"კომერსანტი" აქვეყნებს მორიგ 5 რეალურ სატენდერო ფაქტს, რომელმაც ბიზნესიც და სახელმწიფოც აზარალა. ხუთივე შემთხვევაში, იურისტების და ადვოკატების შეფასებით, სახელმწიფო მოხელეების მხრიდან არაპროფესიონალური და არასახელმწიფოებრივი მიდგომების გამო დაზარალდა სახელმწიფო და ბიზნესკომპანიების უმეტესობა გაკოტრდა. როგორც ,,კომერსანტის“ მიერ გამოკითხული იურისტები აცხადებენ, ხუთივე ქეისში სახელმწიფო მოხელეებს შეეძლოთ კანონის ფარგლებში მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც ბიზნესკომპანიებს დააზარალებდა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო გახდებოდა განხორციელებული პროექტების სახით.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ და საქმეები პირდაპირ სასამართლო სივრცეში გადააქვთ. ,,კომერსანტმა“ მსგავსი 5 ქეისი დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. ამჯერად ვაქვეყნებთ მორიგ 5 ისტორიას, რომელსაც მთავრობის ყველა წევრს, პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს, მმართველი კოალიციის ლიდერებს, ეკონომიკურ საბჭოს და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს გავუგზავნით შეფასებისთვის.
თითოეულ მათგანს ისევ ერთადერთი კითხვით მივმართავთ: როგორ შეაფასებთ სახელმწიფო მოხელეების მიდგომას და გამოჩენილ დამოკიდებულებას?
CASE 1. თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, 2014- 2015
ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი კომპანია „მშენგრუფმა“ მოიგო. კომპანიას დიღმის ჭალებში სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. აღნიშნული კომპლექსი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვისაა განკუთვნილი.
პროექტის „მშენგრუფისთვის“ გადაცემის შემდეგ, გაირკვა რომ პროექტი მოიცავდა ხარვეზებს და არაპროფესიონალურად იყო შედგენილი. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ 1150 მეტრიანი გზიდან, 680 მეტრზე სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო. პროექტის მიხედვით, გზის გარკვეულ ნაწილზე უნდა აშენებულიყო ფეხით მოსიარულეთა გვირაბი, რომლის გადახურვის ფილა არ იყო მყარი და ამ კონსტრუქციას, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. ასევე, გარკვეული პრობლემები იყო გზის საყრდენ კედელთან და განათების ბოძებთან დაკავშირებითაც. ბოლო 300 მეტრზე კი, საჭირო იყო 65 ერთეული ხის მოჭრა, რომელთაგან 5 ხე წითელ წიგნში შედიოდა. პროექტში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, „მშენგრუფმა“ ტექნოლოგიური განვითარების ფონდს წერილით მიმართა და პროექტის შეცვლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნა, რომ სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. რადგან ფონდის მხრიდან, არანაირი რეაგირება არ მომხდარა, კომპანიამ თბილისის მერიას მიმართა, რომელმაც „სინათლის ქალაქთან“ გადაამისამართა. „სინათლის ქალაქმა“, კვლავ მერიასთან და ამ პროცესებს თითქმის ერთი თვე დასჭირდა. პასუხის მიღება შეუძლებელი გახდა, რის გამოც შეფერხდა სამუშაოების შესრულება. ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა, გეგმა–გრაფიკით შესასრულებელი სამუშაოების რამდენიმე დღით ვადაგადაცილებისთვის (რომელიც გამოწვეული იყო საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზისა და ობიექტზე უნიკალური ხეების არსებობით) „მშენგრუფს“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა და დააკისრა ჯარიმა, რამაც მილიონ ლარამდე შეადგინა. მხარეებს შორის დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
CASE 2. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, 2014- 2015
მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,დათა +“-ს წავკისი-კოჯრის მონაკვეთზე გზის საფარის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. სამუშაოების დაწყებამდე გამგეობას არც დეფექტური გეგმა და არც პროექტი არც წარუდგენია, მიუხედავად ამისა კომპანიამ გზის დაგება მაინც დაიწყო, თუმცა მუშაობის პროცესი მრავალდღიანმა გადაუდებელმა წვიმამ შეაფერხა (არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობა), რის გამოც ,,დათა +“-მა გამგეობას ვადის გადაწევა თხოვა. ექსპერტების მითითებით, წვიმიან ამინდში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია. ასეთ ვითარებაში შესრულებული სამუშაოს მიღება სპეციალისტების მიერ არ მოხდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ ნალექიანი ამინდების გამო შეაჩერა სამუშაოების განხორციელება და მიმართა მთაწმინდის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ვადის გაგრძელება. გამგეობამ ვადის გადაწევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ამ დრომდე დაგებული არ არის. აღსანიშნავია, შპს დათა +“-ს გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე მთაწმინდის რაიონში არაერთი ობიექტი აქვს დასრულებული, რომლებიც ლ.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით აღიარებული იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დღემდე აღნიშნული ობიექტები შემსყიდველს არ მიუღია და არ გადაუხდია შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მთაწმინდის გამგეობა თავის მხრივ, კომპანიისაგან საკმაოდ დიდი მოცულობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.
CASE 3. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2013- 2015
ინდმეწარმე გოჩა აბაშიძემ გაიმარჯვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თანახმადაც ქობულეთის ერთერთ სოფელში სკოლა უნდა აეშენებინა.
გოჩა აბაშიძემ სკოლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მშენებლობის პროცესში მოხდა სტიქიური უბედურება და ჩამოწვა მეწყერი, რამაც გზები და შენობის გარე პერიმეტრი დააზიანა. მეწყრის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ცნობებით დასტურდება. სტიქიური ხელშემშლელი გარემოებების მიუხედავად, გოჩა აბაშიძემ დაგვიანებით, თუმცა სრულად შეასრულა სამუშაოები. აღნიშნული დაგვიანება გამოწვეული იყო სტიქიური მოვლენების შედეგად გზებისა და შენობის გარე პერიმეტრის დაზიანებით, რაც მიჩნეულია ფორსმაჟორად და გამორიცხავს შემსრულებლის ბრალეულობას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში.
2014 წლის დეკემბერში სკოლის მშენებლობა სრულად დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა შემსყიდველს, რომელმაც სკოლა საზეიმო ვითარებაში ტელეკამერების წინ გახსნა. ამის მიუხედავად, შემსყიდველმა ფორსმაჟორი არ გაითვალისწინა და გოჩა აბაშიძეს დიდი რაოდენობით საურავი შესრულებული სამუშაოების მთლიან ღირებულებაზე დააკისრა. ხოლო ამ თანხის 5 დღეში გადაუხდელობის გამო 2014 წლის 29 დეკემბერს შეუწყვიტა ის ხელშეკრულება, რომელიც უკვე შესრულებული იყო. მხარეებს შორის დავას განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.
CASE 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2014 - 2015
შპს ,,ნასა ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიეწოდებინა სპეცფორმა, რომელიც ჩინეთიდან უნდა ჩამოეტანა, თუმცა როცა კომპანიამ სპეცფორმის შეკვეთა ჩინეთის ერთერთ ფაბრიკას მისცა, უკრაინაში არსებული ცნობილი მოვლენების გამო ნებისმიერი სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე მსოფლიოში კონტროლი გამკაცრდა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის მიერ. შპს ,,ნასა ჯორჯიამ“ შესყიდული საქონლის ექსპორტზე გატანისათვის თანხმობის მისაღებად ჩინეთის სახელმწიფო უწყებას 2014 წლის 5 ივნისს მიმართა, ხოლო ოფიციალური დოკუმენტი გაცემული იქნა 2014 წლის 29 ივლისს. ვადის დარღვევამ გამოიწვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. კერძოდ, პროდუქცია შემსყიდველისათვის უნდა გადაეცა 2014 წლის 14 აგვისტოს, ხოლო ტვირთის საქართველოში ჩამოტანა დაგვიანდა. ამასთან დაერთო სექტემბრის თვეში ფოთის პორტში წარმოქმნილი შტორმი, რის გამოც დატვირთული გემის პორტში შემოსვლა დაგვიანდა. ეს ფაქტი დასტურდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობებით.
შპს ,,ნასა ჯორჯიამ“ ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო თავდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვადის გაგრძელება. 2014 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიამ შემსყიდველს სრულად მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, რაც მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება. მიუხედავად ამისა, თავდაცვის სამინისტრომ არც ფორსმაჟორის ფაქტი გაიზიარა და დაკვეთის სრულად მიღების მიუხედავად, რამდენიმე ტიპის ჯარიმა - შესრულებული გარანტია და ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების პირგასამტეხლო დააკისრა, რამაც 107 000 ლარი შეადგინა.
CASE 5. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, 2012 – 2015
კომპანია „ჯორჯია ინვესტ ჯგუფსა“ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის დავა 2012 წლის დეკემბერში გამოცხადებული აუქციონის გარშემო დაიწყო, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემამ აუქციონი გამოაცხადა ამორტიზირებული ელექტრო ქვესადგურების დემონტაჟთან დაკავშირებით.
ქვეყნის მასშტაბით ასეთი დაახლოებით შვიდი ქვესადგურია, სადაც გამოუსადეგარი ელექტრონაწილები, ფერადი ლითონები და სხვა მასალა ინახებოდა. აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ქვესადგურებში არსებული ლითონებისა და ამორტიზებული საპოხი მასალის დემონტაჟი უნდა მოეხდინა და ელექტრო სისტემისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება.
აუქციონზე კერძო კომპანია „ჯორჯია ინვესტ ჯგუფმა’’ გაიმარჯვა და აღნიშნული ქვესადგურების დემონტაჟი სწორედ მას დაევალა. დაიდო ხელშეკრულება, რის შემდეგაც „ჯორჯია ინვესტ ჯგუფი“ მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შპს ,,ჯორჯია ინვესტ ჯგუფმა“ ხელშეკრულების ფარგლებში მოახდინა რამდენიმე ობიექტზე არსებული მასალის დემონტაჟი და შესაბამისი ღირებულებაც გადაიხადა. თუმცა, გარდაბნის ქვესადგურში არსებული მასალის მიღება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან, ობიექტზე მისვლისას ელექტროსადგური გაძარცვული აღმოჩნდა. შესაბამისად, ფერადი ლითონები და საპოხი მასალა კომპანიამ ვერ მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდაბნის ქვესადგურს სპეციალური დაცვა 24 საათის განმავლობაში წლებია აკონტროლებს.
შპს ,,ჯორჯია ინვესტ ჯგუფმა“ ამ ფაქტის შესახებ დაუყონებლივ აცნობა ობიექტის მესაკუთრეს - საქართველოს ელექტროსისტემას და სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა მოითხოვა, თუმცა ,,ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელობამ მოთხოვა, რომ მოეხდინა ობიექტზე დარჩენილი უმნიშვნელო რაოდენობის მასალის გატანა,
თუმცა საგადასახადო დოკუმენტაცია სრულად აეტვირთა ელექტრონულ ბაზაში. ამასთან, ელექტროსისტემის ხელმძღვანელობამ ბიზნესმენს გაძარცვის ფაქტზე დუმილის სანაცვლოდ დაპირდა, რომ აღნიშნულ ობიექტზე არსებულ დანაკლის სხვა ობიექტებზე არსებული მასალის ხარჯზე შეუვსებდა.
შპს ,,ჯორჯია ინვესტ ჯგუფმა“ ზუსტად შეასრულა დამკვეთის მითითებები, მოახდინა დარჩენილი მასალის დემონტაჟი, თუმცა ელექტროსისტემის ხელმძღვანელობამ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებს არ აცნობა. მეტიც, დაპირების მიუხედავად, ელექტროსისტემამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ,,ჯორჯია ინვესტ ჯგუფისგან“ საფასურის სრულად გადახდა მოითხოვა, მათ შორის იმ მასალის ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ობიექტიდან არ მიუღია. შედეგად კომპანიას მიადგა 830 000 ლარის ზიანი, მხარეთა შორის დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.