„ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ჟვანიას საქმის პროკურორი რეზო ნადოი თბილისის დიდუბის რაიონულ პროკურორად დაინიშნა. შესაბამისად, სასამართლო პროცესებზე სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქციას სხვა პროკურორი შეასრულებს. „ვერსია“ შეეცადა, ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გადაემოწმებინა და გაერკვია, რას უკავშირდება ეს ცვლილება _ დააწინაურეს თუ დააქვეითეს სკანდალურად ცნობილი პროკურორი? თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარ პროკურატურაში ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს, ოფიციალურად კი გვიპასუხეს, რომ გვესარგებლა პროკურატურის ვებგვერდით. მოკლეთ, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და ზრდილობიანად (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გონივრულად) თავიდან მოგვიშორეს... რადგან ასეა, რეზო ნადოის „სტილით“ ვიმუშავებთ, არსებულ ინფორმაციას გონივრულ ეჭვსა და კულუარულ ინფორმაციებს დავუმატებთ და რამდენიმე ვერსიას შემოგთავაზებთ.
მართალია, პროკურატურის სისტემაში კარგად ჩახედული ადამიანები ამბობენ, რეზო ნადოის დიდუბის პროკურორად დანიშვნა მისთვის დაწინაურებას ნიშნავსო, მაგრამ სხვა მოსაზრებით, ეს ცვლილება შესაძლებელია ექსპერტ ჩაჩუას გამართლებას უკავშირდებოდეს. ნადოი ჟვანიას საქმეს იმის გამო ჩამოაცილეს, რომ გამოძიება კვლავ ჩიხში შეიყვანა - 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ჩაჩუას გამართლება და შემდეგ მისი განცხადება - არ ვაპირებ ჩივილს, შეცდომა ყველას მოსდისო, აშკარად დაცინვაა პროკურატურისა და, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ გამოძიებამ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რათა ეს შედეგი არ დამდგარიყო. შესაბამისად, არავინ იცის, რა შედეგი დადგება, ხარშილაძე- ძაძამიასა და ასევე გვარამია- ლაზარიას სასამართლო პროცესზე, რომელიც, დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. „ვერსია“, სხვათა შორის, დაინტერესდა, რა ხდებოდა ამ პროცესებზე, როგორი იყო პროკურატურის პოზიციები და სასამართლო სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერები გამოითხოვა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ამჯერად კი, მხოლოდ იმას გაგახსენებთ, ვინ არის რეზო ნადოი?!
რეზო ნადოი სკანდალურად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა. პროკურორს მოსამართლისთვის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი არ წარუდგენია, რის გამოც 300 ლარით დააჯარიმეს. 2014 წლის 17 სექტემბერს, ციხის ბუნტის საქმის ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო, რის შემდეგაც განაჩენი დადგებოდა, თუმცა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, პროცესი 19 სექტემბრისთვის გადაიდო. ამის შემდეგ ახალაიას მხარდამჭერებმა თბილისში გამოაკრეს პლაკატები წარწერით „იძებნება“, ხოლო ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარი გაავრცელა: „ყურადღება!!! იძებნება უგზო- უკვლოდ დაკარგული პროკურორი რევაზ ნადოი (ჩვენი ინფორმაციით, წულუკიანმა გამოკეტა თავისი სამუშაო კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, ,,გათბობის რადიატორზე ხელბორკილით ჰყავს მიბმული'), მაგრამ თუ ვინმე სადმე იპოვით, გთხოვთ, ხვალ 4 საათზე მოიყვანოთ სასამართლოში!“ მაშინ ახალაიას მომხრეები ეჭვობდნენ, რომ პროკურატურა განგებ ცდილობდა საქმის გაჭიანურებას, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. „მოკლედ, მეგობრებო, მატყუარა პროკურორ რევაზ ნადოის (ვითომ შეუძლოდ რომ გახდა და პროცესებზე არ გამოცხადდა) მისამართი მოვიპოვე, დავადექით სახლში და გარეთ დაგვხვდა შორტებით და შლოპანცებით „პორშეს“ ათვალიერებდა (ალბათ იმდენი პრემია მიიღო, ყიდვას აპირებს), როგორც კი დაგვინახა, ეგრევე ვირთხასავით შეძვრა სახლში, გამოვიდა ვიღაც ქალი და წნევა აქვს და ცუდად არის, ფეხზე ვერ დგებაო. აბა, ეს ვინ იყო-მეთქი, მისი ძმა იყოოო :)))) უცებ მოვიდა 5 პატრულის მანქანა და 4 ოპერატიული დაბურული მინებით, მიაყენეს სახლთან, უნდოდათ გაეპარებინათ, მივადექი ვიდეოკამერით, უცებ პატრული იძახის, ახალაიას ცოლი მოდისო და ჩახტა ყველა მანქანაში და გაიქცა', - წერს ანი ნადარეიშვილი. ამ ფაქტის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა, ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა: „პროკურორი რევაზ ნადოი შეუძლოდ გახდა და სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებს, რის გამოც გადაწყდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე მას სხვა პროკურორი ჩაანაცვლებს'. მაშინ რეზო ნადოი ია დარჯანიამ შეცვალა. კულუარებში ამბობენ, რომ რეზო ნადოიმ შეგნებულად აიცილა ახალაიას საქმის განხილვა, თუ რატომ, ამას მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ თავადაც დაასკვნით.
რეზო ნადოი დაიბადა 1971 წლის 16 აგვისტოს, ქ. თბილისში. 1989 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #121 საშუალო სკოლა. 1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1997-1999 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამგორის განყოფილების გამომძიებლად. 1999-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოში უფროს გამომძიებლად. 2001-2004 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2006 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 აგვისტოს #516 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. უფლებადამცველების, არასამთავრობოებისა და სახალხო დამცველის მხრიდან მოსამართლე ნადოის წინააღმდეგ, პრესაში არაერთი განცხადება მოიძებნება – მის მიმართ მთავარი, თუმცა არაოფიციალური ბრალდება, ფალსიფიცირებულ საქმეებზე „ზემოდან“ დაკვეთილი და გამოტანილი გადაწყვეტილებებია. 2007 წელს ნადოის წინააღმდეგ მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც გამოდიოდა და მილდიანების საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებასაც კი ითხოვდა. 2007 წლის პრესაში ვკითხულობთ: „საქართველოს სახალხო დამცველმა „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადოის მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყება მოითხოვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ რევაზ ნადოიმ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“. ეს საქმე სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიშშიც მოხვდა. სოზარ სუბარს დღესაც კარგად ახსოვს მოსამართლე ნადოი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ძველი ხელისუფლების საქმეების „გამპრავებელს“ უწოდებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, როგორც ამბობენ, ფორმალურად წარმართავდა პროცესებს და აჩვენებდა მხარეს, თითქოს ობიექტური და შემტევი იყო პროკურორთა მიმართ, სინამდვილეში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს ასრულებდა. ჰოდა, ახლა ის ვიკითხოთ, რამდენად აწყობდა წარსულში ნაციონალური მოძრაობის დაკვეთების შემსრულებელს ბაჩო ახალაიას „ვირის აბანოში“ გამოკეტვა? აქვე ისიც საკითხავია, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა რევაზ ნადიო ქართული ოცნებით გაბრწყინებულ და სამართლიანობის აღდგენის წყურვილით შეპყრობილ მთავარ პროკურატურაში? რატომ დაავალეს მაინცდამაინც მას ზურაბ ჟვანიასა და ბაჩო ახალაიას საქმეების გამოძიება და საერთოდ, ვინ მფარველობს ნაციონალების დაკვეთის შემსრულებელ პროკურორს?