რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფუნქციონირება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფუნქციონირება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

გუშინ, 31 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მეტალურგიული ქარხნის უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული აკრძალვები, რაც მთლიანად გამორიცხავს წიდასაყარის გამოყენებას და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ რუსთავის ფოლადმა საკუთარი ინიციატივით უკვე განათავსა  4553 ლარი და 48 თეთრი სასამართლოს და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშებზე და ამით, სარჩელის მოთხოვნის აბსურდულობის მიუხედავად, საწარმოს  პარალიზებით გამოწვეული ზარალის კიდევ უფრო მეტად გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, სრულად გადაიხადა თანხა, რაც  მოსარჩელე  ეთერ მთვრალაშვილის  ე.წ. „იურიდიულ ინტერესს“ სრულად მოიცავს.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსთავის ფოლადის მიერ დაყენებული შუამდგომლობა  საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ეთერ მთვრალაშვილის უფლება არ არის დარღვეული, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა ჯერ არ დამდგარა და, მიუხედავად ყველაფრისა, მისი ე.წ. ინტერესი 4553 ლარი და 48 თეთრის მიღებაზე უკვე დაკმაყოფილებულია. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ქარხნის უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული აკრძალვა შეეცვალა სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებით ფულადი თანხის დეპონირების სახით, რითაც კიდევ უფრო ზარალდება ქარხანა და მასში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეები..

საქმეზე მომდევნო სხდომა ხვალ, 2015 წლის 2 აპრილსაა დანიშნული .

შეგახსენებთ რომ რომ 2015 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა უსაფუძვლო გადაწყვეტილებამ ქარხანას აუკრალა მისი უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე მისი ძირითადი ნედლეულის - წიდასაყარის - გამოყენება, რაც ქარხნის ფუნქციონირებას საფრთხის წინაშე აყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეფუძნება ვინმე ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნას, რომელსაც მისი განცხადებით 4 553 ლარი და 48 თეთრი აქვს მისაღები 2019 წელს სხვა იურიდიული პირისგან - სს „ქართული ფოლადისგან“. 

ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო, შპს რუსთავის ფოლადმა მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 383 თანამშრომელი უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში უკვე გაუშვა. თუ დროულად არ განახლდა წიდასაყარზე წვდომა და მისი დამუშავება,  საფრთხე შეექმნება დამატებით 2,000 ადამიანის დასაქმებას მეტალურგიულ ქარხანაში.

შპს „რუსთავის ფოლადი“ იმედს გამოთქვამს რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი მოსამართლეები მიიღებენ  სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს, განვაგრძოთ საინვესიტიციო საქმიანობა ქარხნის შემდგომი განვითარების მიზნით და უზრუნველვყოთ როგორც არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ისე ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ დავიცვათ შპს „რუსთავის ფოლადის“ უფლებები და ინტერესები.