[ეკა ბაქრაძე]
ნელ-ნელა ირკვევა, რომ საქართველოში ვერც კურორტები, ვერც სასტუმროები და ვერც რესტორნები აღიარებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. არადა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში უამრავი თანხა დაიხარჯა. შედეგი კი მაინც არასახარბიელოა.
ქართული რესტორნების უმრავლესობა მაღალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. „გლობალ სთარის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, რესტორნებისთვის ვარსკვლავების მინიჭება პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან მენეჯმენტს მაღალი მოთხოვნები აქვს, თუმცა არსებული მდგომარეობა შესაბამისი ვარსკვლავების მინიჭების საშუალებას არ იძლევა.
ბატიაშვილი ამბობს, რომ მსურველების რაოდენობა არის, მაგრამ დღეისთვის ვარსკვლავებს მხოლოდ ერთი რესტორანი ფლობს. მაისში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რესტორანი შეფასდება. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა რესტორნებს სანიტარული ნორმებისა და პროდუქტების სწორად შენახვის კუთხით აქვთ.
არადა ყოველთვის მიჩნეული იყო, რომ საქართველოში რესტორნებს წუნი არ დაედებოდათ. სხვათა შორის, ასევე იყო სასტუმროების კუთხითაც. მთავრობა და ტურისტული სექტორი დღენიადაგ თავს იწონებდნენ ახალ-ახალი, „სუპერთანამედროვე“ სასტუმროების გახსნით. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ სასტუმროების აბსოლუტური უმრავლესობა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და მათი ვარსკვლავები ფუჭია.
ასე რომ, ვარსკვლების მინიჭების ამბებიც ლამის სკანდალად იქცა. თავიდან სასუტმროების დავარსკვლავება „გლობალსთარმა“ ითავა, მაგრამ კონკურენტი მალე გამოუჩნდა. პარალელურად მსგავსი პროცესი წამოიწყო დამსაქმებელთა ასოციაციაციამაც.
„გლობალ სთარში“ მყისვე განაცხადეს, რომ დაუშვებელია ერთ ბაზარზე ვარსკვლავების მინიჭებას რამდენიმე ორგანიზაცია ახდენდეს. ისინი ეჭვობენ, რომ დამსაქმებელთა ასოციაციას საქმიანობის დაწყებამდე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია.
მოკლედ, სასტუმროებს და რესტორნებს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ გაირკვა, რომ ჩვენი საერთაშორისო დონის კურორტი - ბათუმი - სულაც არ არის საერთაშორისო და არც „დონეა“.
უსიამვონო ინფორმაცია თავად აჭარიდან წამოვიდა. ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტში აღიარებენ, რომ აჭარა მსოფლიო ტურისტების მისაღებად მზად არ არის, რადგნაც არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურების დონე ევროპიდან და ამერიკიდან ტურისტების მოსაზიდად საკმარისი არ არის. შესაბამისად, ამ ქვეყნებში არც აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ წელს აჭარა მილიონნახევარ ტურისტს ელოდება და ტრადციულად აქცენტი მეზობელ ქვეყნებზე - თურქეთზე, უკრაინაზე, აზერბაიჯანზე და სომხეთზე - კეთდება. რეგიონში ტურისტებს ელოდებიან ისრაელიდან (ეს კი ნამდვილად საეჭვოა) და პოლონეთიდანაც.
დასავლეთ ევროპელი ტურისტების შემოსვლას დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 2012 წლიდან ვარაუდობს, მაშინ როდესაც რეგიონში ინფრასტრუქტურა და მომსახურება მეტად განვითარებული იქნება. მარშრუტებში ბათუმის ჩართვას ტურისტები თითქმის არ ითხოვენ.
აჭარისთვის პრობლემა აღმოჩნდა ისიც, რომ იგი საერთოდ ვერ მოხვდა ტურიტებისთვის სასურველი რეგიონიების ხუთეულში. „კომერსანტ.გე“–მ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა - რომელი ადგილები ხიბლავთ ტურისტებს საქართველოში ყველაზე მეტად? და შიდა ტურიზმზე მომუშავე ტუროპერატორების ნაწილი გამოკითხა. მათი განცხადებით, უცხოელი ტურისტების არჩევანი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდანაა ის, რა მიმართულებები შედის მისი ინტერესის სფეროში და ა. შ.
თუმცა ტუროპერატორთა განცხადებით, ტურისტებს საქართველო, ძირითადად, ლანდშაფტითა და პანორამული ხედებით ხიბლავს. ასე რომ, ამ მხრივ ბათუმი კონკურენციას ვერ უწევს მესტიას, თუშეთს, სიღნაღს, ვარძიას და ყაზბეგს.