,,საქართველოს რკინიგზა' რუსულ კომპანიას ლობირებს?

,,საქართველოს რკინიგზა' რუსულ კომპანიას ლობირებს?

ქართულ-ჩინური კომპანიის დირექტორი ტენდერში გამოკვეთილ დარღვევებს ასაჯაროებს 
ჩინური კორპორაცია ჩშღ-ის წარმომადგენელი საქართველოში, შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990'-ის დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე, ,,საქართველოს რკინიგზას' კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. ,,ვერსიასთან' საუბრისას, ავთანდილ საყვარელიძე აცხადებს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა ტენდერში იმ კომპანიას ლობირებს, რომელიც რუსულ პროდუქციას ამზადებს. მისი თქმით, სატენდერო პირობები ,,ურალსკიე ლოკომოტივის' მიერ წარმოებული პროდუქციის პარამეტრებზეა მორგებული. ,,საქართველოს რკინიგზაში' საყვარელიძის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.    

2014 წლის 31 დეკემბერს, ,,საქართველოს რკინიგზამ' გამოაცხადა ტენდერი - GEO 140000124, რომელზეც წინადადების მიღება 2015 წლის 27 თებერვალს დასრულდა. ტენდერი რკინიგზისა და ტრამვაის ლოკომოტივების, მოძრავი შემადგენლობისა და თანმდევი ნაწილების შესყიდვას ეხებოდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 500 000 ლარი იყო, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა, სს ,,თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა' - 10 500 000 ლარით და შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990' - 10 290 000 ლარით. ,,შესყიდვების შესახებ' საქართველოს კანონის მიხედვით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება კომპანია, რომელიც შეთავაზებულზე ნაკლებ ფასს წარადგენს. მართალია, შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990'-მა ტენდერში 210 000 ლარით ნაკლები დააფიქსირა, ვიდრე სს ,,ელმავალმშენებელმა' და კანონით, ქართულ- ჩინური კომპანიაა გამარჯვებული, მაგრამ ,,საქართველოს რკინიგზა' ტენდერის შედეგებს დღემდე არ აქვეყნებს. ,,ვერსიას' შპს ,,ა.ს ჯგუფი 1990'-ის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ავთანდილ საყვარელიძე ესაუბრება: 

- ბატონო ავთო, კონკრეტულად, რას ედავებით ,,საქართველოს რკინიგზის' ხელმძღვანელობას? 
- ,,საქართველოს რკინიგზის' მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია დავფიქსირდით. ამ ტენდერში ჩვენ ჩინურ პროდუქტს ვთავაზობთ, ხოლო ,,ელმავალმშენებლი' რუსულ ლოკომოტივს. ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგებით, ჩინური კორპორაცია, რომელსაც შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990' წარმოადგენს, ამ სფეროში მოწინავედ ითვლება და გარდა ამისა, ჩვენ უკეთესი წინადადებაც გვაქვს. ტენდერი 27 თებერვალს ჩატარდა, სადაც ,,ა.ს. ჯგუფი 1990'-მა გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი თვე გავიდა, ,,საქართველოს რკინიგზის' სატენდერო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ტენდერის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ ჩვენი კომპანიის დოკუმენტაციას არც კი განიხილავდა. ჩვენ ამ ტენდერში 10 290 000 ლარი, ხოლო ,,ელმავალმშენებელმა' - 10 500 000 ლარი დააფიქსირა, სხვაობა 210 000 ლარია, თუმცა შედეგი არ ჩანს. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით, ,,საქართველოს რკინიგზის' ხელმძღვანელობას მივმართე, კარგად ჩაეხედათ სატენდერო დოკუმენტებში და მოსალოდნელი უსამართლობის პრევენციის მიზნით, გარკვეული ზომებიც მიეღოთ. მოვუწოდე, ჩვენთვის დამსახურებული გამარჯვება არ წაერთმიათ და ამ შემთხვევაში, რუსული კომპანია არ გამოეცხადებინათ გამარჯვებულად. ვფიქრობ, ამ მოწოდების შედეგად, რკინიგზის ხელმძღვანელობამ ყურადღებით ჩაიხედა ამ საქმეში, რადგან ფაქტია, დღეს, ანუ ტენდერიდან ერთი თვის თავზე, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ. 

- კანონით, ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება კომპანია, რომელიც შეთავაზებულზე ნაკლებ ფასს წარადგენს. თქვენ ტენდერში გამარჯვებულად არ დაფიქსირდით? 
- არა და სწორედ ესაა საქმე! მოვითხოვთ, შპს ,,ა.ს ჯგუფი 1990', ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდეს. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით, ,,საქართველოს რკინიგზის' ხელმძღვანელებისგან ჯერ კიდევ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი. 

- ტენდერი შეჩერდა, გადაიდო თუ რა მოხდა სინამდვილეში? 
- ტენდერს თავისი ეტაპები აქვს. პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა, მეორე ეტაპი, ანუ წინადადებების მიღებაც დასრულდა და ახლა მესამე ეტაპი, ანუ კომპანიის შერჩევა- დაზუსტების დრო უნდა დადგეს. ,,საქართველოს რკინიგზა' სწორედ ამ ეტაპზე არ გადადის, რადგან ასე რომ მოხდეს, ლოგიკურად, ჩვენ გავიმარჯვებთ. ვეჭვობ, ეს ტენდერი თავიდანვე მორგებული იყო რუსული კომპანიის გამარჯვებაზე. 

- ტენდერის შედეგების გამოუცხადებლობის გარდა, ამგვარ ეჭვებს კიდევ რაიმე გიქმნით? 
- დიახ, ეჭვს მიმძაფრებს ,,საქართველოს რკინიგზის' დაბალი რგოლების, ანუ ტექნიკური სამსახურების მიერ, მხოლოდ რუსულ ენაზე მომზადებული დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამის ვებ-გვერდზეა ატვირთული. რადგან ეს საერთაშორისო ტენდერია, ტექნიკური დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე უნდა მოემზადებინათ. გარდა ამისა, ტექნიკური პარამეტრები მხოლოდ რუსულ ელმავალზეა მორგებული. 

- იმის თქმა გსურთ, რომ ტენდერში მოთხოვნილი პარამეტრები ერთი, კონკრეტული კომპანიის წარმოებულ პროდუქციას შეესაბამება? 
- დიახ, ასეა. შეგიძლიათ ნახოთ ,,ურალსკიე ლოკომოტივის' ვებ-გვერდი, სადაც ამ კომპანიის ტექნიკური პარამეტრებია აღწერილი. ტენდერის პირობებსაც თუ გაეცნობით, ერთი- ერთში იმეორებენ სწორედ ,,ურალსკიე ლოკომოტივის' ტექნიკურ პარამეტრებს. ამის მიუხედავად, ჩინური კორპორაცია მზადაა, გაიმეოროს და გააუმჯობესოს ყველა ის პარამეტრი, რასაც რკინიგზა ტენდერის მიხედვით ითხოვს. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები და როგორც ,,როლს როისი' ან ,,მერსედესია' მსოფლიოში აღიარებული, სწორედ ასეთივე რეიტინგი აქვს ჩინურ კორპორაცია ჩშღ-ს, რომელიც ამ დარგში, ნომერი პირველი მწარმოებელია მსოფლიოში. როგორც იცით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და ვიზუალურად ლამაზ მატარებლებს ჩინეთი, უფრო ზუსტად კორპორაცია ჩშღ აწარმოებს. აი, ამ კორპორაციას აქვს სურვილი, რომ მსოფლიოში აღიარებული საკუთარი პროდუქცია საქართველოშიც შემოიტანოს. 

- ამ ეტაპზე მხოლოდ ,,საქართველოს რკინიგზის' ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას ელოდებით? 
- გონივრული ვადა ამოიწურა, როგორც უკვე გითხარით, ტენდერის გამოცხადებიდან დღემდე, ერთი თვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე, ეს ტენდერი შემდეგ ეტაპზე უნდა გადასულიყო. მეორე მხრივ ეს კარგიცაა, რადგან რკინიგზის ქვედა რგოლების მენეჯმენტის ,,ბოროტი' ჩანაფიქრი, რათა ჩვენი კომპანია ტენდერიდან მოეხსნათ და გამარჯვება რუსული კომპანიისთვის მიენიჭებინათ, ვერ განხორციელდა. როგორც ვიცი, რკინიგზის ხელმძღვანელობა ახლა იმაზე მსჯელობს, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ შემდგომში. *** შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990'-ის დირექტორი, ავთანდილ საყვარელიძე ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ ,,საქართველოს რკინიგზას' ბაზარზე რუსული კომპანია შემოჰყავს, რომელსაც ორმაგი დანიშნულების ელმავალის გაყიდვის უფლება არ აქვს. მისი თქმით, რუსული კანონმდებლობით, სატვირთო და სამხედრო ელმავლის ქვეყნიდან გაყვანა იკრძალება. სს ,,ელმავალმშენებელი', 1998 წლის 30 დეკემბერსაა რეგისტრირებული. მართალია, კომპანიის მმართველობაში რუსეთის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ,,ელმავალმშენებელში' საქართველოს 10 000 მოქალაქეა დასაქმებული. რაც შეეხება სატენდერო დოკუმენტაციას, რუსულის გარდა, ქართულ ენაზეც მომზადდა. ,,ვერსია' შპს ,,საქართველოს რკინიგზის' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა, რომელიც ავთანდილ საყვარელიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს: 
,,ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 27 თებერვალს ჩატარდა, ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, ,,საქართველოს რკინიგზის' ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება არ მიუღია და აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რომელიმე მხარის პრეტენზია ტენდერზე, რომლის შედეგიც ჯერ არ დამდგარა. თუმცა ტენდერის შედეგიც რომ დადგეს, რომელიც რომელიმე მხარისთვის მიუღებელი იქნება, მისი გასაჩივრების ცივილური გზები არსებობს. პირველ რიგში, ჯერ რკინიგზაშივე უნდა გასაჩივრდეს, შემდეგ - შესყიდვების სააგენტოში და ბოლოს - სასამართლოში. ოღონდ ტენდერის შედეგი მაშინ უნდა გასაჩივრდეს, როდესაც ოფიციალურად დასრულდება. იმის გამო, რომ ტენდერი არ დასრულებულა, არადა, მასში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი მედიაში ტეხს აჟიოტაჟს, მაფიქრებინებს, რომ ეს ხელოვნური სპეკულაცია და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა'.