მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტის გააქტიურებაზე საუბრობს და ამ დროს ირკვევა, რომ ზოგიერთი სამინისტრო, გამგეობა თუ მუნიციპალიტეტი გამოყოფილი თანხის ხარჯვას ვერ ახერხებს. საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობა ხელისუფლებას დაუძლეველ პრობლემად ექცა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად ხარჯვა არ არის დაწყებული. „მნიშვნელოვანი არ არის ჩამორჩენა თანხობრივად, თუმცა გააქტიურება ნამდვილად კარგი იქნება. ეს განსაკუთრებით ეხება განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სამინისტროებს და ასევე მნიშვნელოვანია სიპ-ების მიერ ხარჯების დაჩქარება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად ხარჯვა არ არის დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს“, - განაცხადა ხადურმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კითხვაზე - რატომ არ არის ათვისება? - ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: „აქ მექანიზმია ცოტა ბიუროკრატიული“.
ამიტომ, მომავალ კვირას იგეგმება საკრებულოებთან და გამგებლებთან შეხვედრა სწორედ ამ მიმართულებით. ხადურის ინფორმაციით, პირველი კვარტლის ბოლოს უფრო ზუსტი ინფორმაცია იქნება ცნობილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურული ხარჯი ყოველთვის შეზღუდულია.
მინისტრებს მთავრობის სხდომაზე თავის მართლება მოუწიათ. როგორც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უწყება გეგმას მიჰყვება, არსებობს რეკომენდაცია ინფრასტრუქტურული ხარჯები კიდევ უფრო დააჩქაროს.
„სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი მოდის არდადეგების პერიოდზე, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია. ამიტომ, ამ პერიოდში ყოველთვის ვასწორებთ ხოლმე ამ ნაწილს. პრობლემა აქამდე არასდროს გვქონია“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბიუჯეტის ათვისების კუთხით მისი უწყების გარკვეულ ჩამორჩენას ტექნიკური ნიუანსებით ხსნის. სამინისტროს ხარვეზი დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების ნაწილში აქვს, რაც მათ შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული.
„ათვისებაში არის დაგვიანება. ეს გახლავთ დონორი ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტების ნაწილში და მხოლოდ და მხოლოდ მათ შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული, ანუ საბიუჯეტო ნაწილში არ არის არანაირი ჩამორჩენა. არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ნიუანსები. დონორების მიმართულებით, რომელსაც დავაკორექტირებთ და პრობლემა არ გვექნება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს.
„მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს - იმ გამგებლების ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერების გამო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან მთავრობის წევრებს მიმართა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს შეხვედრა გამგებლებთან და გუბერნატორებთან.
„მინისტრებს მოგიწოდებთ გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ და შეგახსენებთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით უნდა შევასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტის მიხედვით. ასე რომ, ეს იქნება გამგებელი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი.
ზოგადად, რაც მე მესმის ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. ღარიბაშვილის დავალებით, ფინანსთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს ინფორმაციას რაიონების მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებ.