[გაზეთი "ბანკები და ფინანსები"]
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 348 843.0 ათასი ლარით. საგადასახადო შემოსავლები 5 300 000,0 ლარიდან იზრდება 350 000,0 ათასი ლარით და მისი საპროგნოზო მოცულობა განისაზღვრა 5 650 000,0 ათასი ლარით (საგადასახადო შემოსავლების სახით მისაღები შემოსავლების გადაანგარიშება მოხდა განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5,5%-ია).
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 230 185,4 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი თანხები მოხმარდება ფისკალურ კონსოლიდაციას ანუ დეფიციტის გეგმაზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პარამეტრზე უფრო სწრაფად შემცირებას 4,3 პროცენტიდან 3,7 პროცენტამდე (1986 კლასიფიკაციით), რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, საფინანსო ბაზრებზე გასვლას და საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებულების უფრო მეტად შემცირებას~, - ეს იმ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილების ნაწილია, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
საბიუჯეტო ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, გარდა საგარეო საქმეთა; თავდაცვის; შინაგან საქმეთა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; ენერგეტიკისა; და გარემოს დაცვის უწყებებისა.
მთავრობა ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ საგადასახადო შემოსავლების ჭარბ რაოდენობას ასახელებს, თუმცა მის კონკრეტულ მოცულობაზე არაფერს ამბობს. მთლიანობაში, საბიუჯეტო შემოსავლები 354 მილიონი ლარით გაიზრდება.
რეალურად კი ბიუჯეტში ინფლაციის ზრდით გამოწვეული შემოსავლების ზრდა არანაირი დადებით ეკონომიკური ეფექტი არ აქვს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების განცხადებით ამ ცვლილების შემდგომ ბიუჯეტის დეფიციტი 4,3%-დან 3,7%-მდე შემცირდება, ეს მისასალმებელია, მაგრამ აქვე საყურადღებოა მეორე მხარეც ამ ცვლილების - ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის შედეგად გაიზრდება ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წილიც - ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 35 პროცენტს მიაღწევს, რაც ნამდვილად არაა მისასალმებელი. მითუმეტეს, მაღალი ინფლაციის პირობებში. საერთოდ, ინფლაციის მოსათოკად მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შეემცირებინა, ეს კი, პირიქით, იზრდება, რაც ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.
მთავრობას კრედიტები და გრანტები მინიმუმამდე შეუმცირდა. შესაბამისად, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები მაღალმა ინფლაციამ უნდა შეავსოს. ამიტომაც, ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლებას მაღალი ინფლაცია აწყობს. მაშინ, როდესაც გადასახადების განაკვეთი უცვლელია და ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად არ იზრდება, საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ექსპერტების აზრით, ინფლაციით უნდა იყოს გამოწვეული.