საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. ფინანსთა სამინისტრო კი ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. ზოგადად სსფ-ს რეკომენდაციების განხილვა მთავრობა ძალიან სწრაფად განიხილავს და თავის სამუშაო გეგმას მიუსადაგებს.
როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს. თუმცა, მისიის ხელმძღვანელმა მიიჩნევს, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც სარისკოა.
„საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა, მათ შორისაა, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. ამის გამო საქართველოს ექსპორტი 30 პროცენტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოეთში დასაქმებული ქართველების განხორციელებული ფულადი გზავნილები - 25 პროცენტით. ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 პროცენტს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკის შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა გრიფითსმა.
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლები შემცირებულია და გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი:
თუ რატომ გამყარდა ეროვნული ლარი ბოლო კვირის განმავლობაში, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელს პასუხი არ აქვს:
„ამაზე პასუხის გაცემა რთულია. ეს ერთ-ერთი საიდუმლო ნიშან-თვისებაა, რომელიც გაცვლით მცოცავ კურსს გააჩნია. მცოცავი თავისი არსით იმას ნიშნავს, რომ ლარი ხან გამყარდება და ხან გაუფასურდება. დიდი შოკი იყო ნამდვილად, ზუსტად ასე რეაგირებს ბაზარი გაცვლით კურსზე. ის ახდენს ქვეყანაში პოლიტიკის ინტერპრეტაციას იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობს ვალუტა ან ზემოთ, ან ქვემოთ. აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო შოკი და ასეთივე შოკი განიცადა ევროპამ, შვედეთმა და ბევრმა ქვეყანამ“, - განაცხადა გრიფითსმა.
სავალოტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ყოფილი პრემიერის მიერ სებ-ის მწვავე კრიტიკასაც შეეხო.
„რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კომენტარს იმის თაობაზე, რომ სებ-ის პრეზიდენტის უმოქმედობის გამო იწვევდა არსებულ პრობლემებს. ამის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, მაგალითად აშშ-შიც და დიდი ბრიტანეთშიც მსგავსი დებატები ხდება, თუმცა ეს არის პრივატულ რეჟიმში და არ გამოდის საჯაროდ. საჯაროდ დისკუსიები ავნებს ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ერთად იმუშაონ დებატებიც გამართონ და ეს პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით დაძლიონ“, - აცხადებს მარკ გრიფითსი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა არ იგეგმება. შესაბამისად, სსფ-ს ეს რეკომენდაცია არ შესრულდება.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ - თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომლის გარშემოც ყალიბდება ახალი რეალობა, ფისკალური პოლიტიკა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს, არ შეეხება არც კაპიტალურ და არც სოციალური ხარჯებს“, - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება გეგმას თუ სად უნდა შემცირდეს კონკრეტულად ბიუჯეტი, ხადურმა აღნიშნა, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელებენ, საბოლოოდ ყველა სამინისტრო თავის წინადადებას წარადგენს ფინანსთა სამინისტროში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილიც ადსტურებს, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების განხილვა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„ამ წუთებშიც მიმდინარეობს მათი რეკომენდაციების განხილვა. სავარაუდოდ, ამ კვირაში ყველაფერი შეჯერდება იმ სამოქმედო გეგმასთან, რომელიც სამუშაო პროცესში მთავრობას ჰქონდა შემუშავებული და უკვე ერთობლივი სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.