[რეზონანსი]
მთავრობამ ამერიკიდიან ჰიბრიდული სიმინდი ისე შემოიტანა, რომ ქართული ჯიშების მოსავლიანობის მაჩვენებელი არც კი მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი, დაახლოებით, 15 ჯიშის სიმინდი არსებობს, რომელიც მოსავლიანობით ამერიკულს არ ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, ქართველი სელექციონერები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან ცნობილნი.
სპეციალისტების განცხადებით, მთავრობას ქართველი მეცნიერები, რომ გახსენებოდათ ან, ქართულ ჯიშებზე უფრო მეტი წარმოდგენა რომ ჰქონდათ ამერიკული თესლისთვის დახარჯული 30 მილიონიდან უფრო მეტ შედეგს მიიღებდნენ. ამჯერად კი, ამ თესლის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან არ არის შესწავლილი, როგორ შეეგუება იგი ქართულ ნიადაგს, რომლის კვლევა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.
საქართველოში ამერიკიდან მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ორი ჯიშის - კაჟა და ნახევარკბილა - სიმინდი შემოიტანეს. ქართველმა მეცნიერებმა მათი სელექციის შედეგად სიმინდის ახალი ჯიშები და ჰიბრიდები გამოიყვანეს. ეს ჯიშები ნორმალური აგროტექნიკის პირობებში საკმაოდ კარგი მოსავლით გამოირჩევა და სპეციალისტების განცხადებით, ამერიკიდან შემოტანილ ჰიბრიდებს, რომლისთვისაც მთავრობამ 30 მილიონი ლარი გადაყარა, არაფრით ჩამოუვარდება.
მაგალითად, ქართული კრუგი (ყვითელი სიმინდი) ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 10-12 ტონა მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი - 12-14 ტონას. გეგუთის ყვითელი, ასევე ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 7-8 ტონა სიმინდის მოსავალს იძლევა, აბაშის ყვითელი - 7-8 ტონას, აჯამეთის თეთრი -7-8 ტონას, პაპალაშვილის თეთრი (თეთრი და ყვითელი) - 12-14 ტონას, კაჟა თეთრი - 5-6 ტონას, ნახევარკბილა - 5-6 ტონას. ყველა ამ ჯიშს სასურსათო დანიშნულება აქვს და მაღალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
რაც შეეხება ქართულ ჰიბრიდებს, რომელზედაც სელექციონერი, პროფესორი ზურაბ ჯინჯიხაძე მუშაობდა, ასევე რამდენიმე სახისაა და საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მაგალითად, ქართული ჰიბრიდებია წეროვანი-1. იგი ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 12-14 ტონა მოსავალს იძლევა, წეროვანი-2-იც ასევე 12-14-ტონიანია, წეროვანი-4 - 12-14 ტონა, წეროვანი-5 - 10-12 ტონა, ენგური - 12-14 ტონა, ქართული ურწყავი - 10-12 ტონა. სელექციონერები, რომლებიც ამ ჯიშებზე წლები მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი მიღწევები და გამოცდილება აქვთ, დღესაც ცოცხლები არიან. გარდა ამისა, მათ გვერდში ედგნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით ბოლო წლებამდე აგრძელებდნენ მუშაობას.
თუმცა, პროფესორი პაატა კოღუაშვილის განცხადებით, საქართველოში სათესლე მეურნეობა საერთოდ მოკვდა და მისი განვითარება აღარავის აინტერესებს.
„ესენი უნიკალური ქართული ჯიშებია, რომლებმაც 300 წელს გაუძლეს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ადგილობრივი ჯიშები და ჩვენ ჰავასა და ნიადაგს შეგუებელი თესლი გაცილებით მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე შემოტანილი“, -ამბობს პაატა კოღუაშვილი.
„ბიზნეს-რეზონანსი“: თუ ქართული ჯიშები ასეთ მაღალიმოსავალს იძლევა, მაშინ რატომ შემცირდა ქვეყანაში სიმინდის მოსავლიანობა?
პაატა კოღუაშვილი: მიზეზი არის ის, რომ გლეხს არ აქვს საშუალება მიწა კარგად დაამუშაოს, მთავრობას კი არ გააჩნია სტრატეგია, როგორ უნდა მოხდეს მოსავლის გაზრდა. დაახლოებით 10 წელია ნიადაგის კვლევა არ ჩატარებულა. საინტერესოა, თუნდაც შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, როგორ უნდა განსაზღვროს, ამა თუ იმ რეგიონში გლეხმა რა რაოდენობის სასუქი უნდა შეიტანოს.
სხვათა შორის, ვიცი, რომ სპეციალისტებთან ახლა დაიწყეს იმის ძიება 1 ჰექტარზე რა რაოდენობის სასუქი უნდა შეიტანონ, რათა დაგეგმილი შედეგი მიიღონ. ზუსტ მონაცემს ვერავინ ეტყვის, ვინაიდან ნიადაგის მდგომარეობის მხოლოდ 10 წლის წინანდელი მონაცემები გვაქვს.
რაც შეეხება მიზეზს, რატომ ვერ იღებს გლეხი მაღალ მოსავალს ქართული ჯიშებით. მიწას დამუშავება სჭირდება და მინიმუმ ორჯერ კულტივაცია. პირველ კულტივაციისას, საშუალოდ, 100 კილოგრამი აზოტის შეტანა, მეორე ეტაპზე - 200 კილოგრამი აზოტია აუცილებელი. ასევე აუცილებელია ფოსფორი და კალციუმი. ეს ყველაფერი დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და მოსავლის მოყვანას, დაახლოებით, 800 ლარი სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით კი, ქართველ გლეხს 30-ლარიანი პრეპარატის შეძენის საშუალებაც არ აქვს.
ბ.რ: ამერიკიდან შემოტანილ ჰიბრიდებსაც ამდენი სასუქი დასჭირდება?
პ.კ: ბუნებრივია, ისე მაღალ მოსავალს არცერთი ჯიში არ მოგცემს. თუმცა, ამერიკული სიმინიდის მოყვანა უფრო ძვირი ჯდება. ჩვენს მიერ გამოყვანილი 1 კილოგრამი სათესლე სიმინდი 3 ლარი ღირს, ამერიკული - 17 ლარი. გარდა ამისა, 1 ჰექტარზე ჩვენი ჯიში რომ დათესო 18 კილოგრამია საჭირო, ამერიკული - 22 კილოგრამი. აქედან ცხადია, რომ იმპორტირებული გაცილებით ძვირი ჯდება.
ბ.რ: სოფლის მეურნეობის სამინისტროდან თუ გამოითხოვა ვინმემ ინფორმაცია ქართული ჯიშებისა და მათი მოსავლიანობის შესახებ?
პ.კ: ამერიკული სიმინდის შემოტანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა ქართველ მეცნიერებს ისედაც არავინ არაფრად თვლის, არც არფერს ეკითხებიან. ეს 30 მილიონის მესამედი ქართულ ჯიშებზე რომ დაეხარჯათ, გაცილებით რეპროდუქციულ თესლს მიიღებდნენ. აჯამეთისა და სართიჭალის სათესლე სადგურებიდან ბოლო თესლი გასცეს და საქართველოში 300-წლიანი ქართული სიმინდის კულტურის ისტორია ამით დასრულდა. ამ სათესლე სადგურებს ჩამოართვეს მიწები და, შესაბამისად, ისინი თესლს ვეღარ დაამუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ როგორც მთავრობაში ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული სიმინდის ჯიშები მაღალ მოსავალს არ იძლევა, სწორედ ეს გახდა მიზეზი რამდენიმე ათეული მილიონის დახარჯვისა და ამერიკიდან ჰიბრიდული სიმინდის შემოტანისა.
„სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას და მისი მიზანია საქართველოში სიმინდის მოსავლიანობისა და წარმოებული სიმინდის ხარისხის ამაღლება. სათელსე მასალა გამოირჩევა უხვი და სტაბილური მოსავლიანობით, მაღალი რეზისტენტულობით დაავადებათა ფართო სპექტრის მიმართ და მაღალი გვალვაგამძლეობით. პროექტის ფარგლებში წარმოდგლენილია, სიმინდის თესლის 4 სახეობა“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
ექსპერტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობამგლეხები შეცდომაში შეიყვანა, ვინაიდან მათ სხვა ქვეყნის ჯიშის სიმინდის მოყვანა გაცილებით ძვირი დაუჯდებათ. საქმე ისაა, რომ ქართული ჯიშისგან განსხვავებით, ამერიკული სიმინდი მეორე წელს აღარ ითესება, შესაბამისად, გლეხმა იგი იმპორტიორისგან ყოველწლიურად უნდა იყიდოს. მეორე საკითხია ის, რომ ეს სიმინდი მიწას ძლიერ ფიტავს. ამიტომ, მაღალი მოსავლის მისაღებად, გლეხმა, მეორე წელს, თესლის გამოცვლასთან ერთად, მიწის ნაკვეთიც უნდა გამოცვალოს. ამდენი მიწის ფუფუნება კი საქართველოში არ არის.
„ჰიბრიდული სიმინდის თესლს დადებითი თვისება ის აქვს, რომ მაღალმოსავლიანია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მისი თესლად გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ ფერმერი თუ გლეხი ყოველ წელს, როდესაც სიმინდის დათესვას გადაწყვეტს, თესლი ისევ იმპორტიორი კომპანიისგან უნდა შეიძინოს. თავად ჰიბრიდული თესლის გამოყვანის პროცესი ძალიან რთულია და მას გლეხი ვერ განახორციელებს.
თანაც, როდესაც მოსავალი მაღალი მოდის, ღარიბდება ნიადაგი. თუ შემდგომ ნიადაგის განაყოფიერება არ მოხდა, იქ მოსავალი, ჰიბრიდს დათესავ თუ ჩვეულებრივ ჯიშს, საკმაოდ მცირე მოვა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჯიშები „აჯამეთის თეთრი“, „აბაშის ყვითელი“ და კიდევ სხვა. თუ ამ ჯიშებს კარგად მოვუვლით, რა თქმა უნდა, მოსავალსაც დიდს მივიღებთ, ქართული ჯიშები მცირემოსავლიანი ნამდვილად არ არის“, - ამბობს პროფესორი თამაზ კუნჭულია.
16427
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85