რატომაა აუცილებელი ,,მარშუტკაში' პლასტიკური ბარათების გამოყენება ან ბილეთით მგზავრობა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადგილობრივი მმართველობის სრულყოფისთვის' გამგეობის თავმჯდომარეს, ზაურ კაჭარავას მიაჩნია, რომ დედაქალაქში, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, მგზავრობის საფასურს ხელზე, ნაღდი ფულის სახით არ უნდა იღებდნენ. ,,ვერსიასთან' საუბრისას ზაურ კაჭარავა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტიც ზარალდება და ფარული ეკონომიკის ნიშნებიც სახეზეა. მისი ინიციატივით, ავტობუსების მსგავსად, სამარშრუტო ტაქსებშიც ისეთი აპარატები უნდა დამონტაჟდეს, რათა მგზავრს ბილეთის აღების საშუალება ჰქონდეს.
,,ვერსიასთან' საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადგილობრივი მმართველობის სრულყოფისთვის' გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ კაჭარავამ აღნიშნა, რომ ფარული ეკონომიკის აღმოსაფხვრელად, ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მეწარმეებს სალარო აპარატების გამოყენება მოსთხოვა და ამ მიზნით, მონიტორინგსაც ახორციელებს. არადა, თბილისის სამარშრუტო ტაქსების შემოსავლების აღრიცხვიანობა ყურადღებისმიღმა რჩება: ,,მეტროსა და ავტობუსებისგან განსხვავებით, სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებულ სალაროებში, მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებითაა შესაძლებელი, ნაღდ ფულს კი მძღოლი ხელზე იღებს. მგზავრთა 80%-ზე მეტი, მგზავრობის საფასურის ანგარიშსწორებას პირდაპირ მძღოლთან ახორციელებს. შესაბამისად, მიღებული შემოსავლების რეალობა, მხოლოდ მძღოლსა და კომპანიაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, შემოსავლების დამალვას ადგილი არც აქვს, მაგრამ ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ჯერ კიდევ 1999 წელს, ამ სფეროში წმინდა შემოსავალი ათობით მილიონი ლარი იყო, რომელიც დაუბეგრავად მიედინებოდა ე.წ. ხაზების, მანქანების მესაკუთრეთა და სხვათა ჯიბეში. ამის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაზზე მომუშავე მძღოლების რაოდენობა და ტარიფები. ვფიქრობ, შემოსავალი გაცილებით გამჭვირვალე გახდება, თუ სამარშრუტო ტაქსები აღიჭურვება ავტობუსებში არსებული საბილეთო სალაროებით და მძღოლი კონდუქტორის ფუნქციისგან გათავისუფლდება'.
ზაურ კაჭარავას განცხადებით, სამარშრუტო ტაქსებისთვისაც, დედაქალაქში ფულის დამხურდავებელი ავტომატების ფართო ქსელი უნდა შეიქმნას. შესაძლოა, სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა გაბილეთიანება, სალონში ასვლისთანავე დაკანონდეს. კაჭარავა ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდება, თუ სამარშრუტო ტაქსების მგზავრები, საფასურს მხოლოდ პლასტიკური ბარათებით გადაიხდიან. ამისთვის კი თბილისელების თანხმობა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებაა საჭირო. ზაურ კაჭარავამ შესაბამისი წერილით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მიმართა. თუმცა ხადურის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ჯავახიშვილმა, კანონით დადგენილ ვადაში უპასუხა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის და თბილისის მერიაში გადაამისამართა: ,,გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ' საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის ,,ი' ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, მართვა და რეგულირება, ხოლო ამავე კანონის 23-ე პრიმა მუხლის ,,ო' ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება'. ზაურ კაჭარავამ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ბაბუნაშვილსაც მიმართა. 2014 წლის 12 აგვისტოს, ბაბუნაშვილმა წერილი #07/9074, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, პაატა ჯაჭვლიანს გადაუგზავნა და სთხოვა, კაჭარავას ინიციატივა განეხილა და კომპეტენციიდან გამომდინარე, საკუთარი ხედვა საკრებულოსთვის გაეზიარებინა. კაჭარავას ამ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღია: ,,არავითარი რეაგირება ამ საკითხზე არ მომხდარა. მიმაჩნია, რომ მიკროავტობუსებშიც ისეთივე სისტემა უნდა იყოს, როგორც ავტობუსებშია, მგზავრებმა ბილეთები უნდა აიღონ! როგორც მაღაზიის გამყიდველს, სალარო ჩეკის გარეშე საქონლის გაცემა ეკრძალება, ასევე უნდა ეკრძალებოდეს ნებისმიერი ტრანსპორტის მძღოლს სალაროს ბილეთის გარეშე მგზავრის გადაყვანა. ვფიქრობ, ამ მეთოდით, თბილისის ბიუჯეტში შემოსავლები გაიზრდება. ნამდვილად არ ვიცი, მძღოლი მალავს შემოსავალს, თუ ის კომპანია, რომელმაც მძღოლი დაიქირავა, მაგრამ მთავარია, ბიუჯეტში შემოსავალი არ შედის. ამიტომ აღრიცხვიანობა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. დღეს მგზავრთა ძალიან მცირე ნაწილი, დაახლოებით 10% იყენებს პლასტიკურ ბარათს, დანარჩენები მგზავრობის საფასურს ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაარეგულირებს ამ საკითხს ,,თბილისის მიკროავტობუსების კომპანია', თუმცა კომპანია ვალდებულია, რომ მგზავრთა გადაყვანისა და შემოსავლების მიღების პროცესიც გამჭვირვალე იყოს'. ზაურ კაჭარავას განცხადებით, 2009 წელს, თბილისის მეტროპოლიტენსა და ავტობუსებში, მგზავრთა აღრიცხვიანობა მთლიანად მოწესრიგდა, სამარშრუტო ტაქსებში კი ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მისი თქმით, თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მცირე და საშუალო მეწარმეთა რეალური შემოსავლების დასადგენად, მაგრამ გაუგებარია, რატომ აძლევს უფლებას, რომ ,,თბილისის მიკროავტობუსის კომპანიის' მძღოლებმა ფული ხელზე აიღონ: ,,ამ სფეროდან თბილისის ბიუჯეტში შეტანილი მთლიანი შემოსავალი გაუმჭვირვალეა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდებოდა. წლების განმავლობაში, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს ამ საკითხზე საკუთარი შეხედულებები არ გამოუხატავთ. ისინი მხოლოდ უკანონოდ ჩატარებულ ტენდერსა და ამ სფეროში არსებულ მონოპოლიაზე საუბრობდნენ. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სამარშრუტო ტაქსები თბილისელებისთვის ყველაზე მისაღები ტრანსპორტის სახეობაა. არადა, პრობლემის დანახვას პროფესიონალიზმი სულაც არ სჭირდება. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვიმყარებს მოსაზრებას, რომ ამ სფეროში ფარული ეკონომიკა და კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს, რადგან სამარშრუტო ტაქსებში ნაღდი ფული ბრუნავს. 2011 წელს ჩატარებული ტენდერის შემდეგ, ფარული ეკონომიკის მოცულობა კი შემცირდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ აღმოფხვრილა'. ,,ვერსიასთან' საუბრისას, ზაურ კაჭარავა აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის შემოსავალი, დღეში, საშუალოდ, 200 ლარია. მისი თქმით, ,,თბილისის მიკროავტობუსის კომპანიის' შემოსავალი, დაახლოებით, 400 000 ლარია, ამ თანხის 90%-ს მძღოლები სალაროში გაუტრებლად, ხელზე იღებენ. ტრანსპორტით ისედაც გადატვირთულ მაგისტრალებსა და გამტარუნარიანობის ზღვარზე მომუშავე გზაჯვარედინებს, ყოველდღიურად, 200-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი ემატება, რომლებიც 25 00-ზე მეტ რეისს ასრულებენ. ზაურ კაჭარავა ამბობს, რომ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მარშრუტების რაოდენობა, თითქმის სამჯერ აღემატება ავტობუსების რაოდენობას: ,,სამარშრუტო ტაქსების ამა თუ იმ მიმართულებით მოძრაობის ინტერვალი 5 წუთის ფარგლებშია, ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი - 15-20 წუთია, ცალკეულ შემთხვევებში - 30 წუთიც კი. დიდი ინტერვალის გამო, ავტობუსის გაჩერებაზე მისული მგზავრი იძულებულია, სამარშრუტო ტაქსით იმგზავროს. ამ ტრანსპორტზე ფასები დიფერენცირებულია, რადგან ქალაქში მგზავრობა 80 თეთრი ჯდება, გარეუბნიდან მეტროს სადგურამდე - 40-50 თეთრი. სატრანსპორტო ბაზარზე ისეთი ვითარებაა, რომ მგზავრთა უმრავლესობას სამარშრუტო ტაქსების ალტერნატიული ტრანსპორტით მგზავრობის საშუალება არ აქვთ.
ქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, თანამდებობიდან წასვლის წინ განაცხადა, როცა ქალაქის პრობლემების მართვა ვისწავლე, მაშინ ვტოვებ პოსტსო. მართალია, უგულავას მერობის დროს, ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, მაგრამ რეფორმის განსახორციელებლად, მას პოლიტიკური ნება არ ეყო. 2011 წელს, როდესაც საპატრულო პოლიციამ ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის გამო, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დაჯარიმება დაიწყო, გიგი უგულავამ გარკვეული დრო მოითხოვა, ეს პრობლემა მოეგვარებინა, მაგრამ უშედეგოდ. სამარშრუტო ტაქსებში დღემდე ნახავთ ფეხზე მდგომ მგზავრებს, მძღოლებს კი არავინ აჯარიმებს'. ,,ვერსია' თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაგდა პოპიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, პაატა ჯაჭვლიანი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აღარ არის, ამ პოსტზე იგი გიორგი გურგენიძემ შეცვალა. მაგდა პოპიაშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ თბილისის მერია ზაურ კაჭარავას ინიციატივით აუცილებლად დაინტერესდება და ამ საკითხს შეისწავლის. მეტიც, იმ წერილსაც მოიძიებს, რომლითაც 2014 წლის 12 აგვისტოს, გოჩა ბაბუნაშვილმა პაატა ჯაჭვლიანს მიმართა.