[ეკა ბაქრაძე]
ქართული სოფელი ქართველებისგან ცარიელდება. აქედან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაშია ადგილობრივი სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, არ მუშავდება ათასობით ჰექტარი ნაყოფიერი მიწა. ქართველ გლეხს ქართული მიწა აღარ აინტერესებს.
სამაგიეროდ, ქართული მიწებისადმი უცხოელი ინვესტორების ინტერესი დიდია. მათ აქტიურობას ხელს უწყობს კანონმდებლობაც, რომელიც უცხოელი ბიზნესმენების მიმართ ძალიან ლიბერალურია. რამდენიმე ხნის წინათ ქართული ტერიტორიებით ებრაელები დაინტერესდნენ, შემდეგ სამხრეთ აფრიკელი ინვესტორები და ახლა უკვე ინდოელები, რომლებიც ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსაყვანად მიწებს კახეთში ყიდულობენ. მათ აქტიურობას, როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის დაბალი ფასი, კლიმატი და ბიზნესგარემო განსაზღვრავს.
პრივატსერვისის ხელმძღვანელის, ვაჟა ცუცქირიძის განმარტებით, ინდოელების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. მისი თქმით, ძირითადი ინვესტორები ინდუსები და ბულგარელები არიან, რომლებიც მიწებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე სახელმწიფოსგან ყიდულობენ.
„უცხოელი ინვესტორებისთვის მისაღებია ქართული მიწის დაბალი ფასი. 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა, დაახლოებით, 400-700 დოლარის ფარგლებშია (შესაბამისი კურსი ლარებში) შესაძლებელი. ეს არის საორიენტაციო ღირებულება. საქართველოში ჩამოდიან სხვადასხვა ჯგუფები, ნელ-ნელა აწარმოებენ შესყიდვებს. მე მგონია, რომ ეს არ არის დიდი ფასი.
საქართველო მათთვის მისაღებია სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში იმით, რომ აქ მეტია სტაბილურობა. იზიდავთ კლიმატი და ბიზნესპირობები. ამასთან, მსოფლიოში დიდია მოსალოდნელი შიმშილის საფრთხე, რასაც ამძაფრებს ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ შიში. ამ თვალსაზრისით, საშიშროება აქ ნაკლებადაა. საერთოდ, პირობები მრავალმხრივ კარგია ინვესტორებისთვის“, - ამბობს ვაჟა ცუცქირიძე.
რაც შეეხება ბურებს, აფრიკელი ფერმერები ინვესტიციებს საქართველოს აგრარულ სექტორში წლის ბოლომდე, უპირველესად კი მეცხოველეობის განვითარებაში განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა მათ კახეთში, ძირითადად, შირაქში 88 ათას ჰექტარ აუთვისებელ მიწას სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ფერმერებს ერთ ჰექტარ მიწას 40 აშშ დოლარად მიჰყიდის.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ავთო სილაგაძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ქართველ ბიზნესმენებს ქართული მიწის ყიდვა და ბიზნესის წარმოება არ უღირთ.
„ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსაყვანად ქართული ნიადაგი არის საუკეთესო, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამ მხრიც ქართული მიწა მართლაც იქნებოდა მიმზიდველი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, რომ ქართველმა შეიძინოს“, - ამბობს სილაგაძე და დასძენს, რომ ქართველები მიწის ყიდვისგან თავს მაქსიმალურად იკავებენ, რასაც თავისი ახსნა აქვს.
„საჭიროა ფინანსური სახსრები, რომ დამუშავდეს ეს ტერიტორია. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს სოფლის მეურნეობის მომსახურე ტექნიკური ცენტრები. უცხოელი საკუთარ სახსრებს არასდროს იყენებს, რადგან გრძელვადიანი კრედიტით სარგებლობა 4 პროცენტის ფარგლებშიც შეუძლია. საქართველოში ეს წარმოუდგენელია, მით უმეტეს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად. ამ მიმართულებით თანხას არცერთი ბანკი არ გასცემს. იშვიათ შემთხვევაში, რომელიმემ თუ გასცა, საპროცენტო განაკვეთი არის ძალიან მაღალი, 15-18 პროცენტის ფარგლებში.
ქართველებს საქმის საწარმოებლად პირობები არ აქვთ. უცხოელი ინვესტორების მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები უნდა დავასაქმოთ. მოვიდა დრო და უცხოელი ინვესტორები ახალი სფეროების ათვისებას იწყებენ. ხვალ და ზეგ მრეწველობაში გადავლენ“, - განმარტავს სილაგაძე.