,,ტარასას' აღზევება ზონაზე

,,ტარასას' აღზევება ზონაზე

რატომ აგინა პალაჟენეცმა ,,ქურდებს' და როგორ იძიეს შური პატიმრებმა  კალაშოვის, ონიანისა და შუშანაშვილის გამო
მას შემდეგ, რაც ტერმინი კანონიერი ქურდი დამკვიდრდა, ბევრი რამ შეიცვალა. ცხოვრება წინ წავიდა და შესაბამისად, დაუწერელ ქურდულ კანონებში ცვლილებები განხორციელდა. თუ ქურდს ცოლი და შვილი არ უნდა ჰყოლოდა, ეს აკრძალვა მარტივად მოიხსნა. კანონიერ ქურდს არ უნდა ჰქონოდა ქონება, სახლი, მანქანა... ესეც მოიხსნა და ქონებას ვინ ჩივის, კანონიერ ქურდთა უმრავლესობა პირადი დაცვით გადაადგილდება. კანონიერი ქურდები წამალს არ იკეთებდნენ, რადგან ნარკოტიკის გამო ქურდს შეიძლება შეცდომა დაეშვა. ახლა კი, არაერთი კანონიერი ქურდი ჩავარდა ,,წამალზე'.
„ეს აღარ არის ქურდული ცხოვრება. ეს ბარდაგია. ქურდი რომ წამალს გაიკეთებს, ქურდი რომ ნარკოტიკების გასაღებით ფულს იშოვის, ქურდი რომ დაცვით ივლის, იმ ქურდის დედაც...“ - ასეთი თამამი განცხადება კასპელი კანონიერი ქურდის, აწუკვე გარდაცვლილი დათოს შვილმა ტარიელმა რუსთავის #17 ზონაზე მიყვანის პირველივე დღეს გააკეთა. მაყურებლები მოიღუშნენ, ერთმანეთს გადახედეს, იცოდნენ, ტარასა მძიმე წონა იყო, თავისუფლებაზე გასვლისთანავე კანონიერი ქურდობა ზედ ჰქონდა. არადა, როგორი მოსათმენი იყო, ტარასა, პრაქტიკულად, ყველა ბობოლა ქურდს აგინებდა.

„გამოდის, კალაშოვი, ონიანი, შუშანაშვილი... ქურდები არ არიან?!“ - სიჩუმე პატიმარმა #0578მა დაარღვია და დაარღვია იმიტომ, რომ ხმის ამოღებას არავინ აპირებდა, ჰაერში დაკიდებული კითხვა კი, ადრე თუ გვიან, გასკდებოდა და ზონას წალეკავდა.

„დაგვტოვე“, - ეს ზონის პალაჟენეცის ხმა იყო და რაღა თქმა უნდა, საკნიდან #0578ს აძევებდა. მაყურებლების კამერაში #0578 ერთადერთი იყო, რომელიც კაიბიჭის სტატუსით არ სარგებლობდა და შესაბამისად, იქ არც უნდა ყოფილიყო.

„ბაზარი არაა, გავა ეს კაცი აქედან, მაგრამ კითხვაზე პასუხს თუ არ გასცემთ, რაის მაყურებლები ხართ?!“ - ტარასამ ბოლომდე დაძაბა ვითარება.
#0578 არ განძრეულა, მაგრამ მიხვდა, ყველაფერი მშვიდობიანად არ დასრულდებოდა. პალაჟენეცს სახე აელეწა, ჯერ ტარასას გახედა, მერე #0578ს, მერე ისევ ტარასას და ჩუმად თქვა: „არ ვარ ვალდებული, პეხოტას პასუხი გავცე ყველა სულელურ შეკითხვაზე“.

„და ქურდებზე დასმული შეკითხვა სულელური როდიდან არის, პატივცემულო?!“ - ტარასა ფეხზე წამოდგა და პალაჟენეცის წინ აისვეტა.
ყველა მიხვდა, პალაჟენეცმა შეცდომა დაუშვა. თუმცა იმასაც ყველა ხვდებოდა,  ახლა პალაჟენეცის გაფუჭება, მაყურებლების ჩაჩოჩებასაც ნიშნავდა და რის გამო, ვის გამო? ტარასასი და #0578ის?!
„არ არის ეს აქ სასაუბრო თემა, საღამოს ყველა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - ჩუმად თქვა პალაჟენეცმა და მის სიტყვას უხმოდ დაემორჩილნენ. საღამომდე კიდევ რამდენიმე საათი იყო, პატიმარი #0578 თავის კამერაში ავიდა და წამოწვა, მაგრამ მალევე წამოაგდეს, პალაჟენეცი გიბარებსო. პატიმარი მშვიდად წამოდგა, სიგარეტის კოლოფი ჩაიდო ჯიბეში და პალაჟენეცის კამერისკენ წავიდა.
„მომისმინე. ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ და რა გინდა? ამდენი ხანია, გიტანთ, ამდენი ხანია შენს სისულელეებს ვითმენთ, ამდენი ხანია არაფერს გეუბნებით და ხვდები, ხო, თავს რომ გაგივიდა?!“ - პალაჟენეცი გაცოფებული საუბრობდა.

#0578 ხმას არ იღებდა, ფეხზე იდგა და პალაჟენეცს უსმენდა.
„ხმას რატომ არ იღებ? რა გინდამეთქი, ბოლო ბოლო?!“ - იღრიალა პალაჟენეცმა.
„იმიტომ, რომ კამერაში მარტო მე და შენ ვართ. რაც უნდა ვთქვა, მერე რომ გაირჩეს საქმე, თქვენი დაუწერელი კანონების მიხედვით, შენ დაგიჯერებენ იმიტომ, რომ კაიბიჭი ხარ და იმავე კანონების მიხედვით, კაიბიჭი არ ტყუის. ან ვინმეს დავუძახოთ ან არა და ჩუმად ყოფნა მირჩევნია“, - გამოთქმით თქვა #0578მა.

„რამდენს ბედავ, შე ნაბიჭვარო? რა გინდა, რომ თქვა? მე ვიტყუები?!“ - იღრიალა პალაჟენეცმა და #0578ს სილა გააწნა.
„ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ იტყუები, შენ საღამომდე გადადე ბაზარი, ახლა დამიბარე და ცალკე მებაზრები; მეორეც - ახსნა მოგიწევს ამის, რაც ახლა გააკეთე. ამ ხელის დარტყმას ლახმაჩობად ვაფასებ და შეგიძლია, კიდევ დამარტყა, ხელს არ შემოგიბრუნებ, მაგრამ აგახსნევინებმეთქი“, - #0578მა ხმაში სუსხი გაურია.
„რაა, ბიჭო? ვის აახსნევინებ? ლახმაჩი ვის უწოდე? დღეს თუ არ დაგბრიდო, მე ვიყო ბოზი“, - იღრიალა პალაჟენეცმა და ოთახში ტარასა გამოჩნდა.
„რა ხდება აქ? რაზე თქვი, ბოზი ვიყოო?!“ - იკითხა ტარასამ.

„ახლა ვისაუბროთ, გვესწრება კიდევ კაცი. ხელი დამარტყა და დამპირდა, ამაღამ თუ არ დაგბრიდო, ბოზი ვიყოო“, - ჩუმად თქვა #0578მა.
„ხელი დაგარტყა? და რაზე აიწია ბაზარი? საღამომდე არ გადავდეთ თემა? ახლა ცალკე აკაჩავებ ამას, საღამოსთვის ის რომ გაიპრავო? საინტერესოა. საღამოს ბაზარს ესეც დაესწრება და... თუ დასაბრედი მიზეზი არ გექნება, ჩათვალე, ბოზი ხარ. თუ დასაბრედი იქნება, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს“, - თქვა ტარასამ და კამერიდან #0578თან ერთად გავიდა.

მთელმა ზონამ გაიგო, რომ საღამოს რაღაც უნდა მომხდარიყო. #0578 აშკარად ნერვიულობდა, იცოდა, ერთი შეცდომა და მაყურებლების საკანში შესული უკან თავის ფეხით ვეღარ გამოვიდოდა. ადმინისტრაციამ მაყურებლებს შეკრება ვერ აუკრძალა, თუმცა ფანჯრიდან ყველამ დაინახა, რომ ზონის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია ყველაფრისთვის მზად იყო. მაყურებლების კამერაში ოცამდე კაცი შეიკრიბა. პალაჟენეცი შუაში დადგა და დაიწყო.

„ძმებო, აქ ყველანი კაიბიჭები ვართ #0578ის გარდა, ქურდულად გვიცხოვრია და ქურდულისთვის თავს გადავდებთ ყველა. ტარასამ დღისით ქურდებს აგინა, უფრო ზუსტად კი თქვა, ვინც წამალს აკონტროლებს, ვინც დაცვით დადის, ყველა ქურდის დედაცო. ლიჩნიკები ქურდებს ბოზებისგან დასაცავად სჭირდებათ. ეს ყველამ იცის. ამიტომ, ტარასამ თავის სიტყვები უნდა ახსნას და მერე ამანაც უნდა თქვას, რატომ დააკონკრეტა გვარებით და რატომ ახსენა კალაშოვი, შუშანაშვილი და ონიანი“, - დაასრულა გამოსვლა პალაჟენეცმა.
ტარასამ ჩაიღიმა, მაყურებლებს გადახედა და მტკიცე ხმით დაიწყო.

„მე რაც ვთქვი, იგივეს გავიმეორებ ახლაც. ქურდულად თუ ვცხოვრობთ, ქურდულად უნდა ვიცხოვროთ. სხვანაირად არ გამოვა. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს იმაზე, რაც ვთქვი, ავუხსნი და იგივე აზრზე ვარ. რაც შეეხება პალაჟენეცს, მან ბაზარი საღამომდე მოკლა, მერე დაიბარა ჩვენი ძმა კამერაში და აკაჩავა. ხელიც დაარტყა და უთხრა, ამაღამ თუ არ დაგბრიდო, ბოზი ვიყოო. ახლა ორი ვარიანტია, ან ეს პატიმარი #0578 დასაბრედია, ან ბოზი პალაჟენეცი გვყავს. მესამე ვარიანტი არ არსებობს“, - დაასრულა მონოლოგი ტარასამ და ყველამ #0578ს შეხედა.
„ხელი მომხვდა დღეს. ვთვლი, რომ უსამართლოდ მომხვდა. პალაჟენეცმა დამიბარა და მარტო მესაუბრებოდა. კაი ბიჭის დასწრება მოვითხოვე და სწორედ მაშინ მომხვდა ხელი. თუ ამის უფლება არ მქონდა, მაშინ მოსაკლავი ვარ იმიტომ, რომ პალაჟენეცს ლახმაჩობა დავაბრალე, მაგრამ თუ პალაჟენეცს კაიბიჭებთან რამე აქვს დასამალი და მათთან ერთად ვერ საუბრობს, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ“, - მშვიდად თქვა #0578მა.

ამის შემდეგ ყველაფერი მალე დასრულდა. მაყურებლებმა მოითათბირეს და პალაჟენეცი კამერიდან ნაცემი და კუდამოძუებული გავიდა. მეორე დღეს მთელმა ზონამ იცოდა, რომ ტარასა ახალი პალაჟენეცი იყო.

„ისე, რომ იცოდე, მოსაკლავი მართლა იყავი“, - გაუღიმა ტარასამ მეორე დღეს #0578ს.
„რატომ?!' - დაინტერესდა #0578.
„იმიტომ, რომ ქურდების გვარები ჩამოთვალე. შენ ნანახი გყავს კალაშოვი, შუშანაშვილი ან ონიანი დაცვით რომ დადიან? გადმოცემით იცი, ხომ? ჰოდა, რაც არ გინახავს, იმას როგორ ამტკიცებ? ეს რომ ეთქვა პალაჟენეცს, წასული იყო შენი საქმე, მაგრამ ამას მოფიქრება უნდოდა“, - ღიმილით აუხსნა ტარასამ.
პატიმარი #0578