ბიზნესისთვის გადასახადები ლიბერალური არ არის

ბიზნესისთვის გადასახადები ლიბერალური არ არის

რამდენად ლიბერალური და მისაღებია ბიზნესისთვის საქართველოში არსებული საგადასახადო გარემო და უნდა შემცირდეს თუ არა გადასახადები, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება აუდიტორი ირაკლი შავიშვილი:

- როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ საგადასახადო გარემოს, საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობიდან გამომდინარე რამდენად ლიბერალურია ის ბიზნესისთვის დღეს?

- ვფიქრობ, რომ ბიზნესისთვის გადასახადები არ არის ლიბერალური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ჩენ ვართ, ბევრად უფრო ნაკლები გადასახადი უნდა გვქონდეს. ამ კუთხით, აშშ ძალიან კარგი მაგალითია, როცა გასული საუკუნის დასაწყისში საშემოსავლო გადასახადი შეერთებულ შტატებში იყო 1%, მოგების გადასახადი იყო ერთიდან 8%–მდე, მაშინ წმინდა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ამერიკა დღევანდელ საქართველოზე ბევრად წინ იყო, სწორედ ამიტომ გახდა შეერთებული შტატები მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო, ჩვენ კიდე ვართ იქ სადაც ვართ.

- ეთანხმებით თუ არა სსფ–ს მისიას საქართველოში, რომელმაც საქართველოს მთავრობას გადასახადების გაზრდა ურჩია ამ პერიოდის ერთ–ერთ გამოსავლად?

- მე ამგვარი მოთხოვნის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩვენი განვითარების დონისთვის გადასახადები ისედაც საკმაოდ მაღალია და ჩვენ არ უნდა შევედაროთ ევროპის ქვეყნების დონეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მთლიანი შიდა პროდუქტი ევროპის ქვეყნებში საშუალოდ არის 40 ათასი დოლარი, საქართველოში ეს არის 3500 დოლარის ფარგლებში, საგადასახადო ტვირთი ევროპის ქვეყნებში არის 40-45%–ის ფარგლებში, საქართველოში 25-30%–ის ფარგლებში, რაც ასატანად ბევრად უფრო მეტი ტვირთია და მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხმარდება, ხოლო რაც შეეხება ევროპელის 40 ათას დოლარს, იმის ნახევარიც რომ გადაიხადოს ბიუჯეტში, 20 ათასი მაინც რჩება პირადი მოხმარებისთვის, რაც საკმარისია ნორმალურად ცხოვრებისთვის. თუ ჩვენ კიდევ გავზრდით გადასახადებს, კიდევ უფრო შემცირდება ბიზნესაქტივობა.

- ბიზნესმენების ნაწილი ხშირ და დროში გაწელილ საგადასახადო შემოწმებებს უჩივის, თქვენი აზრით რა არის ბიზნესის საგადასახადო შემოწმების არსებული მეთოდის ნაკლი და თუ ხედავთ ამ მიმართულებით ხარვეზებს?

- მე გეტყვით ასეთ რამეს, შემოწმებას აქვს თავისი წესები, რომელიც განისაზღვრება საგადასახადო კოდექსით, როდესაც საგადასახადო ორგანო გადის გასვლით საგადასახადო შემოწმებაზე მას ამისთვის დაწესებული აქვს ვადა, ეს ვადა არ შეიძლება იყოს 5 თვეზე მეტი. მაგრამ არსებობს კიდე კამერალური შემოწმება, როდესაც გადასახადის გადამხდელს მოსთხოვენ ხოლმე დოკუმენტების მიტანას და იქ ადგილზე ამოწმებენ ამ დოკუმენტაციას, ამ შემოწმებას ვადა არ აქვს დაწესებული და ამიტომაც გრძელდება ეს შემოწმებები ხანდახან წლობითაც კი. თქვენ რომ მიხვიდეთ შემოსავლების სამსახურში, ნახავთ უამრავ დერეფანში დაყრილ დოკუმენტებს, საქმეებს, რომლებიც დიდ ხანს დევს იქ და ბუნებრივია გადამხდელს ეს დოკუმენტაცია მუშაობაში სჭირდება, მინდა აღვნიშნო რომ ამ თვალსაზრისით ძალიან არაკომფორტული გარემოა.

- როგორ კლასიფიცირდება გადასახადები მიწასთან და მის მოხმარებასთან დაკავშირებით, როგორც სასოფლო–სამეურნეო ისე არასასოფლო დანიშნულების მიწებზე?

- მიწაზე ქონების გადასახადი გახლავთ ადგილობრივი გადასახადი, საგადასახადო კოდექსით, წესდება საბაზისო განაკვეთები მიწაზე ქონების გადასახადისა და შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულებს აქვთ უფლებამოსილება იმისა, რომ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ცვალონ საბაზისო განაკვეთების მიმართ კოეფიციენტები, თავიანთი შეხედულებიდან გამომდინარე. თვითონ მიწა იყოფა ორი დანიშნულებით, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო სამეურნეო მიწაზე დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთია 24 თეთრი კვადრატულ მეტრზე, მაქსიმალურს და მინიმალურს საკრებულოები თავიანთი გადაწყვეტილების მიხედვით აწესებენ. რაც შეეხება სასოფლო–სამეურნეო მიწებს, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და მიწის კატეგორიების მიხედვით არის დადგენილი საბაზისო განაკვეთები. სასოფლო სამეურნეო მიწები იყოფა სახნავ, სათიბად, საძოვრებად, არის მაღალი ხარისხის ან დაბალი ხარისხის მიწები და ა.შ. რაც ყველაფერი გაითვალისწინება და ამის შემდეგ ხდება შესაბამისად დაბეგვრა. ეს ეხება ყველას ვისაც აქვს მიწა კანონიერ მფლობელობაში, თუმცა არის გარკვეული კატეგორიის მიწებიც, რომლებიც განთავისუფლებულია გადასახადისგან.

- გადასახადების ზრდამ ლუდზე საკმაოდ დიდი პროტესტის ტალღა გამოიწვია ბიზნესმენებში, თქვენი აზრით, რით იყო ეს გადაწყვეტილება გამართლებული მთავრობის მხრიდან, ასვე აქციზის ზრდა სიგარეტზე,..

- მთავრობა თვლის, რომ მას აკლია საბიუჯეტო შემოსავლები და ამიტომ გადაწყვიტა გაეზარდა გადასახადები, გარდა ამისა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, კონსტიტუციით გარკვეულწილად შეზღუდულია გადასახადების ზრდა გარდა აქციზისა, ამიტომ როდესაც ხელისუფლებას სჭირდება ბიუჯეტის შევსება ის ზრდის აქციზს, ცხადია აქციზი, როგორც არაპირდაპირი გადასახადი, პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს. აქვე აღვნიშნავ, რომ აქციზზე გადასახადის ზრდა არანაირად არ უწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, პირიქით ამას უკურეაქცია უფრო ექნება, როდესაც მწეველს თამბაქოს ვუძვირებთ, ის ერთბაშად ვერ ანებებს თავს და გადადის უფრო უარესი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე, ამიტომ ამ მხრივ, მისი ჯანმრთელობა პირიქით უარესდება.

- საგადასახადო კოდექსში კალეიდოსკოპურად შემავალი ცვლილებები საკმაოდ დიდი თავის ტკივილია მეწარმეებისთვის, რა უნდა ვქნათ, რომ ამ მხრივ ნანატრ სტაბილურობას მივაღწიოთ?

- მე და ჩემმა მეგობრებმა კარგა ხნის წინ შევთავაზეთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მთავრობას, რომ საგადასახადო გარემო გარკვეულწილად სტაბილური იყოს. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერი ცვლილება, ძალაში უნდა შედიოდეს 1 იანვრიდან, ანუ ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან, ოღონდ, გადასახადის გადამხდელს ამ ცვლილებასთან ადაპტირების დრო უნდა ჰქონდეს, ამიტომ ვთქვით, რომ ცვლილება, რომელიც მიღებულ იქნა დაუშვათ 2015 წლის 1 ივლისამდე, ის ცვლილება შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან, ანუ 6 თვიანი ვადა აქვს ბიზნესს ცვლილების გასაცნობად. თუ რაღაცა ცვლილება მიღებული იქნა 1 ივლისის შემდეგ, ის ძალაში უნდა შევიდეს არა 2016 წლის 1 იანვრიდან, არამედ 2017 წლის 1 იანვრიდან. გარკვეულწილად ეს ემთხვევა საბიუჯეტო პროცესსაც, გაზაფხულზე იწყება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცედურა, ძირითადი ტვირთი ამ დაგეგმვის პროცედურებისა მოდის შემოდგომაზე და გაზაფხულზე მიღებული ცვლილებების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს უკვე ექნება შესაძლებლობა, რომ იცოდეს, თუ რა გარემოში და რა გადასახადების პირობებში მოუწევს მას მუშაობა, ხოლო შემოდგომაზე თავისუფლად დაგეგმავს ამ ბიუჯეტს.