“იმ ქართველს რა ვუთხარი, ვისაც თავისი მიწისთვის ბრძოლა დაეზარება!”

“იმ ქართველს რა ვუთხარი, ვისაც თავისი მიწისთვის ბრძოლა დაეზარება!”

[ლევან სეფისკვერაძე]
ცოტა ხნის წინ, ახალგორის ცენტრში კოკოითის ბანდის მეგაფონმომარჯვებულმა წევრებმა, მცირე მიტინგი მოაწყეს, სადაც სეპარატისტებმა ქართული მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილს, რომ თუკი ისინი გაბედავდნენ და ქართულ უშიშროებასთან ითანამშრომლებდნენ, ოკუპანტები მათ წინააღმდეგ განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდნენ.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რაც იგულისხმება ამ “განსაკუთრებულ ზომებში”. თუმცა ფაქტია, რომ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის გარკვეული პანიკა უკვე არსებობს. რუსებს იმის გაფიქრებაც კი ზარავთ, რომ ადრე თუ გვიან შესაძლებელია, საქართველოს თავდაცვის სისტემები ამერიკელებმა გააკონტროლონ, რაც თავის მხრივ, აგრესორებს კრიმინალური მოქმედებების არეალს საგრძნობლად შეუმცირებს.

კახა თარაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ჩვენი მთავარი მიზანი გასაგებია, მაგრამ მოდი სიმართლე ვთქვათ, რუსეთს ხელი რომ ავაღებინოთ ცხინვალზე, ამაში ევროპამ და დასავლეთმაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა და ნელ ნელა იღებენ კიდეც. აქ ჩვენ ერთი კოზირი გვაქვს, ანუ რუსეთი სამაჩაბლოს ოფიციალურად ვერ შეიყვანს თავის გამგებლობაში ვერასოდეს, იმიტომ რომ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მათ ყოველგვარ კავშირზე დასავლეთის ქვეყნებთან უარის თქმა მოუწევთ და აშკარად დაუპირისპირდებიან მათ”.

აგრესორები კი უკვე ღიად იმუქრებიან, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული სპეცსამსახურების ნებისმიერ შეიარაღებულ მოქმედებებს, დე-ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული ჯარები უმკაცრეს პასუხს გასცემენ.

“თუ საქართველოს სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთსა და მის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციის განხორციელებას ცდიან, ისინი უმკაცრეს პასუხს მიიღებენ ჩვენს სამხედრო ბაზაზე არსებული მთელი არსენალისა და ძალების გამოყენებით”, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ რუსეთი აგვისტოს მოვლენების განმეორებას არ დაუშვებს.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი კომუნიკაციების ე.წ. სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ოსი და რუსი სამხედროების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავენ. ფაქტია, რომ დაბნეულობა სახეზეა!

აგრესორების დაბნეულობა იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ რეგიონში რუსული სამხედრო შენაერთების რიცხოვნების გაზრდის პარალელურად, გაიზარდა კონფლიქტის ზონაში ქართველი პოლიციელების რაოდენობაც. ქართველი სამართალდამცავები ამჯერად უკვე კონფლიქტის ზონის მთელი პერიმეტრის გაყოლებით დგანან და ისევე როგორც ფრონეს ხეობაში (ზნაურის რაიონის მისადგომებთან), ასევე დიდი ლიახვის ხეობაში და ახალგორთან ახლოსაც, გამოჩნდა „კობრად“ წოდებული ქართული საპოლიციო ჯავშან-მანქანები.

ეს სწორედ ის მანქანებია, რომლებმაც 2 წლის წინ, აგვისტოს ომის პირველ ეტაპზე, ცხინვალის უკუპანტებისაგან გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა და სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ დონეზეც შეასრულეს დაკისრებული მისია.

როგორც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, ქართველი პოლიციელები, აგრესორების ღამეულ პროვოკაციებსა და სროლებს, სროლითვე კვლავ არ პასუხობენ, თუმცა ნიქოზში, მერეთში თუ ერგნეთში მცხოვრებ გლეხებს, ქართველი პოლიციელების რიცხოვნების გაზრდის შემდეგ, გარკვეული იმედი ჩაესახათ, რომ მათი აწიოკება, ძარცვა და დარბევა, სეპარატისტებისათვის ასე იოლი მომავალში მაინც აღარ იქნება.

გიორგი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოელი გლეხი: „რუსები არ გაჩერდებიან, სანამ მათზე ძლიერ ძალას არ დაინახავენ. მართალია ის ამბავი, რომ რუსები მხოლოდ ძალას სცემენ პატივს და მხოლოდ ძალისა ეშინიათ. ძალიან კარგია, რომ ამერიკელებმა როგორც იქნა, სერიოზულად დაიწყეს საქართველოს დახმარება.

რუსებს და კოკოითის ხალხს ჰგონიათ, რომ ამერიკა შემოვა და ცხინვალს აიღებს. კოკოითმა აბა რა იცის, რომ არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს.
მთავარია, ამერიკამ მხოლოდ ის გააკეთოს, რომ რუსებმა ასე თავისუფლად არ იჯლიგინონ ჩვენს სოფლებში და იარაღის ამბავშიც დაგვეხმარნონ. დანარჩენს ჩვენც გავაკეთებთ.

მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვისაც თავისი მიწისთვის ბრძოლა დაეზარება და მხოლოდ სხვების იმედზე იქნება! ძველ დროს, არც ამერიკა გვეხმარებოდა და არც არავინ, მაგრამ მტერს საკუთარი ძალებითაც ვიგერიებდით. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ხეობის ხალხმა, საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ხელი არ ჩაიქნიოს და ყველაფერი კარგად იქნება!“