როგორ გაწვრთნა ქართველმა ,,ჩარლიმ' 7 ქალი ბინების მძარცველებად, რატომ ეძახდა მათ ,,მურკებს' და როგორ აღმოჩნდა რუსთავის ციხეში
ბოლო დროს, საინფორმაციო საშუალებებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები დააკავეს. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვთქვა, რომ ეს არავის უკვირს, რადგან ბედის (ძირითადად ფულის) საძიებლად უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეები ხშირად იძულებულნიც კი არიან, კრიმინალი ჩაიდინონ, ელემენტარულად, საარსებო პირობები რომ ჰქონდეთ. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ეს სხვა განზომილებაა - ჩამოყალიბებულმა კრიმინალებმა კარგად იციან, ევროპელებისთვის ჯერჯერობით უცხოა ის მეთოდები, რომლითაც ისინი საქართველოში ან პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედებდნენ და სანამ ,,დახვეწილ' კრიმინალს გამოიძიებენ, ბევრი საქმე კეთდება.
ბოლო დროს კირმინალურ დაჯგუფებებში ქალების რიცხვმა იმატა. ქართველი ქალბატონები არათუ ეხმარებიან მამაკაცებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ ძარცვაში, ყაჩაღობაში და ასე განსაჯეთ, წამებაშიც კი...
რუსთავის #17 ზონაში, კახეთის რეგიონის მაყურებელი ნიკა წ. 15-წლიან სასჯელს იხდიდა. ნიკას ქართველმა სამართალდამცავებმა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, ნაცად ხერხს მიმართეს, წამალი ჩაუდეს და ,,სროკზე' გამოუშვეს. არადა, ყველამ იცოდა, რომ ესპანეთში მოღვაწე ნიკა, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში მეტსახელად ,,ჩარლის' ეძახდნენ, სერიოზულ საქმეებს ,,არტყამდა'. რატომ ჩარლი?! იმიტომ, რომ ბანდაში მხოლოდ ქალები ჰყავდა, თავად ჩარლი იყო, ქალები კი ჩარლის ანგელოზები. ქართველმა სამართალდამცავებმა მისი ,,საგმირო საქმეების' შესახებ იცოდნენ, ესპანელ კოლეგებს მიწერეს კიდეც, მაგრამ ესპანელები ვერაფერს უმტკიცებდნენ იმის მიუხედავად, რომ ქართველები ჯიუტად ამტკიცებდნენ, ბარსელონას გარეუბნებს მთლიანად ნიკა აკონტროლებს და ბინის ყველა ყაჩაღობა სწორედ მისი ორგანიზებულიაო.
ნიკა სამშობლოში არ ჩამოდიოდა, მაგრამ როცა დედა გარდაეცვალა, იძულებული გახდა, რამდენიმე დღით დაბრუნებულიყო და სწორედ მაშინ დააკავეს. ესპანურ საქმეებზე აქ არავინ შეედავა, უბრალოდ ,,სუბუტექსის' აბები ჩაუდეს და სასამართლომაც არ დაინდო. ესპანეთში მისი ,,ანგელოზები' მარტო დარჩნენ, თუმცა ისინი სხვამ შეიფარა და... ერთი თვის შემდეგ ყველა ქალი დაიჭირეს.
,,ნიკუშ, შენზე კახელები მანამდეც ლეგენდებს ჰყვებოდნენ, როცა დაგიჭირეს, ლამის იტირეს და ეგებ შენ მოყვე, რა და როგორ იყო. მით უმეტეს, სანამ დაგიჭერდნენ, კახელებს შენი გამოგზავნილი ფულით არაერთხელ გაუშლიათ ზონაზე მსუყე სუფრა და შენი სადღეგრძელოც დალეულა ჩეფირით', - პატიმარი #0578 ნიკას კამერაში იყო და კახელების ,,მაცქერალს' ესაუბრებოდა.
ნიკა ფანჯარაში იყურებოდა, თითქოს არ ესმოდა, მას რომ ესაუბრებოდნენ, მერე ნელა მოტრიალდა, #0578-ს შეხედა და ღიმილით უთხრა: ,,იცი, შენნაირი რომ მყოლოდა ესპანეთში, ახლა მილიონერი ვიქნებოდი'.
,,ჩემნაირი რად გინდოდა, ანგელოზები გეხვია გარს და მე რაში გამოგადგებოდი?!' - გაეღიმა #0578-ს.
,,რაში და, იქ, ჩემი მურკებისთვის ვინმე ჭკვიანს რომ მიეხედა, ასე სულელებივით არ ჩაცვივდებოდნენ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ყველაფერი მარტივია, მაგრამ სანამ ისინი საქმეს ისწავლიდნენ, ორ წელზე მეტი ვავარჯიშებდი. გესმის შენ?! ახალი სიტყვა ვთქვი ევროპულ კრიმინალში, ასი პროცენტით ქალებისგან შემდგარი დაჯგუფება არავის ჰყოლია და მე მყავდა. ახლა კი...'
,,მერამდენედ გავიგე შენი პირიდან სიტყვა მურკა და კარგად ამიხსენი, რას ნიშნავს', - შეეკითხა #0578.
,,მურკას ქალს ვეძახი, იმ ქალს, რომელიც საქმეს აკეთებს და პარალელურად, ურთიერთობა გაქვს, სექსი რა. ეგ არის მურკა, კრიმინალი ქალი, კარგი ქალი, ჯანმრთელი ქალი, მაგრამ მოდი, ახლა ქალებზე საუბარს შევეშვათ, სხვაგან წაგვიყვანს. რა მკითხე წეღან, რა მომიყევიო?!' - ნიკამ სერიოზული სახე მიიღო.
,,მოიცა, კაცო, მომიყევიო კი არა, შენ გინდა თქვა, რომ ის სამი ქალი, რომელიც კამანდაში გყავდა, შენი იყო?!' - გაოცდა #0578.
,,ჯერ ერთი, სამი აქ გაბაზრებული თემაა, სამიც მყავდა და შვიდიც. რაც შეეხება ჩემები იყვნენ თუ არა... ქალს თავისუფლება თუ მიეცი, კრიმინალ ქალს და თუ აგრძნობინე, რომ დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია, გაგექცევა და თუ არ გაუშვებ, ღამე ყელს გამოგჭრის. ამიტომ, ყველას ვეფერებოდი, არაფერს ვუშლიდი, თითქმის არაფერს, მაგრამ სექსი ყველასთან მქონდა და ყველამ იცოდა. საქმეს ვაკეთებდით და როცა ჰორმონების შემოტევა გვაწუხებდა, არც სექსზე ვამბობდით უარს. სხვა კაცი არც მე მინდოდა, არც იმათ. გარკვეული თანხის დაგროვების სურვილი გვქონდა, მერე ბიზნესი უნდა დაგვეწყო და დამიჯერე, მართლა დავიწყებდით', - ჩუმად თქვა ნიკამ.
,,კარგი, მივალთ მაქამდე, თავიდან დავიწყოთ და ის მითხარი, რა თანხა გინდოდა ასეთი ბიზნესისთვის, რომ ვერ დააგროვე?! ამბობენ, ნიკას ანგელოზებმა ბარსელონაში 300-ზე მეტი ბინა დააყაჩაღესო და თითოდან 1000 ევროს ღირებულების საქონელი რომ წაგეღოთ, ცოტა არ არის', - გაუკვირდა #0578-ს.
,,ცოტა არ არის, მაგრამ ჩვენ ექვსი მილიონი ევრო გვჭირდებოდა. ამ თანხის მესამედი თითქმის შეგროვებული გვქონდა, მაგრამ აგერ, დაიშალა ყველაფერი', - ნაღვლიანად თქვა ნიკამ.
,,და სად დევს ახლა ეს თანხა?!' - დაინტერესდა #0578 და ნიკამ გადაიხარხარა: ,,არა რა, მაინც კრიმინალისკენ მიდიხარ. არსად არ დევს, ბანკშია, ოღონდ იცი როგორ არის? თუ ყველა არ მივედით, ცალ-ცალკე არავის მისცემენ, ახლა ჩემს ანგელოზებს ესპანეთში სასჯელი შეუფარდეს, მაქსიმუმი ოთხი წელი აქვთ, მე კი 15 მომარჭვეს. შესაბამისად, მეც გარეთ უნდა ვიყო და ამიტომ, მშვიდად ვარ, იმ ფულს ვერავინ შეეხება'...
,,და იმ ექვს მილიონად რა უნდა გეყიდათ?!' - ისევ ჰკითხა #0578-მა.
,,ერთ-ერთი რესტორანი ბარსელონას ცენტრში. რესტორნის მეპატრონეს ვესაუბრე, იცოდა, რომ გვინდოდა და შეთანხმებულიც ვიყავით, რომ 4 მილიონს მივცემდით, დანარჩენს კი ერთი წლის განმავლობაში', - დაასრულა ბიზნესგეგმა ნიკამ.
,,კარგი და, ეგ ქალები სად იპოვე?!', - არ მოეშვა #0578.
,,ესპანეთში. ემიგრანტთა დასაქმების სააგენტო გავხსენი და განაცხადების მიღება დავიწყე. ასე შევარჩიე შვიდი ჯანმრთელი გოგო, მერე ცალ-ცალკე დაველაპარაკე ყველას და ერთმა უარი თქვა. ბინის გაღება, იარაღის ხმარება, სად რა უნდა მოეძებნათ... ეს ყველაფერი ვასწავლე. ორს ანტიკვარიატის შემსწავლელი კურსები გავატარე და ნივთს როგორც კი მოკრავდნენ თვალს, მაშინვე ამბობდნენ, რა ღირდა. რაც შეეხება მეშვიდე წევრს, ის ძალიან უცნაურად შემოგვემატა. ერთ-ერთ ბინაში შეცვივდნენ ჩემები და ოჯახის წევრებმა ხმაური ატეხეს. საქმე გაჭირდა და ბოლოს მოსამსახურე დაეხმარა ჩემებს და წამოსაღები წამოიღეს. ის მოსამსახურე ქართველი გამოდგა, ამათი საუბარი რომ გაიგო, რაღა ამ ესპანელებს ვუწმინდო უკანალიო და წამოგვყვა რა. სამწუხაროდ, ყველაზე სასტიკი გამოდგა. თუ ვინმეს წამება იყო საჭირო, ის აკეთებდა, თვალის დაუხამხამებლად აჭრიდა ყურს და თითს ადამიანებს. ვეუბნებოდი, ასეთი სისასტიკე არ გვინდა-მეთქი და გიჟდებოდა, შენ არ იცი, რაც ამათ შეურაცხყოფა მომაყენეს და რაც ამათ გამო დამცირება გადავიტანე, ყურს კი არა, თავს მოვაჭამო...
ასე ვცხოვრობდით თბილად და ტკბილად. საკუთარი სახლი გვქონდა ნაქირავები, საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად იყო, ერთადერთი კაცი ვიყავი და ამას არავინ აპროტესტებდა. სიფრთხილის გამო არც არავის ვეძებდით. ფულს სახლშიც ვგზავნიდით და ბანკშიც ვინახავდით. ოჯახებმა იცოდნენ, რომ ისინი დამლაგებლებად და მომვლელებად მუშაობდნენ. ერთი ოთახი გვქონდა ღარიბულად მოწყობილი, საიდანაც ,,სკაიპით' ოჯახის წევრებს ელაპარაკებოდნენ და გაუსაძლის ყოფაზე წუწუნებდნენ...'
,,და... ამ შვიდიდან არც ერთი არ დაორსულდა?!' - დაინტერესდა #0578.
,,გამაგიჟებ შენ. შენ კრიმინალი გაინტერესებს თუ სიყვარულის ისტორია. რა დაორსულდა, ვის ეცალა მაგისთვის, ცალკე ისინი სვამდნენ წამლებს, ცალკე მე და გვშველოდა', - გაეცინა ნიკას.
,,კარგი, ყველაზე საინტერესო საქმე მომიყევი და მოვრჩეთ', - დაამშვიდა #0578-მა.
,,ერთხელ საკუთარ სახლს დავადგით თვალი. ოჯახის პატრონებს ,,მაზერატი' და ,,ლამბორგინი' ჰყავდათ და შესაბამისად, ადვილი მისახვედრი იყო, დიდი ფული ექნებოდათ. სახლში შესვლა დღისით გადავწყვიტეთ, მაშინ, როცა შინ არავინ იქნებოდა. მე ყოველთვის გარეთ ვიდექი მარშუტკის პონტში მყავდა მანქანა. შევიდნენ. გავიდა ათი წუთი, ოცი, ნახევარი საათი და არ ჩანან. არადა, შესვლა და მაქსიმუმ ათ წუთში გარეთ იყვნენ. კიდევ დავიცადე და ერთი საათი რომ გავიდა, ბინაზე დავაკაკუნე. იარაღის გადატენვის ხმა გავიგე შიგნიდან და მეც მოვიმარჯვე იარაღი. ერთ-ერთმა ჩემმა გოგომ გამიღო. გადავირიე, აქ რას აკეთებთ-მეთქი და სახლში შევვარდი. არც მანამდე და არც მას მერე არ მინახავს ასეთი რამ - ერთი დიდი ოთახი მთლიანად კაბების საკიდად იყო ქცეული. აბა რა გითხრა... ათასი, ათი ათასი... მილიონი კაბა გინახავს ერთად? ვის სჭირდებოდა, ან რად უნდოდათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ასე იყო. ჰოდა, ეს ჩემი ანგელოზები იდგნენ და კაბებს იზომებდნენ. გავგიჟდი კინაღამ, წამოდით-მეთქი და... იმ სახლიდან დაახლოებით ათასი კაბა წამოიღეს, მეტი არაფერი, არცერთ ოთახში არ იყვნენ ნამყოფი და დაყოვნებაც არ შეიძლებოდა, სახლის პატრონები ბრუნდებოდნენ'.
პატიმარი #0578