„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის ემზადება. მოაგროვებს თუ არა საპარლამენტო უმცირესობა პროცედურის ინიცირებისთვის საჭირო 60 ხმას, ვისთან აწარმოებს პარტია კონსულტაციებს და რამდენად რთულია უნდობლობის გამოცხადების კოსტიტუციური მექანიზმი?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსც პარლამენტში 50 დეპუტატი ჰყავს, 60 მხარდამჭერის მოპოვებას შეეცდება. მათ შორის ერთის ვინაობა უკვე ცნობილია: დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს დაუჭერს. ჯერჯერობით უცნობია კიდევ სამი დამოუკიდებეული დეპუტატისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გადასული 12 დეპუტატის პოზიცია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გორგი ვაშაძის სიტყვებით, ისინი ყველა დეპუტატთან ეცდებიან კონსულტაციის გავლას:
„ვფიქრობთ, რომ ეს არის პროცესი და ამ პროცესის შედეგად ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უუნარო მთავრობა წავიდეს ხელისუფლებიდან. ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ჯობია პრემიერი და 19 მინისტრი გადადგეს, ჯობია მათ დაკარგონ სკამები, ვიდრე ხალხმა დაკარგოს სამუშაო ადგილები“.
მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც იგეგმება, ამბობენ „თავისუფალი დემოკრატები“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მათ ქვეყნის მომავლის თავიანთი ხედვა აქვთ და ამ ხედვას არც „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი ერთმანეთით დააშინონ და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება და არა წარსულშიდანრუნება. თავისუფალიდემოკრატები ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს სჭირდება ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ამჯერად არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია უნდობლობის გამოცხადებისთვის საკმარისი ხმების მოგროვება და არც ქვეყანაშია ის მდგომარეობა, რომ უნდობლობის პროცედურა დაიწყოს. როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პროცედურა რეალურად საინფორმაციო სივრცეში მოსახვედრად სჭირდება:
„ეს იქნება დამატებითი ნიუსი და ვიღაცა დაშინდება ამით და სულ ამაზეა გათვლილი ეს პიარი და ამით შეიძლება დასრულდეს ეს თემა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ვინმე აჰყვება, ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიც უნდა გაიზიაროს და მე არ მეგულება „თავისუფალ დემოკრატებში“ ასეთი დეპუტატები“.
უნდობლობა არის პოლიტიკური აქტი და მთავრობის სახლში გასაშვებად პარლამენტს სამართლებრივი საფუძველი არ სჭირდება, ამბობს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე და იმ პროცედურებს განმარტავს, რითაც უნდობლობის გამოცხადება ხდება.
იმისათვის, რომ საერთოდ დღის წესრიგში დადგეს აღნიშნული თემა, საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/5. ამის შემდეგ დაახლოებით სამ კვირაში იმართება კენჭისყრა იმის განსასაზღვრად, დაიწყოს თუ არა უნდობლობის პროცედურა და თუ სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 75 დეპუტატი, დაუჭერს მხარს, უნდობლობის პროცედურა დაიწყება:
„ამის მომდევნო ეტაპი არის თავად უნდობლობის წამომწყები პირების ვალდებულება წამოაყენონ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც ჩაანაცვლებს უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში ძველ პრემიერ-მინისტრს. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მხარდაჭერას ასევე სჭირდება 75 დეპუტატი, ანუ მეორე კენჭისყრა. ამის შემდეგ ის წარედგინება პრეზიდენტს. პრეზიდენტს შეუძლია გაიზიაროს პარლამენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატი და უკან დაუბრუნოს პარლამენტს, რის შემდეგაც 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს მინისტრების კანდიდატურას და სამთავრობო გეგმას და თუ უკვე მესამე კენჭისყრაზე პარლამენტი მხარს დაუჭერს წამოყენებულ მთავრობას და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, მაშინ ძველი მთავრობა გადაყენებულად ჩაითვლება და ავტომატურად დაიწყებს ახალი მთავრობა უფლებამოსილების განხორციელებას“.
მაგრამ თუ პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას, ის იყენებს ვეტოს უფლებას. მაშინ უკვე 90 დეპუტატია საჭირო, რათა დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო, ანუ იმართება მეოთხე კენჭისყრა. ამ პროცედურას უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი ჰქვიაო, ამბობს ვახუშტი მენაბდე და დასძენს, ეს პროცედურა, საქართველოს კონსიტიტუციის თანახმად, შეიძლება მინინუმ თვე-ნახევარი და მაქსიმუმ სამი თვე გაგრძელდესო.
როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო მარათონში ერთვება და ცდილობს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის სახელი დაიმკვიდროს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი მომგებიანია: რომც ვერ მოახერხონ უნდობლობის გამოცხადება, ამით ისინი არაფერს კარგავენ - პირიქით, ცვლილებების ინიციატორებად გამოჩნდებიან.