შეიქმნება თუ არა პარლამენტში ,,მეოცნებეების' ახალი ფრაქცია და რატომ იყიდა იარაღი მურმან დუმბაძემ შეიქმნება თუ არა პარლამენტში ,,მეოცნებეების' ახალი ფრაქცია და რატომ იყიდა იარაღი მურმან დუმბაძემ
- პარლამენტში თითქოს ერთსულოვნებაა, სადაც უმრავლესობას 88 დეპუტატი ჰყავს. თუმცა აქედან 12 ყოფილი ნაციონალი, მაჟორიტარია და ასეა ,,ოცნება' ნაციონალების ხარჯზე შეკოწიწებული. წამოვედი კოალიციიდან, ფრაქციიდან და პარტიიდან - გამრიცხეს, მაგრამ კოალიციის სხვა დეპუტატებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. ეს სხდომებსმიღმა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან საუბრისას, პოლიტსაჭოებზე, ურთიერთობებში, არასატელევიზიო, არასამიკროფონო დონეზე ფიქსირდება. თუმცა ეს ადამიანები ბოლო მომენტში ხმამაღლა არაფერს ამბობენ, გარეთ არაფერი გამოაქვთ.
- განსხვავებულ მოსაზრებას საჯაროდ თამარ კორძაია, ომარ ნიშნიანიძე, დავით ლორთქიფანიძე და სხვები აფიქსირებენ. ეს ადამიანები ქმნიან ფრაქციას?
- ამ დროს სწორედ ომარ ნიშნიაძეა ,,ოცნების' ყველაზე მაგარი მხარდამჭერი და საერთოდ, ვფიქრობ, ხალხი, ვინც ამდენს ხმამაღლა საუბრობს, რეალურად, ,,ოცნების' წინააღმდეგ არ წავა. სწორედ ისინი წამოვლენ ,,ოცნებიდან', ვინც ახლა ჩუმად არიან. თან მე მმართველ გუნდთან სხვა ტიპის პრეტენზიები მაქვს. ომარ ნიშნიაძეს ვკითხოთ, უნდა მოვიდეს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ანგარიშის მოსასმენად ან ეკონომიკური გუნდი პარლამენტში, იტყვის - არაო. მე რომ მკითხოთ - უნდა მოდიოდეს. ვინც საღ აზრს იმიტომ არ იზიარებს, რომ ასე ნაციონალებიც ფიქრობენ, ის ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შექმნილ მდგომარეობას კი კინკლაობა კი არა, უკვე კონფრონტაცია ჰქვია. გვარები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ,,ოცნების', ანუ მთავრობის მხარეს იქნება.
- მაშინ თქვენ დაასახელეთ გვარები, ვინც არ იქნება მთავრობის მხარეს, თუ მართლა იცით...
- როგორ არ ვიცი, მაგრამ ვერ დავასახელებ. უფლება არ მაქვს, სხვის ნაცვლად ვილაპარაკო.
- საინტერესოა, საიდან იცით ეს დეტალები, თქვენ ხომ პოლიტსაბჭოს სხდომებს არ ესწრებით?
- ვიცი, რა ხდება იმ პოლიტსაბჭოს სხდომებზე, ამბავი გამოდის. ყველას შეიძლება აგინო ხელისუფლებაში - პრეზიდენტი გალანძღო, პარლამენტარებს დაემუქრო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, მთავრობასა და პრემიერს არ უნდა შეეხო, რადგან ისინი ივანიშვილის რჩეულები არიან. ივანიშვილი არ არის ღმერთი! კომიტეტსმიღმა, სესიებსმიღმა, მეგობრულად ვსაუბრობთ ისე, როგორც ახლა თქვენ გესაუბრებით და ყველას განწყობა ცნობილია. საუბარი პარტია ,,ქართულ ოცნებაზეა', თორემ თავისუფალ დემოკრატებს საკუთარი ინტერესი რომ ჰქონდათ, ამაზე ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროს ვაფრთხილებდი.
- ახლა აფრთხილებთ, რომ პარტიაში აქვს პრობლემები - კი მაგრამ, რატომ, თუკი ასე არ მოგწონთ მისი მთავრობა?
- მე საქართველოს მოსახლეობას ვაფრთხილებ. ვიცი, პარლამენტში ჩემნაირად ბევრი ფიქრობს.
- რა გაქვთ საერთო თქვენ და ამ დეპუტატებს - მთავრობის იმპიჩმენტი? რა ნიშნით შეიძლება გაერთიანდნენ ადამიანები ახალ ფრაქციაში?
- ეს შეიძლება ნაცებისა და ,,ქართული ოცნების' სიძულვილი იყოს. ერთ დღეს ეს ადამიანები ჩირგვებში აღარ ისხდებიან. მათ შეიძლება აერთიანებდეს პრინციპი, საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, მთავრობას კონტროლს პარლამენტი უწევს, მართლა ამუშავდეს. პარლამენტი მთავრობის ფილიალი არ უნდა იყოს! მთავრობის გადაყენების პროცედურას ამ დეპუტატებმა შეიძლება, მხარი არ დაუჭირონ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ამ მთავრობის გადაყენება არ უნდათ, ჯერჯერობით, გამბედაობა არ ჰყოფნით. თუმცა ერთ დღეს, შეიძლება, მათაც გაბედონ. რა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. მე ის მაწუხებს, რომ შესაძლოა, კონფრონტაციამ ქუჩაში გადაინაცვლოს, რადგან მარგველაშვილს თავისი მხარდამჭერი ჰყავს, ივანიშვილს თავისი.
- ხომ არ გავიწყდებათ, რომ ხალხმა ხმა ,,ბიძინა მარგველაშვილს' მისცა?
- გასაგებია, მაგრამ, რადგან ბიძინას მარგველაშვილი აღარ მოსწონს, ე.ი. ჩვენც აღარ უნდა მოგვწონდეს? როცა მისი კანდიდატურა დაასახელა, დიდად აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა მაიძულებენ, მეც აღარ მომწონდეს? ასე არ იქნება! მოსახლეობამ პარლამენტში იმიტომ კი არ ამირჩია, რასაც მთავრობა და პრემიერი მეტყვის, ის ვაკეთო და ყველა პროექტზე ხელი ავწიო! არის შემთხვევები, როცა ,,ოცნების' კანონპროექტს ვუჭერ მხარს, რადგან, ჩემი გადასახედიდან სწორია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, მხარი ნაციონალების კანონისთვის დამიჭერია. ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დავუჭირე, ნაცებისგან განსხვავებით. თავიდანვე ვამბობდი, რომ, თუ მარგველაშვილი ნინო გვენეტაძეს, შალვა შავგულიძეს ან ზაქარია ქუცნაშვილს დაასახელებდა, მათ ხმას მივცემდი. ერთადერთი ვარ 150 დეპუტატიდან, ვინც დააანონსა, რომ პრეზიდენტი გვენეტაძეს დაასახელებდა.
- ამით რას ამტკიცებთ, რომ სულაც არ ხართ ნაციონალებთან შეკრული?
- ნაციონალები გვენეტაძეს მხარს არასოდეს დაუჭერდნენ! მე კი ამის შესახებ წინასწარ ვთქვი. სულ არ მაინტერესებს, ნაციონალები და ,,ოცნება' რას ლაპარაკობენ.
- საქმე ისაა, რომ, როგორც კი ნაციონალებმა მთავრობის გადაყენება ახსენეს და თქვენ ინიციატივას მხარი აუბით, იმ ხალხსაც კი, ვისაც ეს მთავრობა არ მოსწონს, უკურეაქცია გაუჩნდა და დღეს ნაციონალებთან შეკრულად მიიჩნევით.
- ამ შემთხვევაში, ეს მოქალაქეები ცდებიან. ნაციონალებმა საკითხი რომ შემოიტანონ, ცივია თუ არა ყინული, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალები არიან, ხელისუფლებამ უნდა თქვას, ყინული ცხელიაო?!
- მგონი, ნაციონალების კი არა, ,,ოცნების' თამაშს უფრო თამაშობთ - აჭარაში წითელი ხაზი გაავლეთ და ყველამ გაიგო, ვინ ვისკენ იყო, ახლა იგივეს ამ ახალ ფრაქციაზე საუბრით კოალიციაში ცდილობთ. თქვენ რა, ,,ოცნებას' აკვალიანებთ?
- არ მინდა, ხელისუფლება სუსტი იყოს, რაც უნდა ოპოზიციურად ვიყო განწყობილი. ძლიერი ხელისუფლება მჭირდება და დამიჯერეთ, მინდა, მთავრობაც წარმატებული იყოს, ვიდრე გავუშვებთ. ქვეყანას დამოუკიდებელ ადამიანთა კრებული უფრო წაადგება პარლამენტში, ვიდრე მონებისა. არ ვიცი, ფრაქციის შექმნას გაბედავენ თუ არა, ან როდის, მაგრამ ვიცი, პარლამენტში არიან გაბედული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. არც ის ვიცი, ვიქნები თუ არა ამ ფრაქციაში. იმპიჩმენტს რაც შეეხება, ფინალი კი არა, დეპუტატების, პარლამენტის პოზიცია მაინტერესებს.
- პროცედურის დაწყებას 60 ხმა ჰყოფნის და ეს რეალურია.
- ჩემთვის საკითხი ასე არ დგას - მთავარია, საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია ჰქონდეს. მარტო იმიტომაა ეს მთავრობა გასაშვები, რომ აჭარაში მხარს ადგილობრივ მთავრობას უჭერს. როგორ შეიძლება, ,,ძანძურა' აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყოს?! ეს ტერმინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაამკვიდრა, თუმცა არავინ იცის, რას ნიშნავს. რომ გავიგო, ბედნიერი კაცი ვიქნები, ამიტომ დავარქვი ,,ძანძურა'.
- კიდევ ერთი სკანდალი თქვენს გარშემო: არჩილ ხაბაძეს უპირისპირდებით, უზენაეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრშიც იყავით - ითქვა, რომ ფუტკარაძე, რომელიც თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ნაციონალია და მას მხარს სწორედ თქვენ უჭერდით. ასეა?
- ფუტკარაძე ნაციონალი არაა. ამას ვინ ამბობს, ის აქტივისტები, რომლებიც ფუტკარაძის სახლთან მივიდნენ?! ისინი ჯერ ნაცები იყვნენ, დღეს ,,გაქოცდნენ', მერიის თანამშრომლები და ,,თავისუფალი თაობის' წევრები არიან, რომელთაც საქართველოს მთავრობა მართავს. ,,ოცნება' და ნაციონალები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს მართვის ფორმებით. როცა პარტიიდან გამიშვეს, ყველა პირველი პირი ამბობდა, მურმან დუმბაძე მოღალატეაო, მე კი ეს სიტყვა ,,ნაცებისგან' მესმოდა. ეს აქტივისტი ბავშვები დაბნეული ცხვრები არიან. ჯემალ ფუტკარაძე კი განსხვავებულ აზრს გამოხატავს და ამიტომაც არ მოსწონთ.
- და თქვენი ვინაა, თქვენს სახლში რომ ჩაატარა პრესკონფერენცია?
- ჩემი მეგობარია, აჭარაში ,,ოცნების' ერთ-ერთი დამფუძნებელი და უმაღლესი საბჭოს წევრი. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ ის პარტიიდან გარიცხულია. მარტო დეპუტატად კი არ ვარ არჩეული, ბათუმის მაჟორიტარიც ვარ და თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული პრინციპით. აჭარის ავტონომიას წარმოვადგენ პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ არათუ ყველა მოვლენის საქმის კურსში უნდა ვიყო, ყველა პროცესს სიღრმისეულად უნდა ვიცნობდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უმაღლეს საბჭოში 21 კაცს ვმართავ.
- ამას რომ გაბრალებდნენ, იმიტომ გაგრიცხეს, თავის დროზე, პარტიიდან.
- ასე აწყობდათ და ასეც თქვეს - აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, დუმბაძე მთავრობის იმპიჩმენტს ითხოვსო?!
- იარაღი რატომ იყიდეთ, ეს პრობლემები სხვანაირად არ გვარდება?
- სროლა ვისწავლე, უკვე მიზანშიც კარგად ვისვრი. იარაღის გამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ, როცა მთავრობა ქირაობს მერიის ბავშვებს, რომლებიც ადგილობრივ დეპუტატებს ხელს ურტყამენ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ გიცავს. პატრული კი დგას და იცინის, რადგან ისიც სამთავრობო გუნდშია.
- გია ცაგარეიშვილი ამბობდა, რომ ამ პროცესებში თავისუფალი დემოკრატების ჩათრევა გინდოდათ. ასე იყო?
- ალასანიას პარტიას სამი წარმომადგენელი ჰყავდა, მათგან ერთი ,,ოცნებაში' გადახტა და ორნი დარჩნენ. როცა აგვისტოში ,,ოცნებამ' ,,ძანძურას' იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თავისუფალი დემოკრატები არ დაეთანხმნენ, ახლა კი თვითონ დააყენეს ეს საკითხი. აქ ლოგიკა სადაა, ამიხსენით?! ნაციონალურმა მოძრაობამ ძლივს გამოიღვიძა და მთავრობის გადაყენების საკითხი დააყენა. აჭარის უზენაესმა საბჭომ კი ეს ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მოინდომა. ნელ-ნელა ,,ოცნება' მართლა ნაციონალებს ემსგავსება. ხომ იცით, ცოლ-ქმარი დაბერდა, ქმარი ცოლს ვეღარ ეფერება და ეუბნება, ვბერდები და გინათესავდებიო - ასეა ახლა ამათი საქმეც.
- ცოლი რომელია?
- ცოლი - ,,ნაცები', ქმარი - ,,ქოცები', ბერდებიან და ერთმანეთს ენათესავებიან. ახალგაზრდა საყვარელი უნდა გაჩნდეს, როგორც ძლიერი კონტროლი მთავრობაზე.
- ჰოდა, ,,ახალგაზრდა საყვარელი' თქვენ და ახალი ფრაქცია გამოდიხართ.
- მე ვარ ადამიანი, რომელიც ეცდება, არსებობდეს ძლიერი კონტროლი მთავრობაზე. თუ ასე არ მოხდა, ,,ოცნებაც' ნაციონალებივით ჩაფლავდება.
- ვიცე- სპიკერის პოსტიდან თქვენი გადაყენების საკითხს როდის დაუბრუნდებიან პარლამენტში?
- არ გამოსდით და არც გამოუვათ ეგ ამბავი. კონსტიტუცია არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან 114 კაცი სჭირდებათ. ,,ოცნება' კი 100 კაცსაც ვერ შოულობს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსატანად.
- იარაღს ტყუილად არ იყიდდით. რამეს ხომ არ ელით?
- ისე, სასაფლაო ნაყიდი მაქვს, სხვათა შორის, საგვარეულო სასაფლაოა, სადაც ჩემი მშობლები არიან დაკრძალულნი, თუმცა ჩემს იარაღს გამოყენება არ უწერია. ეს ჟესტი იყო ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანაში ძალადობა შეწყვიტოს. თუმცა ახალი მთავრობა, ძველთან შედარებით, გაცილებით უხერხემლოა ამ საქმეში. მალე ,,ოცნებისთვისაც' მოვა 2012 წლის 1 ოქტომბერი.
- ვინ უნდა მოიყვანოს, ესაა საქმე.
- ქუჩაში რომ გახვალთ, ვინც პირველი შეგხვდებათ, ის მოიყვანს ამ დღეს - ადამიანი, ხალხი და ამას ბიულეტენით გააკეთებს! 2016 წლის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება' საკონტროლო პაკეტით ვერასგზით ვერ მოვა.