ალტერნატივა - პარტიული სიები, ,,თბილისელების პარლამენტი' თუ ორპალატიანი ორგანო
პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმებისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლისკენ მოუწოდა. მეტიც, მისი თქმით, პარლამენტმა ამ ცვლილებებზე მუშაობა გაზაფხულზევე უნდა დაასრულოს, რათა მომავალი არჩევნები გაუმჯობესებული სისტემით ჩატარდეს. ამით აღფრთოვანებული არავინ დარჩენილა, თვით კოდექსზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციაც კი. სახელისუფლო პარტია კი აღშფოთდა, თუმცა ,,ოცნების პასუხი' კონკრეტულად ამ საკითხზე, არ მოგვისმენია.
თავად არჩევნების მაჟორიტარული წესი, როგორც პრობლემა, არახალია და ამაზე ლამის მთელი საქართველო თანხმდება, პარლამენტში არჩეული 73 მაჟორიტარისა და ხელისუფლების ერთი შტოს გარდა. ცოტა ხნის წინ, ე.წ. ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნო კოდექსის თემატიკაზე მემორანდუმი შეადგინა, სადაც ერთ-ერთ პუნქტად მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება შეიტანა. მემორანდუმს კი ხელს დავით უსუფაშვილი, ნაციონალები, ალასანია, თითქმის ყველა არასაპარლამენტო პარტია და არასამთავრობოები აწერენ. ამ პროცესებსა და მოლაპარაკების მაგიდისმიღმა მხოლოდ პარტია ,,ქართული ოცნებაა' დარჩენილი. მოქმედი საარჩევნო სისტემით, დღეს პარლამენტში პარტიული სიით 77, მაჟორიტარულით წესით კი, 73 დეპუტატია არჩეული. რაკი ინიციატივას მხარს რესპუბლიკელებიც უჭერენ, ნაციონალებიცა და ალასანიას პარტიაც, ,,ოცნების' რამდენიმე წევრის ხმაა საჭირო, რათა ამ საკითხზე საკონსტიტუციო უმრავლესობა შედგეს. თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ,,ხმები' დეპუტატებმაც ,,დაკარგეს'.
დანარჩენები ერთ აზრზე კი არიან, მაგრამ ჯერ მოქმედი სისტემის ალტერნატივაზე ვერ შეთანხმებულან: როგორც ინტერპარტიულ ჯგუფს, ანუ არასაპარლამენტო პარტიებს მიაჩნიათ, არჩევნები რეგიონულ- პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ანუ 100 დეპუტატი საერთო პროპორციული წესით, ჩვეულებრივი პოლიტსიებით უნდა ავირჩიოთ, დანარჩენი 50 კაცი კი რეგიონულ- პროპორციულით. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქები გამსხვილდება და მაგალითად, ქუთაისის, სამტრედიის და ა.შ. მაჟორიტარების ნაცვლად, იმერეთის მაჟორიტარები გვეყოლებიან. არასამთავრობო სექტორის აზრით კი, ყველა დეპუტატი მხოლოდ რეგიონულპროპორციული სისტემით უნდა აირჩეს. სიმართლე ითქვას, მინუსი და ხარვეზი დღევანდელ კოდექსსაც უხვად აქვს და ოპოზიცია- არასამთავრობოების იდეასაც. მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარებისას ამომრჩეველთა ხმები ,,იყლაპება', რადგან ზოგ ოლქში ერთ კაცს 5 000, ზოგან კი 50 000 ადამიანი ირჩევს. მთლიანად რეგიონულ- პროპორციული სისტემით კი, პარლამენტის უდიდეს ნაწილს თბილისი დააკომპლექტებს და რეგიონები წარმომადგენლობების გარეშე დაგვრჩება. ფაქტია, ხელისუფლება დუმს, მეორე მხარეს კი არ აქვს კონკრეტული, ჩამოყალიბებული და დასაბუთებული პასუხი კითხვაზე - მაჟორიტარული წესის გაუქმების შემდეგ, რა სისტემაზე გადავდივართ და როგორ აირჩევს რეგიონის მოსახლეობა წარმომადგენლობას პარლამენტში? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ინტერპარტიული ჯგუფის წევრსა და ქდმ-ს ყოფილ წარმომადგენელს ცესკო- ში, გოჩა ჯოჯუას, რომელიც საარჩევნო საკითხებში კარგად ერკვევა: ,,როცა პრეზიდენტს შევხვდით, ითქვა, რომ მაჟორიტარული სისტემა, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებით, უნდა გაუქმდეს. ამაზე ოპოზიცია, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ექსპერტთა კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაციები ვთანხმდებით. ხოლო როგორი უნდა იყოს პროპორციული სისტემა, ჯერ აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენს მემორანდუმზე სახელისუფლო პარტიის გარდა, ხელი მთელმა საქართველომ მოაწერა, ,,ოცნებასთან' კი აქამდე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაც კი არ მოხერხდა. პრეზიდენტის ამ განცხადებასაც იგივე შედეგი ექნება, რაც ჩვენსას - საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების უფლება მას სამართლებრივად არ აქვს, პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, ერთი კერძო პირია'. კითხვაზე, რა არის მაჟორიტარული სისტემის ალტერნატივა და რას სთავაზობს ოპოზიცია რეგიონის მოსახლეობას, ჯოჯუა ასე გვპასუხობს: ,,ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქვე, შეიძლება, ერთი მიღწევა ის იყოს, ხელისუფლება თუნდაც იმაზე შეგვითანხმდეს, რომ 2016 წლის პარლამენტი არსებული სისტემით დაკომპლექტდეს, ყველა მომდევნო არჩევნები შეცვლილი კოდექსით ჩატარდეს. ასევე, იმაზე ფიქრიც შეიძლება, რაც პრეზიდენტმა ჩვენთან შეხვედრისას თავად გააჟღერა - შესაძლოა, მაჟორიტარები მეორე პალატაში გადავიდნენ'.
ორპალატიანი პარლამენტის შექმნის იდეა საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაშიცაა ჩადებული, მაგრამ ეს ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღსდგება, ქდმ-ს ნაწილის ლიდერი, გოჩა ჯოჯუა კი საკითხს პირიქით სვამს: ,,საკითხავია, ეს საკითხი აფერხებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას თუ პირიქით, ხელს უწყობს. იქნებ, ორპალატიანი სისტემაა ტერიტორიების დარბუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი?! იქნებ, სეპარატისტულად განწყობილმა ნაწილმა თავი ასე უფრო დაცულად იგრძნოს! როცა მეორე პალატაზეა საუბარი, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე თავიანთი წარმომადგენლობა ეყოლებათ პარლამენტში და ამით გარკვეული გარანტიებიც მეიცემათ. ასევე, არის ვარიანტი დიდ ოლქებში რამდენიმე მანდატის შემოტანაზე. თუმცა დღეს ეს ცალ კარში თამაშია, მსჯელობა მარტო მაშინ შეიძლება, თუ ,,ოცნება' დაგვთანხმდება, რომ დავსხდეთ და ვარიანტებზე ვისაუბროთ. ვიდრე პასუხი არ გვექნება, ამ ვერსიების შესახებ ერთმანეთში ვიდავოთ? შეცდომა დავუშვით, ხმამაღლა რომ არ ვთქვით, 2016 წელს არჩევნები ძველი წესით ჩატარდეს, რათა მაჟორიტარებისთვის ეს ცვლილება მტკივნეული არ იყოს, მაგრამ ყველა მომდევნო არჩევნები შეცვლილი სისტემით ჩავატაროთო. თუმცა ხელისუფლება არც ამაზე მოდის'. მიდის თუ არა საერთოდ რაიმე ტიპის დათმობაზე და რას პასუხობს პრეზიდენტს მთავარი სახელისუფლო პარტია, ამაზე ,,ვერსიისთვის' უმრავლესობიდან ერთ-ერთმა პირველმა, ბორჯომის მაჟორიტარმა გედევან ფოფხაძემ ისაუბრა: - არასწორია, რომელიმე კონკრეტული სისტემა სიკეთედ ან ბოროტებად გამოცხადდეს. ორივე სისტემას აქვს თავისი ხარვეზები: მაჟორიტარული არჩევნების დროს რეგიონის მოსახლეობის ხმები, გარკვეულად, იკარგება, პროპორციული არჩევნების დროს - არა, მაგრამ რაიონებს წარმომადგენლები არ ეყოლებათ. მაჟორიტარული სისტემის პლუსია, რომ ბიულეტენში სახელი და გვარი წერია და იცი, ვის ხაზავ. ხოლო როცა მარტო პარტიული სია გაქვს, პირველი პირი შეიძლება მოგწონს, მაგრამ სიაში 11-ე არც იცი, ვინაა. ამიტომ იმის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ, კონიუნქტურულად, ვის რა გვირჩევია. თავადაც მაჟორიტარი ვარ, მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ კატეგორიული როგორ უნდა ვიყო? თან საერთო პროპორციული სიებით, პარლამენტში მხოლოდ პოლიტიკური ბომონდი შევა, ვინც თბილისში, თავკომბალა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. რეგიონები პროპორციულ სიებში რაღაც დონეზე მაინც იყოს წარმოდგენილი, ამაზე მსჯელობა მართლა შესაძლებელია, მაგრამ ასე კატეგორიულობით რეკომენდაციების მიცემა არ შეიძლება.
- პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველა ხელისუფლებას უნდა მაჟორიტარული სისტემა და ოპოზიციაში ყოფნისას, აღარ მოსწონს.
- დიახ, ეს მომენტი არის, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის მეტი შანსი აქვს, მაჟორიტარი გაიყვანოს. კონსტიტუციაში ისიც წერია, რომ პარლამენტის რაღაც ნაწილი პროპორციული, რაღაც ნაწილი მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს. ამიტომ ან კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, თუ მაჟორიტარული არჩევნები უქმდება, ან თავად მაჟორიტარული არჩევნების წესი და ვთქვათ, ოლქები მრავალმანდატიანი გავხადოთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამორიცხულია, ეს თემა გაზაფხულზე მოესწროს - მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი ცვლილებებს იმპერატიულად მავალებს. ხელის გადაგრეხის პრინციპით ხომ არ უნდა აიძულო დეპუტატი, რაღაც შეცვალოს? ბოლობოლო პარლამენტში 70-ზე მეტი მაჟორიტარი გვიზის და მათგან იმის თქმა, მე რომ მაჟორიტარად ამირჩიეს, არასწორიაო, მინიმუმ, უხერხულია.
- აბა, სადაა გამოსავალი.
- ალბათ, ერთ-ერთი გამოსავალი მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის დაბალანსება და ხმათა თანაბრობის პრინციპია. ჯამში, სადავო ხომ ისაა, რომ ერთ დეპუტატს ზოგან 5 000 კაცი ირჩევს, ზოგან - 60 000. ამიტომ არავინ უნდა იყოს კატეგორიული: უხერხულია, როცა ერთი ინსტიტუცია მეორეს რაღაცას ავალდებულებს და ეს ასე მიიღეო, გეუბნება. თუ არ ვეთანხმები ამაში, რატომ უნდა მივიღო?