პროექტი, რომელსაც ჰქვია ”საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”, სამ კონკრეტულ ზონას მოიცავს - გონიოს, ანაკლიას და მესტიას. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", "მწვანე ალტერნატივამ" და "რეგიონალური მედიის ასოციაციამ" - საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების შესწავლის შემდეგ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც შევიდა გონიოში საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას და მიწის მესაკუთრეებისათვის კომპენსაციების გადახდას მოითხოვენ.
თავიდანვე ეს მიწები უკანონოდ გასხვისდა, რადგან ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა მათი გასხვისების უფლება ...
გონიოში 271 ოჯახის საკუთრების უფლება დაირღვა. მათ მიწები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ დაუკანონეს, შემდეგ კი მოულოდნელად ჩამოართვეს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის არგუმენტი ის იყო, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ნაწილად ითვლებოდა, რაც რატომღაც არჩევნების წინ ამავე კომისიას არ გახსენებია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა ამბობს, რომ მიწები ხელისუფლებამ ჯერ უკანონოდ დაურიგა მოსახლეობას, შემდეგ კი ასევე უკანონოდ ჩამოართვა: ?ავიდანვე ეს მიწები უკანონოდ გასხვისდა, რადგან ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა მათი გასხვისების უფლება.
კანონი პირდაპირ არ კრძალავს ასეთი მიწის ნაკვეთების გასხვისებას, მაგრამ, სულ ცოტა, კულტურის სამინისტროს ნებართვაა ამისათვის საჭირო, რაც ასევე არ არსებობს. ამას ისიც ემატება, რომ ამ ნაკვეთების 90% საპრეზიდენტო არჩევნების წინაა დარეგისტრირებული და ასევე ერთბაშად ჩამოართვეს ამ 217 ოჯახს იგივე მიწის ნაკვეთი, აცხადებს ბოკუჩავა.
ის ასევე განმარტავს, რომ მესაკუთრეების ნაწილი მიწის დამუშავებას შეუდგა, ხარჯი გასწია, ნაწილმა ბინა გაყიდა და ადგილზე სახლის თუ სასტუმროს მშენებლობაც წამოიწყო და მიწაც სწორედ ამ დროს ჩამოართვეს. ნაწილმა სასამართლოში იჩივლა, მაგრამ პროცესი წააგო. მაგალითად, სასამართლომ უარით გაისტუმრა ერთ-ერთი მესაკუთრე, ენვერ ირემაძე. გონიოელებმა თავიანთი უფლებების დასაცავად არაერთი აქციაც მოაწყვეს.
ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ რეგიონების განვითარება მდგრადი განვითარების გვერდის ავლით არ უნდა მოხდეს. და თუ მაინც ტურიზმის განვითარებას მესაკუთრეების უფლება შეეწირება, მათ, სულ ცოტა, მიყენებული ზიანი მაინც უნდა აუნაზღაურონ.
ეკონომიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ საზოგადოების ერთი ჯგუფის ინტერესის შელახვის ხარჯზე მეორის ინტერესების განხორციელება არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ერთგვარი ოქროს შუალედის მოძებნის საშუალებას იძლევა, ”შესაძლებელია, რომ მესაკუთრისგან კანონიერად მივიღოთ ესა თუ ის ქონება, რომელიც რაღაც ტიპის ბიზნესისათვის იყოს საჭირო. მათ შორისაა გამოსყიდვის ფორმა, ქირავნობის ფორმა. მესაკუთრეც კმაყოფილი იქნება ამ შემთხვევაში და არც ბიზნესის განვითარებას შეეშლება ხელი, აცხადებს ნარმანია. ის ასევე შენიშნავს, რომ მესაკუთრეების დარღვეული უფლებები და წაგებული სასამართლო პროცესები პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო აქტივობის შემცირებასთან.