რაკი ამგვარი თავდასხმის ობიექტი გავხდი, მაშასადამე სწორ გზას ვადგავართ მეც და ჩემი მეგობრებიც!

რაკი ამგვარი თავდასხმის ობიექტი გავხდი, მაშასადამე სწორ გზას ვადგავართ მეც და ჩემი მეგობრებიც!

რამდენიმე დღის წინ, გაზეთში „ვერსია“ (№28 13-15 მარტი) გამოქვეყნდა ქალბატონ ეკა სეხნიაშვილის სტატია სათაურით „გამგებლები შსს–ს ანტიკორუფციულში დაიბარეს“. სამწუხაროდ, ხსენებული ოპუსი იმდენად არაპროფესიული, ტენდენციური, არაობიექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელია, რომ მიუხედავად ზოგადად, ქართული ჟურნალისტიკისადმი ჩემი შეუვალი პატივისცემისა, იძულებული ვარ, საჯაროდ ვუპასუხო ავტორს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იგი იმ ცილისმწამებლური ნიაღვრის ნაწილია, რაც რევანშისტულმა ძალებმა (ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“), საკუთარი ბოღმისა და ამბიციის დასაკმაყოფილებლად ააგორეს თბილისის მერიისა და მთელი ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. თუმცა, მე ვამაყობ, რომ ნამდვილად ვარ ამ გუნდის წევრი და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ნაციონალური მოძრაობის სამიზნე.

საოცარია, რა უტიფრად მოითხოვენ „ელვის სისწრაფით“ გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რაც თბილისში, მათ შორის ჩუღურეთის ურთულეს რაიონში, წლების განმავლობაში გროვდებოდა. არადა, ჩვენ დაგვხვდა სრული განუკითხაობა, 7 თვეში გახარჯული მთელი წლის ბიუჯეტი, ფინანსური ანარქია და ქაოსი რაიონული ადმინისტრაციის ფუნქციონირების ყველა სფეროში! სწორედ ამ საქმეებს სწავლობენ სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოები. თუმცა, ქალბატონი ეკა სეხნიაშვილი ამაზე, რატომღაც, არაფერს წერს და მეტისმეტად ხშირად იყენებს ჟურნალისტურ პრივილეგიას, არ დაასახელოს წყარო. კარგად ვხვდები, საიდან მომდინარეობს ასეთი არაობიექტურობა, ტენდენციურობა და ჩასაფრებული პოზიცია. სატელეფონო საუბრისას დასმული კითხვის პასუხად, ჟურნალისტს მეგობრულად განვუმარტე რომ არ უღირდა ქარიყლაპია ექსჩინოსნების აყოლა, რადგან კარგად ვიცი - მათ სწორედაც ძალიან „ეწვით“ ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაწვრილებით სწავლობენ ყველა საქმეს და უახლოეს მომავალში ბევრი წარდგება კიდეც მართლმსაჯულების წინაშე.

შემდეგ ავტორი სრულიად უაპელაციოდ და, ცოტა არ იყოს, კომიკური თავდაჯერებით აცხადებს ჩემს „მფარველად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გვარად ჩიკვილაძეს. გულწრფელად ვიტყვი: ისევე, როგორც ყველა ქართველს, მეც მიხარია, რომ ჩემი მოგვარე წარმატებული და ღირსეული ადამიანია, მაგრამ სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობ, არც ერთხელ არ შევხვედრივარ და არც ოდესმე გვისაუბრია. მხოლოდ გვარიდან გამომდინარე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება კი მეტისმეტი პრიმიტივიზმია, რაც ნამდვილად არ ეკადრება ქართულ ჟურნალისტიკას! მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ავტორი ცდილობს დამაკავშიროს ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ხუბუტიასთან. არადა, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, გაგიწბილებთ სურვილებს ქალბატონო ეკა, და ვიტყვი, რომ ჩემთვის თვისობრივად მიუღებელი სამი პერსონაა: სააკაშვილი, ოქრუაშვილი და ხსენებული ხუბუტია! რას ნიშნავს „ხუბუტიასთან აკავშირებენ?“. ვინ მაკავშირებს და რაში გამოიხატება ეს „კავშირი“? ასე ყველას შეუძლია გამოთქვას ვარაუდი, მათ შორის სტატიის ავტორის „კავშირთა“ შესახებ. მით უმეტეს, რომ ქალბატონი სეხნიაშვილის სტატია, მისი აშკარა არაობიექტურობითა და მიუჩქმალავი ანგაჟირებულობით, ნამდვილად ტოვებს აშკარა ტენდენციურობის შთაბეჭდილებას. რაც შეეხება დიპლომატიურ მოღვაწეობას – ეს ჩემი ცხოვრების ერთერთი საამაყო და ღირსეული ფურცელია. ამდენად, არავის მივცემ უფლებას, მას ასე როყიოდ შეეხოს! იმედია, ჟურნალისტი გაიაზრებს მის მიერ დაშვებულ პროფესიულ და ადამიანურ გადაცდომას.

ჩემი მხრივ, ყოველთვის მზად ვარ, ქართულ მედიასთან ვითანამშრომლო არა მხოლოდ იმ პროექტებისა და უამრავი გეგმის განხორციელებისას, რაც ჩვენს რაიონში უკვე წამოვიწყეთ, არამედ გულწრფელად მადლობელი ვიქნები, თუ ჟურნალისტები პროფესიულად და კომპეტენტურად დაგვისვამენ კითხვებს სხვადასხვა თემაზე, რაც ათეულობით ათას ჩუღურეთელს აღელვებს, ამით დაგვეხმარებიან, არ მოვადუნოთ ყურადღება ადამიანური პრობლემებისადმი. ამასთან, ისიც კარგად მესმის, რომ რაკი ამგვარი თავდასხმის ობიექტი გავხდი, მაშასადამე სწორ გზას ვადგავართ მეც და ჩემი მეგობრებიც! მინდა დავუდასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა „ვერსიის“ რედაქციას, მის მკითხველებს და გაზეთის გამომცემელს და მთავარ რედაქტორს, ქ-ნ მაია ფურცელაძეს. დარწმუნებული ვარ, გაუგებრობით დაწყებული ჩვენი ურთიერთობა გადაიზრდება ნაყოფიერ თანამშრომლობაში, რაც სასიკეთო იქნება თბილისისთვის და თბილისელებისთვის. 

ზურაბ ჩიკვილაძე
ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი