ინტერნეტპროვაიდერების ,,კონკურენტული” ბაზარი, სადაც ფასები მუდმივად იზრდება
საქართველოს ინტერნეტბაზარზე სრული განუკითხაობაა. ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე ,,კავკასუს ონლაინი” და ,,სილქნეტი” ფასებს ყოველწლიურად ზრდიან და ამ ყველაფერს სიჩქარის მატებით, მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვითა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან. მართალია საქართველოში ათეულობით ინტერნეტპროვაიდერია, მაგრამ ბაზრის 60%-ზე მეტს სწორედ ,,კავკასუს ონლაინი” და ,,სილქნეტი” ფლობენ და შესაბამისად თამაშის წესებსაც ისინი ადგენენ. ფასების ზრდას მომხმარებლის მხრიდან მუდმივი პროტესტი მოჰყვება ხოლმე, თუმცა, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ხშირად კომპანიები ფასების ზრდას, სიჩქარის გაზრდასთან დაკავშირებით მომხმარებლის სურვილითა და მოთხოვნით ხსნიან, თუმცა, რეალურად ისინი არასდროს ითვალისწინებენ მომხმარებლის ინტერესს და არსებულ პაკეტებზე ფასს ყოველგვარი ალტერნატიული შეთავაზების გარეშე ზრდიან. არც იმის საშუალებას უტოვებენ მომხმარებელს, რომ სურვილის შემთხვევაში, გაზრდილი ფასისა და სიჩქარის ნაცვლად არსებულ ტარიფსა და მომსახურებაზე დარჩნენ.
,,სილქნეტის” შემდეგ ფასს ,,კავკასუს ონლაინიც” ზრდის
არსებულ სიტუაციაში, მაშინ როდესაც ,,კავკასუსი” და ,,სილქნეტი” ფაქტიურად დუოპოლიურ მდგომარეობაში არიან, ბუნებრივია, მათი მადაც იზრდება და შესაბამისად ერთმანეთის მიყოლებით ზრდიან ისინი ინტერნეტ პაკეტებსა და ტელევიზიაზე ფასს.
ჯერ ,,კავკასუს ონლაინმა”, დაახლოებით, ერთი წლის წინ, გაზარდა ფასი 5-7 ლარით, რაც ინტერნეტის სიჩქარის ზრდით იქნა ახსნილი. ამის შემდეგ ,,სილქნეტის” ჯერი დადგა და მანაც არ დააყოვნა. 4 მარტიდან კომპანიამ ტარიფები გაზარდა. ტარიფები გაიზარდა როგორც ოპტიკურ და დიესელ ინტერნეტზე, ასევე ტელევიზიაზე და არსებულ ინტერნეტისა და ტელევიზიის გაერთიანებულ შეთავაზებებზე ანუ აბსოლუტურად ყველა ხარისხისა და ფასის მომსახურებაზე, ფასები საშუალოდ 6-დან 10 ლარამდე გაიზარდა. ფასების ზრდა კომპანიაში ხარისხის გაუმჯობესებითა და სიჩქარის გაზრდით ახსნეს.
"საბაზისო პაკეტებში ოპტიკურ და "დიესელ" ინტერნეტზე ინტერნეტის სიჩქარე იზრდება 100-200%-ით. ამასთან, იცვლება ინტერნეტისა და ტელევიზიის გადასახადი. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, "სილქნეტის" ფასი საბაზრო ფასს გაუსწორდა. აქამდე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საბაზრო დაბალი ტარიფით ემუშავა, ახლა კი გადაწყვიტა, ფასი გაათანაბროს", - განაცხადა მაშინ სტრატეგიული განვითარების განყოფილების დირექტორმა ილი ენუქაშვილმა და დასძინა, რომ სიჩქარის გაზრდა მომხმარებელთა აქტიურობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.
,,სილქნეტის” მხრიდან ფასების ზრდის შემდეგ, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ კომპანიას შესაძლოა მომხმარებელი დაეკარგა და დიდი ნაწილი ,,კავკასუს ონლაინის” აბონენტი გამხდარიყო. თუმცა, ინტერნეტ ბაზარზე არსებულმა ,,კონკურენციამ” აქაც იჩინა თავი და მიმდინარე კვირაში ,,კავკასუსმაც” გაავრცელა ინფორმაცია ფასების ზრდის შესახებ.
,,კავკასუს ონლაინში” არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ფასებია, 10მბ/წმ ფასი 25 ლარი, 30მბ/წმ ფასი 35 ლარი, 50მბ/წმ ფასი 45 ლარი და 100მბ/წმ ფასი 100 ლარია დღეის მდგომარეობით, თუმცა, დაანონსებული ცვლილებების თანახმად 23 მარტიდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურებაზე ფასები შემდეგნაირი იქნება: ოპტიმალი 10მბ/წმ – 27 ლარი. ექსპრესი 30 მბ/წმ – 37 ლარი. ექსტრიმი 50 მბ/წმ – 50 ლარი. ინფინიტი 100 მბ/წმ – 100 ლარი. DშL ტექნოლოგია 3 მბ/წმ მაქსი 8 მბ/წმ – 70 ლარი.
საქართველოში ორგანიზაციებისთვის დაწესებული ინტერნეტის ფასები ყოველგვარ ლოგიკას ცდება
ფიზიკური პირებისთვის დაწესებული მაღალი ფასების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ახლა ყურადღება მინდა გავამახვილო ორგანიზაციებისთვის დაწესებული მაღალი ტარიფების შესახებ, რაც ყოველგვარ ლოგიკას ცდება.
აღნიშნული მონაცემები ვებ-გვერდზე http://caucasusoffline.com-ზეა გამოქვეყნებული.
1. Caucasus Online-ს ინტერნეტის სიჩქარე და ფასები
6 მგბ/წმ ლოკალი და 0.73 მგბ/წმ გლობალი (1PC) 55 ლარი
8 მგბ/წმ ლოკალი და 1 მგბ/წმ გლობალი - 75 ლარი
10 მგბ/წმ ლოკალი და 2 მგბ/წმ გლობალი - 145 ლარი
გლობალი = ლოკალი –ს საშუალო ფასი
10 მგბ/წმ _– 1500-2000 ლარი
50 მგბ/წმ _– 5000 ლარი
100 მგბ/წმ _– 8000 ლარი
2. Silknet-ს ინტერნეტის სიჩქარე და ფასები
10 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე – 800 GEL
20 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე – 1600 GEL
50 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე – 4000 GEL
100 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე – 8000 GEL
10 მგბ/წმ გლობალი და 100 მგბ/წმ ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 1700 GEL
50 მგბ/წმ გლობალი და 100 მგბ/წმ ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 4500 GEL
100 მგბ/წმ გლობალი და 1 გბტ/წმ ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 14000 GEL
1 გბტ/წმ გლობალის და ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 70 000 GEL
3. დელტა კომმის საკუთრებაში არსებული დელტა-ნეტის სიჩქარე და ფასები
10 მგბ/წმ გლობალი / 20 მგბ/წმ ლოკალი - 1450 ლარი
20 მგბ წმ გლობალი - 2700 ლარი
50 მგბ/წმ გლობალი - 6000 ლარი
100 მგბ/წმ გლობალი - 12000 ლარი
როგორც ცნობილია ფიზიკური პირებისთვის არსებული ინტერნეტის 100 მგბ/წმს ფასი არის 100 ლარი, ორგანიზაციებისთვის კი 8000 ლარი, ანუ სხვაობა კატასტროფულად მაღალია. რაც შეეხება შემოსავლებს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან:
1) ,,სილქნეტი”
პიზიკური პირი 2014 წელს - 218 915 მომხმარებელი და 43 557 251 ლარი შემოსავალი
იურიდული პირი - 12 917 მომხმარებელი და 18 103 539 ლარი შემოსავალი
2)კავკასუსი
ფიზიკური პირი 2014 წელს - 155 126 მომხმარებელი და 43 401 832 ლარი შემოსავალი
იურიდული პირი - 6 379 მომხმარებელი და 13 086 938 ლარი შემოსავალი
ესეც კიდევ ერთი მაგალითი იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ ინტერნეტ ბაზარზე არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ჩარევის აუცილებლობა.
საქართველოში ინტერნეტ პაკეტებზე ფასი, მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია
თუკი თვალს გადავავლებთ მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნების მაგალითს დავინახავთ, რომ საქართველოში ინტერნეტზე ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
მაგალითისთვის მოყვანილია მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანა, მათ შორის უმეტესობა განვითარებადი, რათა უფრო ცხადად დავინახოთ, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში.
ფასები მოცემულია ინტერნეტის იმ სიჩქარის შესაბამისად, რასაც საქართველოს ინტერნეტბაზარზე არსებული კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს. ამიტომ ამოკრებილია მხოლოდ ის მონაცემი, რაც ზუსტად ემთხვეოდა საქართველოს მაგალითს. ცხრილში არ არის მოყვანილი აზერბაიჯანისა და სომხეთის მაგალითი, ვინაიდან ამ ქვეყნებში ინტერნეტის რეექსპორტს თავად საქართველო ახდენს.
როგორც ვხედავთ საქართველოში ინტერნეტის ფასები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს შორის და ფასები ჯერ კიდევ იზრდება. აუცილებელია, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სათანადო ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტებს, რათა ბოლო მოეღოს ინტერნეტპროვაიდერების ბაზარზე არსებულ განუკითხაობას.