,,ისლამური სახელმწიფო' ოფიციალურად პირველად ადასტურებს, რომ კავკასიის დაპყრობა სურს

,,ისლამური სახელმწიფო' ოფიციალურად პირველად ადასტურებს, რომ კავკასიის დაპყრობა სურს

ა ინფორმაციას ფლობს, რას ითხოვს თავდაცვის მინისტრისგან ზაალ კასრელიშვილი

და რომელ ქართველ პოლიტიკოსს ელის საფრთხე    ,,ჯვაროსნებო, თუ იმედოვნებთ, დაიპყრობთ სალახედდინს, აიღებთ მოსულს, ოცნებობთ სინჯარაზე, ტიკრიტზე, ჯარაბლუსზე... თუ თქვენ გინდათ, დაიპყროთ ნიგერიის ჯუნგლი, მაშინ ჩვენ, ალაჰის ნებით, გვინდა, დავიპყროთ პარიზი, ვიდრე ავიღებთ რომსა და დავიპყრობთ ესპანეთს... მას შემდეგ, რაც თქვენს სიცოცხლეს კოშმარად ვაქცევთ და დავანგრევთ თეთრ სახლს, ბიგ ბენსა და ეიფელის კოშკს, როგორც დავანგრიეთ მეფე ხოსროვის სასახლე, ალაჰის ნებით. ჩვენ გვინდა, ვეპატრონებოდეთ ქაბულს, კარაჩის, კავკასიას, ერ-რიადს... გვინდა, ვბატონობდეთ ბაღდადში, დამასკოში, იერუსალიმში, კაიროში, დოხაში, აბუდაბიში... მუსულმანები ისევ გახდებიან აქაურობის პატრონები', _ ეს ,,ისლამური სახელმწიფოს' შეიხის, ელ-ადნანის მიმართვაა, რომელიც ახლახან გაავრცელა პრესსპიკერმა. ,,ისლამური სახელმწიფო' ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული და ეს მუქარაც რიგითი იქნებოდა, რომ არა ერთი მცირე, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო დეტალი _ მიმართვაში ნახსენებია კავკასია, რომელიც აქამდე არ ფიგურირებდა. ბუნებრივია, განცხადება მედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა და მსოფლიო ლიდერებიც დადარაჯდნენ, მით უმეტეს, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანში მოთარეშე ბანდებმა უკვე მიმართეს ,,ისლამურ სახელმწიფოს', ნიგერიულმა დაჯგუფება ,,ბოკო ხარმამ' ერთგულება შეჰფიცა და ელ-ადნანმაც ჯიჰადის მიმდევრებს, რომლებსაც მიზეზთა გამო არ შეუძლიათ სირიაში, ერაყში, ავღანეთსა თუ ლიბიაში ჩასვლა და ომი, მიუთითა _ გაემგზავრონ დასავლეთ აფრიკაში, რადგან იქ ,,უკვე არსებობს ისლამური სახელმწიფო და იგი, იმ დარტყმების მიუხედავად, რასაც საერთაშორისო კოალიცია აყენებს, მაინც დაუმარცხებელია'. მათ თავის დროზე, ებრაელებსა და ,,ჯვაროსნებს' შესთავაზეს, მიეღოთ ისლამი და გადაეხადათ ზაკიატი (გადასახადი ღარიბი მუსულმანებისთვის) ისლამური სახელმწიფოსთვის, ან დარჩენილიყვნენ თავის რელიგიაში და გადაეხადათ ბოევიკებისთვის ჯიზია (სულობრივი გადასახადი) უსაფრთხოებისთვის. გახდება თუ არა კავკასია ხალიფატის მორიგი სამიზნე და რა საფრთხეს შეიცავს ასეთი განცხადებები საქართველოსთვის მაშინ, როცა ქვეყანაში 600 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს, ,,ვერსია' კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს ესაუბრა, რომელიც არსებულ ვითარებას ქვეყნის ამა თუ იმ ხელისუფალთა უყურადღებობას აბრალებს და თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს მიმართავს, სასწრაფოდ დადოს საქართველოს თავდაცვის ეროვნული დოქტრინა და ჯარის განვითარების კონცეფცია.    
 

- ჩვენთვის ამ განცხადებაში ახალი არაფერია. როცა პოლიტიკური ოპოზიცია ბაშარ ასადის არმიასთან ბრძოლაში დამარცხდა, მათ გამოაცხადეს ისლამური ჯიჰადი და დახმარება მსოფლიოში მცხოვრებ მუსლიმებს სთხოვეს. ამ თხოვნის საფუძველზე, 2010 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ეთნიკური კავკასიელების გადაადგილება სირიაში, მათ შორის საქართველოს გავლით... ჩვენ მაშინვე მივმართეთ პრევენციულ ღონისძიებებს. გავაკეთეთ განცხადებები, მოწოდება და, რა თქმა უნდა, მივეცით შეფასება... ჩვენი პროგნოზი, რომ ეთნიკური კავკასიელები გაერთიანდებოდნენ ცალკე დაჯგუფებაში, მათი სამიზნე კავკასია გახდებოდა, რადგან სირიიდან იმავე მარშრუტით დაბრუნდებოდნენ უკან და ეს შექმნიდა საფრთხეს კავკასიის რეგიონში, სამწუხაროდ, გამართლდა... სანამ კვერცხი არ მოგვადგება ქართველებს, სანამ თავში არ ჩაგვიკაკუნებს პრობლემა და ყელში არ წაგვიჭერს ცუდის მოლოდინი, ყურს არავინ იბერტყავს; ჩვენი პოლიტიკოსები კი, სახლში - მგლები, გარეთ - თხები, ერთმანეთის ლანძღვა- გინებაში, პირადი ცხოვრების დანგრევაში, ქრთამის აღებაში, ძალაუფლების შენარჩუნების ავადმყოფურ, მანიაკალურ კანკალში არიან და ყურადღებას არ აქცევენ, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებსგარეთ ბევრი პროცესი მიდის. ერთ მაგალითს გეტყვით - 2016 წელს ყარსის ზავს ვადა გასდის, რაც თვისობრივად ახალ გეოპოლიტიკურ პროცესებს შეუწყობს ხელს და ესაა შანსი, რომელიც ას წელიწადში ერთხელ ეძლევა საქართველოს - შეგვიძლია რეგიონში ფუნქცია და დანიშნულება დავიბრუნოთ, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს და არავინ არაფრისთვისაა მზად... 

- სწორედ ამას გეკითხებით, რისთვის უნდა მოვემზადოთ, საფრთხე რეალურია? 
- დღეს ხალიფატის სარდლობის 90% ეთნიკური კავკასიელია. მათ წყევლაც ახსოვთ და მტრების სახელებიცა და გვარებიც იციან. გასაკვირი მათი განცხადება არაა, საინტერესოა, რისთვისაა მზად საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ეს საფრთხე კი არა, სამოქმედო გეგმაა და ის აუცილებლად განხორციელდება. როდის, რა ფორმით - სამხედრო საიდუმლოა და მხოლოდ მათ იციან... სხვათაშორის, კავკასია ასეთ მიმართვაში პირველად არ გაჟღერებულა. გაიხსენეთ ეთნიკური კავკასიელი სარდლების განცხადება - ისინი მზად იყვნენ, ებრძოლათ საქართველოშიც და ჩრდილოეთ კავკასიაშიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ! მაშინ, ეს განცხადება ყველამ ყურად იღო, ჩვენს გარდა. 

- რა ზომები უნდა მიიღოს ასეთი განცხადებებისა თუ საფრთხეების დროს ხელისუფლებამ? 
- კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია წლებია აკეთებს იმას, რაც სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებაც ასე უნდა მოიქცეს: არსებობს საერთაშორისო ძალისხმევა, რეგიონული ინტერესი ტერორიზმის წინააღმდეგ... უნდა არსებობდეს რეგიონული პოლიტიკა, რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია... 

- ეს პრევენციაა, ბატონო ზაალ? 
- ესაა მუდმივმოქმედი მექანიზმი ტერორიზმის წინააღმდეგ, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ, მინდა, ვკითხო თავდაცვის მინისტრს - ბატონო მინისტრო, კარგია, ხშირად რომ დადიხართ პანაშვიდებზე და ამით მაინც დაამახსოვრეთ ხალხს თავი, მაგრამ გეკითხებით - სად არის საქართველოს თავდაცვის ეროვნული დოქტრინა და ქართული ჯარის განვითარების დაპირებული კონცეფცია?! დროზე გამოაქვეყნეთ, თეზისებად მაინც, რომ გავიგოთ, ტყუილს ამბობთ თუ სიმართლეს, ეყოლება თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანი არმია თუ უნდა გადაგვჩეხოთ უფსკრულში? 

- ზოგმა გავრცელებულ განცხადებაში რუსული კვალიც დაინახა - თემა შეგნებულად წამოწიეს, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაანახონ, რომ რეალური საფრთხე დერჟავა კი არა მუსულმანები არიანო. 
- შეიძლება, ასეც იყოს... არ გამოვრიცხავთ, დიდ სახელმწიფოებს ხალიფატში თავისი აგენტურა ჰყავდეთ და თუნდაც განცხადებების დონეზე, თავისი ქმედებების გამართლებას ცდილობდნენ. ეს რუსეთის შიდაპოლიტიკური ბაზრისთვის აუცილებელია, რადგან პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა ბევრ კითხვისნიშანს აჩენს მოსახლეობაში, რომელსაც ნელ-ნელა მოშივდება და პროცესი რაც უფრო შორს წავა, მით მეტი ბერკეტი დასჭირდებათ საკუთარი აგრესიის გასამართლებლად თუ მოტივაციისთვის... საქმე ისაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ერთი- ორი ლოკალური შეტაკება, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყნები აიძულონ, ირწმუნონ რუსეთის ძლევამოსილება... თუმცა პირადად აქცენტს მხოლოდ რუსეთზე არ გავაკეთებდი - ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებმა არსებული ვითარება ქართველი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ლიდერების საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენონ და არ იყოს მასობრივი შემოტევა თუ ტერაქტები. 

- რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ასეთ განცხადებას რომ აკეთებთ? 
- რომც გვქონდეს, ამ დონის ინფორმაციები ინტერვიუებში არ ჟღერდება. მოვა დრო და სასოწარკვეთილები, აწიოკებულები დაიწყებენ გამოსავლის ძებნას, მე კი ხალხი მებრალება და ყველაფერს ვაკეთებთ, ეს საფრთხეები ავაცილოთ... 

- საქართველოს მუსლიმ მოსახლეობაში რა განწყობაა? 
- განწყობა საფრთხისშემცველია, მაგრამ ნაკლებად არიან აფორიაქებულნი, რადგან ესმით ხალიფატის სარდლობის ენა, ჩვენგან განსხვავებით... 

- ჩრდილოკავკასიელები დათანხმდებიან, იყვნენ ბრმა იარაღი ვიღაცის ხელში? 
- კავკასია ჭრელია ეთნიკურად, რელიგიურად. პოლიტიკოსები ვერ ერკვევიან რეგიონულ პოლიტიკაში და რა გასაკვირია, მებრძოლი ვერ გაერკვეს სპეცსამსახურების მიზანში? მათი მიზანია, კავკასია გაათავისუფლონ დამპყრობლებისგან, შემოიტანონ და დაამკვიდრონ ჭეშმარიტი რწმენა, რისთვისაც კარგი ბაზა აქვთ - მთელი ჩრდილოკავკასია ისლამურია, ცხრამილიონიანი აზერბაიჯანი მუსლიმია, საქართველოში კი 600 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს, ორი რეგიონი - აჭარა და ქვემო ქართლი შეუძლიათ აკონტროლონ. ამას პოლიტიკოსი გააკეთებს თუ ფუნდამენტალისტი რელიგიური ფანატიკოსი, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საფრთხე რეალურია და გასარკვევია, თუკი ქვეყანაში ვითარება აირევა, რისთვის ვართ მზად, რა დონის სახელმწიფო ვართ, რა სიძლიერის არმია გვყავს და როგორ შემოტევას გავუძლებთ. თუ თავდაცვის კარგი მინისტრი, ხელისუფლება და ოპოზიცია გვეყოლება, ყველანაირ საფრთხეს გავუძლებთ. საქართველოს რეალურად შეუძლია, რეგიონში წამყვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე გახდეს, მაგრამ 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე, ვინც ერთხელ მაინც იყო ხელისუფლებაში და ცხოვრება მოიწყო, ყველა ქვეყნის მტერია. ვერ დაჯდა ეს ხალხი მრგვალი მაგიდის გარშემო და ვერ გამიჯნა სახელმწიფო და პირადი ინტერესები. აბსოლუტური უმრავლესობა მოდის, იპარავს და იმალება, ქვეყანა კი სუსტდება, ხალხი ღატაკდება, სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ უცხო თვალის დასანახადაა მყარი, სინამდვილეში კი სახელმწიფო ვართ მხოლოდ ქაღალდზე! 

- რა ბერკეტები აქვს საქართველოს, გახდეს რეგიონში ნომერპირველი მოთამაშე? 
- ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოგრაფიული... არაერთი იდეა გავაჟღერეთ, მაგრამ არავის უნდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის კონცეფციის გაგონება. ლიტონი საუბარი რომ არ გამომივიდეს, მხოლოდ ერთ მესიჯს გავაჟღერებ - კავკასიის სამშვიდობო ლეგიონი! ეს არ არის ემოციური განცხადება, მის უკან დგას უსაფრთხოების კონცეფცია და თავდაცვის მინისტრმა, კეთილი ინებოს, კუკუ დამალობანას თამაშს თავი დაანებოს, პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა და გაგვაგებინოს, სად არის დაპირებული ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა და ქართული ჯარის მშენებლობის კონცეფცია!