საქართველოში ინტერნეტპროვაიდერებმა გაილაღეს და მომსახურებას ყოველ წელს აძვირებენ. კონკურენციის არარსებობის პირობებში ბაზარზე კარტელური გარეგების ნიშნებია. კომპანიები შეთანხმებულად ზრდიან ფასს და მომხმარებელს არჩევანის საშუალებას უსპობენ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და დაბალხარისხიანი ინტერნეტია.
„კავკასუს ონლაინი“ ახალ სატარიფო სისტემაზე გადავიდა. ცვლილება შეეხოთ როგორც ინტერნეტის, ასევე ტელევიზიის მომხმარებლებს.
ახალი ტარიფების მიხედვით, მომხმარებელი გადაიხდის შემდეგ საფასურს: ოპტიმალი: 10 მბ/წმ - 27 ლარი (ძველი ფასი: 25 ლარი); ექსპრესი: 30 მბ/წმ - 37 ლარი (ძველი ფასი: 35 ლარი); ექსტრიმი: 50 მბ/წმ - 50 ლარი (ძველი ფასი: 45 ლარი); ინფინიტი: 100 მბ/წმ - 100 ლარი.
„კავკასუს ონლაინში“ ფასის ზრდის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ და საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მსგომარეობას ასახელებენ.
„ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მცირედ დაგვეკორექტირებინა ტარიფები, თუმცა შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად შევეცადეთ ფასების ცვლილება რაც შეიძლება მომხმარებლისათვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო“, - აცხადებენ „კავსასუს ონლაინში“.
მათივე ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ახალი ტარიფები 23 მარტიდან შევიდა ძალაში, ხოლო არსებულ მომხმარებლებს პაკეტები მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეეცვლებათ ახალი სატარიფო სისტემის მიხედვით, ამის შესახებ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური შეტყობინება უკვე გაეგზავნა.
მარტის დასაწყისში იგივე ნაბიჯი გადადგა „სილქნეტმა“. კომპანიის სტრატეგიული განვითარების განყოფილების დირექტორის, ილია ენუქაშვილის ინფორმაციით, ტარიფების მატება ინტერნეტის სიჩქარეების ზრდას და საბაზრო ფასებთან გათანაბრების მცდელობას უკავშირდება:
„საბაზისო პაკეტებში ოპტიკურ და DSL ინტერნეტზე ინტერნეტის სიჩქარე იზრდება 100%-200%-ით. ამასთან ერთად, იცვლება ინტერნეტისა და ტელევიზიის ფასები. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, სილქნეტის ფასები საბაზრო ფასებს გაუსწორდა. ფასების გადახედვამდე საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საბაზრო ფასებზე დაბალი ფასები დაეკავებინა, ახლა კი გადაწყვიტა, ფასები გაეთანაბრებინა“, - ამბობს ენუქაშვილი.
4 მარტიდან „სილქნეტის“ ახალი სატარიფო პოლიტიკით მომხმარებელს ამჟამინდელ („სილქ ოპტიკი“) სტარტპაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, 26 ლარის გადახდა უწევს. 5 მბ/წმ-ის ნაცვლად ახალი პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ-იანი გახდა. DSL ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ღირებულება ამჟამად 37 ლარია. ახალი ტარიფით კი იგივე პაკეტი 45 ლარი ეღირება. სერვისის სიჩქარე ადრე 3 მბ/წმ-ს შეადგენდა, რაც 6 მბ/წმ-მდე გაიზრდება. იმავე პერიოდიდან შეიცვალა „სილქ ტვ“-ის თემატური პაკეტების ღირებულებასაც შეეხო. თუ ადრე „სპორტი“, „კინო“, „ჰობი“, „საბავშვო“, „პლუსი“ 5 ლარი ღირდა, 4 მარტიდან ამ პაკეტებში მომხმარებელს 10 ლარის გადახდა უწევს. 5 ლარით მოიმატა HD და „18+“-ის ღირებულებამაც. უცვლელი დარჩა „სილქ სპორტის“ 10-ლარიანი სერვისი და სტანდარტული 9-ლარიანი პაკეტის ღირებულება. „სილქ ტვ“-ს 15-ლარიანი პაკეტი კი 5 ლარით არის გაძვირებული.
დღეს საქართველოში რამდენიმე ათეული აქტიური ინტერნეტ პროვაიდერია, მაგრამ საცალო ინტერნეტის ხვედრითი წილი საქართველოში, თბილისის ჩათვლით, ძირითადად შემდეგ კომპანიებზე მოდის: „კავკასუს ონლაინი“, „სილქნეტი“, „მაგთიკომი“, „ახალი ქსელები“, „ახტელი“. ბაზრის 60%-ზე მეტს კი „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ინაწილებენ.
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მოსახლეობის მხრიდან მუდმივად კრიტიკის საგანია. რამდენიმე თვის წინათ ამ საკითხზე „ახალგაზრდა ადვოკატებიც“ ალაპარაკდნენ და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიას რეკომენდაციით მიმართეს, რათა კომისიას ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფის ზედა ზღვარი დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც დღეს ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები ინტერნეტის სიჩქარეს და მომსახურების ტარიფს ისე ზრდიან, რომ რიგითი მომხმარებლის სურვილს საერთოდ არ ითვალისწინებენ.
კომუნიკაციების ექსპერტ გელა ბუთბაიასთვის რთულია იმის თქმა, ლარის დევალვაციის პირობებში, იყო თუ არა გარდაუვალი ტარიფების ზრდა. ამისთვის აუცილებელია დეტალური ინფორმაცია. რას შეეხება ტარიფის ზრდის კავშირს ლარის დევალვაციასთან, ბუთბაია ამბობს, რომ ქართული კომპანიები გარკვეულ მომსახურებას უცხოეთიდან, დოლარში ყიდულობენ, რაც ამ სეგმენშტი ხარჯს, ცხადია ზრდის, მაგრამ, მეორე მხრივ, საინტერესოა, რამდენ პროცენტს შეადგენს ეს ხარჯი ტარიფის წარმოქმნაში. სწორედ ამის საფუძველზე უნდა შეფასდეს, კომპანიამ ვერ შეძლო ტარიფის შენარჩუნება თუ უბრალოდ ფეხი აუწყო გაძვირების ტენდენციას.