რა ხდება მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდში
გაგიკვირდებათ და, დღევანდელ სიტუაციაში, საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც კი აღიარებენ, რომ ბიზნესი ტერორისგან თავისუფალია და ნებისმიერს თამამად შეუძლია ბიზნესსაქმიანობის წარმოება. თითქოს ერთადერთ პრობლემად, არასათანადო ბიზნესგარემო და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება, თუმცა...
სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობასა და გამარჯვებული ფირმების პასუხისმგებლობაზე მთავრობის უმაღლესი პირები არაერთხელ აკეთებენ განცხადებას და რეალურად, ასეც უნდა იყოს. თუმცა სიტყვა ,,იყოს', არ ნიშნავს, რომ არის. სურვილი ერთია, რეალობა მეორე და სწორედ ამ მწარე რეალობას სოლიდური ფირმების არამარტო ინტერესები, არამედ იმიჯი და ფინანსები ეწირება, ასეულობით ადამიანი უმუშევარი რჩება. შარშან, შემოდგომაზე, თბილისის მერიის სსიპ-მა, ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა 2.7 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიას დიღმის ჭალებში სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
აღნიშნული კომპლექსი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვისაა განკუთვნილი. სატენდერო ვადის გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ გამარჯვებული კომპანია „მშენგრუპი“ გახდა. ფირმამ სამუშაოები დადგენილ ვადაში დაიწყო, მაგრამ მალევე გაჩერდა. „პროექტის „მშენგრუპისთვის“ გადაცემის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ 1150-მეტრიანი გზიდან, 680 მეტრზე სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო. გზის გარკვეულ ნაწილზე უნდა აშენებულიყო ფეხით მოსიარულეთა გვირაბი, რომლის გადახურვის ფილა არ იყო მყარი და ამ კონსტრუქციას, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. ასევე, გარკვეული პრობლემები იყო გზის საყრდენ კედელსა და განათების ბოძებთან დაკავშირებითაც. ბოლო 300 მეტრზე კი, საჭირო იყო 65 ერთეული ხის მოჭრა, რომელთაგან 5 ხე წითელ წიგნში შედის“, - ჩვენთან საუბარში განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილემ ალექსი ჯავახიშვილმა. რაღა თქმა უნდა, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, „მშენგრუპმა“ ხარვეზების გამოსასწორებლად ტექნოლოგიური განვითარების ფონდს წერილით მიმართა. კომპანიის წერილში აღნიშნული იყო, რომ თუ ხარვეზები არ გამოსწორდებოდა და პროექტი კორექტირებას არ განიცდიდა, სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდებოდა. თბილისის მერიის სსიპ-ის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ „მშენგრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ბატონი კახა ზეპირსიტყვიერად დაპირდა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაში პირადად დაეხმარებოდა, სანაცვლოდ კი, კომპანიისგან წერილი მოითხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ პრობლემები მოგვარებულია. რბილად რომ ვთქვათ, საქმე უპასუხისმგებლობის ზეიმთან გვაქვს, თუმცა... ამ შეხვედრის შემდეგ, „მშენგრუპს“ ფონდის მხრიდან არანაირი პასუხი აღარ მიუღია. უკვე ერთი კვირის შემდეგ, ანუ 10 ნოემბერს, კომპანიამ თბილისის მერიას მიმართა. თბილისის მერიამ „მშენგრუპი“ „სინათლის ქალაქთან“ გადაამისამართა. „სინათლის ქალაქმა“ - მე რა შუაში ვარო და, „მშენგრუპი“ ისევ მერიასთან გადაამისამართა. პროცესები თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, მერიის თანამშრომლებს სულ არ ადარდებდათ, რომ კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადა ეწურებოდათ და, სავარაუდოდ, „მშენგრუპი“ ვალდებული იყო, მერიაში „ჯოკია ბოდოკია“ მოენახა, თუმცა კომპანიამ ეს არ გააკეთა. მერიამ კი ის გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა - გამარჯვებული კომპანია, უბრალოდ, გაწირა.
დეკემბერში მოხდა ის, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე - „მშენგრუპს“ ცალმხრივად შეუწყვიტეს ხელშეკრულება და ჯარიმის სახით, მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრეს. უფრო კონკრეტულად კი, 17 დეკემბერს, ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა, გეგმა- გრაფიკით შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული ჯარიმების გამო, რომელიც ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს აჭარბებდა, „მშენგრუპს“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. ამის შემდეგ პროცესები უფრო საინტერესოდ განვითარდა - ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა, 2015 წლის იანვარში, სამუშაოების გასაგრძელებლად, პირდაპირი შესყიდვის წესით, კომპანია „კალასი“ დაიქირავა და პროექტი მას გადასცა. ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ მერიის სსიპ-მა „მშენგრუპის' პრეტენზიები გაითვალისწინა და „კალასს“ უკვე დაკორექტირებული და გახანგრძლივებული ვადით არსებული პროექტი დაუდო მაგიდაზე. ანუ, ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა აღიარა, რომ პროექტი შეცდომით ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ეს „მშენგრუპთან“ კი არა, თავისთვის აღიარა და „კალასი“ დაიქირავა. ახლა იურისტობაზე ნამდვილად არ დავდებთ თავს, მაგრამ ის რომ გაკორექტირებული, ვადაგაგრძელებული პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 მილიონს აჭარბებს, ერთ პირთან მოლაპარაკებით რომ გადადის ერთი ფირმიდან მეორის ხელში, ეჭვებს ნამდვილად აღძრავს. „თუ ვინმე მაინც შეასრულებდა ამ პროექტს დადგენილ ვადებში, სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა გამხდარიყო, რადგან უნდა მოეჭრა წითელ წიგნში შესული ხეები და აეგო ისეთი გვირაბი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვარჩიეთ, გვებრძოლა პროექტის შესაცვლელად, ვიდრე გავმხდარიყავით სისხლის სამართლის დამნაშავეები და სამუშაოები ამ გზით მიგვეყვანა ბოლომდე“, - ამბობს ჯავახიშვილი. „მშენგრუპმა“ კაცისმკვლელი გვირაბის აგებაზე უარი თქვა, იგივეს იტყოდა „კალასიც“ და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა - „მშენგრუპის“ აღმოჩენილი ხარვეზი რაღაცნაირად „კალასს“ წაადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ მერიის სსიპ-ის ხელმძღვანელის პოზიციითაც დავინტერესდით და ის დაპირებაც შევახსენეთ, რომლის მიხედვითაც მას ხარვეზები უნდა გამოესწორებინა. „მშენგრუპმა“ დაარღვია ხელშეკრულების ვადები. დაახლოებით, 20 დღე გადააცილა დაგეგმილ გრაფიკს, რის გამოც ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. არსებობდა მხოლოდ უმცირესი ტექნიკური პრობლემები, რომლებმაც არ შეიძლება შეაფერხოს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის სამუშაოების მსვლელობა. ის, რომ ვინმეს რამეს დავპირდი, არის სრული ნონსენსი. მე, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელე ვარ, რომელიც ექვემდებარება კანონს. არავითარი დაპირებების გაცემა, კანონს ზემოთ, არ შემიძლია. ამ შემთხვევაში, მთავარი იყო ხელშეკრულება და ხელშეკრულების ვადები, რომელიც, სამწუხაროდ, დაირღვა“, - ამბობს კახა გვანცელაძე. იმის მტკიცებას, რომ ბატონი გვანცელაძე ყველაფერში ტყუის და „მშენგრუპი“ ყველაფერში მართალია, ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ ეგებ ვინმემ მაინც აგვიხსნას ის, როგორ მოხდა, რომ 2.7 მილიონის ღირებულების პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მარტივად გაწიეს გვერდით, შემდეგ ტენდერის გამომცხადებელმა ხარვეზები გამოასწორა, „მშენგრუპი“, უბრალოდ, ფეხებზე დაიკიდა (მერიამაც და სინათლის ქალაქმაც და ყველამ, ვისაც არ დაეზარა) და სხვა კომპანიას სასათბურე პირობები შეუქმნა - ტენდერის გარეშე გამზადებული პროექტი მისცა და თან ვადა გაუხანგრძლივა. ,,ვერსიის' ინფორმაციით, საქმეს სასამართლო განიხილავს და იმედია, ისიც მერიასავით არ მოიქცევა. თუ „მშენგრუპს“ იქაც ჯოკია ჰყავს მოსაძებნი, ეგებ ახლავე თქვან?!