„შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და პური გააძვირეს!“

„შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და პური გააძვირეს!“

მთავრობას გაზის მიმწოდებელ კომპანიებთან კონსულტაცია დაწყებული აქვს და მაისამდე ბუნებრივი აირის ტარიფის მატება გადავადებულია. შემდეგ კი ხელისუფლება პურის საცხობებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, პურზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება. ორიოდე კვირის წინ 3-5 ლარით გაძვირდა 1 ტომარა ფქვილიც. ამ აჟიოტაჟით ზოგირთმა მეწარმემ ისარგებლა და პური გააძვირა. მოგვიანებით, ფქვილიც შედარებით გაიაფდა, გაზის გაძვირებაც გადავადდა, მაგრამ პროდუქცია აღარავის გაუიაფებია.

პურის მწარმოებელი კომპანიები მხოლოდ ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტია, რომელზეც ტარიფის ცვლილება აისახება. გაზის გაძვირება ყველა იმ პროდუქტს შეეხება, რომლის წარმოებისთვის ბუნებრივი აირია საჭირო. თუმცა ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პურპროდუქტების სეგმენტია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამტკიცებს, რომ პურის ფასი არ მოიმატებს. „პურ-ფუნთუშეული აქამდე არ გაძვირებულა და არც მომავალში გაძვირდება“, - ამბობს მინისტრი.

სულ სხვა შეხედულება აქვთ იმ მეწარმეებს, რომლებმაც პურ-ფუნთუშეულის ფასის გაძვირების მიზეზად ფქვილის გაძვირება დაასახელეს. ნედლეულის ფასის ზრდა კი პირდაპირ უკავშირდება ლარის კურსის დევალვაციას.

იმ ფონზე კი, როცა იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური ჯერ არ გაზრდილა, ხოლო პურის ფქვილის ფასი შემცირდა, ექსპერტებისთვის პურ-ფუნთუშეულის გაძვირების მიზეზი გაუგებარია.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა კატეგორიულად გამორიცხავს ფქვილის მიზეზით პურის გაძვირებას.

„დღეს ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ფასი 38-39 ლარია. როგორც ჩანს, ზოგიერთი მეწარმე შექმნილი აჟიოტაჟით სარგებლობს და პურს აძვირებს. ქარხნები და საცხობები დოლარის კურსთან მიბმული არ არის. ფქვილი დოლარში არ იყიდება. ჩვენ ფქვილს მეწარმეებს ლარში ვაწვდით. მხოლოდ წისქვილ-კომბინატებს ექმნებათ პრობლემა, რადგან იქ დოლარში ნაყიდი ხორბალი შედის. შესაბამისად, პურპროდუქტზე დღეს არსებული ფასი პურის ფქვილის ფასთან შესაბამისობაში არ არის“, - აცხადებს სილაგავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე ადასტურებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პურის ფქვილი მართლაც გაძვირდა და 1 ტომარაზე ფასმა 4-5 ლარით მოიმატა. ამიტომაც საცხობებმა პური 10 თეთრით გააძვირეს, ფქვილის გაიაფების შემდეგ კი საცხობების დიდმა ნაწილმა პროდუქციაზე ფასი აღარ შეამცირა.

„ფქვილის გაძვირების მომენტშიც კი პროდუქციაზე ფასი არ უნდა გაეზარდათ, რადგან საქართველოში ფქვილის საკმარისი მარაგი გვაქვს (ივლისამდე), რომელიც ძველ ფასშია შეძენილი. რა იქნება ახალი მოსავლის შემთხვევაში, სექტემბერ-ოქტომბრიდან ფასი მოიმატებს თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ზოგიერთი მეწარმისგან არაკეთილსინდისიერებას აქვს ადგილი. ეს ნამდვილი ბიზნესის წარმოება არ არის. თვალთმაქცობაა, როცა ნედლეული, ინვენტარი არ გაძვირებულა, მაგრამ პროდუქციას მაინც აძვირებ“, - აცხადებს „ბიპიენთან“ საუბრისას ზურაბ ფუტკარაძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავაც აღნიშნავს, რომ კომპანიებმა პური თვითნებურად გააძვირეს. მისი ინფორმაციით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ისეთი ხანგრძლივი პერიოდის მარაგია, რომელიც არავითარ საშიშროებას არ ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ პურპროდუქტების სფეროში განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნას.