი”-ს კვლევა “რესპუბლიკელების” განწყობაზეც მიანიშნებს.
- ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- “აი-რა-ი”-ს, როგორც ვიცი, “რესპუბლიკელების” მაკკეინის ფრთა აკონტროლებს. ამავე ჯგუფშია ბრიუს ჯექსონიც, რომელზეც ადრე გითხარით.
- ბრიუს ჯექსონი, როგორც ადრე თქვით, გიგა ბოკერიას მფარველია, მაკკეინი კი, სააკაშვილის ახლობელია - მიშა, როგორც ამბობენ, ბიძას ეძახის...
- კი ბატონო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ში “რესპუბლიკელების” დრო დგება და ეს კვლევაც სწორედ ამ კუთხითაა საინტერესო.
- ბატონო კოტე, მოდით, პირდაპირ თქვით, საუბარი საითკენ მიგყავთ?
- თეთრი სახლი აქცენტს ირაკლი ალასანიაზე აკეთებს.
- ამის არგუმენტი გაქვთ?
- მეტი არგუმენტი რაღა გინდათ, როცა ზემოხსენებულ კვლევაში მიხეილ სააკაშვილი არ ფიგურირებს, არადა, პარტიის თავმჯდომარეა.
- არ დაგავიწყდეთ: სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მასზე შიდა ძებნაცაა გამოცხადებული...
- მერე, რა?! პარტიის თავმჯდომარეა და, წესით და რიგით, რეიტინგში უნდა მოხვედრილიყო.
- სამაგიეროდ, კვლევაში დავით ბაქრაძე მოხვდა...
- ყველაფერი ეს იმის მაჩვენებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისმა მფარველებმა, ანუ “რესპუბლიკელების” ნეოკონსერვატიულმა ფრთამ თამაშიდან გაიყვანა, რაც იმის წინაპირობაა, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება!
- ბატონო კოტე, ე.წ. “კაბელების საქმის” გააქტიურება და ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ ექსპერტზე, რომელმაც დასკვნას ხელი არ მოაწერა, ზეწოლა განხორციელდაო, ამ კვლევის კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
- ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება დაპირისპირებაში მონაწილე ძალების რეიტინგზე მუშაობს. მე თუ მკითხავთ, თუკი პოლიტიკური დევნა დაიწყება, ამით ირაკლი ალასანია არ წააგებს, პირიქით, მისი რეიტინგი გაიზრდება.
- მაშასადამე, როგორც ანალიტიკოსი, ელოდებით, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს?
- გამოსარიცხი არაფერია.
- თქვენი ინფორმაციით, “ოცნება” ირაკლი ალასანიას მიმართ რამე სერიოზულს გეგმავს?
- “ოცნება” აცნობიერებს, რომ ალასანიას მზარდი რეიტინგი აქვს...
- ჩვენში დარჩეს და, ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ რამდენიმე მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა. “ოცნებამ” რეიტინგი როგორ უნდა “ამოქაჩოს”?
- “ოცნების” რეიტინგი მაშინ “ამოიქაჩება”, თუკი ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვევა.
რაც შეეხება პრემიერის უკმაყოფილებას, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს გაუშვებენ.
ვანო, თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გითხარით, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდებოდა. დღეს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი სწორედ გომელაურია. ჩემი ინფორმაციით, მალე თანამდებობებს ნოდარ ხადური, გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრი დატოვებს. მაქვს ინფორმაცია, რომ ლაპარაკია კულტურისა და სპორტის მინისტრების შეცვლაზეც.
- ესე იგი, თქვენი გამოთვლით, კონსტანტინე ბატონო, უსამსახუროდ მთავრობის ხუთი წევრი დარჩება, არა?
- დიახ.
- ხუთი მინისტრის შეცვლას, ავტომატურად, მთავრობისთვის პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება უნდა მოჰყვეს...
- ასეა...
- უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ სწორედ მაშინ, როცა კულუარებში ხუთი მინისტრის შეცვლაზე ლაპარაკობენ, “ნაციონალები” პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ?
- ვანო, შემთხვევით პოლიტიკაში კი არა, ცხოვრებაშიც არაფერი ხდება და ის, რასაც ჩვენ შემთხვევითობას ვეძახით, აბსოლუტური კანონზომიერებაა. ისე, თუ საქმე მთავრობის შეცვლამდე მივა, მაშინ სახეზე იქნება სახელისუფლებო კრიზისი, რომელიც შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისში გადავიდეს და ყველაფერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დამთავრდეს. ასეთ სიტუაციაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, თავისი საქმიანობა გამოასწოროს.
- თუკი საქმიანობის გამოსწორებაში პოზიტივის წარმოჩენას გულისხმობთ, ინებეთ, ბატონო, - პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, რომ აპრილიდან იმ 105 საწარმოში, რომელიც “ოცნების” დროს გაიხსნა, მედიატურები მოეწყოს...
- სხვა საკითხია, ეს საწარმოები რეალურად არსებობს თუ არა, მაგრამ პრემიერის ინიციატივა, თავისთავად, კარგია...
- ...ერთი სიტყვით, “ოცნებაში” დიდი ომია?
- დიახ. ომი რომ არ იყოს, დღის წესრიგში პარტიის გადახალისება არ დადგებოდა, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მენეჯმენტური ცვლილება დაგვიანებულია. “ოცნებას” “ახალი სისხლი” აქამდე უნდა გადაესხა, თუმცა ძნელი სათქმელია, “ახალი სისხლი” იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც “ოცნება” დგას, რამდენად უპასუხებს. სხვათა შორის, საინტერესოა, სახელისუფლებო პარტიაში კადრებს ვინ არჩევს, ანუ ახალ კადრებს პროფესიონალიზმის ნიშნით არჩევენ თუ მეგობრობ-ნათესაობის კუთხით. თუ ნათესავების თემა ისევ აქტუალურია, “ოცნებას” “ახალი სისხლიც” ვერ უშველის და უარეს შედეგს მიიღებს!
- ამასობაში, ბატონო კოტე, ახალი მოვლენის მოწმენი ვხდებით - სასულიერო პირი სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის...
- ვანო, ამ თემაზე ადრეც ვილაპარაკეთ და ახლაც ვიმეორებ: ასეთი საქმიანობა პატრიარქისა და წმინდა სინოდის მხრიდან ნორმალურად არ იქნება აღქმული. როცა ანაფორა გაცვია და ამბობ, ბერი ვარო, მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზე გახვედი, მაინც ეკლესიასთან ასოცირდები. მოკლედ, სასულიერო პირის მხრიდან ასეთი განცხადება არასასურველია და, მეტიც, დესტაბილიზაციის ნიშნებს შეიცავს. დღეს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანას დესტაბილიზაცია კი არა, სტაბილურობა სჭირდება!
- დესტაბილიზაციის მიზანი რა არის?
- ყველაფერი, მათ შორის, რაღაც იდეოლოგიურ საფუძველზე ახალი ორგანიზაციების შექმნა, ხელისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება. თუკი რომელიმე იდეოლოგიის დამარცხება გინდა, საამისოდ სხვადასხვა საშუალება არსებობს...
- ე.წ. იდეოლოგიური ორგანიზაციების შექმნა სპეცსამსახურების ხელწერაა?
- რა თქმა უნდა.
ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ლგბტ პირები მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ მათი ძალით დათრგუნვის მცდელობას შეიძლება, უარესი ძალმომრეობა და დაპირისპირება მოჰყვეს, რაც ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება. ბოლოს და ბოლოს, ბიბლიის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა ხალხი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ქოლავდა, ქრისტემ თქვა, ქვა იმან ესროლოს, ვინც ამ ქალზე უცოდველიაო. ყველა სასულიერო პირი ამ ლოგიკით უნდა მოქმედებდეს...
სხვათა შორის, ყურადღება თუ მიაქციეთ, სასულიერო პირმა, რომელიც ახალ ორგანიზაციას ქმნის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს, კალაძესა თუ ნარმანიას დიდ პატივს სცემს. თუკი ამ ახალი ორგანიზაციის სახელით რამე მოხდება, ეს, ცხადია, ხელისუფლებასთან ასოცირდება. ამიტომ, პოლიტიკურ ავანსცენაზე ასეთი თამაშებით შემოსვლა შუღლს აღვივებს და, პირველ რიგში, ეკლესიის იმიჯს ურტყამს. ეს ყველამ - ვისაც ანაფორა აცვია ან არ აცვია, უნდა გაითვალისწინოს...
- ყველაფერ ზემოთქმულის ფონზე, მგონი, ნიშანდობლივია, რომ გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს...
- ამით გივი თარგამაძეს პიარი გაუკეთეს.
- ამას რატომ ამბობთ?
- თარგამაძეს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი...
- ეს პირობითი ნათქვამია...
- როგორ გეკადრებათ! წელიწადზე მეტია, იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ვლაპარაკობ. მაშინ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე იყო, სახელმწიფო შესყიდვები კი, ნდობის ჯგუფის გარეშე არ ხორციელდება. ამიტომ, გივი თარგამაძე დაკითხვაზე ახლა კი არა, კარგა ხნის წინ უნდა დაებარებინათ და მთელი მისი საქმიანობა შეესწავლათ, მაგრამ “ოცნებამ” არ იცის, სისტემური დანაშაული როგორ გამოკვეთოს. ამიტომაც, ის, რასაც პროკურატურა აკეთებს, ჩვეულებრივი პინკ-პონკია!
მნიშვნელობა არ აქვს, შსს-დან ინფორმაცია გივი თარგამაძესთან მიდის, პეტრესა თუ პავლესთან. შსს-დან ინფორმაციის გაჟონვა იმას ნიშნავს, რომ უწყებაში ყველაფერი რიგზე არაა. საიდან ვართ დარწმუნებული, რომ შსს-დან უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურსაც არ მიეწოდება? წესით, შსს-ს ხელმძღვანელობამ განგაშის ზარები უნდა შემოკრას.
მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციაში მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყეს...
- ბატონო კოტე, ამ თემაზე წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ...
- ვიცი, მაგრამ ჯერ ერთი, გამეორება ცოდნის დედაა. მეორეც, წეღანაც ვიკითხე და ახლაც ვკითხულობ, იქნებ, ვინმემ მიპასუხოს, რა გარანტია არსებობს, რომ შსს-დან ინფორმაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არ გადის?
- საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაინც, რა ინფორმაცია შეიძლება გავიდეს?
- ვთქვათ, რომელ ობიექტებზე მუშაობს დაზვერვა. შეიძლება, შსს-დან ინფორმაცია შპიონაჟის კუთხითაც ჟონავს. მოკლედ, ეს ძალიან რთული თემაა და სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ყველაფერი სისტემაში მოვიდეს.
- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: “აი-რა-ის” კვლევას “ნაციონალების” მიტინგი უძღვოდა, რომლის მთავარი მოთხოვნაც მთავრობის გადადგომა იყო. ეს ორი, ასე ვთქვათ, მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია?
- ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ კვლევამ დაგვანახა, რომ მმართველი კოალიციის რეიტინგი ეცემა და ამ დაცემას უკვე ტენდენციის სახე აქვს.
სხვათა შორის, ასეთი კვლევების ერთ-ერთი მიზანი ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა...
ჩვენში დარჩეს და, “აი-რა-ი”-ს კვლევამ “ქართულ ოცნებას” შესაძლოა, ხელ-ფეხი გაუხსნას და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა უფრო გაშალოს.
- სააკაშვილის დაკავება “ოცნების” რეიტინგს “აქაჩავს”?
- რა თქმა უნდა. თუკი სააკაშვილს დააკავებენ, ამით “ნაცმოძრაობაც” იმ წნეხისგან გათავისუფლდება, რომელ წნეხსაც მიშასგან დღემდე განიცდის.
- გივი თარგამაძე “ნაცმოძრაობის” მიშას ფრთად ითვლება?
- არა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვერ აღვიქვამ.
- უცნაურია: თარგამაძის დაკითხვა 9 საათი გრძელდებოდა. ბატონო კოტე, გამორიცხავთ, რომ დაკითხვაზე დაბარება, უბრალოდ, ალიბი ყოფილიყო და, სინამდვილეში, გივიმ სამართალდამცავებს სააკაშვილზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა?
- დავიწყოთ იმით, რომ გივი თარგამაძე ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია - ბოლოს და ბოლოს, წლების განმავლობაში, როგორც აღვნიშნე, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო...
- გავყვეთ ლოგიკას: თუკი სააკაშვილის თამაშიდან გაყვანა ყველას - აშშ-ს, “ოცნების” და თავად “ნაცმოძრაობის” ინტერესია, ხომ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ თარგამაძემ მიშა “ჩაუშვა”?
- ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს...
- ესე იგი, გაქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილს თავისავე გუნდი გაწირავს?
- მიშა “ნაცმოძრაობისთვის” დღეს ტვირთი და დამთავრებული ფიგურაა! ამას მიშა თვითონაც უნდა მიხვდეს...
- რეჟიმი მხოლოდ მიშამ ხომ არ შექმნა?
- არა, მაგრამ პირამიდის სათავე იყო.
- მაშასადამე, მიშას დაჭერით მოსახლეობა დაშოშმინდება?
- დიახ, მიშას დაჭერით ხალხი დაკმაყოფილდება, მით უმეტეს, რომ ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა და კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშია მიცემული.
- ბატონო კოტე, ქართული ანდაზაა, ხალხი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ჰოდა, ჩვენც მგონი, ასე ვართ - მიშას დაჭერის ვერსიებს ვაყალიბებთ, თავად პრეზიდენტყოფილი კი, თითს გვიქნევს, მალე დავბრუნდებიო...
- მიშა ამ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ საქართველოში პოზიციები შეინარჩუნოს.
- იზიარებთ გავრცელებულ ხმას, რომ 21 მარტის მიტინგის შემდეგ, სააკაშვილი თითქოს თანაგუნდელებს ეჩხუბა, ამდენი ფული დამახარჯინეთ და მიტინგზე ბევრი ხალხი მაინც ვერ მიიყვანეთო?
- ეს, მგონი, ჩვეულებრივი ჭორია, რადგან მიტინგზე ზუსტად იმდენი ხალხი მივიდა, რისი შესაძლებლობაც “ნაცმოძრაობას” აქვს. ასე რომ არ იყოს, “აი-რა-ი”-ს კვლევაში ყოფილ მმართველ პარტიას უფრო მეტი პროცენტი ექნებოდა.
- კვლევა 21 მარტამდე კარგა ხნით ადრე ჩატარდა...
- დიახ, მაგრამ “აი-რა-ი”-ს შეეძლო, რომ კვლევა 21 მარტამდე გამოექვეყნებინა...
- ერთი სიტყვით, კოტე ბატონო, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე დიდი თამაშებია, არა?
- ბუნებრივია, არის. საერთოდ, პოლიტიკა თამაშის გარეშე არ არსებობს. პოლიტიკა თამაშების ხელოვნებაა და მეტი არაფერი!
- ისე, არ მგონია, რომელიმე ხელისუფლება ქვეყნისა თუ ხალხისთვის ცუდს მიზანმიმართულად აკეთებდეს...
- ყველა ცდილობს, რომ პოლიტიკური თამაშებით მაქსიმალური სარგებელი ნახოს...
- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ამას წინათ, ჩანაწერი გავრცელდა, სადაც თბილისის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონი “ოცნების” ყოფილ წევრს სუს-ით ემუქრება... სპეცსამსახურები, მამხილებელი მასალების გარდა, ხალხის შესაშინებლად კიდევ რა მეთოდებს იყენებენ?
- როცა სუს-ის თანამშრომელი ვინმეს ურეკავს და ემუქრება, ეს მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული კი არა, პირველ რიგში, არაპროფესიონალიზმია. ამიტომ, ასეთი თანამშრომელი სისტემიდან სასწრაფოდ უნდა დაითხოვონ!
იმისთვის, რომ ვინმეზე ზემოქმედება მოახდინო, სხვა ხერხები და მეთოდები არსებობს.
- სახელდობრ?
- ამას ვერ გეტყვით...
- სუს-ი თქვენც ხომ არ გითვალთვალებთ?
- სუს-ის კი არა, შეიძლება, სხვა უწყებების მეთვალყურეობასაც ვგრძნობ, თუმცა ასეთი დაკვირვებები არ მაშინებს და მეც მაქვს საშუალება, რომ ვიღაც-ვიღაცებს დავაკვირდე...
- ერთის მხრივ, ალბათ, კარგია, როცა გითვალთვალებენ - ამ გადარეულ ქვეყანაში არავინ იცის, რა მოელის, მაგრამ სპეცსამსახურმა ობივატელი როგორ უნდა დაზაფროს?
- ეს ოპერატიული თამაშების ხელოვნებაა... საერთოდ, სპეცსამსახურები, როგორც წესი, ცნობადი, ანუ იმ ადამიანების გადაბირებას ცდილობენ, ვისაც მასზე გავლენა აქვს, თორემ არაცნობად “ტიპებზე” ზემოქმედებას შედეგი არ მოაქვს.
...სხვათა შორის, ველოდები, რომ ე.წ. “კაბელების საქმე” გააქტიურდება და ამით ირაკლი ალასანიას რეიტინგი გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, “აი-რა-ი”-ს კვლევით ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტიც გააქტიურდეს.
ისე, ვანო, თუ დააკვირდით, ორი დღის წინ, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ირაკლი ალასანია ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციას ერთად დაესწრნენ. მეტიც, გვერდი-გვერდ ისხდნენ. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება, მით უმეტეს, ამ კონფერენციაზე მთავრობა არცთუ ფართოდ იყო წარმოდგენილი.
- ...ბატონო კოტე, ვარაუდობდით, რომ უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებდა, თუმცა ასე არ მოხდა...
- მოდით, რა, კარტები გავხსნათ: რაც ვთქვი, ის, პრაქტიკულად, პროფილაქტიკა იყო...
- ანუ, უმრავლესობაში ვიღაცამ გათვალა, რომ...
- (სიტყვას მაწყვეტინებს) ვიღაც რა შუაშია?.. ივანიშვილი ჭკვიანია, პოლიტიკური თამაშებიც იცის და სიტუაციასაც მართავს, რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსია...