32 წლის პატიმრის სკანდალური წერილი ეკა ბესელიას

32 წლის პატიმრის სკანდალური წერილი ეკა ბესელიას

როგორ აღმოჩნდა რუსთავის #17 ზონის ტუსაღი ფსიქიატრიულში

,,ქალბატონო ეკა, ძალიან გთხოვთ, ჩემი საქმე განიხილოთ. მე აქ სრულიად ჯანმრთელი შემოვედი, მაგრამ გლდანის ციხეში ოფიცერს შევეპასუხე და როგორც შემდეგ თანასაკნელები მომიყვნენ, გონდაკარგულსაც კი თავში მირტყამდნენ წიხლებს. ახლა, როცა ხელისუფლება შეიცვალა, იმედი გამიჩნდა. არ ვამბობ, რომ ციხიდან გამიშვათ, მე ჩავიდინე დანაშაული, რომლისთვისაც ექვსი წელი მომისაჯეს და ორი წელი დამრჩა. მოვიხდი ამ ორ წელსაც, მაგრამ 32 წლის ბიჭს მინდა სიცოცხლე. ყოველ საღამოს გაუსაძლისად მტკივა თავი და მხოლოდ ციტრამონს მასმევენ. გთხოვთ, მომცეთ უფლება, თავზე ტომოგრაფია გადავიღო, რისი შესაძლებლობაც აქ არ არის და, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ხარჯს ჩემი ოჯახის წევრები დაფარავენ. მხოლოდ ეს თხოვნა მაქვს: ჩავიტარო გამოკვლევა და გავიგო, რა მჭრის', - დაახლოებით ამ შინაარსის წერილი პატიმარმა ბაკურ თმ ეკა ბესელიას რუსთავის #17 ზონიდან მას შემდეგ მისწერა, რაც ხელისუფლება შეიცვალა.

პასუხი ორ კვირაში მოვიდა, ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტი ზონის ადმინისტრაციას რეკომენდაციას აძლევდა, პატიმრის თხოვნა გაეთვალისწინებინა, მაგრამ ადმინისტრაციამ ეს წერილი ერთი მაგიდიდან მეორეზე გადადო, მერე - მესამეზე და საბოლოოდ, ჩამოწერა.

,,ჭკვიანი კაცი ხარ და შეგიძლია, მითხრა, რა ვქნა?! შინაგანად ვგრძნობ, რაღაც მჭირს, თითქოს ჭიანჭველები დარბიან თავში. ციტრამონის ათი აბი რომ დავლიო ერთად, ტკივილი მაინც მაქვს. სხვა გამაყუჩებლებსაც ვსვამ, მაგრამ ვერაფერი მშველის. რა მოვიმოქმედო, მითხარი, გთხოვ', - ბაკური პატიმარ #0578ის ნარზე იჯდა და ლამის ტიროდა.

,,არ ვიცი, ბაკურ, რა გითხრა. ექიმებს ცოტა ძლიერი გამაყუჩებელი მოსთხოვე, ეკას მისწერე ისევ, რომ მისი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს და ეგებ, მეორე რეკომენდაციამ გაჭრას. სახალხო დამცველის აპარატსაც მისწერე', - ურჩია #0578მა.

,,არა, ვეღარ მივწერ, ვეღარ მოვითმენ კიდევ ორ კვირას, ტკივილი მომკლავს, სხვა რამე უნდა მოვიფიქრო', - თქვა ბაკურმა და კამერიდან ისეთი სახით გავიდა, #0578ს შეეშინდა და უკან გაჰყვა.
ბაკური მე11 საკანში შევიდა ანუ იქ, სადაც ასაკიანი პატიმრები, ე.წ. ასაბნიაკები ისხდნენ. #0578მა ცოტა ხანს თავი ანება, მერე კი კამერაში მიაკითხა. ბაკურს თვალები უცნაურად უბრწყინავდა, თითქოს გამოსავალს მიაგნოო...

,,რა გითხრეს ასეთი, ზონაზე ყველაზე ბედნიერი რომ ხარ?!' - ჰკითხა #0578მა.
,,გაიგებ მალე. შენ კი არა, მთელი საქართველო გაიგებს', - აშკარა სიხარულით უთხრა ბაკურმა.
,,არ გეწყინოს, მაგრამ მაგ ასაბნიაკების რჩევებიდან ძირითადი ნაწილი სისხლზეა დაფუძნებული და რამე სისულელე არ გაგაკეთებინონ', - უთხრა #0578მა და საკუთარ კამერაში დაბრუნდა.
მეორე დღეს, ბაკური უცნაურად იქცეოდა. დადიოდა და მთელი საათის განმავლობაში მაღლა იყურებოდა. ცოტა ხანს თვალს გააშტერებდა, მერე მიდიოდა და ახლა სხვა ადგილზე ჩერდებოდა.
,,არ გადამრიო ახლა და არ მითხრა, ღმერთის იმედად დარჩენა მითხრეს ასაბნიაკებმაო. მაგათ სწამთ საერთოდ რამე?!' - ღიმილით უთხრა #0578მა ბაკურს.
,,მომისმინე, როგორ უნდა გავარჩიო, რომელი კამერა მუშაობს? რამდენი კამერა აყენია და ხომ შეიძლება, რომელიმე გამორთული იყოს?' - კითხვითვე უპასუხა ბაკურამ.
,,სავარაუდოდ, ყველა, მაგრამ გასასვლელში რომ არის, ის აუცილებლად იმუშავებს, ვინ შედის და ვინ გადის, მარტო აქ კი არა, დეპარტამენტში უყურებენ. ახლა მივხვდი, კამერებს ათვალიერებ და რომელი სპილბერგი შენ მყავხარ, კამერებით რომ დაინტერესდი?!' - გაეღიმა #0578ს.
,,მჭირდება რაღაცისთვის და სპილბერგი ვინ არის?!' - ისევ კითხვით უპასუხა ბაკურმა.
,,ვინ და - დი კაპრიოს ქეით უინსლეტის გაჟიმვა რომ არ შეარგო და რომ დაახრჩო, ე, ის კაცია სპილბერგი', - დაუზუსტა #0578მა.
,,დი კაპრიო ვიცი და... დაბრიდეს ეგა?!' - გაოცდა პატიმარი.

,,აუფ, მართლა სამკურნალო ხარ, შე უბედურო, და ვინც შენ აქედან საავადმყოფოში წაყვანაზე უარს გეუბნება, ხომ უნდა აიყვანო იმ ტიტანიკზე და გაუშვა ოკეანეში', - გაბრაზდა #0578.
,,ააა, გამახსენდა, ნანახი მაქვს ეგ ფილმი. ჰო, ჰო... კაი ფილმია, მაგრამ მე ახლა კამერა მინდა, კარგი ვიდეოკამერა, ისეთი, რომელიც იღებს', - ძველ თემას დაუბრუნდა ბაკური.
,,ჰოდა, გასასვლელში რომ კამერაათქო, ხომ ხედავ, წითლად ციმციმებს, უეჭველი მუშაობს,' - მიუგო #0578მა და საკანში დაბრუნდა.

ცოტა ხნის შემდეგ, #0578ის კამერაში პატიმარი შევიდა და სასხვათაშორისოდ თქვა, თავის დაშტირვას აპირებს ბაკურა, მთელი ზონა გასასვლელთან რომ კამერაა, იქ დგასო. ცნობისათვის გეტყვით, რომ თუ რომელიმე პატიმარი ვენების გადაჭრას, გაშიშვლებას, ყელის გამოჭრას ან სხვა რამეს ისეთს აპირებდა, რომელიც პირადად მას ეხებოდა ანუ ,,ლიჩნი' მიზეზი იყო, ვერავინ უშლიდა. ამიტომ, როცა #0578 საკნიდან თავპირისმტვრევით გავარდა, შემდეგი სურათი დახვდა: ბაკური კამერის წინ წელს ზემოთ შიშველი იდგა, ირგვლივ ასამდე პატიმარი შეკრებილიყო და მშვიდად ელოდა, როდის დაირტყამდა ბაკური მუცელში საიდანღაც ნაპოვნ და წვერწამახულ ლურსმანს. გასასვლელის მეორე მხრიდან ბადრაგი გამოჩნდა. პოლიციელები მორბოდნენ, როგორც ჩანს, კამერაში დაინახეს, რასაც აპირებდა ერთერთი პატიმარი და გამოეშურნენ.

,,იჩქარე, ბაკურ, თორემ მოვლენ და წაგართმევენ შტირს', - ეს #11 საკნის ერთერთი ბინადრის ხმა იყო. #0578მა ვეღარ მიასწრო, ბაკურმა მარჯვენა მძლავრად მოიქნია და ლურსმანი მუცლის მარცხენა მხარეს ჩაირტყა. მეორედ მოქნევა ვეღარ მოახერხა - #0578მა მაჯა დაუჭირა და ლურსმანი წაართვა. რამდენიმე წამში ბადრაგიც მოვიდა და ბაკური ზონის საავადმყოფოში გააქანა.
,,თქვენთან საქმე მაქვს', - კბილებში გამოსცრა #0578მა და მე11 კამერის პატიმრებს თვალით ანიშნა, წამომყევითო. გზად მაყურებლის კამერაში შეიარა, ბაკურისთვის წართმეული შტირი ნარზე დააგდო, თქვენ მიხედეთო და #11 საკანში შევიდა.

,,მგონი, ყველა მიცნობთ. ისიც იცით, რომ ჩემი ინიციატივით, ყოველი თვის ბოლოს, თქვენი ასაკის გამო, ობშიაკიდან გამონაკლისს ვუშვებთ და ჩაის და სიგარეტის გარდა, აქ იმდენი ,,პაჩკა' კარაქი ჩამოდის, რამდენიც ხართ. პატივს თქვენს ასაკს ვცემ, მაგრამ არ ვცემ პატივს იმას, რასაც სხვა პატიმრებს ეუბნებით. ერთი კაცი მითხარით, ვისაც ჭკუა დაარიგეთ და თავს არაფერი აუტეხა. კაცს თავი სტკივა და თქვენ მუცელში შტირის ჩარტყმა ურჩიეთ, თან რაღაც ლურსმნის. რომ დაიბრიდოს, პასუხს ვინ აგებს მაგის მშობლების წინაშე, ამიხსენით, აბა, მთელი ყურადღებით გისმენთ, ასაბნიაკებო', - #0578 აშკარად გაცოფებული იყო.

,,ძველებმა' ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ყველაზე უხუცესმა, მეტსახელად პაპამ დაიწყო.
,,პირდაპირ გეტყვი, რომ შენ არ იცი ბევრი რამ. მაგალითად, ის რომ კარაქს შენი ინიციატივით გვაძლევენ, კარგია, მაგრამ იცი, მაგ კარაქს როგორ ვჭამთ? პურზე წავუსვამთ, მერე ამ პურის ნაჭერს ვაბრუნებთ, რომ არ ჩანდეს და ისე. ასე ვართ მიჩვეული, არესტანტებს ადრე კარაქის და ასეთი ფუფუნების უფლება არ ჰქონდათ. თუ მოჭარბებული რამ გამოჩნდებოდა, ობშიაკში ჩაი ან სიგარეტი უნდა დაგემატებინა. ახლა სხვა დროა, მაგრამ ჩვენ ძველი ყაიდის ხალხი ვართ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი რჩევის შემდეგ ვიღაცამ ვენა გადაიჭრა ან თავი დაიშტირა, გეთანხმები, ასეა, მაგრამ შენ ხომ არ იცი, რისთვის მოდიან ისინი ჩვენთან და რას გვეკითხებიან?! იმათ ის უნდათ, ისე დაირტყან შტირი, ან ისე გადაიჭრან ვენა, რომ არ მოკვდნენ. გესმის ახლა? ბაკურამ რატომ დაირტყა მაინცდამაინც მარცხენა მხარეს და მარჯვენა ხელით, როცა იცი, რომ ცაციაა?! იმიტომ, რომ ჭიპიდან მარცხნივ და ოდნავ მაღლა არაფერია და უეჭველი გადარჩება. სამაგიეროდ, საავადმყოფოში მოხვდება და ეგებ, ის ნანატრი ტომოგრაფიაც გადაუღონ. ახლა სამედიცინო ტერმინი გამართულად რომ ვახსენე, სახეზე შეგეტყო, გაგიკვირდა. ექიმი ვიყავი გარეთ, თან არცთუ ცუდი, მაგრამ წამალმა მომსპო. იმ ბიჭმა, ორი კვირის წინ ყელი რომ გამოიჭრა და საავადმყოფოში წასვლას მიაღწია, ჩვენთან გაიარა კონსულტაცია და ყელის გამოჭრა ორ ნაკერად დაუჯდა. ამას ვასწავლით ჩვენ, როგორ გადარჩნენ, თორემ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს. ბაკურას არაფერი მოუვა, დამიჯერე, მე ვაგებ პასუხს', - დაასრულა პაპამ.

,,და კიდევ, სანამ ჩხუბს დაიწყებ ხოლმე, დაფიქრდი. გიყურებთ, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ძალიან ფეთქებადი ხასიათი გაქვს და ამან შეიძლება, ცუდი სამსახური გაგიწიოს. წეღან გონორით რომ გვითხარი, თქვენთან საქმე მაქვსო და ამხელა ხალხი ფარასავით რომ გამოგვირეკე, ახლა რომ ახსნა მოგთხოვოთ მაგის, რომ ჩავთვალოთ, შეურაცხმყოფელი ტონი გქონდა, როგორ ახსნი? ვერ ახსნი და მოგხვდება. ამიტომ გეუბნებით, თავს უნდა მოერიო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს. ბაკურა რომ წერდა, თავი მტკივაო, იქნებ, პაბეგის აწევა უნდა და იმიტომ წერდა ამდენს? იცი მისი ფიქრები? - არ იცი. ჰოდა, თავს ნურაფერზე დადებ და უბრალოდ, მეტი იფიქრე, ჩემო მამავ და შვილო', - ეს უკვე სხვა ასაბნიაკის სიტყვები იყო.
,,მოიცათ, გაქცევაზე შემთხვევით თქვი თუ მართლა აპირებს რამეს? ბევრი აღარ აქვს დარჩენილი, უდოც ეხება უკვე', - აღელდა #0578.
,,მაგაზე არ იდარდო შენ... ყველა თავისით წერს ბედს', - გაუღიმეს მოხუცებმა.
***
ბაკურის ტომოგრაფია მაინც არ გადაუღეს და დღეს, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, ფსიქიატრიულში მკურნალობს.

პატიმარი #0578