ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ, რომან გოცირიძესთან
– შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია?
– სავალუტო ფონდის ერთ-ერთი სერიოზული ნაშრომის კლასიფიკაციით, ფინანსური კრიზისის სამი ფორმა არსებობს-სავალუტო, საბანკო და სავალო.
სავალო კრიზისის შემთხვევაში ქვეყანა საგარეო თუ საშინაო ვალების გადახდას ვერ ახერხებს. საბანკო კრიზისის დროს მცირდება საბანკო აქტივები, ფინანსური ინსტიტუტები კოტრდებიან. სავალუტოა კრიზისი, როდესაც ეროვნული ვალუტის დევალვაცია სწრაფად და მაღალი პროცენტით ხდება. დევალვაცია 15%-ის ფარგლებში-კრიზისია, 25%-ის გადაჭარბების შემთხვევაში კი საქმე უკვე სავალუტო კრახთან გვაქვს.
სამივე მოვლენა ფინანსური კრიზისის მახასიათებელია. ვინაიდან ფინანსური კრიზისი ყურს უფრო შემაშფოთებლად ხვდება, რადგან ახალი დაწყებული პროცესია და ლარის დევალვაციის მკვეთრი ხაზი არ ჩამოყალიბებულა. ამიტომ არ გამოვიყენებდი მძიმე ტერმინს და ყურისთვის უფრო რბილად აღსაქმელ, „სავალუტო კრიზისს“ ვიხმარდი.
– რა მოსდევს სავალუტო კრიზისს?
– სავალუტო ფონდმა სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, სავალუტო კრიზისების და კრახების 160-მდე შემთხვევა შეისწავლა: რა ხდება სავალუტო კრიზისამდე ორი წლით ადრე (შეიძლება აღმოაჩინო გამაფრთხილებელი ნიშნები); როგორია ქვეყანაში ფულის მასა; როგორ იცვლება ვალუტის კურსი (როგორც რეალური, ისე ნომინალური); როგორია საბანკო კრედიტების ზრდის ტემპი... ამ ნიშნებზე დაკვირვება წინასწარი პროგნოზების შემუშავების საშუალებას იძლევა.
ორი წლის წინაც ცხადი იყო, რომ ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალა: სოციალურად ორიენტირებული გახდა. ბიუჯეტი დესტაბილიზაციის წყაროდ იქცა, ვინაიდან მასში სუბსიდირების ხარჯები უზარმაზარია, ისევე, როგორც დიდია სოციალური დანახარჯები. ასეთი ბიუჯეტი ფინანსური კრიზისის მაპროვოცირებელია. რა ხდება ორი წლის შემდეგ?-ძალიან სამწუხარო სურათია. როგორც წესი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 4%-ით მცირდება, ეცემა ეკონომიკური ზრდის ტემპი, მატულობს ფასები...
– რამდენ ხანს გრძელდება თქვენ მიერ აღწერილი პროცესი?
– იმ კვლევების მიხედვით, რომელიც ზემოთ ვახსენეთ-წელიწადი და ექვსი თვე. შემდეგ ვუბრუნდებით საწყის დონეს, რაც ქვეყანაში დევალვაციამდე იყო. ანუ ეს არის დაკარგული წელიწადნახევარი. ესეც საუკეთესო შემთხვევაში, თუკი პროცესები დადებითი სცენარით წარიმართა.
– ყველაზე მეტად რომელმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა შეუწყო ხელი კრიზისის პროვოცირებას?
– ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მონაწილეობა დიდი არ უნდა იყოს. ბიუჯეტი ზომიერი სოციალური პროგრამებით უნდა იყოს დატვირთული, ქვეყანაში არსებული ფული უნდა დარჩეს ბიზნესს, რომელმაც უკეთ იცის, რას მოახმაროს იგი. მას შიდა ინვესტირების საშუალება უნდა ჰქონდეს.
როდესაც სახელმწიფო თავის თავზე ბევრს იღებს, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. თუ წინა წლების ეკონომიკა იყო ლიბერალური, რომლის მთავარი პრინციპი დერეგულირება და პროცედურების გამარტივება გახლდათ, ამ ხელისუფლების გაცხადებული პრინციპი სახელმწიფოს მიერ ეკონომიკასა და ადამიანების სოციალურ ყოფაზე ზრუნვა იყო. შეიქმნა უამრავი ფონდი, სააგენტო, მარეგულირებელი ნორმა, ბარიერი, შეზღუდვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პატრიოტულ-პროვინციული ელფერით იყო შენიღბული (მაგალითად, უცხოელოფობია), თუმცა ყველაზე ანტიეროვნული სიღარიბეა, რომელიც ადამიანებს უცხოეთისკენ უბიძგებს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა უცხოელის შემოსვლა და მუშაობა, ამის საფასური ქართველის სამუდამოდ გასვლაა.
ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის არამიმზიდველი გახდა. საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგა.
– თქვენ ტერმინ „სოციალურად ორიენტირებულს“ უარყოფით კონტექსტში იყენებთ. თქვენი აზრით, ეს ეფექტური კრიტიკაა?
– გეთანხმებით, ლამაზი სიტყვაა. ამ ლამაზმა სიტყვამ და მიდგომამ დაღუპა საბერძნეთი...
სოციალურად ყველაზე ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღ საბაზრო პირობებზე აგებული ეკონომიკა, რომელიც ქმნის სიმდიდრეს, და არა სახელმწიფოს მიერ საკუთარი მწირი სახსრების გადანაწილება სოციალური მიმართულებებით.
როდესაც ვამბობთ, რომ სკოლაში წიგნები უნდა დავარიგოთ, კი ბატონო, მაგრამ რატომ ყველას? წინა ხელისუფლების დროს თბილისში ყველას აძლევდნენ ელექტროენერგიის ვაუჩერებს, რატომ? რატომ უნდა მისცე ვაუჩერი ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ერთი ნათურა აქვს, და იმასაც, რომელსაც არაფერში სჭირდება ეს? რატომ უნდა გაუკეთო ოპერაცია ყველას? მასაც, ვისაც 100 ლარი აქვს შემოსავალი და მასაც, ვისაც 30 000 აქვს?
სოციალური ეკონომიკის ბიძაშვილია სუბსიდირებული ეკონომიკა: სუბსიდია მივცეთ ვაშლის მწარმოებელს, ღვინის მწარმოებელს. იწყება, მაგალითად, „ექსპორტის წახალისება“, ეს მარტივად ნიშნავს რაღაც სააგენტოს შექმნას, ბიუჯეტიდან დანახარჯს. ახლა გორთან ახლოს აშენებენ ქარის ელექტროსადგურს. თუ ეს მომგებიანია, კერძო ბიზნესი რატომ არ აშენებს? რატომ აკეთებს ამას სახელმწიფო? ერთი-არაკომპეტენტურობის გამო; მეორე-კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, ფული თავისი ჰგონია და ხარჯავს. საიდან იცის ფინანსთა სამინისტრომ, რომელიმე ჩინოვნიკმა, რაში დახარჯოს ფული, რა არის კარგი? კარგი რა არის, იცის ბაზარმა.
– თქვენ მიერ ლიბერალური ეკონომიკის წლებად წოდებულ პერიოდშიც მიმართავდა მოქმედი ხელისუფლება ასეთი ტიპის დანახარჯებს...
– კი ბატონო. მაგალითად, 15 აგროსაწარმო ააშენეს, 15-ივე გაჩერებულია. შარშან სიმბოლურ ფასად გამოიტანეს აუქციონზე. არცერთი არ გაიყიდა. მაშინაც იყო შეცდომები. რასაც სახელმწიფო აკეთებს, როგორც წესი, ყველაფერი წარუმატებლად სრულდება.
ჯანდაცვის პროგრამას დავუბრუნდეთ. ეს ნელი მოქმედების ბომბია. ასეთი შეფუთვის პროგრამები მოსწონთ ადამიანებს. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ყოველთვის იწყება კრიზისი: ნელ-ნელა ჩნდება რიგები, ბიუჯეტს აღარ ჰყოფნის ფული და იწყება თანხის ჩარიცხვების დაგვიანებები, კლინიკებისთვის მცირდება დაზღვევის თანხები, ეცემა ხარისხი, ამას მოჰყვება „ატკატები“ (ანუ-„ოღონდ ფული მომეცი და რაღაც ნაწილს დაგიბრუნებ“). ანალოგიური პროგრამების შემთხვევაში ეს სქემა, თუ ის ჯანსაღ პრინციპებზე არ დგას, ყოველთვის ასე მოქმედებს.
ჯანსაღი პრინციპია, როდესაც პროგრამა დიფერენცირებულია: ღარიბ ფენებზეა ორიენტირებული და ბანკის პრეზიდენტსაც უფასოდ არ უკეთებს ოპერაციას. საყოველთაო პროგრამები ყოველთვის კრახით მთავრდება.
– ეს იყო საარჩევნო დაპირება...
– საარჩევნო დაპირებები, როგორც წესი, უხარისხო და პოპულისტურია, ანუ მოსახლეობის მოსატყუებელი. საარჩევნო პროგრამებში რეალობა, როგორც წესი, დაახლოებით 15%-ია ხოლმე, დანარჩენი ტყუილია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა სრულად რომ შესრულებულიყო, ქვეყანა დაიღუპებოდა. ის, რაც შესრულდა, ისიც დამანგრეველი აღმოჩნდა. მაგალითად, დაპირება ენერგეტიკის ტარიფების თაობაზე, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა-ტარიფების შემცირება იმ ვალდებულებების გაუქმებით მოხერხდა, რომლებითაც ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო. მათ უნდა აეშენებინათ ახალი ელექტროსადგურები, გაეშვათ ახალი სიმძლავრეები. ფაქტობრივად ორი წელია, ენერგეტიკა არ ვითარდება, იმიტომ, რომ კომპონენტი, რომელიც ტარიფში იდო, გააუქმეს.
– ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ვალუტის დევალვაციის პროცესის არშეჩერებაში ეროვნული ბანკი დაადანაშაულა. მას სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც მიბაძეს და ახლა ბანკი მთავარი თავდასხმის ობიექტია. რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს ასეთ შემთხვევებში?
– ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი არა კურსის დაჭერა, არამედ ფასების სტაბილურობაა. ვიდრე ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და კურსის ფორმირებაში არ ჩაერია. იმ ფონზე, როდესაც სავაჭრო დეფიციტი მეტისმეტად გაზრდილია, (5,7 მილიარდი დოლარით მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს, და ამ დეფიციტის დამაბალანსებელ შიდა წყაროებში, ვთქვათ ტურიზმის განვითარებაში, პროგრესი არ არის. ამას დავამატოთ უკრაინის ბაზრის დაკარგვა, გადმორიცხვების შემცირება...) ამ უზარმაზარი ხვრელის შევსება ეროვნულ ბანკს თავისი მწირი რეზერვებით, ცხადია, არ შეუძლია. მის მიერ განხორციელებული ნაჩქარევი ინტერვენციები უძირო ქვევრში ფულის ჩაყრა იქნებოდა. ბანკმა მხოლოდ მაშინ დაიწყო ინტერვენციები, როდესაც ლარმა წონასწორობის იმ ნიშნულს მიაღწია, სადაც მისი მეტ-ნაკლები ოდენობით დაფიქსირება შეიძლებოდა. ანუ ავადმყოფს ყავარჯნები შეუდგა მაშინ, როდესაც ამ ყავარჯნებით თავად შეძლებდა ფეხზე დგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი აზრი არ ექნებოდა.
ეროვნული ბანკის შეცდომები ყოველთვის ციფრებში ჩანს. ქვეყანაში ფულის მასა 5, 5 მილიარდი ლარია. ეროვნული ბანკის მთავარი მექანიზმი ფულის მასის კონტროლია. ინტერვენცია დოლარის გაყიდვას ნიშნავს, როდესაც 100 მილიონ დოლარს ყიდი, 200 მილიონ ლარს ამოიღებ, ანუ ფულის მასას ამცირებ. არსებობს მეორე ინსტრუმენტი-დარეზერვება. კომერციულ ბანკებს ანაბრების რაღაც პროცენტის სესხად გაცემას უკრძალავ, ანუ ისევ ფულის მასაზე ზემოქმედებ. ან სესხულობ კომერციული ბანკებიდან ფულს და მიმოქცევაში არ უშვებ, ან წევ საპროცენტო განაკვეთს, ფული ძვირდება, კომერციული სტრუქტურები ნაკლებს სესხულობენ, და ისევ ფულის მასაზე მოქმედებ.
თუ დავაკვირდებით, ეროვნულ ბანკს არსად დაუშვია შეცდომა. ლარის დევალვაცია ფულის მასის ზრდით გამოწვეული არ არის.
– ყოფილი პრემიერი სომხეთისა და მოლდოვას მაგალითებზე მიუთითებდა. მათ რეზერვების მესამედი გაიღეს...
– რა მოხდებოდა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ურჩევდნენ, სომხეთისა და მოლდოვისათვის რომ მიებაძა?
სომხეთმა და მოლდოვამ საკუთარი ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების 34 და 30 პროცენტი დახარჯეს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სიდიდის დევალვაცია თავიდან მაინც ვერ აიცილეს, რეზერვები კი გაფლანგეს. გაუარესებული საგარეო ვაჭრობისა და სხვა სირთულეების გამო წინ მძიმე დრო ელით.
საქართველოს რეზერვები დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი იყო. ეროვნულ ბანკს მისი მესამედი ანუ 890 მილიონი დოლარი რომ დაეხარჯა, ალბათ კურსს ძველ ნიშნულთან ახლოს დაიჭერდა. ოღონდ დროებით. წინ, წლის ბოლომდე, 5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის სავაჭრო დეფიციტი გველოდება. რომ არაფერი ვთქვათ საგარეო ვალების გასტუმრებაზე როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მიერ.
შედეგი: სრული კოლაფსი!
ეს კიდევ არაფერი! საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა M2 5,5 მილიარდი ლარია. იგი უმნიშვნელოდ გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 890 მილიონი დოლარის გაყიდვა ნიშნავს მიმოქცევიდან 1,6 მილიარდი ლარის ამოღებას. ანუ ფულის მასა დავიდოდა 3,9 მილიარდ ლარამდე. უკვე შეგვეძლო საქართველოს ეკონომიკისთვის საფლავი გაგვეთხარა და ზედ მისი მკვლელების ბიუსტებიც დაგვედგა.
ვიღაც იტყვის-რაღა სომხეთი და მოლდოვა მოგვყავს მაგალითადო. მისი ნახევარი მაინც გაგვეშვა ინტერვენციაშიო. მაშინ ნახევრადმკვდარი იქნებოდა-ხელოვნურ სუნთქვაზე, დეკემბრამდე. იქ კი ბიუჯეტი მოუღებდა ბოლოს.
– რამდენად გრძელვადიან შედეგებს მოიტანს მთავრობის გადაწყვეტილება, გაყიდოს მთელი რიგი სახელმწიფო ქონება?
– კარგი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ახლა გაახსენდათ? დღეს საქართველომ საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგა. ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დევალვაციაა. სადაც ეკონომიკური ვარდნა ხდება, ის ქვეყანა ინვესტორისთვის მიმზიდველი არ არის. ეს ქონება გაცილებით იაფად გაიყიდება, ვიდრე შეიძლებოდა გაყიდულიყო. თუმცა ესეც არ არის დიდი უბედურება. მთავარია, ინვესტორმა ბიზნესი დაიწყოს და როდესაც რომელიმე შენობას იყიდის, სასტუმროდ ან ოფისად გამოიყენოს და ა.შ.
ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს, თუმცა არა ხელფასების ხარჯზე. ჩინოვნიკს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, თუმცა მოხელეების რაოდენობა ცოტა უნდა იყოს. დღეს ერთი კაცის გასაკეთებელ საქმეს ხუთი აკეთებს. რჩება ეს ხალხი ქუჩაში? კი, მაგრამ ჯანსაღ ბიზნესში ადამიანები სამსახურს აუცილებლად იპოვიან.
ბიუჯეტი დაახლოებით 400 მილიონით უნდა შემცირდეს. გაუგებარია, ორდღიანი ღონისძიებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის წლიური შეკრებისთვის 67 მანქანა იყიდო, როდესაც შეიძლება დაიქირაო და 100-ჯერ ნაკლები დაგიჯდეს.
ამ პერიოდში შექმნილი მარეგულირებელი ნორმები უნდა გაუქმდეს. თუმცა ახალ-ახალ კანონებს ქმნიან, შრომის ინსპექცია იქნება ეს თუ უცხოელი სპეციალისტების შემოსვლის შეფერხება და ა.შ.
– რაც შეეხება შრომის ინსპექციას-თუ არ იარსებებს ორგანო, რომელიც დასაქმებული ადამიანის უფლებებს დაიცავს, როგორ გაკონტროლდეს მათი პირობები? ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ათობით ადამიანი მხოლოდ მაღაროებში დაიღუპა, და ძირითადი მიზეზი სწორედ არასათანადო პირობები გახლდათ...
– ყოველი ახალი ორგანო არის დამატებითი ხარჯი სახელმწიფოსთვის და ტვირთი ბიზნესისთვის.
ჩვენ მივიღეთ შრომის ახალი კოდექსი, რომელიც ფორმალურად უკეთესად იცავს დასაქმებულთა ინტერესებს, მაგრამ რეალურად რა შედეგი მივიღეთ? ერთი სასამართლო პროცესი მაინც გახსენდებათ, როდესაც ზეგანაკვეთური შრომისთვის რომელიმე საწარმო დაეჯარიმებინოთ? ზეგანაკვეთური მუშაობა როგორც იყო, ისევე გრძელდება და არავინ არაფერს ანაზღაურებს. ზოგ ადგილას ადამიანები მართლა მონურად შრომობენ.
რატომ არაფერს შველის შრომის კანონმდებლობა? რაღაც კონტროლი ბუნებრივია, უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბიუროკრატიული ორგანო, რომელიც ზეწოლის ბერკეტების მეშვეობით კორუფციისკენ იქნება მიდრეკილი.
– მარეგულირებელი ნორმები უცხო არ არის განვითარებული, მათ შორის, ევროპული ქვეყნებისთვის...
– გეთანხმებით, ევროპაში რომ რეგულაციებია, აქ რომ შემოიტანო, ადამიანი ვერ გაინძრევა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. რისი შესრულებაც არ შეგიძლია, თავი უნდა დაანებო. კლასიკური მაგალითი ტექდათვალიერების საკითხია. კი ბატონო, ცუდია, რომ მანქანების ტექდათვალიერება არ არსებობს, მაგრამ ფორმალურს სჯობს, საერთოდ არ იყოს. როცა ქვეყანა და მოსახლეობაც მზად იქნება, როდესაც სახელმწიფოს ნორმის აღსრულების რეალური რესურსი ექნება, საზოგადოება ამას იგრძნობს და მხარსაც დაუჭერს.
– ეკონომიკური მდგომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, როგორ იგრძნობს თითოეული მოქალაქე კრიზისს საკუთარ თავზე?
– დაიხურება ბიზნესები, შესაბამისად შემცირდება სამუშაო ადგილები. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება პატარა საწარმოები, წვრილი ბიზნესი, ვაჭრობა. დაიკეტება უამრავი მაღაზია. გაუჭირდება მსხვილ ბიზნესსაც და დაიწყებს ხელფასების შემცირებას ან თანამშრომლების დათხოვნას. ბიზნესს შეუმცირდება გაყიდვები. ეს ნიშნავს, რომ შეუმცირდება მოგება, აღარ ექნება ინვესტირების უნარი და დაეკარგება განვითარების პერსპექტივა. მეორე მხრივ, შემცირდება ბიუჯეტის შემოსავალი და საჭირო გახდება მისი კორექტირება. მოიმატებს ფასები, და არამარტო იმპორტულ საქონელზე, რაც გამოიწვევს ადამიანების გაღარიბებას. მთავარი ეკონომიკური დრამა წინ გველის.