რამდენი ხმა აკლდება უმცირესობას მთავრობის იმპიჩმენტის დასაწყებად და ვის მხარეს დაიჭერს პრეზიდენტი მარგველაშვილი
,,შეუსრულებელი მისიის' პირველი რაუნდის კრახით დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მეორე რაუნდს იწყებს. როგორც 21 მარტს თავისუფლების მოედანზე ჩატარებული მიტინგისას შევიტყვეთ, საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის იმპიჩმენტს გეგმავს. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით კი, ამაში ირაკლი ალასანიას პარტიის, თავისუფალი დემოკრატების იმედი აქვთ. ნაციონალები მიზნად „საჭიროების შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებსა“ და „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას ისახავენ, რიგგარეშე ან მორიგი საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებლად. ,,ვერსია' სხვადასხვა ფრაქციის აზრით დაინტერესდა, პარლამენტში ზოგადი განწყობის გასაგებად და იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო ხმებიც დათვალა. გთავაზობთ ,,ნაციონალური მისიის' მეორე რაუნდის პერსპექტივებს, სადაც, გადამწყვეტი როლი, სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტს აქვს.
ახლა პარლამენტში 149 დეპუტატია, რადგან ნაციონალების წევრი, გარდაცვლილი ნაული ჯანაშია მაჟორიტარი იყო და ახალი წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნების ჩატარებაა საჭირო. შესაბამისად, ნაციონალებს ახლა მხოლოდ 50 წევრი ჰყავთ, ისიც მას მერე, რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან თარხნიშვილი შევა. ,,ოცნების' უმრავლესობას 87 წევრი ჰყავს, ნაციონალების ,,იმედს', თავისუფალ დემოკრატებს კი - 8; არის ასევე 4 დამოუკიდებელი დეპუტატი, მათ შორის, ყოფილი რესპუბლიკელ- ოცნებელი მურმან დუმბაძე, რომელმაც ნაციონალებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. დანარჩენი სამი დეპუტატი კი, ,,ოცნების' განაყოფი გიორგი გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი და ნაციონალების განაყოფი დავით ბეჟუაშვილი არიან. რაც შეეხება პროცედურებს: მხოლოდ მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის აღსაძვრელად, ნაციონალებს 60 კაცი სჭირდებათ, საკითხის დასამტკიცებლად, ანუ პროცედურის დასაწყებად კი - 75.
50-კაციან უმცირესობას ოთხივე დამოუკიდებელი დეპუტატიც რომ დავუმატოთ, იმპიჩმენტზე საუბრის დაწყებასაც ვერ მოახერხებენ, რადგან ალასანიას რვაკაციანმა ფრაქციამ იმავე დღეს სასტიკი უარი გამოუცხადა. ვთქვათ, მოხდა სასწაული და უმცირესობამ საჭირო 60 კაცს თავი მოუყარა, კონსტიტუციის 81-ე მუხლის მიხედვით, საკითხს დასამტკიცებლად 15 ხმის დამატება დასჭირდება, თან ეს ყველაფერი ინიციატივის გაჟღერებიდან 20-25 დღეში უნდა მოესწროს. ხოლო, თუ საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, მაშინ ,,ნაციონალური მისიის' მესამე რაუნდი, კანონით, ნახევარი წლით გადაიდება. გარდა ამისა, უნდობლობის საკითხის აღძვრიდან მაქსიმუმ 25 დღეში, 60-მა დეპუტატმა პრემიერ- მინისტრობის ახალი კანდიდატი პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს, რისთვისაც ისევ 75 ხმაა საჭირო. ხოლო კანდიდატურის ჩავარდნა, ავტომატურად, უნდობლობის პროცედურის შეწყვეტას ნიშნავს. თუ ნაციონალებმა ეს ეტაპები გაიარეს, თამაშში უკვე პრეზიდენტი მარგველაშვილი ერთვება, რომელმაც, სხვათა შორის, მთავრობასთან ურთიერთობები შედარებით დაალაგა. მარგველაშვილს შეუძლია, პრემიერობის დასახელებულ კანდიდატს ვეტო დაადოს. ამ შემთხვევაში, პარლამენტი კანდიდატურას კენჭს მეორედ უყრის, მაგრამ ,,ვეტოდადებული კაცის' დამტკიცების კვორუმი 75-დან 90-მდე იზრდება. ამდენი ხმა ნაციონალებს კი არა, ,,ოცნებასაც' არ აქვს, ხოლო მთავრობის ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება წინა მთავრობისადმი უნდობლობას უკვე ნიშნავს, მაგრამ, თუ პარლამენტმა უნდობლობის საკითხი ვერ დაძლია, გადამწყვეტ როლს აქაც პრეზიდენტი ასრულებს - მას შეუძლია მთავრობასთან დამარცხებული პარლამენტი ,,უუნაროდ' სცნოს და 3 დღეში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
რაც შეეხება პოლიტიკურ გამოხმაურებას, როგორც სახელისუფლო გუნდში ამტკიცებენ, ნაციონალების ინიციატივა ,,ოცნებაში' სერიოზულად არც მიუღიათ. ნაციონალები კი ამტკიცებენ, რომ 21 მარტის აქცია კრახით სულაც არ დასრულებულა და შედეგებით ძალიანაც კმაყოფილები არიან. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ორივე ძალამ 23 მარტს პოლიტსაბჭოს სხდომა დანიშნა. ნაციონალებმა სხდომაზე სწორედ იმპიჩმენტის პროცედურის საკითხები და ვადები განიხილეს, ,,ოცნებას' კი, ჩვენი ინფორმაციით, ეს თემა სხდომის საკითხებში საერთოდ არ შეუტანია. ცხადია, საპარლამენტო უმცირესობა იმ დეპუტატებს დღესვე არ ჩამოგვითვლის, ვისი მხარდაჭერის იმედიც აქვს, მაგრამ მათთან ერთი საინტერესო კითხვა მაინც არსებობს: კონკრეტულად როდის დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა. თუ ამას უახლოეს დღეებში აპირებენ, მაშინ ლევან თარხნიშვილისა და გარდაცვლილი ჯანაშიას 2 ხმას კარგავენ, მათ კი ახლა დასაკარგი ხმა არ აქვთ. არც დასაკარგი შანსი აქვთ, რადგან, თუ საკითხი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ამ თემაზე 6 თვე კრინტს ვეღარ დაძრავენ. არადა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ძალიან რომ გადადონ, პოლიტიკური ეფექტი იკარგება. მოკლედ, ნაციონალების პოლიტსაბჭოზე სანუგეშო რომ არაფერი თქმულა, ამას ლიდერების დიდი ნაწილის დუმილიც მოწმობს, დავით დარჩიაშვილმა კი გაღიზიანება ვერ დამალა და ამ ფრაზით შემოიფარგლა: ,,ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა რეალურია და რაც დრო გავა, მით უფრო რეალური გახდება'. ეროვნული ფორუმისა და ,,ოცნების' კოალიციის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე არც კი უმსჯელია: ,,ბანკროტ პოლიტიკურ ძალასთან გრეძლვადიან ან მოკლევადიან თანამშრომლობაზე წამსვლელი არავინაა. ზოგადად, ყველაფერი თითოეული დეპუტატის გადასაწყვეტია. ვინც ნაციონალების იდეას იზიარებს ან გაიზიარებს, მძიმე პოლიტიკური განაჩენისთვისაც მზად უნდა იყოს. კოალიციაში ეს თემა არც კი განხილულა, რადგან არარეალურად მივიჩნევთ და ჩემი აზრით, ამაზე საუბარი მომავალშიც არ ღირს'. კოალიციის შემადგენელი კიდევ ერთი პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი კი იმპიჩმენტის თემას მაშინვე გამოეხმაურა, მათი ამ განცხადებით დაბნეული ვარ, პარლამენტში მხარდამჭერებს ტყუილად ეძებენ, მათი გეგმები ირეალურიაო. ნაციონალების მოწოდების პირდაპირმა ადრესატებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა უმცირესობას ჯერ წერილობით უპასუხეს: ,,ჩვენ პირველებმა დავაყენეთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ნებისმიერ პროცესსა თუ პროცედურას. მთავრობა უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს, უმოკლეს დროში“, ამის მერე კი თითოეულმა წევრმა არაერთხელ გამორიცხა ნაციონალების მხარდაჭერა.
,,ვერსიაში' უმცირესობას დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა უპასუხა: ,,ეს განცხადება ჩვენი პარტიის დისკრედიტების მცდელობაა, რაც რამდენიმე თვეა გრძელდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიერ უმრავლესობის დატოვების შემდეგ. ფაქტობრივად, ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სადღაც ვიყავით, ვიღაცას შევხვდით, რაღაცაზე გავრიგდით და ა.შ. ამ კამპანიით მხოლოდ ,,ნაცები' კი არა, ხელისუფლებაცაა დაკავებული, ეს თვალშისაცემია. ის, რაც მიხეილ მაჭავარიანმა, ცნობილმა პროვოკატორმა გააკეთა, ამ ძალის ხელწერაა. ეს კაცი იმ დროშია ჩარჩენილი, როცა ე.წ. ოპოზიციის ლიდერებს ჭადრაკის დაფაზე გადაადგილებდა ხოლმე. რა თქმა უნდა, დღეს ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ არავის პროვოკაციულ ინიციატივაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ისე, როგორც ეს აჭარაში ვერ შეძლეს. ისიც გავიგე, თურმე, მურმან დუმბაძე უერთდება მათ წინადადებას. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ამ ძალას ბატონი დუმბაძე თავის თანამებრძოლებთან ერთად, აჭარიდან დაწყებული, თბილისით დამთავრებული. ჩვენი პარტია უზენაეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებში არავის ჩავათრევინეთ და იქ თავად მოვითხოვეთ უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები. თუმცა ნაციონალებს თამაშებში ნამდვილად არ ავყვებით. ზოგადად, ამ პროცედურას ტექნიკურ დონეზე არც განვიხილავ, იდეაც კი იმდენად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. თავში ქვა უხლიათ ნაციონალებს!' ერთი სიტყვით, ეს ძალიან საინტერესო და ჩახლართული პროცედურაა, რომლის არათუ ფინალის ნახვა, არამედ წამოწყებაც კი საპარლამენტო უმცირესობის ამჟამინდელ ძალებს აღემატება. ამის შესახებ, ნაციონალების გუნდის ,,პოლიტიკურმა ტვინებმა' ჩვენზე უკეთ იციან, ამიტომ, გაუგებარია, ეს მუქარა იყო მუქარისთვის თუ ,,ოცნებისთვის' ნასროლი მაშველი რგოლი, რათა ამ ეკონომიკური სიდუხჭირის ჟამს, ნაციონალების ჯიბრზე, ხალხი ისევ ხელისუფლების მხარეს გადავიდეს.