დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ბიზნესმენ შოთა მამნიაშვილს ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, შეუთვალა, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიტინგებზე გადაღებული სურათები და ვიდეო არსებობს და თუკი საპროტესტო აქციებზე სიარულს თავს არ დაანებებთ, რაც მოგივათ, მალე ნახავთო... მიშას დანაპირები შესრულდა: 2009 წლის 9 ნოემბერს, შოთა მამნიაშვილი დააპატიმრეს, 2010 წლის 5 ივლისს კი, ოჯახის კიდევ სამ წევრთან ერთად, შოთა მამნიაშვილის ცოლის ძმა, თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. “ქართულ სიტყვას” აღნიშნულ საქმეზე ადვოკატი ელზა ჯმუხაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ელზა, როგორც ამბობთ, შოთა მამნიაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის დაჭერა უშუალოდ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოხდა. ამის მიზეზი რა გახდა?
- დიახ, ასეა - ეს ოჯახი იმ უკანონობის, ძალადობისა და უსამართლობის თაობაზე, რასაც თითქმის ყოველდღიურად აწყდებოდა, უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდა. შესაბამისად, შოთა მამნიაშვილიც და თამაზ ელიზბარაშვილიც მიშას დროს ურჩ ბიზნესმენებად ითვლებოდნენ, ,,ნაციონალურ სასჯელს” ექვემდებარებოდნენ და დაისაჯნენ კიდეც. თამაზ ელიზბარაშვილის თემა ცოტა უფრო ვრცელია. სხვათა შორის, ამ კაცის მიმართ ,,ნაცებისა” და ,,მიშმაკების” ზიზღი, ასევე, იმის მცდელობა, რომ ეს კაცი საბოლოოდ გაანადგურონ, დღემდე არ დასრულებულა. ამას ჰაერზე არ ვამბობ და, თუ დაინტერესდებით, ამ თემაზეც შემიძლია, ძალიან საინტერესო ფაქტები მოგაწოდოთ. დღეს კი, მინდა, 2008 წლის ომის დროს მომხდარი ერთი დიდი აფიორა გიამბოთ. ამაზე ჩემი, როგორც უკანონოდ მსჯავრდებული ბიზნესმენის, შოთა მამნიაშვილის ადვოკატის საჩივარი, 2012 წლის 12 დეკემბრიდან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,,ყვინთავს”. თუ იმ შავბნელ ცხრა წელში მოხდარი ,,სამართლებრივი ხარვეზების” გამოძიება ვინმეს, მართლაც, უნდა და ესეც მორიგი ცრუ დაპირება არაა, ირაკლი ნადარეიშვილის ახალ დეპარტამენტს ჩემი საჩივარი უკვე გადმოღებული უნდა ჰქონდეს და დაკითხვაზე გვიბარებდეს...
- რა აფიორაზე მიანიშნებთ?
- შოთა მამნიაშვილი ხმამაღლა ამბობდა, რომ ხელისუფლება ხელს ეროვნული წარმოების აღორძინებას უშლიდა. სწორედ ამ და კიდევ სხვა ცნობილი მიზეზების გამო, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭი “ნაცმოძრაობის” სიით ეყარა. ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ ,,ნაციონალური ჯოჯოხეთი”, რომლის მთავარი ,,ეშმაკიც” სწორედ მიშა ბრძანდებოდა. გასაგებია, რომ შოთა მამნიაშვილის (ასევე, სხვა პირების) დაპატიმრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ოფიციალური წერილობითი ,,ნებართვები” არ არსებობს და ვერც იარსებებს, მაგრამ წარმოუდგენელია, სააკაშვილის მითითების, ან მასთან შეთანხმების გარეშე ისეთი ბიზნესმენის დაპატიმრება და ისეთი ბიზნესის სრულად დამხობა მომხდარიყო, რომლის წარმატებული ბიზნესპროექტების პრეზენტაციასაც ხშირად ესწრებოდა! შოთა მამნიაშვილის დაჭერა ე.წ. ფქვილის აფიორასთანაა დაკავშირებული, რაც 2008 წლის ომის დროს განხორციელდა: ამ აფიორით მაშინდელმა ხელისუფლებამ ომით ისედაც დაზარალებული მოსახლეობა ორგზის გაატყავა: ერთხელ, როცა ცხინვალში, საომარი მოქმედებების მოლოდინში, ფქვილის მარაგის შესაქმნელად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ისეთი ნაგავი შეიძინა, რომელსაც ღორიც კი არ ჭამდა; მეორედ კი დიდი ფული მაშინ ,,გააკეთა”, როდესაც ფქვილის ბიზნესში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები აიძულა, ჩაწოლილი ,,ნაგავი” უმაღლეს ფასად შეესყიდათ.
- ბიზნესმენები რითი აიძულეს, რომ ამ გარიგებაზე წასულიყვნენ?
- როდესაც ცხადი გახდა, რომ იმ სრულიად უხარისხო ფქვილის რეალიზაცია შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, ბიზნესმენებს მოტყუებითა და იძულებით დადებული ხელშეკრულებით ,,ნაკისრი” აბსურდული ვალდებულების შესრულება გაუჭირდათ, პროკურატურამ ყველა გამოიძახა და უთხრა, თუ არ გინდათ, თაღლითობის მუხლით გლდანში გაგამწესოთ, ფულს “გამოდითო”. შოთა მამნიაშვილის გარდა, ამ საქმეზე არავინ დაუჭერიათ. ეს საქმე იმ დროს იმიტომაც არ გაპიარებულა, რომ “ასატანი” ყველამ უსიტყვოდ ,,აიტანა”, მამნიაშვილმა კი, რომელსაც ჯერ კიდევ მიაჩნდა, რომ სასამართლო მის სიმართლეს გაარკვევდა, “ნაციონალებს” დასახელებული კოლოსალური თანხა არ ჩაუჯიბა, რის სანაცვლოდაც, სრულიად უდანაშაულო კაცს, “ნაციონალების” გავლენის ქვეშ მყოფმა დაშინებულმა მოსამართლეებმა ,,გლდანის ჯოჯოხეთის” შვიდწლიანი საგზური გამოუწერეს!
- მამნიაშვილს, კონკრეტულად, რა ბიზნესი ჰქონდა?
- ბატონი შოთა თავის დროზე ერთ-ერთი ცნობილი, მსხვილი და წარმატებული ,,ბეგი-კომპანიი”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ კომპანიის შვილობილი (სადისტრიბუციო) კომპანია ,,სელმა”-ს დირექტორი გახლდათ. ამ კომპანიების საქმიანობის საგანი საქართველოში მარცვლეულის ქართული ჯიშების აღორძინება, ახალი ჯიშების გამოყვანა, გადამუშავება და პროდუქციის რეალიზაცია იყო. მოქმედი საწარმოების გარდა (წისქვილკომბინატები), ,,ბეგი-კომპანიამ” და ,,სელმამ”, კარგად გათვლილი ბიზნესგეგმით, ბანკიდან სოლიდური კრედიტები აიღეს და უცხოეთიდან პურპროდუქტების გადამამუშავებელი მასშტაბური საწარმოო ხაზი შემოიტანეს, რომლის ამუშავების შემთხვევაშიც, საქართველოს საშუალება მიეცემოდა, მაღალი ხარისხის პურპროდუქტებით (კერძოდ, მაკარონით) მთელი ამიერკავკასია მოემარაგებინა. თავისი საქმიანობითა და შორსმიმავალი მიზნებით, შოთა მამნიაშვილი აშკარად დაუპირისპირდა მარცვლეულისა და ფქვილის იმპორტის ბიზნესს, რომელსაც, როგორც ცნობილია, სააკაშვილის ხელისუფლება მფარველობდა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც იქცა “ნაციონალების” სამიზნედ შოთა მამნიაშვილი, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, “ნაცების” ინტერესის სფეროში სხვა მიზეზითაც მოექცა.
- რა მიზეზს გულისხმობთ?
- წეღან აღვნიშნე შოთა მამნიაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის ნათესაურ კავშირზე: მამნიაშვილის მეუღლე, თამარ ელიზბარაშვილი ცნობილი ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის დაა. ეს ოჯახი, ბიზნესსაქმიანობის გარდა, ყოველთვის იმითაც გამოირჩეოდა, რომ უსამართლობებს არ ეგუებოდა და მუდამ იქ იდგა, სადაც ხალხი ხელისუფლების უკანონო ქმედებებს აპროტესტებდა. “ნაციონალები”, თავიანთი ბოგინის ყველა ეტაპზე, ცდილობდნენ, ბიზნესმენები ზეგავლენის ქვეშ მოექციათ, რისთვისაც მშვენიერი საშუალება ბიზნესმენის პოლიტიკაში მოყვანა იყო, რაც ,,კრიშის” სანაცვლოდ, ბიზნესმენის მზადყოფნას ნიშნავდა, რომ “ნაციონალების” ,,მეწველი ძროხა” ყოფილიყო. შოთა მამნიაშვილსაც შესთავაზეს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭი ,,ნაცმოძრაობიდან” ეყარა, რაზეც უარი განაცხადა. ამას ისიც დაემატა, რომ იმავე არჩევნების წინა პერიოდში, შოთა მამნიაშვილმა ერთ-ერთი წისქვილკომბინატიდან, სადაც მისი კომპანია მუშაობდა, “ნაცმოძრაობის” საარჩევნო-სარეკლამო ბანერები ჩამოახსნევინა. სწორედ ამის შემდეგ ,,შავ სიაში” შეიყვანეს. საბოლოოდ, ამ ადამიანს, გარდა იმისა, რომ მსჯავრი უკანონოდ დასდეს და ხუთი შვილის მამა ციხეში გაუშვეს, ბანკების საშუალებით, წაართვეს და შემდეგ, უმოქმედოდ დააგდეს საწარმოო ხაზი, რაც იდეაში, ეროვნულ ბიზნესს ააყვავებდა და იმპორტს შეამცირებდა; მამნიაშვილის ოჯახმა დაკარგა მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, მისი ბიზნესი კი, აღიგავა პირისაგან მიწისა!
- გასაგებია, რომ შოთა მამნიაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკურად არ აწყობდა, მაგრამ დასაპატიმრებლად რაღაც ხელის მოსაჭიდი, თუნდაც გამოგონილი საბაბი ხომ უნდა ჰქონოდა? თქვენ, როგორც მამნიაშვილის ადვოკატს, გეკითხებით: კონკრეტულად, რის საფუძველზე დააპატიმრეს, რა მოუგონეს?
- სააკაშვილის დროს ერთი ნაძრახი ორგანიზაცია - ,,სახელმწიფო უზრუნველყოფა” დაარსდა, გნებავთ, გაჩნდა. იმდროინდელი მედია ღაღადებდა, რომ ამ ორგანიზაციის სახელთან ბევრი შავბნელი საქმეა დაკავშირებული, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულ ,,მეოცნებეებს” ეს ფაქტები არ გახსენებიათ. ამიტომ, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია, ახალ ხელისუფლებას ეს არაპროფესიონალიზმის გამო გამოეპარა თუ ,,ძაღლის თავი” ,,ნაცებთან” ბინძურ გარიგებაშია დამარხული. მოკლედ, ,,სახელმწიფო უზრუნველყოფა” გახლდათ ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით დაარსებული, ანუ თავიდან ბოლომდე “ნაციონალების” ინტერესების გამტარებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც ბიზნესმენები “მიშას ჯიბეს” ეძახდნენ. მიმაჩნია, რომ თუ პროკურატურა ამ კომპანიის საქმიანობით დღეს მაინც სერიოზულად დაინტერესდება, უამრავი ,,ბომბი” გასკდება. ყველა დაინახავს, თუ როგორ ატყავებდნენ “ნაციონალები” ქართულ ბიზნესს და სად მიდიოდა ბიზნესმენების, ასევე, ხალხის კისრიდან ამოღებული ფული. ჩემი ინფორმაციით, რაც შოთა მამნიაშვილის დაცვის პროცესში გახდა ცნობილი, 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლებამ თავის შპს-ს, ანუ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფას” ბიუჯეტიდან, ფქვილის მარაგის შესაძენად იმ შემთხვევისთვის, თუ საომარი მოქმედებები დიდხანს გაგრძელდებოდა, სოლიდური თანხა გამოუყო. შპს-მ ფქვილის გარკვეული რაოდენობა, მართლაც, შემოიტანა, თუმცა გამოძიებით დასადგენია, თუ რა თანხა იყო გამოყოფილი და იყო თუ არა წინასწარ დაანგარიშებული, იმ თანხით რა ხარისხის, ან რა რაოდენობის ფქვილი უნდა შემოეზიდათ. ჩემი აზრით, შპს-ს საბუთები ისე ექნება ,,გაპრავებული”, რომ ბიუჯეტის ფულის ,,მოტეხვა”, მაგალითად, ამ გზით მშვენივრად იქნებოდა შესაძლებელი: შპს ფქვილის ქაღალდზე დაწერილ რაოდენობას კი შემოიტანდა, მაგრამ რეალურად, ამ ფქვილის ხარისხი დაბალი იქნებოდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფამ” 2008 წელს ნამდვილი ნაგავი შემოიტანა - როცა ფქვილი ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილებს დაურიგეს, ხალხი ჩიოდა, ეს რა ფქვილი მოგვეცით, არ ფუვდება, არ ცხვება, საფანელადაც კი უვარგისია და საქონელიც არ ჭამსო. მაშინდელ საინფორმაციო გამოშვებების არქივს რომ გადავხედოთ, ასეთ სიუჟეტებს ნამდვილად ვნახავთ. საბედნიეროდ, საომარი მოქმედებები სამ დღეში დასრულდა, ქართველმა ბიზნესმენებმა პურის მოსავალიც აიღეს და ქვეყნის ეკონომიკური საზღვრებიც გაიხსნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნის ბაზარი ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე, იმპორტული ფქვილით ძალიან მალე გაჯერდა. ასეთ სიტუაციაში შპს ,,სახელმწიფო უზუნველყოფას” თავისი ნაგავი, ბუნებრივია, ჩაუწვა; ამ უხარისხო ფქვილს ხელისუფლება ხალხსაც ვეღარ ურიგებდა, რადგან ხალხი ტელევიზიებთან ჩიოდა, ნაგავს გვაჭმევენო.
ტონობით ნაგავს სახელმწიფო შეუმჩნევლად ვერ გადაყრიდა და გაანადგურებდა. ომის დროს სახელმწიფო შპს-ს მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა-მითვისება თვალსაჩინო რომ არ გამხდარიყო, საჭირო გახდა ახალი მზაკვრული გეგმის შემუშავება და ეს გეგმაც მოიფიქრეს: იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან ე.წ. ფქვილის ბიზნესის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, შოთა მამნიაშვილიც დაიბარეს და უთხრეს, ქვეყანას უჭირს და გვერდში დაგვიდექით, შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფას” საწყობები არ აქვს და მისი ფქვილი დროებით თქვენს საწყობებში შეგვანახინეთო.
ბიზნესმენები თავიდანვე მიხვდნენ, რომ ამ ფქვილს შეასაღებდნენ, ამიტომ ხელისუფლებას შესთავაზეს, გვერდში იმით დაგიდგებით, რომ საწყობებს ჩვენი ხარჯებით დაგიქირავებთო. სახელმწიფომ კი, რომელსაც დადასტურდა, რომ უხარისხო ფქვილის ბიზნესმენებისთვის შესაღება მართლა უნდოდა, საწყობის ბიზნესმენების ხარჯით დაქირავებაზე უარი განაცხადა და უაპელაციოდ გამოაცხადა, ამ ფქვილს, სწორედაც, თქვენ შეინახავთო. თავს ზევით რომ ძალა აღარ იყო, დაიდო მიბარების ხელშეკრულებები, რაც ძალიან მალე (ერთ კვირაში) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებად გადაიქცა, ანუ ბიზნესმენებს ეს ნაგავი გასასაღებლად ,,შეტენეს” და თავად ამ სიბინძურიდან ხელი დაიბანეს.
- ამაზე ბიზნესმენებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- რაღა რეაქცია ექნებოდათ? - თუ რომელიმე ამ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა, მაშინვე საქვეყნოდ გამოაჭენებდნენ, იცნობდეთ და გძულდეთ, ამ კაცმა ნაომარ ქვეყანას უღალატაო! ყველაზე მთავარი ამ აფიორის მეორე სერიაში ისაა, რომ ხელშეკრულებაში ფქვილის ისეთი მაღალი ფასი დაფიქსირდა, რა ფასადაც უმაღლესი ხარისხის ფქვილსაც კი უჭირდა რეალიზაცია. ბიზნესმენებმა, მას შემდეგ, რაც პრაქტიკამ დაადასტურა, რომ არარეალურად მაღალ ფასად უხარისხო ფქვილის რეალიზაცია შეუძლებელი იყო, კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და წერილობით მიმართეს ხელისუფლებას, ხელშეკრულებაში ფასთან დაკავშირებით ცვლილება შევიტანოთო. ხელისუფლება ბიზნესმენებს დაპირდა, კომისიას დავსვამ, ყველაფერს დავითვლი, რეალურ ფასს დავადგენ და ხელშეკრულებებში ცვლილებებს აუცილებლად შევიტანო, მაგრამ ეს, რეალურად, ბიზნესმენების გასაჩუმებლად გამოგონილი ტყუილი იყო, რადგან იმ ვითომ კომისიას ფქვილის ფასი დღემდე არ დაუდგენია და შოთა მამნიაშვილს (ასევე, დანარჩენ ბიზნესმენებს) ,,სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის” ანაზღაურება თავდაპირველი, გაბერილი ფასით დააკისრეს.
- ელზა, წეღან თქვით, ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის” საქმიანობა ჯერ არავის შეუსწავლიაო და საიდან ასკვნით, თუ როგორი ხელშეკრულებები დაიდო ბიზნესმენებთან, ან ტყუილი რა არის?
- ვიცავდი და ვიცავ შოთა მამნიაშვილის ინტერესებს, ამიტომ ,,ბეგი-კომპანიასა” და ,,სახელმწიფო უზრუნველყოფას” შორის დადებული ჯერ მიბარების, შემდეგ კი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები, საქმის მასალებთან ერთად, შევისწავლე. დარწმუნებული ვარ, იგივე სახის ხელშეკრულებები დაუდეს სხვა ბიზნესმენებსაც და ხელი ფქვილის არარეალურ ფასებზე მოაწერინეს. როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ კაბალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დროულად ვერ შესრულდა და ვერც შესრულდებოდა, რადგან უხარისხო ფქვილი საჩუქრადაც არავის უნდოდა, არათუ, ვინმე ტომარაში 48 ლარს გადაიხდიდა! სწორედ აქ ამოქმედდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კოლოსალური პირგასამტეხლოების მექანიზმი და პირგასამტეხლოს თანხა, ბუნებრივია, იმ გაბერილი ძირითადი თანხიდან დაითვალა. საბოლოოდ, შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფისთვის” ვითომ მიყენებულმა ზიანმა მილიონები შეადგინა. ხელისუფლებამ, თავისი შპს-ს ინტერესების დაცვის მიზნით, კიდევ ერთხელ დაიბარა ბიზნესმენები და მოახსენა, აბა, რა გირჩევნიათ, ამ მილიონებს მშვიდობიანად, საკუთარი ნებით ,,გამოხვალთ” თუ დაგიჭიროთო?!
- ბიზნესმენებმა რა უპასუხეს?
- ფქვილის ბიზნესის იმდროინდელი წარმომადგენლებიდან მხოლოდ შოთა მამნიაშვილი დაიჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენებმა თავისუფლება მილიონებით გამოისყიდეს.
- სასამართლო პროცესზე ყველაფერი ეს არ თქვით?
- აბა, რას ვიზამდი, მაგრამ თქმა ერთია და გაგება - მეორე. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით: რადგან სახელმწიფომ იცოდა, თუ რა შარშიც გახვია ბიზნესმენები, ამიტომ, სახელმწიფოს შპს არც ერთ, მათ შორის, არც შოთა მამნიაშვილის კომპანიას არ უჩიოდა, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებსო. როგორც გითხარით, მხარეთა შორის სრულიად მშვიდობიანი მოლაპარაკებები ფასზე მიმდინარეობდა და ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. კანონი ამბობს და იმ ხელშეკრულებებშიც, რაც სახელმწიფოს შპს-მ შოთა მამნიაშვილის კომპანიასთან გააფორმა, შავით თეთრზე წერია, რომ მხარეთა შორის ნებისმიერი დავა ურთიერთშეთანხმებით წყდება, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, დავას სამოქალაქო სასამართლო განიხილავს. შესაბამისად, თუ ლაპარაკი მაინც და მაინც დავაზე იქნებოდა, ეს დავა უნდა წარმოებულიყო სამოქალაქო წესით, რაც ადამიანის დაპატიმრებას არ გულისხმობს. მიშას ხელისუფლებამ კი, ბიზნესმენების წნეხში გატარება მოინდომა, რადგან მათგან (დაპატიმრების შიშით შეპყრობილი ხალხისგან) ფულს ასე უფრო სწრაფად ამოიღებდა. შოთა მამნიაშვილს თაღლითობის მუხლით წარდგენილი ბრალი არც ერთ ეტაპზე უღიარებია. ვამტკიცებდით, რომ შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფასა” და ,,ბეგი-კომპანიას” შორის დავა თუ დაიწყებოდა, ეს დავა მიეკუთვნებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების იურისდიქციას, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობის მიზეზები, ზიანის რაოდენობის დათვლა და ამ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დავის საგანი იყო. ყველა ინსტანციის სასამართლოში ხმამაღლა ვაცხადებდი, რომ ვალიუვალობის მიზეზი ადამიანის დაპატიმრებას კრძალავდა და კრძალავს, როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმები.
მოკლედ, ვამტკიცებდით, რომ შოთა მამნიაშვილს არ ჩაუდენია თაღლითობა და უკანონოდ იყო დაპატიმრებული.
- ხელშეკრულებების გარდა, მამნიაშვილის უდანაშაულობა სხვა არაფრით მტკიცდებოდა?
- დაცვის მხარე მხოლოდ იმ ხელშეკრულებებით კი არ აპელირებდა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, არამედ, სასამართლო პროცესზე დავკითხეთ არაერთი მოწმე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის” წარმომადგენლებმაც კი, სასამართლო პროცესზე ტყუილი ვერ თქვეს და დაადასტურეს, რომ შოთა მამნიაშვილი არ მისულა ,,სახელმწიფო უზრუნველყოფასთან” თაღლითური ინიციატივით (როგორც ეს ბრალდებაში ეწერა) და მოატყუა, ფქვილს გაგიყიდით, ტომარას 48 ლარადო, მოხდა პირიქით - სახელმწიფომ ის ნაგავი, ტომარა 48 ლარად ჯერ თავისი ინიციატივით მიაბარა, მერე კი, ასევე, თავისი ინიციატივით შეასყიდა შოთა მამნიაშვილს არარეალურად მაღალ ფასად.
მოწმე ომარ კაჭარავამ, რომელიც იმ დროს გახლდათ სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ მეწარმეებს და, მათ შორის, შოთა მამნიაშვილს, თავად მიმართა ხელისუფლებამ თხოვნით, დახმარებოდნენ ქვეყანას ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის” მიერ იმპორტირებული ფქვილის რეალიზაციაში, რადგან ორგანიზაციას, რომლის ასპროცენტიანი წილის დამფუძნებელიც სახელმწიფო იყო და რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ქვეყანაში მარაგის შესაქმნელად ფქვილი შემოიტანა, თავად არ ჰქონდა სადისტრიბუციო ქსელი.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შოთა მამნიაშვილი იმიტომ იყო უკანონო პატიმარი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის დათქმა პირდაპირ გულისხმობს, რომ თაღლითმა დაზარალებული აუცილებლად უნდა მოატყუოს, სხვაგვარად თაღლითობა, ანუ 180-ე მუხლის შემადგენლობა არ დასტურდება. შოთა მამნიაშვილის შემთხვევაში, აშკარად დასტურდებოდა, რომ მოტყუებულიც და დაზარალებულიც თავად შოთა მამნიაშვილი იყო და არა - შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფა”, ანუ სახელმწიფო!
- ამასობაში, რაო ქართულმა სახელოვანმა სასამართლომ?
- რაო და, - პირველი ინსტანციის მოსამართლე დალი მეტრეველი მთელი პროცესი თავჩაღუნული, თვალცრემლიანი იჯდა და მდუმარებდა. ერთ დღეს, მოწმეების დაკითხვის შემდეგ, დალი მეტრეველმა დარბაზი მაშინვე არ დატოვა, თავისთან მიმიხმო და გულწრფელად მთხოვა, იქნებ, საპროცესო გააფორმოთ, სხვანაირად მომიწევს, ეს უდანაშაულო კაცი, ხუთი შვილის მამა, ციხეში გავუშვაო!
- საპროცესო შეთანხმება რატომ არ მოხერხდა?
- პირველ რიგში, იმიტომ, რომ შოთა მამნიაშვილი ბრალს არ აღიარებდა.
- მაშინ ბრალს ბევრი არ აღიარებდა, მაგრამ თავის გადასარჩენად ყველაფერს იბრალებდა...
- გეთანხმებით, რომ ასეთი ,,დაბრალებული ბრალდებით” ჩვენი შავბნელი ცხრაწლიანი სამართალწარმოების პრაქტიკა სავსეა, მაგრამ საპროცესო შეთანხმება შოთა მამნიაშვილის შემთხვევაში მხოლოდ ბრალზე შეუძლებელი იყო, რადგან სახელმწიფოს სურდა, მამნიაშვილს გაბერილი ,,ზიანიც” აენაზღაურებინა და კოლოსალური ჯარიმაც გადაეხადა; პრინციპულობას თავიც რომ დავანებოთ, ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რადგან პატიმრობამ შოთა მამნიაშვილის ბიზნესიც და მისი ოჯახის კუთვნილი ყოველგვარი ქონებაც მიწასთან გაასწორა. საბოლოოდ, შოთა მამნიაშვილი ცივ ქვაზე დარჩენილ მართალ კაცად დარჩა, რომელიც ჯერაც სამართლიანობის აღდგენის უსასრულო მოლოდინშია.
- ელზა, როგორც თქვით, შოთა მამნიაშვილის ცოლის ძმა, თამაზ ელიზბარაშვილი ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ უსამართლობას აპროტესტებდა. როცა დის ქმარი დაუპატიმრეს, ოპოზიციონერი ბიზნესმენი რატომ გაჩუმდა?
- ვინ გითხრათ, რომ გაჩუმდა? სწორედ თამაზ ელიზბარაშვილმა დამავალა შოთა მამნიაშვილის დაცვა. შოთას დაპატიმრება რომ გაიგო, გაცეცხლებული იყო, ამათ უყურე, რა დღეში არიან, უდანაშაულო კაცს რას უშვრებიანო. იმ დროს თამაზ ელიზბარაშვილი უკანონოდ წართმეული მანქანების დასაბრუნებლად იბრძოდა და თავისი საჩივრებით, რომლებიც ჩემი დაწერილია და ზუსტად ვიცი, წიგნად რომ გამოიცეს, ტომეულები გამოვა, აკლებული ჰყავდა ხელისუფლება. თამაზმა შოთასთან დამაბარა, მომბაძე, იბრძოლე, შენი სიმართლე დაამტკიცე, ამ ყაჩაღებს ერთი თეთრიც არ შეარჩინო, ჩათვალე, რომ ციხეში კი არა, ომში ხარ და ოჯახზე ნუ იდარდებ, ამ ომში გვერდში იმით დაგიდგები, რომ შენს ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებო.
- თამაზ ელიზბარაშვილმა პირობა შეასრულა?
- ნამდვილად შეასრულა, მაგრამ ძალიან მალე თამაზ ელიზბარაშვილი, მისი ოჯახის წევრებთან ერთად, თავად გახდა “ნაციონალების” სამიზნე. ამის შემდეგ ეჭვი უფრო გამიმძაფრდა.
- რა ეჭვი?
- ვეჭვობდი: შოთა მამნიაშვილი სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ,,მოეწველათ”, რადგან ეს არ გაუვიდათ, თამაზი, ოჯახის წევრებიანად, დაიჭირეს.
- ანუ, ფული შოთა მამნიაშვილის ნაცვლად რომ გადაეხადა, თამაზ ელიზბარაშვილს აღარ დაიჭერდნენ?
- თამაზს მაინც დაიჭერდნენ, რადგან საქმე მხოლოდ ფულში არ იყო და თამაზი თავის პროტესტს რეჟიმის მიმართ არ მალავდა. უბრალოდ, მისგან მეტის წაღებას მოახერხებდნენ, ანუ თამაზს 2009 წელს მოუწევდა ჯერ შოთა მამნიაშვილის დასახსნელად მილიონების გადახდა, მერე კი, 2010 წელს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების საშველად სხვა მილიონების გაღება. საბოლოოდ, ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ ხელში ელიზბარაშვილების ბიზნესი ჩაეგდოთ.
საბედნიეროდ, ,,ნაციონალურმა ქარიშხალმა” გადაიარა, მაგრამ ქვეყანა უნიათო და მეოცნებე ხელისუფლების ხელში გრიგალის შემდეგ წელში გადამტვრეული ხესავით უმწეოა. თუ დღეს განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, გამწარებულ “ნაციონალებს” ერთი სული აქვთ, შემოგვიბრუნდნენ და ყველაზე, ვინც გაბედა და მათი დანაშაულებრივი რეჟიმი ამხილა, ჯავრი იყარონ. თუ ამ ხელისუფლებამ ფხა არ გამოიჩინა, ვფიქრობ, საქართველოში ან კიდევ უფრო გამძვინვარებული “ნაციონალური” რეჟიმი დაბრუნდება, ან ნამდვილი სამოქალაქო დაპირისპირება გაჩაღდება და მეორე უკრაინას მივიღებთ.
სისხლის სამართლის კოდექსში არის ცნებები - ,,ქმედება” და ,,უმოქმედობა”. ამ ორიდან მხოლოდ ,,დანაშაულებრივი ქმედება” კი არა, ,,დანაშაულებრივი უმოქმედობაც” დასჯადია! ვინც საქართველოში თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით იმ პროცესებს ახალისებს, რასაც დღეს ვხედავთ, სწორედ მას არ უნდა ჩვენი დასავლური კურსი და ნატო-ში ინტეგრაცია - ამის მიხვედრა ძალიან ადვილია: უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კარგა ხნით გადაიდო, რადგან ფეთქებადი და რუსეთთან დაპირისპირებული ქვეყანა ნატო-ში არავის სჭირდება.
ახლა საქართველოს ჯერია და აქაც დაპირისპირებების ტალღას ორივე მხრიდან ის ძალები პროვოცირებენ, ვისაც რუსული პროვოკაციების მოწყობაში, ვიცით, ბადალი არ ჰყავთ! შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის პროცესს დღეს უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან კვალიფიციურმა გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა გამოააშკარაოს ყველას ნამდვილი სახე. თუ მხოლოდ გუშინ კი არა, დღეს და მომავალში ჩადენილი სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენისა და დამნაშავეთა დასჯის პროცესი ან გაიწელება, ან არაკვალიფიციურად წარიმართება, ისევ უსუსურ ბრალდებებს მივიღებთ და ოპონენტებს მივცემთ საბაბს, იძახონ, რომ საქართველოში ამა თუ იმ პერსონის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
ყველა თვალსაზრისით, სიტუაცია ისეა ახლართული, საითაც გაიქცევი, იქით რომ წაიქცევი. ასეთი არეულობის მოწყობა მხოლოდ ეშმაკს შეუძლია, ამიტომ, ამ სიტუაციის დალაგებას ,,აბსოლუტური გონი” სჭირდება, რაც ფილოსოფიური ტერმინია და, პრაქტიკულად, ღმერთის სინონიმია. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი “აბსოლუტური გონის” პატრონს საქართველოში ვერავის ვხედავ!