ვერსიას, რომ რუსეთში კლანებს შორის დაპირისპირებაა და პუტინიც სწორედ ამის დასალაგებლად “დაიკარგა”, ექსპერტი ვახტანგ მაისაია რეალურად მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე სახიფათო კრემლის მიერ ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯია - რუსეთი ჩვეულებრივი შეიარაღების მონიტორინგის ჯგუფიდან გამოვიდა, რაც აფხაზეთთან დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ამოქმედებას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა. როგორც ვახტანგ მაისაია “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას აცხადებს, გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამრტყმელი შეიარაღება განათავსოს, რაც საფრთხეს მხოლოდ საქართველოს კი არა, მეზობელ ქვეყნებსაც შეუქმნის, თუმცა ყველაფერ ამაზე, როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს, “არაკომპეტენტური, უთავბოლო და დილეტანტი” საგარეო და თავდაცვის უწყებები დუმან.
- ბატონო ვახტანგ, მოდით, საუბარი თავდაცვის სამინისტროთი დავიწყოთ...
- სპეცსამსახურის თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროს სათავეში მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში უდგებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა რგოლში ჩეკისტები მოვიდნენ - მინდია ჯანელიძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შეფი იყო, ლევან ღირსიაშვილი საგარეო დაზვერვის კადრია, გოჩა რატიანიც საგარეო დაზვერვის მაღალჩინოსანია. ისინი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოშიც მუშაობდნენ, რომელიც კოორდინაციას სპეცსამსახურებს უწევს, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი ტიპის სპეცსამსახურია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შეიტანეს - ეს სტრუქტურა, პრაქტიკულად, მოიშალა იმიტომ, რომ ყველა ფუნქცია იმ ახლადშექმნილ უწყებას გადაეცა, რომელიც პრეზიდენტს კი არა, მთავრობას ექვემდებარება.
- ეს, თქვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა?
- ეს კონსტიტუციისადმი უპატივცემულობის გამოვლენაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მეტიც, ყველაფერი რუსული პროექტის კალკია, რომლის განხორციელებაც სააკაშვილმა იმ მიზნით დაიწყო, რომ კანონი თავის პოლიტიკურ სხეულზე მოერგო და საქართველოში პუტინიზაცია გაეგრძელებინა, ანუ რაღაც დროის შემდეგ, ჯერ პრემიერად დაბრუნებულიყო, მერე - პრეზიდენტად. სააკაშვილის კანონები ახალმა ხელისუფლებამაც მოირგო და ავტორიტარული რეჟიმის მიერ დატოვებული სისტემის რეფორმირება არ განახორციელა. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პერეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობა დაიძაბა. საერთოდ, ქვეყანაში სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოს კალკის გადმოტანა შეცდომაა. ყველა ის პროცესი, რაც დღეს ქვეყანაში მიდის - პოლიტიკური მართვის ქაოსი, ლარის დევალვაცია და გაუსაძლისი სოციალური ფონი, სწორედ ამის შედეგია. ჩვენ წესიერად გამართული პოლიტიკური სისტემა კი არა, რუსული მოდელის პოლიტიკური ვერტიკალი გვაქვს!
- სააკაშვილმა რუსული მოდელი რატომ “გადმოაკატავა”?
- რატომ და, სააკაშვილმა, როგორც ჭეშმარიტმა ავტოკრატმა, იმ მოდელის მომგებიანობა, რაც დიადმა მასწავლებელმა, პუტინმა ააწყო, დაინახა. ორივე ავტორიტარია. გავიხსენოთ სინგაპური, რომელიც სააკაშვილის დროს ძალიან აქტუალური იყო. იცით, რომ სინგაპური ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოდ ითვლება? - სინგაპურში საბჭოთა პოლიტბიუროს მოდელია დანერგილი.
- ეს მოდელი ახალ ხელისუფლებასაც აწყობს?
- ეს იმ ჯგუფს აწყობს, რომელიც ქვეყნის სათავეშია, თორემ არ მგონია, ივანიშვილს მოსწონდეს - როცა ის პრემიერი იყო, სისტემა აბსოლუტურად განსხვავებული გახლდათ. მართალია, მძიმე მემკვიდრეობა გადმოეცა, მაგრამ გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი, კოჰაბიტაციის პირობებში, პოლიტიკურ “შაკოპლაკობას” ეწეოდა, ივანიშვილი ყველაფრის დაბალანსებას ახერხებდა, შესაბამისად, არც ასეთი ქაოსი იყო და ნაბიჯები არც ავტორიტარიზმისკენ იდგმებოდა. მან სიტუაციის დაბალანსება და დემოკრატიულ რელსებზე დაყენება შეძლო მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქია, თუმცა ოლიგარქობა ცუდს სულაც არ ნიშნავს.
- ბატონო ვახტანგ, ოლიგარქი ისაა, ვინც ფული სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის დროს იშოვა, რასაც ყოფილ პრემიერზე ვერ ვიტყვით...
- არიან უარყოფითი ოლიგარქები, მაგალითად, როგორიც ბერეზოვსკი იყო, მაგრამ რუსულ სინამდვილეში ხოდორკოვსკიც არსებობს, რომელიც პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდა. ასეთები კი, საქართველოში პატარკაციშვილი და ივანიშვილი იყვნენ... ივანიშვილი დემოკრატიულად აზროვნებს და ამას ისიც ადასტურებს, რომ პირობა შეასრულა.
- პრემიერობიდან გადადგომას გულისხმობთ?
- დიახ. თავიდანვე თქვა, რომ რეჟიმს, ქართველ ხალხთან ერთად, დაამხობდა, ხელისუფლებაში მოვიდოდა და მერე გადადგებოდა.
- გადადგა, მაგრამ “ნაციონალები” ამბობენ, რომ ქვეყანას კულისებიდან მართავს...
- სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილი რომ მართავდეს, ასეთი “ჩაშვებული” სიტუაცია არ იქნებოდა. დიახ, ქვეყანას ივანიშვილი რომ მართავდეს, ისეთი დოქსოპულოები და ფრანკენშტეინები, როგორებიც ზუმბაძე, გრიგალაშვილი და ძმანი მათნი არიან, თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩეკისტური კლანი არ მოექცეოდა. გაიხსენეთ ივანიშვილის მართვის მეთოდები - ამ უწყების სათავეში პოლიტიკოსი დააყენა და არა - ბიუროკრატი. ასევე მოიქცა შსს-შიც - გამოუცდელი, მაგრამ მაინც პოლიტიკოსი მოიყვანა, კვოტები გადაანაწილა და ყველას მისცა საშუალება, რომ თავი გამოევლინა. სიტუაცია დაალაგა და გადადგა, ანუ ზომიერი პოლიტიკოსის სიტყვა შეასრულა, რაც საქართველოში დეფიციტია.
- ზოგი თვლის, რომ გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა...
- ეს გაქცევა არ იყო! გაქცევა მაშინ იქნებოდა, წინასწარ რომ არ ეთქვა, მალე უნდა წავიდეო. ის, რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ჩემში უფრო მეტად სიმპატიას იწვევს, ვიდრე - მიხეილ სააკაშვილის იაფფასიანი პიარტექნოლოგიებით გაკეთებული ვითომ საქმე.
- სააკაშვილს იაფფასიან პიარტექნოლოგიების საბაბს მთავრობაც აძლევს..
- ივანიშვილს ეგონა, რომ გუნდი კარგად იყო შეკრული და ქვეყნის მართვის საშუალება მისცა, მაგრამ ჩვენი თაობა პოსტსაბჭოთა სინდრომითაა დაავადებული - ავტორიტარული ლიდერი გვჭირდება, რომელიც გვიკარნახებს, თუ როგორ ვიცხოვროთ. მჯერა, ქვეყანას ჩემი სტუდენტების თაობა გადაარჩენს - ისინი გაცილებით დემოკრატიულები არიან. ჩვენ კი, დაკარგული თაობა ვართ და ამიტომ ამ მთავრობის იმედი არ მაქვს! მას მხოლოდ ის ევალება, რომ ძველი “მატარებელი” როგორმე იმ პლატფორმამდე მიაჩოჩოს, რომელიც ნორმალური განვითარების დონეზე გადაგვიყვანს, მაგრამ ამ “მიჩოჩებასაც” უნარიანობის გამოვლენა სჭირდება. ივანიშვილმა დაიჯერა, რომ ეს გუნდი დამოუკიდებლად განვითარდებოდა, მაგრამ როგორც კი წავიდა, მაშინვე დაპირისპირება დაიწყო.
- გამორიცხავთ, რომ ეს დაპირისპირება უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყოს ინსპირირებული?
- ეს სააკაშვილის ზღაპრებია და მოდით, თავი დავანებოთ. თუ სპეცსამსახურებზეა ლაპარაკი, ჯობია, ძალოვანი სტრუქტურების ჯალათებს და ზონდერებს მიხედონ და წმენდა იქიდან დაიწყონ. ზუმბაძის ამბავი ავიღოთ - კაცმა დამაბრალა, რომ “კა-გე-ბე”-ს გენერალ-პოლკოვნიკი ვიყავი. რა უნდა ვუთხრა?!
- ზუმბაძე აპირებდა, რომ თქვენს წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეეტანა. გიჩივლათ?
- ველოდები! ის პოლიტიკური ფრანკენშტეინია, რომელიც ძველ სისტემას სჭირდებოდა, ახლა კი, ახალ სისტემასთან მორგებას ცდილობს. როგორც კი ხელისუფლებაში ასეთები მომრავლდება, შეიძლება, დაგვაბრალონ, რომ მე და თქვენ ძერჟინსკის პირადი აგენტები ვიყავით. ოთარ ორჯონიკიძე, რომელიც ახლაც “საქაერონავიგაციაში” “ოდ-ერ-ებ”-ის შეფია, ჩემს მეგობარს შეხვდა და უთხრა, მაისაია “აბვერის” აგენტი იყოო. გამეცინა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ იცის, “აბვერი” რა არის და ამ დროს სტრატეგიული უწყების “ოდ-ერ-ი”-ა.
- სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე ასეთი ადამიანები როგორ და რატომ დაინიშნენ?
- ეს კლანური ნეპოტიზმის შედეგია. საერთოდ, ნეპოტიზმი გააზრებული ქმედებაა - როცა ჩემი ახლობელი მომყავს, სულაც არ მაინტერესებს, ჯალათი იყო თუ მკვლელი, მჭირდება - ჩემი დავალება უნდა შეასრულოს და მორჩა. ზუმბაძემ თავისი პირით აღიარა, იმიტომ მოვედი, რომ საქმეები გამეყალბებინა - ალასანიასდროინდელი ტენდერები უნდა ამომექექაო. დიახ, ყველაფერი თავისი პირით აღიარა. კაცმა ე.წ. ენვერის, კილაძის, ფოტორეპორტიორების საქმეები, ნატოს დოკუმენტაცია გააყალბა და, თავდაცვის სამინისტროდან უკანონოდ ექვსი ადამიანი რომ დაიჭირეს, ამას არ გააყალბებს?
- ანუ, ბატონო ვახტანგ, თვლით, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაპატიმრებულები ციხეში უკანონოდ არიან?
- გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. თუ ნამდვილად დამნაშავეები არიან, სასამართლო პროცესს რატომ დებენ? თუ დამნაშავეები არიან, დადე შედეგი, რა, მაგრამ თუ ამ საქმის გამოძიებას მართლა ზუმბაძე აპირებდა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
- რა ამის პასუხია და, 21 მარტს “ნაცმოძრაობა”, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, დიდ აქციას გეგმავს...
- “ნაცმოძრაობა” უკვე ისეთივე მარგინალური გაერთიანებაა, როგორიც, მაგალითად, კომუნისტური პარტია იყო. ამიტომ მის მიერ ჩატარებული აქცია წყალს მთავრობის წისქვილზე დაასხავს - მმართველი ძალის იმიჯი გაუმჯობესდება და პოზიციაც გამყარდება, რაც კარგია და ამიტომ, “ნაცმოძრაობის” ქმედებას მივესალმები. ისე, “ნაციონალებმა” აქციები შარშან და შარშანწინ, 19 აპრილსა და 15 ნოემბერსაც ჩაატარეს, მაგრამ რა?! - ძალით მიყვანილ ადამიანებს ფული დაურიგეს და მერე, თავქუდმოგლეჯილები ისე გაიქცნენ, რომ ვერავინ იპოვა!
- კი ბატონო, მაგრამ ახლა სხვა სოციალური ფონია...
- მესმის, მაგრამ ეს ფუნქცია სხვა პოლიტიკურმა ძალამ რომ აიღოს, აქციაზე ხალხი გამოვა. “ნაციონალების” დაძახილზე კი, - არ გამოვა. აი, მოვა 21 მარტი და ნახავთ. ეს კი არადა, რაც მეტს იძახის “ნაცმოძრაობა”, ნატო-ს მომხრე ვარო, ნატო-ში შესვლის მომხრეები უფრო იკარგებიან, რადგან “ნაცმოძრაობის” დეკლარირებულ ქმედებას უკურეაქცია მოაქვს.
- “ნაცმოძრაობა” ამას შეგნებულად აკეთებს?
- არ გამოვრიცხავ, რადგან “ნაცმოძრაობაში” სოლიდური პრორუსული ლობისტური ფრთა არსებობდა, რომელმაც საქმით დაამტკიცა, რომ რუსულ საქმეს აკეთებდა. ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ტანდემი, კერძოდ, ლაფანყურის ოპერაცია ავიღოთ. ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. ამას ახმედ ზაკაევი და მუსლიმ მარგოშვილიც ამბობენ. ჩვენმა კომისიამ გამოიძია და დავდეთ მასალები, სადაც რუსული კვალი აშკარად ჩანს. სპეცოპერაციის შემდეგ, რუსეთმა გადაადგილების კორიდორი, პრაქტიკულად, მთლიანად ჩაკეტა და ამით ჩრდილოკავკასიაში წინააღმდეგობის მოძრაობას სერიოზული ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, ამ ოპერაციაზე რუსულ მხარეს სიტყვაც არსად დაუძრავს. ის ადამიანი კი, ვინც მებრძოლების შეგროვება დაიწყო და ხაფანგში გააბა, ანუ “ზოონი”, მერაბიშვილის დავალებით, ზუმბაძემ თურქეთში პაპასკირის პასპორტით გადაიყვანა. სად არის ეს “ზოონი”, ანუ ალიკ დუბაევი? თურქეთის კონტრდაზვერვა საქართველოსას არ ჰგავს და აღმოაჩინა, რომ ის “გე-რე-უ”-ს დაქირავებული მკვლელია, რომელმაც თავის დროზე ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლები დახოცა. ყველაფერ ამის გამო, ვანო მერაბიშვილს ბრალი, წესით, რუსეთის ჯაშუშობისთვის უნდა წაუყენონ. “კა-გე-ბე”-ს განსაკუთრებულ დავალებათა და კავშირგაბმულობის სპეცჯარი ჰქონდა, რომლებიც დახურულ კავშირებს, კოსმოსურ დაზვერვასა და მოსმენებს უზრუნველყოფდნენ. სწორედ ამ ნაწილში მსახურობდა ვანო მერაბიშვილი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. გავიხსენოთ, საქართველოში მოსმენების ასეთი ტოტალური სისტემა ვინ შემოიტანა? - მერაბიშვილმა, რომელმაც ყველაფერი ეს საბჭოთა სპეცსამსახურებში ისწავლა.
- ბატონო ვახტანგ, რა ამის პასუხია და, თქვენი აზრით, ვლადიმერ პუტინის გაუჩინარება რას უკავშირდება?
- აქ ორი სცენარია: პირველი - საქმე გვაქვს სამხედრო გადატრიალების ნიშნებთან. სხვათა შორის, ასეთივე მცდელობა იყო 1982 წელს, ბრეჟნევის პერიოდში. პუტინის გაუჩინარება ნემცოვსაც უკავშირდება, რომელიც კლანური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. ის, როგორც მსხვერპლი, იმის გამო არჩიეს, რომ ორ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ კლანს შორის რეალური ბრძოლა დაწყებულიყო. როგორც ჩანს, პუტინი ახლა ცდილობს, ამ ორ კლანს შორის დაპირისპირება გაანეიტრალოს.
- და სად არის?
- ცოცხალია. მკვდარი რომ იყოს, საქმე სხვა პროცესებთან გვექნებოდა. იძულებულია, ჩაიკეტოს, რათა სიტუაცია როგორმე განმუხტოს.
მეორე სცენარი: მართლაც, ავადაა და ერთმანეთს კლანები დაერივნენ, თუმცა ეს ნაკლებადსავარაუდოა.
- რუსეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე რა გავლენას მოახდენს?
- გააჩნია, რომელი კლანი გაიმარჯვებს. თუმცა საგარეო მიმართულებებით, სიტუაცია, ალბათ, უფრო გამკაცრდება. რუსეთმა საამისოდ ნაბიჯი უკვე გადადგა.
- რა ნაბიჯს გულისხმობთ?
- ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფიდან გამოვიდა და ამით დასავლეთთან ურთიერთობას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ყველაფერი ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება. სხვათა შორის, რუსეთმა ამ ჯგუფიდან გამოსვლა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების ამოქმედებას დაამთხვია, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დამრტყმელ შეიარაღებას განათავსებს, ეს კი, ჩვენთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი არაკომპეტენტური, უთავბოლო და დილეტანტი საგარეო და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები გაჩუმებულები არიან. გაგებაში არ არიან, რა მოხდა. საჭიროა, ამასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერმა გააკეთოს - ელემენტარულად, შეშფოთება გამოთქვას. თუ რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისეთი დამრტყმელი სისტემები განალაგა, რომლებიც მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მეზობელი ქვეყნებისთვისაც მომაკვდინებელი იქნება და მათი საერთაშორისო კონტროლი არ მოხერხდა, ჩვენთან სიტუაცია ძალიან გართულდება. ეს უკრაინიზაციის პროცესის დაწყების რეალური საფუძველია.