„საზეიმო ქელეხის“ მოლოდინში

„საზეიმო ქელეხის“ მოლოდინში

2008 წლის აგვისტოს ომში განცდილი სამხედრო მარცხის შემდეგ საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის მძლავრი პროპაგანდისტული „ბრეინუოშინგის“ წყალობით, რამდენიმე წელი იცხოვრა იმის მოლოდინში, რომ რუსეთი დღე-დღეზე დასუსტდებოდა, დაიშლებოდა და ამის შედეგად საქართველო უმტკივნეულოდ და სწრაფად აღადგენდა კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე.

იმხანად კრემლის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ჩრდილოელი მეზობლის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ ანტაგონიზმი იმდენად დიდი იყო, ხოლო სიძულვილი იმდენად საყოველთაო, რომ საზოგადოების მოაზროვნე ნაწილშიც კი მკრეხელობად ითვლებოდა მსჯელობა იმაზე, თუ რა გზებით, ვისი დახმარებით, რა დროში და რის ფასად მოახერხებდა საქართველო დაკარგული კონტროლის აღდგენას მოვლენათა ასეთი სახარბიელო სცენარით განვითარების შემთხვევაში.

არადა, თუ უახლეს ისტორიას გადავავლებთ თვალს, ძნელი წარმოსადგენია ეკონომიკურად იმაზე უფრო დაუძლურებული, სამხედრო ორგანიზაციის თვალსაზრისით დაქვეითებული, სოციალურად თუ პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანა, როგორიც რუსეთი იყო 1990-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ მაშინაც კი, ამ ძალაგამოცლილმა გიგანტმა იოლად მოახერხა საქართველოში „მართვადი ქაოსის“ დანერგვა, პოლიტიკური ძალების გათიშვა, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტება და საქართველოს არმიის განადგურება აფხაზეთში, რასაც შედეგად მოჰყვა დამპყრობლის წინაშე დაჩეხილ-დანაწევრებული საქართველოს ფაქტობრივი კაპიტულაცია და რუსეთის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში თავჩაქინდრული შესვლა.

მაგრამ საქართველოში, სადაც ლამის ყველა ტრაგიკული მოვლენა ფატალიზმით, განგების ნების გარდუვალობით თუ გარე ძალების მტრული მოქმედებით აიხსნება, არ უყვართ ისტორიის კრიტიკული შეფასება და საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღიარება. ჩვენში უფრო იოლია „ააგდო“ პუბლიკა და დააჯერო, რომ მალე მტერი დაუძლურდება და მოკვდება, „საქართველო კი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“.

ამასთან, ეს ქართული მიამიტობა ჭეშმარიტად ამოუწურავია და ის მეტნაკლებად ახასიათებს ყველას: ულტრანაციონალისტებსაც და ულტრალიბერალებსაც, პატრიოტებსაც და ურაპატრიოტებსაც, ჟურნალისტებსაც და ფსევდოჟურნალისტებსაც.

სწორედ ამ რეპერტუარიდან არის ის აჟიოტაჟიც, რამაც ამ დღეებში მოიცვა ქართული საინფორმაციო სივრცე და ბლოგოსფერო. საუბარია ვლადიმირ პუტინის შესაძლო დაუძლურებასა თუ მის სიკვდილზე, რისთვისაც ზოგიერთმა „საზეიმო ქელეხის“ სუფრის თადარიგიც დაიჭირა.

არ დავმალავ, გულის სიღრმეში მესმის კიდეც ჩემი ამ თანამემამულეებისა, მით უფრო, რომ პუტინის შესაძლო ავადმყოფობის ამბავს მხოლოდ საქართველოში როდი შეხვდნენ სიხარულით. ოღონდ, საქართველოსაგან განსხვავებით, სადაც „საზეიმო ქელეხის“ განცდა ლამის ყოვლისმომცველია, სხვა ქვეყნებში იმაზე უფრო მეტს ფიქრობენ, რა იქნება ხვალ, თუ ეს ცნობა მართალი აღმოჩნდა; ან რა შეიცვლება იმით, თუ კრემლში მოვა „პუტინი 2“ − მედვედევის, ივანოვის თუ, სულაც, ნავალნის სახით, რომელმაც 2008 წელს ქართველებს, „გრუზინების“ ანალოგიით „გრიზუნები“ უწოდა?

დიქტატორების გარდაცვალება, როგორც წესი, დიდ კატაკლიზმებს იწვევს პატარა ქვეყნებისთვის და, ამასთანავე, ახალ შესაძლებლობებსაც წარმოშობს. გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს და მოერგება ახალ რეალობას. ვითარების ცვლილებას, როგორც წესი, წარმატებით იყენებს ის ხალხი, ვისი ელიტაც ამისთვის წინასწარ ემზადება.

ჩვენში კი კვლავაც უცხოა მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა, სხვათა გამოცდილების შესწავლა, პერსპექტიული დაგეგმვა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო, თვალსაწიერსა თუ შორეულ მომავალში, რათა ქვეყანა მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან თუ პრობლემებთან გასამკლავებლად. პოპულიზმი, „ქართული მისიის“ გაფეტიშება და „ემოციური პატრიოტიზმი“ ყოველთვის სჭარბობდა „რაციონალურ პატრიოტიზმს“, ხოლო ზოგ შემთხვევაში ვითარების რაციონალური შეფასება ლამის კოლაბორაციონიზმად და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებადაც კი ითვლებოდა.

„საქართველო მარტო ′ბორჯომით′, ღვინით და მარგანეცით შეძლებს თავის რჩენას“, ასე უპასუხებდნენ პოპულისტები აკაკი ბაქრაძეს, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის განვითარების ეკონომიკური გეგმისა და პოლიტიკური კონცეფციის შემუშავებისაკენ მოუწოდებდა.

ასეთ გეგმაზე მუშაობა მოითხოვს ემოციების განზე გაწევას, მოთმინებას, პროფესიონალიზმს, ერთმანეთის აზრის პატივისცემას, კონსენსუსსა და საინფორმაციო უზრუნველყოფას, რაც ყოვლად შეუძლებელია პოლიტიკურ სპექტრსა და მედიაში ფესვგადგმული პოპულიზმისა და ყოვლისმომცველი კონსპიროლოგიის გამო. ყოველივე ზემოთქმულიდან კი ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს: სამოქალაქო დაპირისპირება, ქაოსი და არეულობა, უახლოეს ხანებში, სწორედ საქართველოშია გარადაუვალი.